"მალე დემოკრატია ჭაში ჩასმული ზებო იქნება" - კვირის პალიტრა

"მალე დემოკრატია ჭაში ჩასმული ზებო იქნება"

ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის საბაბით?!

"შიშის დათესვა უნდათ, რადგან დაშინებული ხალხი ადვილი სამართავია"

"შს სამინისტროს გადაწყვეტილებით მალე მაღაზიების, კაფე-ბარებისა და სალონების (როგორც წესი, ასეთ ადგილებში ჭორაობენ), მფლობელებს სათვალთვალო კამერების დამონტაჟება დაევალებათ. ამით უნდათ გაიგონ, ვინ რას ფიქრობს და ხელში ჰყავდეთ საზოგადოება", "-  აცხადებენ ლეიბორისტები. სავალალო პერსპექტივის პრელუდიად პარტიას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება მიაჩნია, რომლის თანახმადაც, 1-ელი თებერვლიდან ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ყველა აფთიაქში უნდა დამონტაჟდეს, როგორც შიდა, ისე გარე ფასადზე. სამეთვალყურეო სისტემა შს სამინისტროსთან იქნება დაკავშირებული  (ამავე ბრძანების თანახმად, აფთიაქს გარეთ სულ მცირე 2 ვიდეოკამერა მაინც უნდა ჰქონდეს, ხოლო შიგნით უნდა გაკონტროლდეს მთელი დარბაზი, ვიდეოთვალი უნდა დამონტაჟდეს სათადარიგო გასასვლელშიც).

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფე-ბარებში, სალონებსა და მაღაზიებში ვიდეოკონტროლის დაწესების შემოღების შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრს, პარლამენტარ გიორგი გუგავას ვესაუბრეთ:

- ეს პროცესი უკვე დაიწყო აფთიაქებით და გავრცელდება ყველა მომსახურების ადგილზე - მაღაზიებზე, სალონებზე, საპარიკმახეროებსა და კაფე-ბარებზე. გადაწყვეტილია, რომ ამ ობიექტებზე დამონტაჟდეს ვიდეოთვალი, რომელიც საერთო ქსელში იქნება შს სამინისტროსთან. ეს ინფორმაცია მომაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და იმ მოქალაქეებმა, რომელთაც უკვე მოსთხოვეს კუთვნილ ობიექტებზე ვიდეოკამერების დაყენება. პროექტი უკვე არსებობს და  კანონპროექტის პარლამენტში გატანაც იგეგმება. აფთიაქები სააპრობაციოდ აარჩიეს. ამ სიახლეს, ალბათ, დანაშაულის შემცირების სურვილით გაამართლებენ. ეს ანტისაკონსტიტუციო ქმედებაა, რადგან კანონით თითოეული მოქალაქის გადაადგილება, პირადი ცხოვრება და პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს.

არსებობს პროექტი, რომელიც ისეთი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, სადაც განთავსდება მოქალაქეთა მონაცემების ერთიანი ბაზა. თითოეული ორგანიზაცია (სახელმწიფოც და კერძოც) ვალდებული იქნება ყველა თანამშრომლის პირადი მონაცემები გადასცეს ამ ბაზას, შს სამინისტროს ქვესტრუქტურას. უკვე მუშაობენ ანკეტის ფორმაზე. ასეთი ტოტალური თვალთვალი შიშს დათესავს საზოგადოებაში თუ აფთიაქებში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ამონტაჟებენ სათვალთვალო კამერებს, მაღაზიებისა და სალონების ვიდეოკამერების აღჭურვისთვის ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა საჭირო. ალბათ, იტყვიან, ობიექტების გაკონტროლება იმისთვის გვინდა, რომ ზოგი მფლობელი გადასახადს მალავსო.

როდესაც მოქალაქე აფთიაქში წამალს ყიდულობს და ვიდეოთვალი აფიქსირებს, ეს არ არის მის პირად ცხოვრებაში ჩარევა? ამიერიდან დაფიქსირდება, რას შევიძენთ  მაღაზიაშიც, სად და ვისთან ერთად ვართ კაფეში და რას ვლაპარაკობთ საპარიკმახეროში. რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ასახული ვიდეოთვალზე? ვიღაც უჩინარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ჩვენს ყველა ნაბიჯს?! როგორც ხედავთ, ავტორიტარიზმი თანდათან ტოტალიტარიზმში გადადის. კომუნისტებიც კი არ მართავდნენ და აკონტროლებდნენ ასე ტოტალურად ხალხს.

