საქართველო - ერთი დიდი რეალითი შოუ - კვირის პალიტრა

საქართველო - ერთი დიდი რეალითი შოუ

ჩემი ერთი ახლობლის სიდედრს აფთიაქი აქვს. მივიდნენ მასთან პატრულის თანამშრომლები (აი, მოსახლეობის 81 პროცენტი რომ ენდობა, ისინი) და უთხრეს, რომ აფთიაქში სათვალთვალო კამერა უნდა დაეყენებინა. ამასთან, ეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული ფირმის კამერა, რომელსაც მხოლოდ კონკრეტულ ფირმაში შეიძენდა(!).

კამერის შეძენის, მონტაჟისა და შემდგომი სერვისის ხარჯები, რა თქმა უნდა, აფთიაქის მეპატრონეს უნდა გაეღო. დიდი ხნის დავიდარაბის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ჩემი ახლობლის სიდედრი არ ვაჭრობდა ფსიქოტროპული წამლებით და პოლიციელები წავიდნენ, მაგრამ ტერმინატორივით დაიბარეს: "ვილ ბი ბექ!" ანუ“დავბრუნდებითო. ცხადია, ხელისუფლების ამ, როგორც "რ2" იტყოდა, მორიგ ინიციატივაში“ წვრილმანი ვირეშმაკობაც იმალება - ვანოსთან დაახლოებულ ვიღაცას ბითუმად აქვს კამერები ჩამოტანილი და გასაღება უნდა. მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მთავრობის დაუოკებელი სურვილია, ყველგან შემოიჭყიტოს, გვითვალთვალოს და გაგვაკონტროლოს. რამდენიმე ხნის წინ ვწერდი, ინტერნეტი მოსახლეობის კონტროლს ართულებს-მეთქი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს:

თანამედროვე ტექნოლოგიები პირადი ცხოვრების, კონფიდენციალურობის საზღვრებს არღვევს. ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბიშვილმა თქვა,  ძალიან მიყვარს კომპიუტერიო (უყვარს და რა ქნას?!). ჩვენი შსს საქართველოს  რანგის ქვეყნებს შორის  მსოფლიოში ყველაზე ძალუმადაა ნაზიარები უახლეს ტექნოლოგიებს. თუ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში პოლიციისა და უშიშროების შეჭრას  სასამართლო თუ სხვა ინსტიტუციები ართულებს, აქ ვანოსთვის სამოთხეა! მოსახლეობა ხომ ერთი საბჭოთა ანეკდოტის გმირივით იქცევა:

ქარხნის პარტიულ კრებაზე მუშებს  გამოუცხადეს, ხვალ კომუნისტური პარტიის ბრძანებით ყველას ჩამოგახრჩობთო.“ ერთ-ერთმა მუშამ ხელი ასწია და მორცხვად იკითხა, „თოკი მე მოვიტანო თუ პროფკავშირი უზრუნველგვყოფსო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მცხოვრებს აქვს მძაფრი განცდა, რომ უსმენენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ყველას ძალოვანი უწყების სანოტარო ბიურო ჰგონია,  ხალხი მაინც ინდიფერენტულია სახელმწიფოს ამ აგრესიული შეტევების მიმართ. ყველაფერი იქით მიდის, რომ მალე ამ ქვეყნის თითოეული მცხოვრები ერთ დიდ რეალითი შოუში აღმოჩნდება. ასეთ გადაცემებს აქვთ მკაფიო ფორმატი:

მონაწილეებს ექსტრემალურ ვითარებაში ამყოფებენ და სატელევიზიო კამერების მეშვეობით აკვირდებიან. ასეთივე სცენარი ვითარდება ჩვენთან. ყველგან იქნება კამერა - ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში. სადღაც შუშის სამინისტროს ან პრეზიდენტის გამჭვირვალე გუმბათის მიღმა მყოფი უჩინარი „დიდი ძმა“ დაგვაკვირდება.  არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ზოგადად წესრიგის მომხრე არ ვარ და ანარქო-სინდიკალისტად მომაქვს თავი, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს მუხრუჭი, არ გააჩნია იმ საზღვრის შეგრძნება, სადაც მათი კომპეტენცია მთავრდება და ჩემი, შენი, თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრება იწყება.

შესაბამისად, პოლიციის მიერ დაყენებული ყოველი სათვალთვალო კამერა ჩემთვის არის არა უსაფრთხოების შეგრძნების განმამტკიცებელი რამ, არამედ ჯაშუში, რომელსაც უნდა მოერიდო.  ერთი ძველი ფილმი მახსენდება - "ნაფოტი", ალეკ ბოლდუინი და შარონ სტოუნი თამაშობენ. სტოუნის გმირი ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად. აღმოჩნდება, რომ სახლის მეპატრონეს ყველგან კამერები აქვს დაყენებული და ისე აკვირდება ბინადართ.  მეც წარმომიდგენია ჩვენი ქვეყნის მეფე, რომელიც უამრავმონიტორიან ოთახში ზის და სპეციფიკური სიცილით გასცემს განკარგულებებს:

"აბა, ყიფშიძის ქუჩის გასტრონომი მომიახლოვეთ ან ნახალოვკაში კიკვიძის ბაღი მაჩვენეთო". ბოროტი ხმები ამბობენ, თბილისის ანძის და ახალი შუშის ხიდის განათების პულტი მიშას ხელთააო. მე არ მჯერა - არ აქვს ან თუ ჰქონდა, გადააგდო - მოჰბეზრდებოდა, სულ რამდენიმე რეჟიმი აქვს და იმიტომ. გაცილებით საინტერესოა, ზემოაღწერილი ოთახი ჰქონდეს, სადაც არის  საქართველოს ყველა სათვალთვალო კამერის მონიტორი. უჰ, რას გაერთობა!..

შალვა რამიშვილი