როგორი იქნება პოსტკორონული მოდა - კვირის პალიტრა

როგორი იქნება პოსტკორონული მოდა

"თუ სევდა შემომაწვება, მაშინვე ჩემს შვილებს შევხედავ, ჩავეხუტები და ყველანაირი დარდი ქრება"

კორონავირუსმა მსოფლიოს ეკონომიკა შეარყია და გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები უკვე შექმნილია, მაგრამ მათი გაყიდვა საეჭვოა, რადგან ეპიდემიის გამო მომხმარებელთა მოთხოვნა შეიცვალა. მოდის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო კოლექციები ვირუსთან ერთად გაჩენილი მოთხოვნების შესაბამისი იქნება და მინიმალისტურ კოლექციებს მივიღებთ, ფუფუნების საგნებს კი მაღალი ფასის გამო თითქმის აღარავინ იყიდის.

როგორი იქნება პოსტეპიდემიური მოდა და რა ცვლილებებს გეგმავს თავის ახალ კოლექციაში, "კვირის პალიტრას" დიზაინერი მეგი გაბუნია ესაუბრა.

- თუ ამ პერიოდს ობიექტურად შევაფასებთ, მივხვდებით, რომ ის სამომავლოდ არამხოლოდ მოდისთვის აღმოჩნდება ნაყოფიერი - ყველამ უკეთ გავიცანით საკუთარი თავი, მეტი ვიფიქრეთ და გადავაფასეთ ადამიანური ღირებულებები, რესურსები. ეს განსაკუთრებით აისახება შემოქმედ ადამიანებსა და მათ საქმიანობაზე.

- ცვლილებებს თუ გეგმავ მომავალ კოლექციაში?

მომავალ კოლექციებში უფრო თამამად გავშლი ფრთებს. ალბათ, შევქმნი ახალი სამყაროს სამოსს და აქსესუარებს. ამბობენ, რომ ჩემი ნამუშევრები მომავალს ასახავს და ამაში მეც ვრწმუნდები. შარშან მქონდა კოლექცია, რომელსაც ერქვა M.G. VIRUS, ამიტომ აღარ ვაპირებ ამ თემაზე მუშაობას. მინდა შევქმნა უფრო ლამაზი, ლაღი და სიყვარულით სავსე მომავლის ცხოვრება, იმ პერიოდის, როცა ყველაფერი ჩაივლის.

- რა უნდა ქნან ქართველმა დიზაინერებმა, რომ მოდის ინდუსტრია არ გაჩერდეს? - დღეს არა მხოლოდ საქართველოს, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა შეჩერდა. ერთი ან ორი წელი დაგვჭირდება, რომ აღვადგინოთ კორონავირუსამდელი მდგომარეობა. კომპანიები და ბრენდები თავის გადარჩენისთვის იბრძოლებენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა გაორმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თავს არ დავზოგავთ, ამით კი ერთმანეთსაც გავაძლიერებთ და, რა თქმა უნდა, ქვეყანასაც.

