"მეუფემ ისეთი კურთხევა მოგვცა, რომელსაც ქართველები უძველეს დროში იცავდნენ... უცებ თითქოს კიდევ სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"მეუფემ ისეთი კურთხევა მოგვცა, რომელსაც ქართველები უძველეს დროში იცავდნენ... უცებ თითქოს კიდევ სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს"

მათ ამბავს რომ ვისმენდი, რატომღაც ამერიკულ-ირლანდიური მხატვრული ფილმი - "ნაკიანი წელიწადი" გამახსენდა. ჩემი სტატიის გმირების სიყვარულსაც გზად სწორედ ნაკიანი წელიწადი გადაეღობა და, დამატებით კიდევ - ჟამიანობაც... მართალია, ჩემი წყვილის გზა ფილმის გმირებისას ზუსტად არ ესადაგება, მაგრამ დაბრკოლება დაბრკოლებაა და მთავარი კი ის არის, რომ სიყვარულმა მისი გადალახვა და გამარჯვება შეგაძლებინოს!

რამდენიმე დღის წინ ერთმა გოგონამ "კვირის პალიტრის" ვებ-გვერდის რედაქციას უჩვეულო თხოვნით მოგვმართა: "კარანტინში დაოჯახებულებს ხომ არ წაგვახალისებდით და ამ განსაკუთრებულ დღეს, კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გაგვიხდიდით. ჩვენი ფოტო და თქვენი მხრიდან კომენტარი რომ გავავრცელოთ სოციალურ სივრცეში ან რამე დაწეროთ. ძალიან მაგარი გეგმები გვქონდა ამ დღესთან დაკავშირებით, ვერაფერი გავაკეთეთ და ეს მოვიფიქრეთ. იქნებ მეტი კრეატიულობისთვის დამეხმაროთ ან თუ მირჩევთ, სხვა რა შეიძლება გავაკეთოთ?"

ვებ-გვერდის რედაქტორმა ნათია დოლიძემ ურჩია კიდეც, იქნებ, ქორწილისთვის განსაზღვრული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროთო. როგორც აღმოჩნდა, ეს უკვე გაკეთებული ჰქონდათ, მაგრამ ამის აფიშირება არ ისურვეს. თუმცა ინტერვიუსას მაინც ჩავეძიე წერილის ავტორს და ისიც გავარკვიე, რომ ქორწილის თანხის გარეშეც რეგულარულად ეწევიან სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას და ამით უჩვეულოსა და აღსანიშნავს ვერაფერს ხედავდა. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, თბილისელები - 30 წლის იურისტი თიკო ხორგუაშვილი და მისი რჩეული, 31 წლის ფსიქოლოგი, რელიგიათმცოდნე და, ამავე დროს, ბრენდ მენეჯერი დიმა ბერუაშვილი კარანტინისას, რამდენიმე დღის წინ შეუღლდნენ. რა გეგმები ჰქონდათ და რა ვერ განახორციელეს, რა განიცადეს და რას გაუძლეს, ყველაფერს წერილის ავტორი თიკო გვიამბობს:

თიკო ხორგუაშვილი

- მაინც იმდენი კარგი რამ მოხდა ამ მოკლე პერიოდში, რომ ვიფიქრე, ნუთუ, ვერაფერი უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ ჩვენი შეუღლება-მეთქი. ძალიან გულწრფელად გეტყვით: დიდი ხანი არ არის, რაც დიმა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, ცხოვრება კი, იცით, დიდი რუტინაა - სახლი-სამსახური, სამსახური-სახლი, ამიტომ გადავწყვიტე, ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე რაღაც მოგონებასთან დამეკავშირებინა და ძალიან დასამახსოვრებლად მექცია. რასაც აკეთებ, მარილიც ხომ უნდა მოაყარო, კიდევ უფრო გემრიელი რომ გახდეს? ამიტომ ვიფიქრე, ეგებ, ვინმესთვის მომეყოლა ჩვენი ამბავი და მას თუნდაც ორი სიტყვით დაეწერა იგი. ამით საშუალება მექნებოდა, ყოველ წელს გამეხსენებინა ეს მომენტი და წლიდან წლამდე, ერთსა და იმავე დროს გამეზიარებინა.

- მაშინ მეც გისმენთ, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

- მე და დიმამ ერთმანეთი უახლოესი ადამიანებისგან გავიცანით. მე ფოფოდიას ანუ მღვდლის ცოლის მეჯვარე და შვილის ნათლია ვარ და იმავე ოჯახის ახლობელი არის დიმაც. ერთმანეთს ყოველთვის რიდით და პატივისცემით ვხვდებოდით და 5 წელიწადია, ვმეგობრობთ. ბევრი საერთო გვაქვს: ისიც საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობს და მეც - ორივენი აღმსარებლები და მაზიარებლები ვართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული ტრადიციები, რაც ქართველებს გვაქვს; ორივეს გვიყვარს ფოლკლორი, სიმღერა; ორივეს ოჯახის წევრები ექიმები არიან; გვაქვს დიდი სამეგობრო და ა.შ.

