კახელები მღრღნელების შიშით ხორბალს აღარ თესავენ - კვირის პალიტრა

კახელები მღრღნელების შიშით ხორბალს აღარ თესავენ

"ის, რითაც უნდა ვამაყობდეთ, სამუზეუმო ექსპონატად ვაქციეთ"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში სურსათზე ფასებმა განსაკუთრებით მოიმატა. ფასების კატასტროფული ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გამოცხადებულ შეზღუდვებს, რომელიც შარშანდელ ხანძრებს უკავშირდება.

ხორბლის ფასი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა საკვები პროდუქტების ფასებზე, თუმცა, სურსათის გაძვირების მიზეზად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი წყალდიდობებიც სახელდება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასები კვლავ გაიზრდება და ეს საგრძნობი იქნება საქართველოსთვისაც.

კახელი გლეხები უკვე ჩივიან მოსალოდნელ შედეგებზე და ამბობენ, რომ  ხორბლის საგაზაფხულო ნათესებს შესეულ მინდვრის ვირთაგვებს ვერაფერს უხერხებენ. ბოლო ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და წნორში ხორბლის ნათესების 80% თაგვმა გაანადგურა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებს უფასოდ მისცა მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატი, თუმცა, იგი მხოლოდ 3 500 ჰექტრისთვის ყოფილა საკმარისი. კახეთში ამბობენ, რომ თაგვის შიშით ზოგიერთი ფერმერი ხორბალს საერთოდ აღარ თესავს.

გლეხები ამ ზარალს თავისებურ ახსნასაც უძებნიან. ისინი ფიქრობენ, რომ განგების ნებით არ ხარობს თესლი, რომელსაც ნაყოფი, ანუ სათესლე მასალა არ ექნება. როგორც ცნობილია, სახელმწიფომ შეიძინა გენმოდიფიცირებული ხორბლის თესლი, რომელიც უხვ მოსავალს კი იძლევა, მაგრამ სათესლე მასალა არ აქვს, ამიტომ ფერმერს ყოველწლიურად მწარმოებლისგან მოუწევს მისი შეძენა, რაც მას გენმოდიფიცირებული პროდუქციის მწარმოებელზე დამოკიდებულს გახდის.

ამ პრობლემაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯერ კიდევ 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში ბრძანებდა: "საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს.

რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9%-ს აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ... საქმე ის არის, რომ მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, სურთ, საქართველოც  თავიანთი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს.

ამ ტენდენციას ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.

აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება".

პატრიარქის პროგნოზი გამართლდა. მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე დგას, საქართველომ კი აბორიგენი კულტურების აღორძინებას გენმოდიფიცირებული ხორბლის დათესვა არჩია.

პაატა კოღუაშვილი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, პროფესორი: - ამჯერად თესლი დათესვამდე უნდა დამუშავებულიყო, რომ ვირთხას ვერ ევნო; მიწაშიც უნდა ჩაყრილიყო ვირთხის საწინააღმდეგო წამალი, ან სულაც, ნიადაგი უნდა დატბორილიყო და ა.შ.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფოს პესტიციდების და შხამქიმიკატების შეძენის საშუალება არ აქვს და ამაზე გლეხმა თვითონ უნდა იზრუნოს.

- ამას დიდი თანხა არ სჭირდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კობახიძემ - შევწამლეთ, მაგრამ არ იმუშავაო. ტყუილია. ამის შესახებ  აკადემიკოს პეტრე ნასყიდაშვილს ველაპარაკე. ამიხსნა, რომ შეუძლებელია, შეეწამლათ და ასეთი შედეგი მიეღოთ.

60-მდე ნიადაგური ტიპიდან საქართველოში არის 49 ტიპი. ჩვენ შესანიშნავი კლიმატური და ბიოლოგიური პირობები გვაქვს, გვყავს ხალხი, რომელმაც სელექციის შედეგად შექმნა ხორბლის რვა საოცარი ჯიში: იფქლი, არსლი, დიკა, მახა, ზანდური, დოლი და ხუმორგუ. ამჟამად მსოფლიოში ხორბლის ბოტანიკურ გვარში აღწერილი და რეგისტრირებულია 23 კულტურული და 4 ველური სახეობა. მათგან საქართველოში არის 14 კულტურული სახეობა. ამის გარდა, ქართული ხორბლის სახეობებისგან მიღებულია კიდევ ოთხი კულტურული სახეობა, რაც ერთად  ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 65%-ს შეადგენს. ქართულ კულტურულ ხორბალთა შორის აღწერილია 150-ზე მეტი სახეობა და  160-მდე ჯიში. ასეთი რამ არავის აქვს მსოფლიოში.

