"რას წარმოვიდგენდი, რომ ამ გიჟურ გრაფიკს მიჩვეულებს რამე გაგვაჩერებდა!.." - კვირის პალიტრა

"რას წარმოვიდგენდი, რომ ამ გიჟურ გრაფიკს მიჩვეულებს რამე გაგვაჩერებდა!.."

"ვრჩები სახლში და ჩემს სამი წლის თებროლესა და წლინახევრის თანანოსთან ერთად ვგიჟობ. უფროსმა იცის, რომ კორონა ბოროტია, ცუდია. მამა, კორონა გააგდე, თოჯინების თეატრში მინდა წასვლა და კორონას გამო ვერ მივდივარო. მეორე, ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს და კორონა ცუდოო, სასაცილოდ გაიძახის"

ცოლ-შვილთან ერთად იზოლაციაში მყოფი ზალიკო სულაკაური ბავშვებთან თამაშსაც ახერხებს, ხატვასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქეიფსაც. როგორია მისი დღეები იზოლაციაში, ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

- ვრჩები სახლში და ჩემს სამი წლის თებროლესა და წლინახევრის თანანოსთან ერთად ვგიჟობ. აი, როცა ისინი იძინებენ, მოვიწყენ ხოლმე. ამას წინათ ვიფიქრე, ახლა რა გავაკეთო-მეთქი, ჰოდა, ვეცი შემოსასვლელ კარს და მოვხატე... არ ეწერა ზედ რა ნომერი იყო, ან რა გვარის ოჯახი ბინადრობდა. ავდექი და ჯერ სახლი დავხატე, რომლის ბუხრიდან ამოსული განა ჭვარტლი, არამედ ყვავილები ბინის ნომრის ფორმით ეწყობიან, სახლთან კი ჩემი ორი გოგოცუნა მივახატე, აქეთ მამიკო, იქით - დედიკო. მოკლედ, კარი თავიდან ბოლომდე მოვხატე. მერე ჩემ წინ მეზობელს ვკითხე, შენთანაც ხომ არ გადმოვინაცვლო, მაინც არაფერს ვაკეთებ-მეთქი. მე ასე არ მინდაო, მითხრა, იუპიტერი, მთვარე, დედამიწა - მოკლედ, გალაქტიკა მომიხატეო. მეც გული არ დავწყვიტე... ბავშვებმა გაიღვიძეს, თორემ სხვა მეზობლების კარებზეც გადავინაცვლებდი...

დროდადრო ჩემი სტუდიის მოსწავლეები მეხმიანებიან - მასწ, მოგვენატრეთო... მეც ხან მოსწავლეებთან ვატარებ ონლაინგაკვეთილებს და ხან ოჯახის წევრებთან - ცოცხლად. ცოლის იდეით, ერთი-ორჯერ ჩვენი სახელოვანი ექიმებიც დავხატე და სანაძლეოც წავაგე.

- რა სანაძლეო? - ცოლმა მითხრა, ჩვენს სახელოვან ექიმებს თუ დახატავ და სოციალურ ქსელში დადებ, 1000 გაიზარება მაინც ექნებაო. რას ლაპარაკობ, 1000 მოწონება შეიძლება, მაგრამ გაზიარება მაგდენი ვერ ექნება-მეთქი. დავნაძლევდეთო. თანაც უბრალო რამეზე კი არ დამენაძლევა - ძვირფას საჩუქარზე. ჰოდა, წავაგე... ის კი არა, ერთმა დამირეკა, პანდემია რომ დამთავრდება, ამ ექიმების ტატუ მინდა გავიკეთო და მაძლევთ უფლებას, ეს ნახატი გამოვიყენოო? კი, ბატონო-მეთქი.

- კიდევ რით ერთობით? - ძალიან რომ მოვიწყინე, უცებ მესენჯერით დამირეკა ძმაკაცმა და ერთად ქეიფს მონატრებულებმა ონლაინ ვსვით - რვაკაციან სუფრაზე გახლდით, თქვენ ხართ ჩემი ბატონი...

- შვილებმა რა იციან კორონაზე?

