"ცოტათი უცნაური მოხუცი ვარ, მესიჯებს ვწერ, "ფეისბუკი" მაქვს" - რას ჰყვება პაატა იმნაძის 90 წლის დედა და რა მისწერა შვილს ცნობილი ეთერის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ცოტათი უცნაური მოხუცი ვარ, მესიჯებს ვწერ, "ფეისბუკი" მაქვს" - რას ჰყვება პაატა იმნაძის 90 წლის დედა და რა მისწერა შვილს ცნობილი ეთერის შემდეგ

მოწიწებით დავურეკე, ინტერვიუს ჩაწერა მსურს, წინააღმდეგი თუ არ იქნებით, თქვენთვის სასურველ დროს დაგიკავშირდებით-მეთქი. ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა, მომიბოდიშა, ამჯერად ვერ შევძლებო. გარკვეული ხნის შემდეგ, მეორედ დარეკვა ისევ შევბედე, იგივე პასუხი მოვისმინე. გავიდა რამდენიმე დღე, ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ეკრანს დავხედე და ნუნუ დუმბაძე ეწერა.

ქალბატონი ნუნუ პაატა იმნაძის დედა გახლავთ. საოცრად თბილი, ყურადღებიანი, უშუალო ქალბატონი და 90 წლის ასაკში, ბევრ ახალგაზრდაზე თანამედროვე.

თითქმის 2 თვეა პაატა იმნაძე თითოეული ჩვენგანის "ოჯახის წევრი" გახდა. როგორია ის შინ, ნამდვილ ოჯახში, როგორი შვილი და მამაა, როგორ გადაიტანა რთული პერიოდი, რომელიც ახლო წარსულში ჰქონდა და რა მისწერა დედას ემოციური ეთერის შედეგ? - ამ ყველაფერზე ქალბატონმა ნუნუმ ჟურნალის - "გზა" მკითხველისთვის გულახდილად ისაუბრა.

- პაატამ პირველი სკოლა დაამთავრა, ყოველთვის კარგი და წარჩინებული მოსწავლე იყო. თავდაპირველად ფიზიკოსობა უნდოდა, თუმცა როცა არჩევანის წინაშე დადგა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ "დიდი კაცის" შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, - დე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა. 3 წლის რომ იყო, გურიაში მყავდა ჩაყვანილი და იქ ცუდად გამიხდა, ცრუკრუპი დაემართა. ლანჩხუთში არაჩვეულებრივი პედიატრი იყო. მან მითხრა, თუ გინდა, გადაგირჩეს, მენდეო.

ვენდე, სხვა რა გზა მქონდა. პაატამ მედიცინაში ეს მიმართულება აირჩია, პედიატრი გახდა. შემდეგ დისერტაცია მიკრობიოლოგიაში დაიცვა და ამ მიმართულებით წავიდა. 25 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა. ძალიან უცნაური და ინტერესიანი ბავშვი იყო. შრომა და სწავლა არასდროს ეზარებოდა.

- რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული?

- ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვისას, აღელვებული რომ ვნახე, გავოცდი. ვერ მოვითმინე და მივწერე, - დე, რა მოგივიდა-მეთქი? - რა ვქნა, დე, ნერვები აღარ მეყოო. შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს.

ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთი და იმავე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო?..

სხვა შვილი არ მყავს. პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ. ახლახან ცუდად ვიყავი. მითხრა, - დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო.

- რთული პერიოდი ახსენეთ, რა იგულისხმეთ?

