მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ოთხშაბათი ნათლისღება იყო საქართველოში. წესით, ეს დღე ყველასთვის დღესასწაულია, მაგრამ როგორც გაირკვა, "ყველაში" დევნილები არ შედიან. ბაგებში, სტუდქალაქში ჩასახლებულ დევნილებს სწორედ ნათლისღებას მიაკითხეს და გააფრთხილეს, რომ თუ ნებით არ დატოვებდნენ შენობას, მეორე დღეს ძალით გამოასახლებდნენ. მეორე დღეს თბილისში ამ სეზონზე პირველად წამოთოვა... იმ დღეს დევნილებს პოლიციამ დილის 7 საათზე მიაკითხა...

რა თქმა უნდა, არა პირველი თოვლის მისალოცად. სწორედ ხუთშაბათს დაიწყო დევნილების დიდი გადასახლების კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც ხელისუფლება განსახლებას უწოდებს. დევნილების გამოსახლების ვიდეოკადრები, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნახავს. "ნაციონალურ არხებს" ეს ამბავი არ გაუშუქებიათ M(მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმაური ატყდა, დღის გამოშვებებში რამდენიმე წუთი დაუთმეს ამ პრობლემას). ასე რომ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვერ ნახა დილაადრიან, შუა ზამთარში ქუჩაში პოლიციის ძალით გამოყრილი დევნილები, კორდონებით გარშემორტყმული მათი ჩასახლების ადგილები, ვერ ნახა სიცხიანი ბავშვი, რომელიც სხვებთან ერთად გარეთ გამოაგდეს ან საკაცით ჩამოყვანილი მოხუცი ქალი; ვერ მოისმინა ერთ-ერთი დევნილის ნათქვამი, მე თბილისიდან წასვლა არ მინდაო, რადგან დედა აქ დამარხა და არ უნდა მისი საფლავის დაკარგვა, ისევ როგორც ერთ დროს სოხუმში დაკარგა მამისა.

გასაგებია, რომ ამ ქალს თბილისში ჩამოსვლასა და სასაფლაოზე მისვლას არავინ დაუშლის, მაგრამ იქნებ მას სურს აქ მაინც იაროს ხშირად დედის საფლავზე? ასეც რომ არ იყოს, რატომ უნდა გაგდებდეს შენი ხელისუფლება ძალით იმ ადგილიდან, რომელიც უკვე შენს მეორე მშობლიურ კერად იქცა, სადაც 18 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე ყველაფერი წაგართვეს, ახალი ცხოვრება დაიწყე? გასაგებია, რომ ერთ დღესაც სხვადასხვა შენობაში შესახლებული დევნილების პრობლემა დადგებოდა, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა მისი ისე მოგვარება, რომ დევნილებისთვის ტრავმა არ მიგვეყენებინა, მათ როგორც უვარგის ნივთებს, ისე არ მოვქცეოდით, მათთვის ისეთი რამ შეგვეთავაზებინა, რაც მისაღები იქნებოდა და ნებით წავიდოდნენ იმ კომპაქტური ჩასახლებიდან.

რატომ არ შეიძლებოდა, იმ დევნილებისთვის, ვინც თბილისში მუშაობს, აქ ეპოვათ საქმე? Aმათ უკვე აქ აქვთ წინაპრების საფლავები, მათი შვილები აქ სწავლობენ, არ შეიძლებოდა, ხელისუფლებას ისევ თბილისში შეეძინა სახლები? უფრო ძვირი დაჯდებოდა? რა თქმა უნდა, უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე ფოცხოეწერში ძველი კორპუსების შებათქაშება, მაგრამ კონცერტების მოსაწყობად მილიონები ხომ გვაქვს? თბილისის გარეუბნებში ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინები მაქსიმუმ 25-30 ათასი დოლარი ღირს. ის მილიონები, რაც ბათუმის, თბილისის თუ სვანეთის კონცერტებში დაიხარჯა, დევნილების უმეტესობის თბილისში განსახლებას ეყოფოდა.

ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთო, ამბობს ხელისუფლება. ჯერ ერთი, საკითხავია, იცავს თუ არა კანონს, მაგრამ ასეც რომ იყოს, ყველაფერი ხომ კანონი არ არის, ხომ არსებობს ადამიანური ფაქტორიც? ხელისუფლება იმაზე უნდა ფიქრობდეს, პრობლემა თავიდან როგორ მოიშოროს, თუ როგორ მოაგვაროს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით? Kკი ბატონო, განვასახლოთ დევნილები, როგორც ამ პროცესს ხელისუფლება უწოდებს, მაგრამ ისე კი არა, რომ არჩევანი არ დავუტოვოთ ან დავაყენოთ ასეთი არჩევანის წინაშე: "მიიღებ იმ პირობებს, რომელსაც მე გთავაზობ, ან ძალით მიგაღებინებ".