2019 წლის აგვისტო-სექტემბრიდან უცებ თითქოს კიდევ სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს.

თიკო და დიმა სოფელ ქერეში

საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქორეპისკოპოსთან, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორესთან ვიყავით და შობის მარხვის დაწყების წინ მან დაგვლოცა. ეს ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. მეუფემ ისეთი კურთხევა მოგვცა, რომელსაც ქართველები უძველეს დროში იცავდნენ - მთელი მარხვის განმავლობაში, 27 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, შობამდე, გარდა იმისა, რომ მარხვა უნდა შეგვენახა, ერთმანეთს საერთოდ არ უნდა დავკონტაქტებულიყავით, მიმოწერაც არ უნდა გვქონოდა, ერთმანეთის შესახებ არაფერი უნდა გვცოდნოდა და კარგად დავრწმუნებულიყავით, მზად ვიყავით თუ არა თანაცხოვრებისთვის, ოჯახის შესაქმნელად. მარხვა რომ დამთავრდებოდა, ჯვარიც უნდა დაგვეწერა და სამომავლო გეგმებზეც გვეფიქრა.

მიუხედავად ამგვარი, ერთი შეხედვით, რთული პირობისა, დრომ საკმაოდ სწრაფად გაიარა, ფიქრისთვისაც კიდევ უფრო მეტი ხანი მქონდა და საკუთარ თავსა და სიყვარულშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი. აღმოჩნდა, რომ დიმასაც იგივე განცდები ჰქონია. ამიტომაც ვუწოდეთ მეუფის ამ კურთხევას "რომანტიკული კურთხევა". შობის შემდეგ მეუფემ ჯერ მე დამიბარა საპატრიარქოში, შემდეგ - დიმა, შეკითხვები დაგვისვა, ბოლოს ერთად დაგვიბარა, ძალიან გაიხარა, რომ მისი პირობა პირნათლად შევასრულეთ და თანაც - 21-ე საუკუნეში, სოციალური აქტიურობის ხანაში შევძელით და, სოციალურად ერთმანეთთან გათიშულები, საკუთარ გადაწყვეტილებაში სრულიად დარწმუნებულები წარვდექით მის წინაშე. მეუფემ დაგვლოცა, ლოცვები წაგვიკითხა და გამოგვიშვა. ჯვარი აღდგომის მარხვის დაწყებამდე უნდა დაგვეწერა, მაგრამ... სწორედ იმ პერიოდში ვაპირებდით, ჩვენი ოჯახები ერთმანეთისთვის გაგვეცნო. შორიდან კი იცნობდნენ, მაგრამ პირისპირ ხომ უნდა შეხვედროდნენ! შემდეგ ჯვარი უნდა დაგვეწერა დავით გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც ერთხანს მედავითნედ ვიყავი და რომლის წინამძღვარიც არის ჩემი მოძღვარი, აღმზრდელი მამა იოანე, იმავდროულად მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის წინამძღვარი; ჩვენი შეუღლება დიმას მცხეთის აგარაკზე, უახლოეს ადამიანებთან - ჩვენთვის ძვირფას სასულიერო პირებთან და მეგობრებთან ერთად უნდა აღგვენიშნა. მე და დიმას ძალიან გვიყვარს ქართული ფოლკლორი, ჩვენი მეგობრებიც მღერიან, ასე რომ, ცოცხალი მუსიკა გვექნებოდა, იქაურობას ჩვენი მეგობარი ფლორისტები მორთავდნენ, და აუცილებლად კარგად მოვილხენდით; საქორწინო მოგზაურობასაც ვგეგმავდით - მარადიულ ქალაქში უნდა წავსულიყავით - რომში, დიმას მეგობართან; ჩვენი თბილისის სახლიც მზად იყო, შეუღლებისთანავე რომ გადავსულიყავით, მაგრამ...

