ქართული ავიაციის კრახი - კვირის პალიტრა

ქართული ავიაციის კრახი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" ## 3,4)

"მთვარეზე მოგზაურობას აპირებდნენ თუ რაშია საქმე?"

"კამიკაძეები ხომ არ არიან, ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან?!"

ტერი დევისი: "ამ  დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ეს წერილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად პირადად გადავგზავნე სტრასბურგის სასამართლოში"

გაზეთში დაბეჭდილ სტატიას "ქართული ავიაციის კრახი" უამრავი ყოფილი თუ მოქმედი მფრინავი და ავიატორი გამოეხმაურა. ბევრმა სამსახურის დაკარგვის შიშით კონფიდენციალობის პირობა ჩამოგვართვა, სამაგიეროდ რედაქციას მიაწოდა მეტად საინტერესო დოკუმენტები.

მაგალითად, ჩვენს ხელთ აღმოჩნდა რამდენიმე ანგარიშფაქტურა, რომლებიც უდავოდ იმსახურებს ყურადღებას. დოკუმენტების თანახმად, "საქაერონავიგაციას" 2007 წლის მარტში 23880 ლ ავტომობილის საწვავი აქვს გახარჯული, ხოლო 50 ცალ ფერად სურათში 7500(?!) ლარი გადაუხდია.

ალბერტ ნურბეკიანი, მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი: - სტრასბურგის სასამართლოში ორი სარჩელი გვაქვს გაგზავნილი. ერთი ეხება აეროპორტის აქციების თაღლითურად მითვისების ფაქტს, მეორე კი დასახიჩრებულ პილოტთა საქმეებს. ეს, შეიძლება ითქვას, კურიოზული სარჩელია, რადგან ჩივიან პილოტები, რომელთაც ქართულ სასამართლოში საქმე კი არ წააგეს, არამედ მოიგეს!

საქმე ის არის, რომ  საქართველოში  საინვალიდო პენსიის გადახდის მრავალი კანონი და დოკუმენტი არსებობს. უმრავლესობას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს. მათ საფუძველზე სასამართლომ ვინ იცის, რამდენჯერ დაინვალიდებული პილოტების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. სახელმწიფოს მათთვის საწარმოო ტრავმისათვის დადგენილი თანხა უნდა გადაეხადა. გადაწყვეტილებები  ძალაში შევიდა ჯერ კიდევ 6 წლის წინ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღსრულებულა. რისთვის სჭირდება ქვეყანას სასამართლო სისტემა, თუ გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ? სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ანდა თვისუფლების აღკვეთით. არაერთხელ მივმართე სახელმწიფო ორგანოს სხვადასხვა ინსტანციას, მათ შორის - პროკურატურასაც, აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ამაოდ, უარს აცხადებენ. ეს ლოგიკურიც არის, კამიკაძეები ხომ არ არიან, ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან?! მაგრამ ხომ არ შეიძლება ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდეს ეს მუხლი და მეორე მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდებოდეს. მაშინ შეიტანონ კოდექსში დათქმა, რომ შეიძლება ასეთი ქმედებისათვის დაისაჯოს ჩვეულებრივი ხალხი, ვთქვათ, გამგებლის თანაშემწის რანგამდე, მაგრამ უფრო ზემოთ არამც და არამც!

რადგან საქართველოში სამართალი ვერ ვიპოვე, იძულებული გავხდი, ეს ამბავი მეცნობებინა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, მათ შორის - ევროპის საბჭოსთვისაც. ცოტა ხანში წერილი მივიღეთ, თვით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი გვწერდა:

როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, არა მაქვს უფლება, ჩავერიო საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ ამ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ეს წერილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად პირადად გადავგზავნე სტრასბურგის სასამართლოში და სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტში.

2005 წლიდან საქართველო მიერთებულია სოციალურ ქარტიას, რომლის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან დაგიკავშირდებიან და სასწრაფოდ გადმოგზავნიან საჭირო დოკუმენტებს.

ნეტავ საქართველოს ხელისუფლებას თუ ესმის, რას ნიშნავს, როცა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საკუთარი ხელით გზავნის ევროსასამართლოში ქართველი პილოტების საჩივარს? თუ ვინმეს ჰგონია, საქართველოსთვის იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ვეტერან პილოტებს, ძალიან ცდება. პირადად მე 167 მგზავრის სიცოცხლე გადავარჩინე, 10600 მ სიმაღლეზე ту-154-ის განჰერმეტიზაციის გამო დავინვალიდდი. ხომალდის მეთაური ამ ტრავმის გამო მალევე დაიღუპა, ხოლო ბორტგამცილებელი ეპილეფსიით დაავადდა.