- პაატას მეუღლე რომ გარდაეცვალა, მის ტყუპ გოგონაზე ზრუნვა მე დავიწყე. ახლა უკვე დიდები არიან. თავიანთი ოჯახები აქვთ. მიხარია, ისეთი სიძეები შეგვხვდა, პაატას რომ შეეფერება. 3 შვილთაშვილი მყავს. ლიზის 2 შვილი ჰყავს, მისი მეუღლე დათუნა გიგინეიშვილია. ტატა მამამისის კვალზე წავიდა, მისი პროფესია აირჩია, დიდ ბრიტანეთში სწავლობდა. ერთი შვილი ჰყავს, მისი მეუღლე გიორგი კობახიძეა. ღმერთმა მათი თავი კარგად მიმყოფოს, ახლა მხოლოდ მათთვის ვცოცხლობ. მინდა, ცოტა ხანი კიდევ ვიყო და მათით ვიხარო... ზოგჯერ პაატას ვეტყვი ხოლმე, - დე, ცუდად ვარ. ის კი სულ მამხნევებს, თან დასძენს, მითხარი, ამ დროში კარგად ვინ არისო?

- ახლა როგორ ურთიერთობთ?

- 5 წუთით შემოირბენს ხოლმე და მეტყვის, - დე, ვერ გაკოცებ, ვერ ჩაგეხუტებიო. მალე მიდის, მაგრამ მთელი დღე ტელეფონით ვურთიერთობთ. ვიცი, სალაპარაკოდ ხშირად არ სცალია, ძალიან ბევრი და საპასუხისმგებლო საქმე აქვს, ამიტომ მესიჯებს ვწერ და თავადაც ასე მპასუხობს. როგორც კი დროს გამონახავს, მირეკავს. არაჩვეულებრივი შვილია. მე ცოტათი უცნაური მოხუცი ვარ, მესიჯებს ვწერ, "ფეისბუკი" მაქვს.

- უცნაური? მე ვიტყოდი, რომ თანამედროვე ხართ. - სხვა გზა არ მაქვს, რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? ამ აღდგომის დღესასწაულზე, იმდენმა ადამიანმა დამირეკა, მომილოცა, ძალიან გამიხარდა. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. წლების განმავლობაში, 2 სკოლის დირექტორი ვიყავი და ყველას ძალიან ვუყვარვარ. ჩემი მოსწავლეებიდან ბევრი საზღვარგარეთ არის წასული. 75 წლის ვიყავი პედაგოგობას, ლექტორობას თავი რომ დავანებე. ბოლოს კულტურის ინსტიტუტში და სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის კოლეჯში ვასწავლიდი. ჩემი მოღვაწეობა იქ დავასრულე... ის გაჭირვება, რომელიც ამ ქვეყანაში იყო, ჩემმა ოჯახმაც გამოიარა.

- როცა ინტერნეტში თქვენი შვილის შესახებ დადებით შეფასებებს, სამადლობელ სიტყვებს კითხულობთ, რა განცდა გეუფლებათ? ემოციურად დედისთვის ეს ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. - რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ერთხელ დავწერე, ეს პაატას პროფესიაა და ასეც უნდა მოიქცეს-მეთქი. როცა ცუდ რაღაცებს ვკითხულობ, უკვე პასუხს აღარ ვწერ. გურული ვარ, შეიძლება ზოგჯერ რაღაც ისეთიც ვთქვა, რაც სათქმელი არ არის. ახლა ყველამ გაიგო, პაატას დედა რომ ვარ და აღარ ვპასუხობ. რამდენჯერმე კი დავწერე კომენტარი: "ვაი, შენს პატრონს".

გუბაზ სანიკიძემ დაწერა, მაგას დედამისისთვის ვერ აუხსნია და ჩვენ რა უნდა აგვიხსნასო. იმ დროს ერთი ადამიანი იყო გამოჯანმრთელებული, მაგრამ ეს ჯერ მედიით არ იყო გამოცხადებული. ინფორმაცია ერთ-ერთი ინფექციონისტისგან ვიცოდი და დავწერე. მაშინ პაატამ მომწერა, - დე, ძალიან გთხოვ, სისულელეებს არ უპასუხოო.

- თქვენ ინფორმაცია წინსწრებით იცით?

- არა, მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა იყო. დანარჩენს მეც ისევე ვიგებ, როგორც ყველა დანარჩენი.

