"კვდებოდა ტერეზინა... ხელზე თებრო ბებოს ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა. მამაჩემის დანახვაზე ატირდა - ღმერთო, ფორეს როგორ ჰგავხარ" - ქართულ-იტალიური სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

"კვდებოდა ტერეზინა... ხელზე თებრო ბებოს ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა. მამაჩემის დანახვაზე ატირდა - ღმერთო, ფორეს როგორ ჰგავხარ" - ქართულ-იტალიური სიყვარულის ისტორია

მეორე მსოფლიო ომის წლებში იტალიის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში 5000-ზე მეტი საბჭოთა მებრძოლი მონაწილეობდა. ოფიციალური მონაცემებით, 425-ზე მეტმა სიცოცხლე გასწირა და განისვენებს იტალიის მიწაზე. ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ნოვარის პროვინციაში პარტიზანულ რაზმებში 300-ზე მეტი ქართველი მეომარი ირიცხებოდა, რომლებმაც ბევრ წარმატებულ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო ფორე მოსულიშვილი - იტალიის ეროვნული გმირი, რომელიც ლეგენდად დარჩა იტალიისთვის - არამხოლოდ გმირული სიკვდილით, არამედ  ქართულ-იტალიური სიყვარულის დიდი ისტორიითაც.

ამ სიყვარულსა და ფორე მოსულიშვილის გმირობაზე ფორე მოსულიშვილის შთამომავალი ტერეზინა მოსულიშვილი მოგვითხრობს. ტერეზინა მას სწორედ ფორეს იტალიელი სიყვარულის, ტერეზინა მონტეს პატივსაცემად ჰქვია. დღეს სოფელ მაჩხაანში, იმ ეზოში, სადაც იტალიისა და საქართველოს ეროვნული გმირი, ფორე მოსულიშვილი გაიზარდა, ტერეზინას სამი შვილი იზრდება. მათი ნამღერი იტალიელი პარტიზანების სიმღერა "ბელა ჩაო" მთელ ქვემო მააჩხანს ესმის. ტერეზინა მოსულიშვილი შვილებთან ერთად

- ფორე მოსულიშვილი მამაჩემის ბიძა იყო. მოსულიშვილების ოჯახიდან მსოფლიო ომში სამი ძმა გაიწვიეს და მათგან შინ ფორე ვეღარ დაბრუნდა. ახლა მის სახელს მისი და-ძმის შთამომავალი ვაგრძელებთ და გულწრფელად ვამაყობთ, რომ ასეთი წინაპარი გვყავდა. ფორე მოსულიშვილი დღეს იტალიის ეროვნული გმირია და ამ ქვეყანაში უდიდეს პატივს სცემენ. იტალიის ეროვნული გმირი ორადორი უცხოელი გახდა და ამათგან ერთ-ერთი პაპაა. იტალიელების დიდ პატივისცემას ვგრძნობდი როდესაც პაპას სახელს ვახსენებდი. ნეტავ, შეიძლებოდეს ჩვენს სამშობლოშიც ასეთი პატივით ექცოდნენ გმირების ხსოვნას.

- როგორც ვიცი, ფორე მოსულიშვილის წერილები ომის დასაწყისიდანვე შეწყდა და შინ გარდაცვლილი ეგონათ.

- დიახ, თუმცა ეს ფორეს დედას, თებრო ბებოს დიდხანს არ დაუჯერებია. მან შვილის უკანასკნელი წერილი 1941 წელს, ომის დაწყების პირველ თვეებში მიიღო ლატვიიდან. მერე ფორეს ბატალიონი ფაშისტებმა გაანადგურეს, დაჭრილი ფორე კი სხვა ქართველებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. სწორედ ეს ქართველები ჰყვებოდნენ თურმე ფორეს ვაჟკაცობის საოცარ ამბებს. ფორე მოსულიშვილი ჯერ კიდევ ტყვეთა ბანაკში მისთვის კომენდანტს დაჩოქება უბრძანებია. პაპამ კი არ დაიჩოქა. წარმოიდგინეთ, რა გაუგონარი თავხედობა უნდა ყოფილიყო ტყვეთა კომენდატისთვის, რომელმაც ურჩ პაპაჩემს მათრახი გადაჰკრა თურმე, პაპაჩემმა კი ამ დროს მუშტი ჩასცხო სახეში, კომენდატმა იარაღი დააძრო. ცხადია, ყველას ეგონა, რომ გაისროდა და ფორეს მოკლავდა, მან კი მოულოდნელად იარაღი დაუშვა, თავის ჯარისკაცებს უკან დახევა უბრძანა და იქაურობას გასცილდა. ამ დროს უთქვამს ფორეს ტყვე ისაკ ძამაშვილისთვის - ეს გერმანელი ნამდვილ ვაჟკაცი ყოფილაო! ტერეზინა მოტა

ცოტა ხანში კი პაპა ამ ტყვეთა ბანაკიდან გაიქცა, თან 70 ქართველი ტყვე გაიყოლა და იტალიელ პარტიზანებს შეუერთდა. სწორედ აქ გაიცნო ტერეზინა მოტაც. ისინი 2 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, 2 წელიწადს ოცნებობდნენ ქორწილსა და საქართველოში წამოსვლაზე, მაგრამ წამში დამთავრდა ყველაფერი, - პაპას რაზმი ისევ გერმანელებმა მოიმწყვდიეს ალყაში და პაპაც ბრძოლაში დაიღუპა. და დაიღუპა ისე, რომ მერე ამ ამბით მთელი იტალია გაოგნდა...