ამ სიმაღლეზე ადამიანი 30 წამში კარგავს გონებას. ეს თვითმფრინავი საქართველოს საკუთრება იყო. თვითმფრინავში ავტომატურად არ ცვიოდა ჟანგბადის ნიღბები. ასეთი ავარიის დროს ბორტგამცილებელი უნდა მიხმარებოდა მგზავრებს, მაგრამ თავად 30 წამში დაკარგა გონება,  გონება დაკარგა ხომალდის მეთაურმაც. ცალი ხელით როგორღაც მოვახერხე ჟანგბადის ნიღბით ერთი-ორჯერ შესუნთქვა და თვითმფრინავი ავარიულად დავსვით სოჭში. ასე ვიხსენით 167 კაცის სიცოცხლე კატასტროფისაგან და დღეს ევროსასამართლოში გვიწევს სირბილი სასამართლოს ძალით მონიჭებული კაპიკების ასაღებად.

ცალკე სარჩელი გვაქვს გაგზავნილი იმ გაუგონარი სიყალბის გამო, რაც სახელმწიფო ჩინოვნიკებმა ჩაიდინეს. გაძლევთ პირობას, ეს სარჩელი საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდება. როცა სტრასბურგი გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ "ტავი და ურბანს" გაუფორმა. ვინ აგებს პასუხს "ტავი და ურბანის" წინაშე? რა თქმა უნდა, სახელმწიფო ქართველი ხალხის ჯიბით.

ქართული ავიაცია უმაღლესი კლასის პილოტებით იყო დაკომპლექტებული. ელემენტარულია, თუ ერში არ იბადება ბავშვი, ის ერი გადაშენების გზაზეა დამდგარი. მე ფრენა დიდმა პილოტმა გიორგი საგარეიშვილმა მასწავლა, მე კი ჩემი გამოცდილება ვერავის გაუზიარე.

ახლა მესტიაში კანადური ავიაკომპანია ჩამოიყვანეს და ისინი დოტაციაზე ჰყავთ, ბიუჯეტიდან უხდიან ფულს.

ვითომ კანადელი უკეთესად იფრენს მესტიაში, ვიდრე ქართველი პილოტი, რომელმაც ყველა ბუჩქისა და კენჭის მდებარეობა იცის? ხომ არ გგონიათ, კანადელი 1000 დოლარად იფრენს, არა, ბატონო, 10-15 ათას დოლარს მოითხოვს და გადაუხდიან კიდეც!

19 პილოტი გამოვკითხე, თუ გარისკავდნენ  ცუდი ხილვადობის პირობებში ხელსაწყოებით დაჯდომას. მითხრეს, კამიკაძე ხომ არა ვარო.  კარგია, ტურიზმის განვითარება რომ გვინდა, მაგრამ თუ ვინმე მეტყვის, რომ მესტიაში ცუდი ხილვადობის დროს გარისკავს ფრენას, გამოვალ და საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი. მესტიის აეროპორტი ხშირად დაკეტილი იქნება უამინდობის გამო. მესტია ქვაბია, მთებს შორის მოქცეული ჩაღრმავებული ადგილი და მხოლოდ ვიზუალური ფრენებია შესაძლებელი. როდესაც თვითმფრინავი ხელსაწყოების საშუალებით ეშვება, მთაში ეს ძალიან საშიშია, შეიძლება არასწორად დაეშვას. არასწორი დაშვებისას პილოტმა სიჩქარე უნდა აიღოს და მეორე წრეზე წავიდეს, მესტიაში კი მთებია, მეორე წრეზე თვითმფრინავის დატრიალება უდიდეს რისკთან არის დაკავშირებული. საქართველოს მთებში კატასტროფა განიცადეს სომხურმა Як-40მა, რუსულმა Ил-18-მა, სურამის უღელტეხილზე ქართულმა Ил-14-მა, რუსულმა Ан-24-მა, ქუთაისში ჩვენმა Як-40-მა... რომელი ერთი ჩამოვთვალო... მთებსა და ავიაციასთან ხუმრობა არ შეიძლება, არა!