როგორ ვიქცევით ჩვენ

ამას წინათ რადიო "პალიტრის" ეთერში გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრად მყავდა ერთი "სიმართლისთვის მებრძოლი" ქალი, რომელიც ხელისუფლებას მწვავედ უპირისპირდება. ვიდრე მისი ჯერი დადგებოდა, სწორედ დევნილების პრობლემას განვიხილავდით. რეკლამის დროს, როდესაც სტუდიაში შემყავდა, პირდაპირ მითხრა: დევნილების გასახლება ერთადერთია, რაშიც ხელისუფლებას მხარს ვუჭერ, რა უნდათ თბილისშიო. ამ ჩემი რესპონდენტივით დღეს თბილისში ბევრი ფიქრობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, დღეისთვის თბილისიდან უკვე 600-ზე მეტი კაცია გასახლებული - უკვე ექვსასით ნაკლები პრობლემა აქვს დედაქალაქს. ალბათ, თბილისი აწი უფრო მშვიდად იქნება.

ჩვენც, ძირძველ თუ ჩამოსულ თბილისელებსაც, ხომ არ გვსიამოვნებდა მათი აქ ყოფნა? ისე, გარკვეული გაგებით, მეც დევნილი ვარ. მართალია, აბაშიძის ბათუმიდან ოკუპანტს არ გამოვუგდივარ, მაგრამ უპერსპექტივობამ ხომ გამომაგდო? მაშ, მე რა მინდა თბილისში? იქნებ მეც გადავსახლდე სადმე? მე თბილისელებს და ხელისუფლებას ნაკლებად ვაწუხებ, რადგან ჩემთვის ბათუმში ქონება არავის წაურთმევია და როდესაც მომინდა, გავყიდე სახლი და აქ შევიძინე ახალი. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს ამის საშუალება, ბუნებრივია, არა აქვთ და იძულებული არიან ხელისუფლებას სთხოვონ დახმარება.

ხელისუფლება კი როგორც იქცევა, ზევით უკვე მოგახსენეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უკეთ არც ჩვენ ვიქცევით. მოდი, წარმოვიდგინოთ, როგორია, როდესაც ერთხელ უკვე დაგინგრევენ აწყობილ ცხოვრებას, სახლ-კარს და ქონებას დაგატოვებინებენ და სხვაგან გაგაგდებენ. იქ ცხოვრებას თავიდან დაიწყებ, ბუდეს თავიდან ააშენებ და 18 წლის შემდეგ გეტყვიან, ახლა კიდევ ერთხელ აიყარე და სხვა ადგილას კიდევ ერთხელ დაიწყე ცხოვრებაო.

ზოგი არხეინად ამბობს, იცხოვრონ ამ დევნილებმა სოფლად, არ ეკადრებათო? ჯერ ერთი, სოფლად რომ იცხოვრო, მიწა უნდა გქონდეს და ამათ მიწას ან მისცემენ, ან - არა; მეორე - აფხაზეთიდან დევნილთა დიდი ნაწილი აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქშია დაბადებული და გაზრდილი. რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც სოხუმში დაიბადა და სასოფლო საქმე არ იცის კარგად?

სამწუხაროდ, ჩვენც ხშირად ხელისუფლებასავით ვიქცევით და ყველას ერთ ქვაბში ვხარშავთ. ასეთი არგუმენტიც გამიგონია: დევნილებმა ხმა არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" რომ მისცეს, ახლა "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმაროთო.

ჯერ ერთი, არავინ იცის, ეს ყველამ გააკეთა თუ არა; და თუ უმრავლესობა ასე მოიქცა, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება სულ გასახლებით ემუქრებოდა და არჩევნების წინ დაჰპირდა, ფართებს დაგიკანონებთო. მათ გამოსავალი არ დაუტოვეს, შემდეგ კი მოატყუეს. ახლა რა ვქნათ, ამ მოტყუებულ და გაუბედურებულ ხალხს ჩვენც ნიშნი მოვუგოთ?

KvirisPalitra.Geმიშა და აინშტაინი

სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისში დევნილების გადასახლება დაიწყო, ჩვენი პრეზიდენტი კახეთში, სოფელ ჯუგაანში ჩავიდა და მსოფლიო ბანკის მიერ აშენებული სკოლა გახსნა. ჩვენმა ძვირფასმა "ნაციონალურმა" ტელეარხებმაც დღის გამოშვებები სწორედ ამ მოვლენით დაიწყეს. გამოიყვანეს სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც პრეზიდენტს მადლობას უხდიდნენ და ამბობდნენ, სააკაშვილი დაპირებას ყოველთვის ასრულებსო. იმავე დღეს ბევრს გაახსენდა სააკაშვილის შეხვედრა დევნილებთან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ზოგიერთმა ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც განათავსა. იმ შეხვედრაზე პრეზიდენტი დევნილებს ეუბნება, რომ თუ მას აირჩევენ, 2009 წელს ყველას სოხუმში დააბრუნებს.

ეტყობა, იმ დევნილების თბილისიდან გასახლება, რომლებსაც მაშინ ხმის მიცემას ეხვეწებოდა, იმ დაპირების შესრულების ნაწილია. სააკაშვილს კახეთში სტუმრობისას, ბუნებრივია, არც თავისი საპრეზიდენტო დაპირება გახსენებია, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ის დევნილები, რომლებსაც იმ დღეს სახლებიდან ყრიდნენ. დადიოდა სკოლაში ბედნიერი სახით და ქიმიის კაბინეტში ბავშვებს გამომგონებლობისკენ მოუწოდებდა. იმ დროს, როდესაც ბედნიერი პრეზიდენტი ბავშვებს მოძღვრავდა, მის უკან აინშტაინის ცნობილი სურათი ჩანდა, აი, ის, ენა რომ აქვს გამოყოფილი.