"გეირი" და "ჰანსეი" - იაპონელთა ცხოვრების პრინციპი - კვირის პალიტრა

"გეირი" და "ჰანსეი" - იაპონელთა ცხოვრების პრინციპი

"რას ჰყვება იაპონიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი"

ქართველი მუსიკოსი გიორგი ბაბუაძე თითქმის 25 წელია იაპონიაში ცხოვრობს და მუშაობს - ამომავალი მზის ქვეყანაში ქართველი ემიგრანტი იქ დაარსებულ სიმებიან კვარტეტ "თბილისში" უკრავს და იაპონელებს ქართულ მუსიკას აცნობს. როგორც ამბობს, ახალმა კორონავირუსმა პრობლემები იქაც წარმოშვა, თუმცა როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა ვირუსს ღირსეულად უმკლავდება.

- 90-იანი წლების ბოლოს მე და ჩემი მეგობარი იტალიაში წავედით სამუშაოდ. 1996 წელს შევიტყვეთ, რომ იაპონიაში ეძებდნენ მუსიკოსებს, ჩვენი სი-ვი გავგზავნეთ და მალე თანამშრომლობა შემოგვთავაზეს ქალაქ ოსაკაში... ჩვენს სიმებიან კვარტეტში პროფესიონალი მუსიკოსები ვართ. თებერვალში ჩავწერეთ სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები, რომელიც, თუ მშვიდობა იქნება, მალე გამოვა. შარშან შემოდგომაზე მივიღე იაპონიის საიმპერატორო ჯილდო Order of the Rising Sun, აგრეთვე ოსაკის კრიტიკოსთა საზოგადოების პრემია და მერიის Osaka City Citizen’s Award.

- მსოფლიო პანდემიამ არც იაპონიას აუარა გვერდი. როგორ ებრძვიან ვირუსს ამომავალი მზის ქვეყანაში? - როდესაც ჩინეთში ვირუსმა პიკს მიაღწია, ის ძალიან სწრაფად გავრცელდა იაპონიაშიც. როგორც ამბობენ, ვირუსი ქალაქ იოკოჰამაში ამერიკის დროშით მცურავ საკრუიზო გემ "ბრილიანტის პრინცესას" შემოჰყვა. ლაინერის 700-ზე მეტ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ძალიან მალე ეპიდაფეთქებაც დაიწყო. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში 15 000 კაცზე მეტია დაინფიცირებული, 500-ზე მეტი კი გარდაიცვალა...

ერთხანს თითქოს ჩაწყნარდა, შემდეგ კი ისევ იფეთქა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შემდეგ ცოტა ხნით მოხსნეს, მაგრამ 7 მაისიდან კვლავ აღადგინეს. თუმცა ბევრი რამ მუშაობს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოღონდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი ზედმიწევნით ასრულებენ რეკომენდაციებს. ზოგიერთი დაწესებულება დაკეტილია, ზოგსაც სამუშაო საათები შეუმცირდა. დავზარალდით ჩვენ, მუსიკოსები - მე მუსიკალურ სასწავლებელში ვასწავლი და ახლა ონლაინგაკვეთილებს ვატარებ, კონცერტები გაურკვეველი დროით გადაიდო.

- ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ვითარება გაამწვავა საზოგადოების დაუდევარმა დამოკიდებულებამ, საკარანტინო პირობებისა და თვითიზოლაციის წესების დაუცველობამ. ეს პრობლემა საქართველოშიც დგას. - იაპონელები ისედაც დისტანციური ხალხია, ოფიციალურობა, თავდაჭერილი დამოკიდებულება ახასიათებთ. არ სჩვევიათ მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და ჩახუტება, პატივისცემის ნიშნად თავს უკრავენ ერთმანეთს. ოჯახის წევრებს შორისაც ურთიერთობა მოზომილია, თავაზიანი დამოკიდებულება იგრძნობა, რაც შესაძლოა ქართველმა უცნაურობადაც კი მიიჩნიოს. ასე რომ, დისტანციის დაცვა არ გასჭირვებიათ. მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ინსტრუქციები მისივე უსაფრთხოებისთვის უნდა შეასრულოს.

