დიდი ჟამიანობა საქართველოში - კვირის პალიტრა

დიდი ჟამიანობა საქართველოში

"შავმა ჭირმა თუშური სოფელ ჰეღოს 60 კომლი ერთიანად ამოწყვიტა... ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთმანეთის დამმარხავი აღარავინ დარჩენილა. მწყემსს ცხვარი გადმოუყვანია ჰეღოს საძოვრებზე და სწორედ მას გაუგონია ბავშვის ტირილი. ხმას მიჰყოლია და მკვდარი დედის ძუძუზე მოკიდებული ჩვილი უნახავს, წამოუყვანია და გაუზრდია. თუშები ამბობენ, შემდეგ ის ბიჭი თავის კერაზე დაბრუნდა და ჰეღო თავიდან ააღორძინაო (მეორე გადმოცემით, მის საფლავს დიდი ქვა დაადეს, რომლის ნაფშვენებს მიცვალებულებს სამარეში ატანდნენ)..."

"კორონამ სამყარო შეარყია, მეტეორივითაა და ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ!" - ზოგჯერ ასე "მხატვრულადაც" აფასებენ ქართველი ინფექციონისტები მომაკვდინებელ ვირუსს, რომელმაც მსოფლიო მართლაც შეარყია. თუმცაღა ამ მომაკვდინებელ ჭირს მსოფლიო ამჯერად ნამდვილად დაამარცხებს, მაგრამ ყოველთვის არ ყოფილა ასე - სხვადასხვა სახადმა დედამიწის მოსახლეობა არაერთხელ გაანახევრა, საქართველოშიც ხშირად დარევია ხალხს და ამოუწყვეტია. ამას ემატებოდა განუწყვეტელი ომები, რის გამოც საქართველოში პანდემიებზე ინფორმაცია მწირად შემოგვრჩა. ისტორიულ წყაროებში გაბნეულ ცნობებზე საუბარი ისტორიკოსს, პროფესორ როლანდ თოფჩიშვილს ვთხოვეთ.

- ბატონო როლანდ, სხვადასხვა ინფექციამ დედამიწის მოსახლეობა არაერთხელ გაანახევრა, რასაც, ცხადია, ჩვენც ვერ გადავურჩებოდით თუნდაც ათასი ჯურის მომხდურის გამო. როდის იხსენიება ჩვენს ისტორიაში პანდემია ან ეპიდემია?

- ინფექციები კაცობრიობის არსებობის თანამდევია. ერთ-ერთი უძლიერესი ინფექცია, რომელიც ქრისტემდე 430 წლით ადრეა აღწერილი, ათენის ეპიდემია იყო. ის ათენისა და სპარტის ომებში გავრცელდა და საბერძნეთში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი მოიტანა. ასეა, პანდემიები მუდამ გლობალურად მოქმედებდა კაცობრიობის ბედზე, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები. ასე რომ, გასაკვირი არ არის, როდესაც ფიქრობენ, რომ მსოფლიო კორონავირუსის შემდეგაც შეიცვლება.

საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის შესახებ ცნობები XIV საუკუნის დროინდელია. სავარაუდოდ, ის მღრღნელებისგან გავრცელდა მონღოლეთ-ჩინეთის საზღვარზე, აზია-ევროპასა და კავკასიას კი მონღოლებისა და სავაჭრო ქარავნების "წყალობით" მოედო. მაშინ ჭირიანობამ ნახევარი ევროპა შეიწირა. მედიცინა უძლური აღმოჩნდა ეპიდემიის წინაშე, სიკვდილიანობას ვერავინ და ვერაფერი აჩერებდა (სწორედ ამ დროს გამოიგონეს ის უცნაური "ნისკარტა" ნიღაბიც, რომლითაც ევროპელი მედიკოსები სარგებლობდნენ - ავტ.). ცნობილი ხევსურეთის სოფელი ანატორიც სწორედ ამ დროს განადგურდა. თუმცაღა მხოლოდ ანატორი არ ყოფილა მომაკვდინებელი ეპიდემიის მსხვერპლი - მან რამდენიმე ტალღად გადაიარა. მას ეწირებოდნენ დიდები და პატარები, აზნაურები და გლეხები. თვით საქართველოს დედოფალი, ბაგრატ V-ის მეუღლე ანაც შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ანატორის ხსოვნა დღემდე მხოლოდ აკლდამებით შემორჩა. იქ ხალხი თავისი ფეხით შედიოდა სასიკვდილოდ.

ცხადია, ეს ეპიდემია სხვა სოფლებსაც ამოწყვეტდა. მაგალითად, შავმა ჭირმა თუშური სოფელ ჰეღოს 60 კომლი ერთიანად ამოწყვიტა.

- ეს ფაქტი უცნობია. - მაგრამ არა ჰეღოელი თუშების შთამომავლობისთვის. ამის შესახებ ლეგენდას ჯერ კიდევ წინა თაობის ქართველ მეცნიერებს უამბობდნენ თუშები - ჰეღოში ისეთი "სატკივარი" გაჩნდა, სოფელში ერთმანეთის დამმარხავი არავინ დატოვა და მკვდრები უპატრონოდ ეყარნენო. ვიღაც მწყემსს ცხვარი გადმოუყვანია ჰეღოს საძოვრებზე და სწორედ მას გაუგონია ბავშვის ტირილი. ხმას მიჰყოლია და მკვდარი დედის ძუძუზე მოკიდებული ჩვილი უნახავს, წამოუყვანია და გაუზრდია. თუშები ამბობენ, შემდეგ ის ბიჭი თავის კერაზე დაბრუნდა და ჰეღო თავიდან ააღორძინაო (მეორე გადმოცემით, მის საფლავს დიდი ქვა დაადეს, რომლის ნაფშვენებს მიცვალებულებს სამარეში ატანდნენ - ავტ.).