- ამბობენ, რომ ქართული ხორბალი მაღალი ხარისხის, მაგრამ დაბალმოსავლიანია.

- უშანგი ჯიბღაშვილის მიერ გამოყვანილი ქართული ხორბლის ჯიშისგან ჰექტარზე 60-65 ცენტნერი მოდის, მაგრამ დღეს ეს ხორბალი საქართველოში აღარ არის, ყაზახეთშია. პაპალაშვილის სიმინდის თესლსაც ყაზახეთი თესავს.

- რა გამოდის, ის, რაც მსოფლიოში როგორც მეპურე ქვეყანას, სიამაყის უფლებას გვაძლევს, უკვე სამუზეუმო ექსპონატია?

- ასე გამოდის. რეალურად გვაქვს საშუალება, საქართველომ ყველა სახის მარცვალი აწარმოოს და მოთხოვნილებათა 60-65% დაიკმაყოფილოს. ეს ძალიან მაღალი ციფრია. თვით ამერიკელი ექსპერტები ჯერ კიდევ 2006 წელს წერდნენ, რომ საქართველოში ყველა პირობაა სასურსათო მოთხოვნილების 50% -ით დასაკმაყოფილებლად. დიახ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც შიდა მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ყველა სახის პროდუქტის წარმოება შეუძლია.

მარტო ხორბალზე ჩვენ მოთხოვნილების 70%-ს დავაკმაყოფილებთ, თანაც 40-50 დოლარით იაფად, ვიდრე ღირს საერთაშორისო ბაზარზე. მარცვლეულის პრობლემის გადაჭრა არ არის გრძელვადიანი პროგრამა, ნორმალურ პირობებში ეს პრობლემა სამ-ოთხ წელიწადში მოგვარდება, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომელ პრობლემას რა ღონისძიებით ვებრძოლოთ, რომ დაცვის ნაცვლად ვადაგასული საწამლავით უფრო არ გავანადგუროთ ნათესები. ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს  შხამქიმიკატებისა და მინერალების გამოყენებაშიც. რაც აქ შემოდის, ვადაგასული და უვარგისია, არ არის შესწავლილი, რამდენად ეგუება ჩვენს ნიადაგურ და კლიმატურ  პირობებს. შედეგს რომ მიაღწიო, უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ხელისუფლება სპეციალური სახელმწიფო  პროგრამებისა და მათი დაფინანსების წინააღმდეგია - ეს კანონმდებლობით გააუქმეს.

- როდესაც გენმოდიფიცირებულ თესლს ყიდულობ და თავად მწარმოებელი არ ხარ, დამოკიდებული არ ხდები  თესლის მწარმოებელზე?

- 2001 წელს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ განვაცხადე, რომ განვითარებადი ქვეყნები დამოკიდებული გახდებიან 6 ტრანსნაციონალურ კომპანიაზე. ისინი იძულებული იქნებიან, ყოველ წელს მათგან შეიძინონ  თესლი.

2001 წელს, ამერიკაში ყოფნის დროს ჩემი თანდასწრებით თქვეს, რომ მიღებულია თესლი სამართავი კოდით. თესლი ჩვეულებრივად აღმოცენდება, გაიზრდება, მოისხამს ნაყოფს და თუ ბრძანებას მისცემ, თვითლიკვიდაციას მოახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსავლის მართვის სისტემაა შექმნილი და სადაც სურთ, იქ მართავენ მას.

ამაზე ხმამაღლა რომ ვთქვი და დავწერე, ამერიკის საელჩოდან გამაფრთხილეს, ნუ ლაპარაკობო.

არადა, სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვა ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასია. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბოკმა რეიგანის პრეზიდენტობის დროს თქვა: სანამ დანარჩენი მსოფლიო დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის სურსათზე, ამ ფაქტორს გამოვიყენებთ, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების იარაღსო. მანამდე იმავე ტრუმენმაც თქვა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, თუ საქართველოში სწორი სახელმწიფოებრივი ხედვა იქნება, ხორბლის მარცვალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტი გახდებაო. მთელ მსოფლიოში ასეა საქართველოს გარდა.