ვიდეოკადრებსა და საუბრის ჩანაწერებს ყველა ასპექტით გამოიყენებენ. ლაპარაკია იმაზეც, რომ მრავალსართულიანი კორპუსების ყველა სადარბაზოსთან დამონტაჟდეს ვიდეოთვალი, რომელიც ასევე შს სამინისტროს საერთო ქსელში იქნება ჩართული. ალბათ, ამას ახსნიან როგორც ბინის გატეხის პრევენციას, სინამდვილეში ესეც მოქალაქეების ტოტალური გაკონტროლებისთვის სჭირდებათ. სკოლებში ბავშვებს აკონტროლებენ და ახლა მოზრდილების ჯერი დადგა. იმიტომ, რომ ხელისუფლება ძალისმიერ და ადმინისტრაციულ სადამსჯელო ორგანოებზე დგას. მათი საშუალებით ინარჩუნებს ძალაუფლებას და ქვეყნის დემოკრატიული მართვის რესურსი აღარ გააჩნია. ახლა  XX საუკუნის 30-იანი წლები არ არის, რომ ჩეკისტები გამოიყენონ ადამიანებზე სამეთვალყურეოდ. ჩეკისტები შპიონაჟის თანამედროვე საშუალებამ,  ვიდეოთვალმა შეცვალა. ხელისუფლება გვეუბნება, გეშინოდეთ, ჩემი თვალი ყველგან გხედავთ: მაღაზიაში, სახლთან, სკოლაში, მომსახურების ყველა ობიექტშიო და ეს მოქალაქეების ტოტალურ დაშინებას ემსახურება.

ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების მფლობელებს საკუთარი ხარჯით ავალდებულებენ ვიდეოთვალის დამონტაჟებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ საჯარიმო სანქციებს დააკისრებენ, მერე კი მუშაობას აუკრძალავენ.

დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებში წერია, რომ ადამიანი თავისუფალია,  არ შეიძლება მისი თვალთვალი, მისი პირადი მონაცემები და ანგარიშები დაცულია. ეს ჩვენც გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ ჩანაწერი ნებისმიერი საბაბით შეიძლება დაირღვეს და იტყვიან, ამას ხალხის სასიკეთოდ ვაკეთებთო. შიშის დათესვა უნდათ, რადგან დაშინებული ხალხი ადვილი სამართავია,  ნახირივით საითაც გინდა, იქით გარეკავ.

აშშ-ის პრეზიდენტი ნიქსონი შეეწირა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისის ფარულ მოსმენას. შევარდნაძის დროს შს მინისტრი კვირაია გადააყენეს მოსმენების გამო. იმ პერიოდზე ვამბობდით, ავტორიტარული მმართველობა იყოო, მაგრამ დღეს უარეს მდგომარეობაში ვართ. მაშინ მოსმენის გამო მინისტრს ხსნიდნენ, დღეს კი  არათუ გვისმენენ, ვიდეოთვალითაც გვაკონტროლებენ  ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის საბაბით.

საქართველოში კლასიკური ავტორიტარული მმართველობაა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიექანება ტოტალიტარიზმისკენ. თუ ქართველმა საზოგადოებამ ხმა არ აღიმაღლა, არქიფო სეთურის მონების მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სეთურს მარტო სიდუხჭირეში კი არ ჰყავდა ხალხი, თავის იდეოლოგიასაც ახვევდა თავს და ასინეთას საშუალებით აკონტროლებდა. ჩვენს დროში ასინეთა ვიდეოთვალმა შეცვალა. მალე ჩვენც არქიფო სეთურის საზოგადოებად ვიქცევით, რომლისთვისაც ნატო და დემოკრატიული სამყარო ჭაში ჩასმული ზებო იქნება. შუა საუკუნეების ტიპის მმართველობისაკენ მიმავლებს, რატომ გვაქვს იმედი, რომ ერთ დღესაც ზებო ზარს შემოჰკრავს და ცივილიზებული, დასავლური სამყაროს წევრები გავხდებით?!

მარი ზანდუკელი