ამ უკანასკნელ ბრძოლაში პაპა იტალიელი პარტიზანების 16-კაციან რაზმში იბრძოდა. რაზმი იმდენად თავგანწირული იყო, რომ მასთან ბრძოლაზე ფაშისტებმა უამრავი ტყვია-წამალი დახარჯეს. ბოლოს ალყა მიუვალ ადგილას შემოარტყეს და მეთაურს შეუთვალეს, - თუ ჩაგვბარდები, მთელ რაზმს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ, თუ არადა, ყველას ამოგხოცავთო. დანიშნული დრო გადიოდა, რაზმის იტალიელი მეთაური ჩაბარებას ვერ ბედავდა...

როდესაც ბოლო წამები დადგა, პაპაჩემი ფორე წამოდგა, ფაშისტების დასანახად გავიდა და დაუძახა - მეთაური მე ვარ, მაგრამ არ ჩაგბარდებით, თქვენს ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია, გაუმარჯოს თავისუფლებას, იტალიას და საქართველოსო! და თავი მოიკლა. გერმანელებმა კი პირობა შეასრულეს და რაზმის 15 ჯარისკაცი ცოცხალი დატოვეს...

- ანუ ფორემ რაზმის მეთაურიც გადაარჩინა?

- დიახ და მასთან ერთად რაზმის ყველა წევრი, რომლებიც სიკვდილამდე პაპას უმადლოდნენ სიცოცხლეს. ფორეს გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ, 1971 წელს იტალიამ ფორე მოსულიშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 1972 წელს კი უკვე იტალიელი პარტიზანები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. ტერეზინა მოტა ფორე მოსულიშვილის დედასთან ერთად ტერეზინაც მათ ჩამოჰყვა მაჩხაანში, თებრო ბაბოსთან.

- წარმომიდგენია მათი შეხვედრა რა ამაღელვებელი იქნებოდა...

- ორივე ტიროდა და ტიროდა მათ გვერდით მყოფი ხალხიც. თურმე როდესაც თებრო ბებომ გაიგო, ტერეზინა მოდისო, ქართულ წესზე საქორწილო ოქროს ბეჭედი იყიდა და სარძლოს აჩუქა. ამ ამბებზე დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული, როცა თებრო ბებოს ჩახუტებული ტერეზინა ტირის...

- სახელი ალბათ ტერეზინა მონტას საპატივცემულოდ გქვია...

- დიახ. მამამ დამარქვა. ტერეზინასაც ძალიან ვუყვარდი. მან 2006 წლამდე იცოცხლა... იტალიიდან წამომსვლელ ქართველებს ჩემთან პატარ-პატარა სუვენირებს ატანდა, მახარებდა ხოლმე... მას უყვარდა საქართველო და ჩვენი დიდი ოჯახი. დარეკვისას სულ მეუბნებოდა, - იტალიური ისწავლე, იტალიაში უნდა წაგიყვანო სასწავლებლადო. გვთხოვდა, რომ ტელეფონით ქართულად გველაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა, ამბობდა, ხმა და ქართული სიტყვები რომ მესმის, მსიამოვნებსო.

იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები

-საოცრება. რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო ეს სიყვარული, რომ მას ფორეს სიყვარულით მისი მხოლოდ ნათესავები კი არა, ქართული ენაც უყვარდა

- ძლიერი გრძნობა ჰქონდათ. ტერეზინა ბოლოს 1990 წელს ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც მე მხოლოდ წლის ვიყავი, მერე კი ვეღარ ჩამოვიდა. 2006 წელს ავად გახდა. დაგვირეკა და გვთხოვა - ტერეზინა და ფორე (ჩემს ბიძაშვილს ჰქვია) ჩამომიყვანეთ, აუცილებლად უნდა ვნახოოო. მამამ წაგვიყვანა იტალიაში. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც კლინიკაში შევედით. კვდებოდა ტერეზინა... ხელზე ისევ თებრო ბებოს ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა. მამაჩემის დანახვაზე კი ატირდა - ღმერთო, ფორეს როგორ ჰგავხარო! მამა ამ დროს 20 წლით უფროსი მაინც იყო ფორეზე, თუმცა, ალბათ მის სახეზე ფორეს ნაკვთები მაინც ამოიკითხა.

კლინიკიდან ტერეზინას სახლში წავედით, სადაც ქალაქის მერმა მიგვაცილა, კედლებზე ყველგან ფორეს და თებრო ბებოს სურათები ეკიდა. ტერეზინას ნაშვილები შვილი შეგვვეგება, - დედა გამუდმებით თქვენზე ლაპარაკობდა, რა ბედნიერებაა, რომ ჩამოხვედითო. ტერეზინას მეზობლებმაც კი მიგვიპატიჟეს... ამ დღეების შემდეგ ამ ქალბატონმა ცოტა ხანს იცოცხალა. მე მაინც წავედი იტალიაში სასწავლებლად. მაგრამ მალევე დავბრუნდი. ჩემმა მეუღლემ იტალიაში ვერ გაძლო, - აქ კარგია, მაგრამ ჩემს სამშობლოში მინდაო. ახლა უკვე სამი პატარა მყავს, რომელთაც იტალიურ სიმღერებს დიდი სიამოვნებით ვასწავლი. მათაც ისე უყვართ ეს სიმღერები, ალიონიდან "ბელა ჩაოით" იწყებენ და ლამის მთელ სოფელს აღვიძებენ. ამ ძნელბედობის ჟამს. როდესაც კორონავირუსმა ასე დააზარალა ეს საოცარი ქვეყანა, მინდა, ვუთხრა იტალიას, რომ ძალიან მიყვარს. რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)