ტყის დელიკატესი საკუთარ ბაღში - კვირის პალიტრა

ტყის დელიკატესი საკუთარ ბაღში

"ჩვენ ჯონჯოლის მწნილს ფერის, სარგებლიანობისა და არომატისთვის პიტნასა და კომშის ახალ ფოთლებს ვამატებთ და საუკეთესო გამოდის. ასეთი ნაწარმით თავის მოწონება ნამდვილად შეიძლება"

ჯონჯოლის ხე გაზაფხულზე ლამაზად ყვავის, თუმცა ყვავილობას მალევე ამთავრებს და ნაყოფს არ იძლევა - ანუ ისეთია, რომლითაც შესაძლოა ადამიანი არც არასოდეს დაინტერესებულიყო. ასეც მოხდა - ჯონჯოლი იზრდება კავკასიაში, ამერიკასა და აზიაში, სადაც მისი გამოყენება მედიცინაში მხოლოდ ბოლო ათეულ წლებში დაიწყეს. ჯონჯოლში ბუნებრივი ინსულინია, ამიტომაც დიაბეტიანებისთვის სასარგებლოა, შველის ზოგიერთY ანთებით პროცესსაც. არავინ იცის, როგორ ან როდის, საქართველოში ერთ დღეს ჯონჯოლის ყვავილები დაამწნილეს.

უკვე კარგა ხანია ჯონჯოლი ძვირ დელიკატესად და წითელ წიგნში შეტანილ მცენარედაც ითვლება, რადგან გადაშენების პირას იყო მისული, მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდა ხალხი, ვინც სხვა მცენარეების მსგავსად ჯონჯოლის "შინ შეტანა" და ბაღად გადაქცევა განიზრახა. ხვედურეთელმა (ქარელის მუნიციპალიტეტი) მეურნემ გიორგი მანსურაშვილმა ჯონჯოლის ბაღი დიდი ხანია გააშენა და არც უნანია - ლამაზი და იოლად მოსავლელი ჯონჯოლის ბაღი 8 წელიწადია შემოსავალს აძლევს. წლეულს ახალგაზრდა მეურნე კორონავირუსის პანდემიამაც ვერ შეაყოვნა - მანსურაშვილებმა ჯონჯოლი დაამწნილეს და ბაზარზე მაშინ გაიტანეს, როცა მისი რეალიზაციის საშუალება მიეცათ.

გიორგი მანსურაშვილი:

- გასახარი და საამაყოა, რომ ქართველებს ისეთი ძვირფასი მცენარის აბორიგენი ჯიში გვაქვს, როგორიც ჯონჯოლია. ჩვენთან ის თითქმის ყველგან იზრდება, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში... ყველგან უყვართ და სიამოვნებით მიირთმევენ. მეც ვიფიქრე, თუ ტყეში დავდივართ და ჯონჯოლს ვკრეფთ, რატომ არ შეიძლება შინ გავაშენოთ ჯონჯოლის ბაღი-მეთქი. ჰოდა, ბაღი კოლხური ჯონჯოლის ნერგებით გავაშენე. ჩვენში ჩვეულებრივი ჯონჯოლიც იზრდება, ისიც კარგია, იმერეთში რომ ხარობს, მაგრამ თუკი ბაღის გაშენება გინდა, მაშინ კოლხური ჯონჯოლი ჯობს, უფრო მოკლე, მაგრამ ბუთქუნა ყვავილების მტევნები აქვს და უფრო უხვად ისხამს. გამრავლება სულაც არ არის რთული, ჯონჯოლი გადაწიდვნითაც მრავლდება, კალმითაც, თესლითაც და ამონაყრითაც. რაც ბაღი გვაშენე, მას შემდეგ 8 წელიწადი გავიდა და ამ მცენარეს იმედი არ გაუცრუებია - მესამე წელიწადს დაიწყო მსხმოიარობა და წლეულს უკვე სრულ მსხმოიარობას მიაღწია. არც კლიენტი კი გაგვჭირვებია ოდესმე...

- არ გაგიჭირდებოდათ, ჩვენში საზეიმო სუფრა საზეიმოდ არ ითვლება, სადაც ჯონჯოლი არ არის. საინტერესოა, წლების განმავლობაში როგორ ეგუებოდა ტყის ბინადარი ჯონჯოლი შინაური ბაღის ნიადაგს? - ნიადაგის მიმართ ისეთი უპრეტენზიო მცენარე, როგორიც ჯონჯოლია, იშვიათია, ყველგან გაიხარებს, ოღონდ ჭაობში ნუ ჩარგავ. მორწყვაც კი არ არის აუცილებელი. გადაწიდვნით გახარებულმა ჯონჯოლმა შეიძლება ყვავილი მეორე წელიწადსაც მოისხას, იმიტომაც ვამრავლებ სულ გადაწიდვნით.