თითქმის 25 წელია აქ ვცხოვრობ და გამიკვირდა კიდეც, როდესაც ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მითითება ვნახე სხვადასხვა დაწესებულების იატაკზე, ქუჩაში რიგის დროს. იაპონელები ისედაც მთელი ცხოვრება ასე დგანან რიგში, მნიშვნელობა არა აქვს ამინდს, ვითარებას. აქ პირიქით - რიგის დამრღვევი იწვევს გაოცებას. ინსტრუქციების დარღვევის, ალბათ, თითო-ოროლა შემთხვევა თუ იყო. ყველაფერს ფრთხილად, გონივრულად ეკიდებიან და ამით ბევრს იგებენ. მომავლის დაგეგმვას ისე უდგებიან, როგორც სახლის პროექტს, ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი და ამ გეგმიდან გადახვევა უჭირთ.

იაპონიამ დემოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად კატასტროფული მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი წარმატებით გადალახა, გამოიარა ორი ატომური დაბომბვა; ამას ემატებოდა მუდმივი მიწისძვრები, რომელთა შეძლებისდაგვარად მართვას ახერხებენ - ისეთ შენობებს აგებენ, რომლებიც გაუძლებს რყევებს...

ძალიან შრომისმოყვარე და პედანტი ხალხია. საზოგადოებრივი თვითშეგნება ძალიან აქვთ განვითარებული. ცხოვრობენ პრინციპით - ჯერ საქმე, კომპანია და მერე პირადი ცხოვრება. ამას პატარაობიდანვე აჩვევენ ბავშვებს. სიტყვა "გეირი" ნიშნავს მოვალეობას, ხშირ შემთხვევაში მოვალეობის მძიმე, მაგრამ აუცილებელ ტვირთს. ასევე მოვალეობის გრძნობას მშობლების, მასწავლებლების, სამსახურის, დამსაქმებლის მიმართ... ამ თვისებით განისაზღვრება იაპონელის, როგორც პიროვნების, ასევე იაპონელი საზოგადოების, კოლექტიური ერთობის მსოფლმხედველობა. არის ასეთი სიტყვა, "ჰანსეი", რომელიც საკუთარ შეცდომაზე ფიქრს, მის აღიარებას ნიშნავს, ხშირად საჯაროდაც კი.

თუ დასავლეთის საზოგადოებაში ქცევის ნორმებს კანონის წინაშე შიში განსაზღვრავს, იაპონიაში ამას საზოგადოების წინაშე დანაშაულად აღიქვამენ. ასე რომ, ახლა როდესაც განსაკუთრებულ ვითარებაში ცხოვრობენ, ნებისმიერი მათგანი აცნობიერებს, რომ რაიმეს დარღვევით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ახლობლებს და სხვებსაც აზარალებს.

- ჰიგიენური ნივთების დეფიციტი არის?

- პანდემიის პირველმა ორმა კვირამ ეს გაწონასწორებული იაპონელებიც შეაშფოთა. ქვეყანაში, სადაც ლამის წლობით ადრე აქვთ ყველაფერი გათვლილი, აფთიაქებიდან პირბადეები და ტუალეტის ქაღალდი გაქრა. ამ ნივთების დეფიციტს მშვიდი იაპონელების პროტესტი მოჰყვა, რატომ ვერ უზრუნველყო ჩვენმა ხელისუფლებამ საკმარისი მარაგიო და, მათაც სასწრაფოდ გამოასწორეს ეს ხარვეზი. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაითვალისწინა შრომისმოყვარე მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სხვადასხვა უფასო წარმოდგენას სთავაზობს - მაგალითად, წყალქვეშა სამყაროს, დელფინარიუმის დათვალიერებას... ყველა პრეფექტურაში ფსიქოლოგების კომისია ხალხს ამ პერიოდის გადალახვაში ეხმარება...

ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს საელჩომ ოსაკაში გამოგვიგზავნა პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარი, რაც სასიამოვნო იყო.