- როგორია მეგი გაბუნიას ერთი დღე იზოლაციაში? - დაახლოებით თვე-ნახევარია, ძირითადად, სახლში ვარ ჩემს ორ შვილთან - მარიამსა და თათულისთან ერთად. კნუტიც გვყავს - თეთრი, ფუმფულა ქოქო. ჩემი გოგონები უკვე დიდები არიან, 20-ის და 10 წლის, ამიტომ სახლის საქმეს ვინაწილებთ, თუმცა ხანდახან წახალისებისთვის მათ ხელფასს ვთავაზობ ან რაიმე თამაშს, რომ წაგებული მე დამეხმაროს. მომაქვს პროდუქტი, ვაკეთებ სადილს, ვრეცხავ, ვალაგებ - როგორც ყველა დიასახლისს, დღეს მეც ეს როლი მაქვს მორგებული. ხანდახან ვდარდობ, რადგან ჩემი დროის ამაში ხარჯვა მენანება, თუმცა პერიოდულად მაინც მიწევს მუშაობა - შოურუმი ონლაინშეკვეთებზე გადავიდა (ჩვენს ერთგულ მომხმარებელს მადლობას ვუხდი ნდობისთვის). სახლში ვხატავ. ჩემი გოგონებიც ხშირად ხატავენ. ერთად ვუყურებთ ფილმებს. საოცარი კოსტიუმების გამო დავიწყე ისტორიული სერიალის ყურებაც, რომელიც ყოველთვის მინდოდა მენახა და არ მეცალა. ცოტას ვკითხულობ კიდეც. ვათვალიერებ ჩემთვის საინტერესო ფოტოებს და ვიგებ სასარგებლო ინფორმაციას. არ ვიღებ "ტიკ-ტოკის" ვიდეოებს და არ ვკითხულობ ფეისბუკპოსტებს. რაც შეეხება სტრესს, თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ შემაწუხოს. ყველა განვიცდით დღევანდელ მდგომარეობას, დაკარგულ ყოველდღიურობას, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრი რამ დავაფასეთ... ზუსტად ამიტომ დღევანდელობასაც ვაფასებ, რადგან არავინ იცის, როდის რა პერიოდი მოგვენატრება. მინდა ყოველდღე ბედნიერები ვიყოთ, რაც უნდა რთული იყოს ეს. ყოველთვის არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები მადლიერნი უნდა ვიყოთ. თუ სევდა შემომაწვება, მაშინვე ჩემს შვილებს შევხედავ, ჩავეხუტები და ყველანაირი დარდი ქრება. ხშირად ვსეირნობ სუფთა ჰაერზე, დავდივარ ფეხით. მიყვარს კარგი ამინდი და მზიანი დღე. მიყვარს ცხოვრება, თავისი რთული და ლამაზი დღეებით.

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცნობილი ბრენდების საქმიანობა

მოდის ექსპერტები ვერ თანხმდებიან, როგორ შეცვლის პანდემია მოდის ინდუსტრიას, თუმცა ნათელია, რომ პოსტკორონავირუსულ სამყაროში მასშტაბური ძვრები გარდაუვალია. პანდემიამ გააჩინა კითხვა: "სჭირდებათ კი დიზაინერებს მოდის ჩვენებები საკუთარი პროდუქციის გასაყიდად?" გაუქმდა მოდის კვირეულები, შეჩერდა საწარმოო პროცესი, ბრენდები მაისსა და ივნისში ვერ შეძლებენ კოლექციების განახლებას და დახურული პრეზენტაციების გამართვას. ბევრმა ბრენდმა პირბადეებისა და ანტისეპტიკური ხსნარების წარმოება დაიწყო, ფინანსურად ძლიერმა კომპანიებმა კი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონები არ დაიშურეს. კოვიდ-19-მა "რალფ ლორენის" გაყიდვები 55-70 მილიონით შეამცირა, Capri Holdings-მა კი, რომელიც ფლობს "ვერსაჩეს", "მაიკლ კორსისა" და "ჯიმი ჩუს", 100 მილიონი დოლარი იზარალა.

დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ იტალიის საავადმყოფოებს 1,25 მილიონი ევრო გადაურიცხა. თანხა მილანის სამ საავადმყოფოსა და რომის ერთ საავადმყოფოს მოხმარდება; კომპანია "გუჩიმ" 1 100 000 სამედიცინო ნიღაბი და 55 000 სამედიცინო კომბინეზონი შეკერა; "მაკის" კოსმეტიკურმა კომპანიამ 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა სხვადასხვა ქვეყნის კოვიდ-19-თან მებრძოლ ორგანიზაციებს; იტალიურმა საიუველირო ბრენდმა "ბულგარიმ" 100 000 ანტისეპტიკური ხსნარი დაამზადა, მაგრამ ეპიდემიის პერიოდში ყველაზე გულუხვი დონატელა ვერსაჩე აღმოჩნდა - მან 200.000 ევრო შესწირა მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოს. ამის გარდა, 100.000 დოლარი კონკრეტულად ინჰალატორებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გადარიცხა, ხოლო თებერვალში 1 მილიონი იუანით დაეხმარა ჩინეთის წითელი ჯვრის ფონდს. იტალიური საცვლების ბრენდი "კალცედონია" დღეში 10 000 ნიღაბს ამზადებს და ეს რაოდენობა მთლიანად ვერონის ერთ-ერთ საავადმყოფოს ხმარდება. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულმა ბრენდმა "შანელმაც" ოფიციალურად განაცხადა ნიღბების წარმოების შესახებ.