- გიორგი კეკელიძისგან ვიცით, რომ ქველმოქმედი ხართ, თქვენი პენსიის ნაწილს "გურული დღიურების ფონდში" რიცხავთ. - გიორგი ზღაპარი ბიჭია. მიხარია, რომ გავიცანი. ეს წლების წინ მოხდა. სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო, მაგრამ გახმაურდა. ფონდში პენსიის ნაწილს ვრიცხავდი, ოჯახიდან სხვადასხვა ნივთიც ჩავაბარე.

მაკა მეძმარიაშვილი და პაატა იმნაძე

პაატას გარდაცვლილი მეუღლე, მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. ისევე, როგორც მისი მშობლები და და. 2017 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ამ ოთხი მეძმარიაშვილის შემოქმედების გამოფენა გავაკეთე. თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა, მაკას მამა ზურა მეძმარიაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. ზურა არაერთი ფილმის ("მაგდანას ლურჯა", "დონ კიხოტი"...) მხატვრობის ავტორია, რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა, მთავარი მხატვარი იყო. მაკაც ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია, კარგი ადამიანი გახლდათ. მისი გარდაცვალების ამბის გადატანა ძალიან გაგვიძნელდა.

- ეს განსაკუთრებით რთული ბატონი პაატასთვის იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, მაკას ერთ დღეს გამოფენა ჰქონდა, მეორე დღეს თქვა, ცუდად ვარ, წელი მტკივაო, მსგავსი ჩივილი მანამდეც ჰქონდა. პაატამ უთხრა, გამოკვლევა ჩაიტარეო. ექიმთან წავიდა და... 2009 წლის ნოემბერი იყო, დიაგნოზი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ძვლის ტვინის სიმსივნე. პაატამ ავსტრიაში წაიყვანა, მაგრამ ეს ურთულესი დიაგნოზია, თურმე მილიონიდან ერთ ადამიანს ემართება. პაატა სულ საწოლთან ეჯდა, არ შორდებოდა. მომვლელიც, სანიტარიც, ექიმიც თავად იყო. ძალიან განიცადა, ურთულესი პერიოდი ჰქონდა. ბავშვები და პაატა მარტო რომ არ ყოფილიყვნენ, საცხოვრებლად მათთან გადმოვედი. ლიზი დედას ჰგავს, ტატა - მამამისს.

წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა. მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა. ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათი ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ. ახლა შვილიშვილებზე ერთად ზრუნავენ. ხათუნა პროფესორია, ხარისხი აქვს დაცული ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში.

ლიზი ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობს. 2 დღის წინ, პაატა რომ მოვიდა, ლიზი და მამამისი ერთმანეთს შორიდან ეფერებოდნენ, - მა, მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ! რა ვქნათ, ასეთი დრო მოვიდა, ახლა ასეა საჭირო.

ახლახან ცუდად ვიყავი, საავადმყოფოში ვიწექი, ექიმები დღესაც მირეკავდნენ, - ნუნუ დეიდა, როგორ ხართო? ისეთი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ყველას ძალიან ვუყვარვარ. თქვენც რომ გამიცნობთ, აუცილებლად შეგიყვარდებით.

- მე თქვენ უკვე მიყვარხართ და როგორც კი ერთმანეთის მონახულების ნებას დაგვრთავენ, აუცილებლად გესტუმრებით.

- გამახარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგად გამყოფოთ! კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, შეიძლება?

- ბრძანეთ.

- "კვირის პალიტრის" დამაარსებელ ლალი გუნთაიშვილთან წლების განმავლობაში ვმეგობრობდი. ერთმანეთი დახელოვნების ინსტიტუტში გავიცანით, 10 წელი ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა, მიყვარდა და ვუყვარდი. მისი შვილების წარმატება მიხარია, ამ ოჯახს ჩემგან დიდი სიყვარული და მოკითხვა გადაეცით.

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია მადლობას უხდის ქალბატონ ნუნუს ამ საოცარი ინტერვიუსთვის და იმისთვისაც, რომ კარგი შვილის კარგი დედაა... გმადლობთ, ქალბატონო ნუნუ...

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"