ფაქტობრივად, თავიდანვე უჩვეულოდ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მსოფლიო მასშტაბის უდიდესი ამბავიც - Covid 19-იც უჩვეულოდ დაგვეწია - ყველა გეგმა თავდაყირა დაგვიყენა. ვინაიდან ათ კაცზე მეტის შეკრება აღარ შეიძლებოდა, ყველა გეგმა ჩაგვეშალა. კარანტინის დაწყებამდე მხოლოდ ერთი რამ მოვასწარით, ისიც ექსპრომტად. შობის შემდეგ, კურთხევა რომ შევასრულეთ, ჯვრისწერამდე ჩვენი გულშემატკივარი მეგობრების ერთმანეთთან დაახლოება გადავწყვიტეთ და ვიფიქრეთ, ყველანი ერთად სადმე წავსულიყავით. დიმას ვთხოვე, მანგლისში, ჩემს მეგობართან ავიდეთ-თქო და დამთანხმდა, ოღონდ მისთვის სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტე და ჩემებურად დავგეგმე. ერთ შაბათს დიმას უახლოეს მეგობრებს "ფეისბუკით"დავუკავშირდი, გავაკეთე დახურული ჯგუფი, სადაც გავაერთიანე ჩემი და დიმას ბავშვობის მეგობრები მეუღლეებთან ერთად, მენიუც წინასწარ ჩამოვწერეთ, გავაფრთხილე, დიმასთვის არაფერი ეთქვათ, ჩვენს ასვლამდე ასულიყვნენ მანგლისში, არა მეგობრის, არამედ - ჩემს სახლში, თანაც - უმანქანოდ, დიმა რომ ვერაფერს მიხვედრილიყო, აეტანათ ყველაფერი, რაც იქ დაგვჭირდებოდა, მათ შორის - კამერები და გიტარა, ორ საათში კი ჩვენც მივიდოდით. ყველაფერი გეგმით გაკეთდა. ჩემი სახლის კარი რომ შევაღე და ოთახში შევედით, დიმა კარგა ხანს დაბნეული იდგა, მერე გახალისდა და გამოაცხადა: ვინც მიყვარს, ყველანი აქ ხართ, თიკოც აქ არისო, - და უცბად საქორწინო ბეჭედი ამოიღო, გამომხედა და, - ერთით ერთიო! - სიცილით მითხრა. ვერ წარმოიდგენთ, იქ რა ხდებოდა! მეგონა, მე გავუკეთე სიურპრიზი და აქეთ არ მომიწყო იგივე?! თიკო და დიმა მამა შალვა კეკელიასთან ერთად

რაც შეეხება კარანტინს, ერთადერთი, რაც მაშინ მოვახერხეთ, დავიწინდეთ და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, ყველა საკარანტინო წესის დაცვით, როგორც იქნა, დიმას ოჯახის წევრები და რამდენიმე მეგობარი, ასევე ჩვენი უახლოესი მამები - ჩემი პირველი მოძღვარი და დღეს უკვე მეგობარი მამა შალვა კეკელია, მამა გიორგი ხუბაშვილი, მამა ანდრია და მომღერალი მირზა მოდებაძე ამოვიდნენ ჩემთან. კარგად გავხალისდით, ბიჭებმა "მრავალჟამიერი" შეასრულეს და ძალიან თბილი, გემრიელი დღე გამოგვივიდა. დრო ისე გაგვეპარა, ძალიან ცოტა ხანი გვრჩებოდა კომენდანტის საათის დაწყებამდე - იმ საღამოს მე და დიმა ახალ სახლში გადავდიოდით და გადაბარგება უნდა მოგვესწრო. სტუმრები გავაცილეთ თუ არა, მამა შალვა დაგვეხმარა და ბარგი გადაგვატანინა, შინაც კი აგვატანინა. ზედმიწევნით ზუსტად ჩავეტიეთ დროში და ამ პროცესმაც საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა, რადგან უკვე აღარაფერი გვიკვირდა - მანამდეც იმდენი უჩვეულო რამ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, იმდენი პრობლემა გვექმნებოდა და მერე თავისით გვარდებოდა, ამაზე არც უნდა გვენერვიულა.

- ისე, ორი მარხვა გაიარეთ, ამდენს გაუძელით და რა მოხდებოდა, პანდემიის გასვლასაც დალოდებოდით?

- არავინ იცის, რა როდის დასრულდებოდა, ჩვენ კი უკვე საკუთარ თუ ერთმანეთის გრძნობებში სრულიად დარწმუნებულები ვიყავით, მატერიალური საშუალებაც გვქონდა, აღარ გაგვეწელა და ეს ნაბიჯი გადაგვედგა, სახლიც გვქონდა და რატომღა უნდა გადაგვედო?! ფაქტია, რომ კორონამ ჩვენს სიყვარულს მაინც ვერაფერი დააკლო და მაინც გავერთიანდით. იმედია, კორონავირუსი ჩაივლის, კარანტინიც დასრულდება და ივნისში, პეტრეპავლობის მარხვამდე, ჯვარსაც დავიწერთ. დიმა სოფელ ქერეში გარდა ამისა, მეურნეობის გაძღოლასაც ვაპირებთ: დიმას მშობლებმა გადაუფორმეს მიწის ნაკვეთები სოფელ ქერეში, სადაც ვაშლის და ატმის მსხმოიარე ბაღებია, ულამაზესი. უნდა დავამუშაოთ, მებაღეებიც დავასაქმეთ. დიმა ძალიან უყვართ სოფელში და ჩვენთან ხშირად მოდიან ადგილობრივები. როგორც კი გადაადგილებას შევძლებთ, ისევ აქტიურად ჩავალთ. უკვე სახლსაც ვარემონტებთ. ქერე საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს არის, სახლიდან ჩანს კიდეც და ამითაც მნიშვნელოვანი ადგილია.

P.S. "კვირის პალიტრის" რედაქცია ულოცავს ახალდაქორწინებულებს და ბედნიერ და სიხარულით სავსე თანაცხოვრება უსურვებს!

(სპეციალურად საიტისთვის)