არ მინდა წინასწარ ვინმეს გული გავუხეთქო, მაგრამ გადმოგცემთ წერილს, სადაც ვწერ, რა მოხდება 1 წლის შემდეგ მესტიასა თუ საერთოდ ქართულ ავიაციაში. თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, ვიმეორებ, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს (ეს წერილი დალუქულია, "კვირის პალიტრის" რედაქციაში ინახება და 1 წლის შემდეგ გაიხსნება. - ავტ.)

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრას" წერილით "ბოინგ 737" -ის ხომალდის მეთაურმა, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ რატიანმაც მიმართა:

"საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრებმა არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, ეტყობა, ჩვენი წერილები იქამდე ვერ აღწევს. ამიტომ "კვირის პალიტრის" მეშვეობით იქნებ შეისმინოს ვინმემ ჩვენი სატკივარი. ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა კანადელ მფრინავებთან. მათ კონტრაქტი სახელმწიფოსთან ნახევარი წლით აქვთ დადებული.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში პროფესიონალი საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალი უმუშევრად არის დარჩენილი, ეს კი ქართული ავიაციის სიკვდილს ნიშნავს. ქართველი მფრინავები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან მსოფლიოში და ამ ტრადიციის დაკარგვა დანაშაული იქნება ქვეყნის წინაშე. ჩვენი თხოვნაა, მოგვცენ შესაძლებლობა ასოციაციის ეგიდით ადგილობრივი ავიაკომპანიის შესაქმნელად, რომელიც ფრენებს განახორციელებს სწორედ სვანეთში. ამით დასაქმდებიან ქართველი პროფესიონალი პილოტები და გადარჩენის შანსი გაუჩნდება ქართულ ავიაციას".

ალბერტ ნურბეკიანი:

- "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ პარლამენტიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს ქართული ავიაციის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.

მოვითხოვ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა ფარდა აეხადოს იმ დანაშაულებს, რაც ქართულ ავიაციაში ხდება. ჩემი მიზანი ვინმეს ციხეში ჩასმა არ არის, ჩემი მიზანი ქართული ავიაციის გადარჩენაა, რომელიც ახლა სულს ღაფავს.

- ჩვენს ხელთ აღმოჩნდა საკმაოდ საინტერესო დოკუმენტები, მაგალითად, ერთ-ერთში აღნიშნულია, რომ საქაერონავიგაციას ერთ თვეში 23880 ლიტრი საწვავი აქვს გახარჯული, მსგავსი დოკუმენტები ავიაციის სხვა სფეროებში დარღვევებზეც მრავლად მოგვაწოდეს. იქაურობას არავინ აკონტროლებს? იქნებ აგვიხსნათ რას ნიშნავს ეს?

- ამდენი ხანია მაგას ვამტკიცებ, განუკითხაობაა-მეთქი, მაგრამ გისმენს ვინმე? 23880 ლიტრი საწვავი ერთ თვეში? როგორც მივხვდი, ბენზინზეა ლაპარაკი.

მთვარეზე მოგზაურობას აპირებდნენ თუ რაშია საქმე? ავტომობილი 100 კილომეტრზე საშუალოდ 8-10 ლ საწვავს ხარჯავს. ამ საწვავით დაახლოებით 230-240 ათასი კილომეტრის გავლა შეიძლება. დედამიწის რადიუსი 40 ათასი კილომეტრია. გამოდის, ამ საწვავით დედამიწისთვის ხუთჯერ შემოვლა შეიძლებოდა.

ამ ანგარიშფაქტურების შემყურემ ერთ შემიძლია ვთქვა, ყოჩაღ, ბიჭებო!

P.S. ჩვენ დავუკავშირდით ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას. პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი ქოჩორაშვილის განმარტებით, სტატიაში მოყვანილი პრობლემების გადასაჭრელად ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ზრუნვა იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოს მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი "კვირის პალიტრას" ამ ფაქტებს მიაწვდიდა.

- სტატიის ბეჭდვა ერთი კვირის დაწყებული გვქონდა, როცა პაკისტანმა საკუთარი საჰაერო სივრცე ქართული ხომალდებისთვის დახურა და ნურბეკიანის ინტერვიუმდე როგორ დაიწყეთ ამის გამოსასწორებლად ზრუნვა?

- კონკრეტულად ამ ფაქტზე არ არის საუბარი. ჩვენ ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რაც შეიძლება სწრაფად მიუახლოვდეს ქართული ავიაცია ევროპულ სტანდარტებს!