ჯონჯოლის ნერგები აუცილებლად 3,5 მეტრით მაინც უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული - გაზრდილ და გალაღებულ ბაღში ნარგაობამ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს, მზის სხივი ყველა ნერგს თანაბრად უნდა მიეწოდებოდეს.

- ცხადია, ჯონჯოლს სხლავთ, გასხვლის შემდეგ კი სიმაღლეში არ მიდის, მაგრამ სიგანეში იზრდება და ადგილს მოითხოვს. - გასხვლის მიზანი მცენარის გაახალგაზრდავება და გაჯანსაღებაა, უფრო მეტი ნაყოფის მოცემა. თორემ სიმაღლეში წვა და ნაყოფი ცოტა ექნება. კოლხური ჯონჯოლი 5 მეტრის სიმაღლისაც იზრდება, თუმცა ჩემი ბაღის 2-მეტრიანმა მოვლილმა ჯონჯოლმა შეიძლება გაცილებით მეტი მოსავალი მოგვცეს, ვიდრე ტყეში 5-მეტრიანმა ხემ. როდესაც ჯონჯოლის ბაღი ყვავის, მის სილამაზეს თვალს ვერ მოაშორებ.

ნაყოფი მაისის დამდეგისთვის უკვე დაკრეფილი გვაქვს.

ბაღის ჯონჯოლი უფრო ადრე შემოდის, ვიდრე ტყისა. ერთადერთი სირთულე რაც ჯონჯოლის ბაღში შეგხვდება, მისი კრეფაა. აქ, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური მომენტიც არის - ჩვენ ხომ ნაყოფს კი არ ვკრეფთ, არამედ ყვავილებს, რომლის წონადობის მისაღწევად უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე, მაგალითად, ვაშლის ბაღში. თუმცა ამასაც ვაგვარებთ. ყოჩაღი მკრეფავები დღეში 40 კილოგრამსაც კრეფენ.

- ჯონჯოლის შემოსვლას პანდემია და ბაზრების ჩაკეტვა დაემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში მუშახელის ტრანსპორტით გადაადგილებაც გაძნელდა. თქვენ როგორ მოაგვარეთ ეს საქმე? - სირთულეები იყო, მაგრამ მე იმდენი არ შემქმნია, რამდენიც ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მეურნეებს. ჩვენ დიდი სოფელი გვაქვს და მუშახელის მოძიება შედარებით ადვილია. გარდა ამისა, ჯონჯოლის დამწნილებას სპეციფიკური ცოდნა უნდა. ჯონჯოლის ყვავილი შეიძლება ჩახურდეს და გაყიდვამდე გაფუჭდეს - ყვავილი ხომ ფაქიზი და რთული შესანახავია, ცოტა სითბო და ჩახურება ჰყოფნის ხარისხის დასაკარგავად. ამიტომაც ყოველთვის ჯერ ჯონჯოლის მწნილს ვამზადებთ და მერე ვყიდით. წლეულს უკვე 800 კგ ჯონჯოლი დავამწნილეთ სპეციალურ ჭურჭელში. მერე ჩაგვაქვს ბაზარში და ძალიან სწრაფად ვყიდით. წლეულს 1 კილოგრამი მწნილი 5 ლარად გაიყიდა საბითუმო ბაზარზე. საბედნიეროდ, ჯონჯოლის ჩამწნილების უბადლო ოსტატიც შინ მყავს - დედაჩემი. ის საუკეთესო მწნილს ამზადებს როგორც ფერით, ისე ხარისხით.

- ამ საიდუმლოს ვერ გვეტყვით? - სიამოვნებით, თუმცა არა მგონია, ასე სხვასაც გამოუვიდეს, რადგან ის ინგრედიენტები, რომლითაც დედაჩემი ასე გემრიელ მწნილს ამზადებს, აუცილებლად შინ უნდა გქონდეს და ქორფა უნდა იყოს. ჩვენ ჯონჯოლის მწნილს ფერის, სარგებლიანობისა და არომატისთვის პიტნასა და კომშის ახალ ფოთლებს ვამატებთ და საუკეთესო გამოდის. ასეთი ნაწარმით თავის მოწონება ნამდვილად შეიძლება.