ტოკიოსა და მის ახლომახლო ქალაქებში, სადაც ძალიან ბევრი დაინფიცირებულია, საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი შეიქმნა, თუმცა ძალიან ოპერატიულად გადაანაწილეს ისეთ ქალაქებში, სადაც ნაკლები დაინფიცირებულია. აქ მთავრობა დეცენტრალიზებულია, თვითმმართველობები, იგივე პრეფექტურები, გადამწყვეტ სიტუაციაში დამოუკიდებლად მოქმედებენ.

ჩვენს ქალაქში 1300-მდე დაინფიცირებულია, მაგრამ ძალიან დიდი ქალაქია და ეს დიდი რაოდენობა არ არის. კვალიფიციური ექიმები ჰყავთ, სამედიცინო სისტემა გამართულია. აუცილებელია სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ფასიანია, მაგრამ მისი გადახდა არ უჭირთ.

- ვიცი, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობთ, კონცერტები ჩაგივარდათ. კომპენსაცია თუ მიიღეთ? - ეს საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაგვარა - ყველას ერთჯერადად 100.000 იენი, ანუ 900 დოლარი ჩაურიცხა. არ გამიგია, რომელიმე ფირმა დაიხურა ან მეწარმე გაკოტრდა, ან დაწესებულება უფუნქციოდ დარჩაო, ყველაფერი განაგრძობს მუშაობას, ოღონდ შეცვლილი ფორმით. საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მოქალაქეები ჩვეულებრივ იღებენ ხელფასს.

მე კიოტოს მუსიკალურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და ქალაქის თვითმმართველობა მიხდის ხელფასს. რაც შეეხება ორკესტრს, სადაც ვუკრავ, ჰონორარული ანაზღაურება მაქვს.

იაპონელებისგან ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით დროის და შრომის ფასი. აქ სამსახურში, შეხვედრაზე ან სადმე დაგვიანება დაუშვებელია. არ ვიცი, როგორ ახერხებენ, მაგრამ დაგვიანებული თანამშრომელი არ მახსოვს. მეც ავყევი ამ რიტმს და ისე მქონდა ყველაფერი დალაგებული, რომ წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოვდიოდი. სულ დაბრუნებას 1996 წლიდან ვგეგმავ, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ.

- მენტალური განსხვავების გამო, თავდაპირველად, ალბათ, იყო სირთულეები. - იაპონელები რადიკალურად განსხვავდებიან ჩვენგან. მათი სარწმუნოება, ეროვნული კულტურა, ცხოვრების წესი, ფაქტობრივად, აგებულია ემოციების დამალვაზე. ჩვენი, ქართველებისა და ზოგადად, ევროპელების, თუ გნებავთ, კავკასიელების მუსიკა და კულტურა კი, პირიქით, ემოციების გამოხატვაა.

ეს განსხვავება ძალიან საგრძნობი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეგუე, თან სამი ქართველი ვიყავით და იმდენად არ გაგვჭირვებია. იაპონელები ძალიან ცნობისმოყვარეებიც არიან, მაგრამ თავშეკავებული ხალხია და დაჟინებით არაფერს გვეკითხებოდნენ, თუმცა ეტყობოდათ, რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი აინტერესებდათ.

იმ წლებში საქართველოს რუსეთის, უფრო სწორად, საბჭოთა კავშირის გავლენით, "გრუზიათი" მოიხსენიებდნენ. ახლა "ჯორჯია" ჰქვია. ქართული კულტურის იაპონიაში შემოსვლას დრო დასჭირდა. ბევრმა არ იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი 15 სხვადასხვა ქვეყნისგან შედგებოდა, ეგონათ, რუსეთი პროვინციების კავშირი იყო. არადა, აქ ნინო ანანიაშვილს კარგად იცნობენ, მაგრამ მას მაინც რუსეთის კულტურის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ.

ახლა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იცნობენ ჩვენს ქვეყანას, კულტურას... დიპლომატიური სამსახურების კვალდაკვალ, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ქართველმა სუმოისტებმა, ლევან ცაგურიამ და ლევან გორგოძემ, რომლებიც იაპონელებს ძალიან უყვართ. აქ ადამიანის წარმატებას განაპირობებს თავდაუზოგავი შრომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.