- უფროსმა იცის, რომ კორონა ბოროტია, ცუდია. მამა, კორონა გააგდე, თოჯინების თეატრში მინდა წასვლა და კორონას გამო ვერ მივდივარო. მეორე, ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს და კორონა ცუდოო, სასაცილოდ გაიძახის. რას წარმოვიდგენდი, რომ ამ გიჟურ გრაფიკს მიჩვეულებს რამე გაგვაჩერებდა!.. ყველა წუთი და წამი მქონდა გათვლილი, სახლში ღამის 10-ის მერე თუ მოვდიოდი და შვილები დაძინებული მხვდებოდნენ, ახლა კი გული ვიჯერე მათთან ყოფნით. სულ სახლში ვარ, პურზე თუ ჩავალ და ერთხელ ბავშვები გავასეირნე იპოდრომზე რამდენიმე წუთით. თებერვალში ჩემს პატარა გოგოს ოპერაცია გავუკეთეთ გულზე. რთული არ იყო და მოვასწარით, სანამ კორონობანა დაიწყებოდა. ყველაზე იმუნიტეტდაქვეითებული ახლა ეს არის, ამიტომ ყველა მითითებას ზედმიწევნით ვიცავთ, რომ კორონა სათოფეზეც ვერ მოგვეკაროს.

დედაჩემი-მამაჩემიც გამოვკეტეთ შვილებმა. მე იპოდრომთან ვცხოვრობ, ისინი კი - მეტრო "დელისის" ოდნავ ზემოთ. ვერსად გადიან და წუწუნებენ - აღარ ვიცით, უკვე რამდენი ვიკითხოთ და რამდენი ფილმი ვნახოთო. შევაწოდებ ხოლმე პროდუქტს და გამოვრბივარ. არ შევდივარ - რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მეშინია, რამე არ მივუტანო.

- თქვენ ზრუნავთ სურსათ-სანოვაგით მათ მომარაგებაზე? - ხან მე, ხან ბაკური, ხან ზურიკო - სამნი ძმანი. ბაკური ექვსი წლით უფროსია, მე და ზურიკო კი ტყუპი ვართ. კიდევ ერთი და გვყავს - ლელა. ის თიანეთშია ახლა, კორონას იქ ებრძვის, დამბალხაჭოთი...

- მამა კინოსცენარისტი და დრამატურგია, ტყუპი პატარები იყავით, როცა გადაგიღეს ფილმში "ჩირიკი და ჩიკოტელა". არასდროს გიფიქრიათ, კინოსთვის დაგეკავშირებინათ ცხოვრება? - ჩემს სახლში კინოვარსკვლავები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები სულ იკრიბებოდნენ, მათ გარემოცვაში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. მხატვარი რომ არა, აუცილებლად მსახიობი გამოვიდოდი, თუმცა მხატვრობა უფრო ჩემია.

- ძმა ზურიკოც მხატვარია, არა? - დიახ. ზუსტად ასეთივეა გარეგნობითაც, პროფესიითაც, ოღონდ სახელი გვაქვს სხვადასხვა. ბავშვობაში ხშირად ვცვლიდით როლებს. ნახევარ საგნებს ის სწავლობდა სკოლისთვის, ნახევარს - მე და ერთმანეთის მაგივრად ვეძახებოდით მასწავლებელს. აბა, რისთვის არის ტყუპისცალი?

- მშობლებსაც ატყუებდით? - მამაჩემი სულ ზურიკოს მეძახის. კაცო, ზურიკო არ ვარ-მეთქი, ვეუბნები და რა მნიშვნელობა აქვსო, ჩაილაპარაკებს ხოლმე... დედა ყოველთვის გვარჩევდა - ზურიკოს ხალი აქვს სახეზე და ამით, ახლა კი, ორივემ რომ წვერი მოვუშვით, იმასაც უჭირს.

მსოფლიო დააზარალა კორონამ. მის გამო ადამიანებმა ბევრი რამ გადააფასეს. მიხვდნენ, რომ მომხვეჭელობა კი არა, ადამიანებთან ურთიერთობაა მთავარი. ყოველდღიურად 500-მდე ბავშვს ვხვდებოდი. იცით, რა ბედნიერებაა, უცებ ბავშვი რომ გამოქანდება, ჩაგეხუტება და გიჩურჩულებს, ზალიკო, მე შენ ძალიან მიყვარხარო. ეს მომანატრა კორონამ, სახლში დამსვა... ხომ გახსოვთ, ადრე ხუმრობა იყო - ინტერნეტი გამოირთო და ოჯახის წევრები გავიცანი, არ ყოფილა ცუდი ხალხიო. ახლა ეს შეიძლება კორონაზე ვთქვათ...