- საშინელებაა... ხალხი იხოცებოდა, წამალი კი არ არსებობდა... ვინც გაუძლებდა, მხოლოდ ის გადარჩებოდა. - შავ ჭირს ყველა უბედურება ახასიათებდა: ანთება, თავის ტკივილი და ჩირქიანი გამონაყარი, რომელიც შავდებოდა და სწორედ ამიტომაც დაერქვა შავი ჭირი. ხევსურები მას "ჟამნს" ეძახდნენ. მათი წარმოდგენით, ეს პატარ-პატარა კაცუნები იყვნენ, რომლებიც შავ, წითელ და თეთრ ისრებს ესროდნენ მსხვერპლს. მხოლოდ თეთრი ისარნასროლი გადარჩებოდა, დანარჩენები კი იხოცებოდნენ, ზოგი სწრაფად, ზოგიც ნელა.

სულისშემძვრელია ისტორიკოს ავგაროზ ბანდაისძისა და მისი ვაჟის, გრიგოლის თავგადასავალი. 1348 წელს საეკლესიო წიგნის, პარაკლიტონის ანდერძში ის წერს, "დიდი სიკუდილობა იყო საქართველოშიო". მოგვიანებით, 1400 წელს, მისი ვაჟი გრიგოლი ამ საშინელ ტრაგედიაზე უფრო "ვრცლად" წერს: "შემდგომად მცირედსა ჟამისა დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან", ხოლო "ამისსა შემდგომად მომიკლა ჭირმა ექვსი შვილი და ცოლიო"...

შემდეგ საქართველოში რვაგზის მაოხრებელი თემურ ლენგი შემოდის, რომელსაც თან შავი ჭირის ახალი ტალღა შემოჰყვა. სხვათა შორის, ამ პერიოდში ევროპაში შავი ჭირის გავრცელების "ტრასა" საქართველოდანაც გადიოდა. ისე, როგორც ყველგან, ჩვენშიც ეს უბედურება მონღოლებმა გაავრცელეს და უთვალავი ქართველი დაასნებოვნეს. ამ დროს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსს, რომელსაც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი ქართველი ქალ-ვაჟის მოტაცება და გაყიდვა, ტყვეები კაფას ნავსადგურში, დღევანდელ ფეოდოსიაში გადაჰყავდათ, სადაც ფლორენციელი ვაჭრები ყიდულობდნენ. მოკლედ, შავი ჭირი ამ გზითაც მიემართებოდა.

ეს ის დროა, როდესაც ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა ბრუნავდა. ამის შემდეგ ჩანაწერებიც კი აღარ შემოგვრჩა ეპიდემიების შესახებ.

VXIII საუკუნის მიწურულიდან, როდესაც რუსები გამოჩნდნენ, შავი ჭირი ისევ მძვინვარებდა საქართველოში. რუსეთმა ამის გამო ჩაკეტა თურქეთის მიერ მიტაცებული სამცხე-ჯავახეთის საზღვარი აბასთუმნის მხრიდან. ამით საშინელ გაჭირვებაში ჩავარდა თურქეთის ოკუპირებული ქართველობა. მათ საქართველოსთან ურთიერთობა ჰქონდათ, ნამატი პროდუქტი სამშობლოში გადმოჰქონდათ გასაყიდად ან გასაცვლელად.

არსებობს დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის დაპყრობილი მესხები და ჯავახები რუსებს ეხვეწებიან, საზღვარი გახსენით და სამშობლოში შემოგვიშვითო. ეს ის დროა, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიის გამო თელაველებმა ერეკლე მეფის ცხედარი მცხეთამდე მიასვენეს, ტაძარში კი ვერ შეჰყვნენ. მეფეს მისმა ერთგულმა კათალიკოსმა აუგო წესი.

მაშინ ხალხი სოფლებში გაიხიზნა. ამ ეპოქის მწერალი ალექსანდრე ორბელიანი წერდა: "ყველგან იმას იზახდნენ, აქ მოკვდა, იქ მოკვდა... ეს აიყარა, ის გაიხიზნა... ტფილისში ბევრი იყრებოდა, მიდიოდნენ იქ, სადაც სოფელებში ჯერ არ გაჩენილიყო ჭირი, ეგება არ გაჩნდესო, მაგრამ ჭირი იქაც ჩნდებოდა". 1799 წელს მდივანბეგი ვახუშტი ჯავახიშვილი გიორგი XII-ს სწერს, ძეგვში ჭირისაგან 73 კაცი დამეხოცა, მხოლოდ ოთხიოდე დამრჩა, მათაც ძმა და შვილები ჰყავთ დახოცილიო.

1840 წლიდან საქართველოში ქოლერაც გავრცელდა. მოგვიანებით კი ჩვენთვის ცნობილი არაერთი ინფექცია, რომლებიც პირადად მეც უფრო "ახალგაზრდა" მეგონა. ესენია წითელას, ყბაყურას თუ ჩუტყვავილას ინფექციები. მათ ისეთი ამბები დაუტრიალებიათ საქართველოში, რამაც შემზარა და რომელთა შესახებ, ალბათ, ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, იმიტომ, რომ მხოლოდ საეკლესიო წიგნებშია შემორჩენილი იმ ბავშვების უსასრულო გვარები თუ სახელები, რომლებიც ამ ინფექციისგან იღუპებოდნენ. ამის შესახებ ქალბატონმა ნინო შიოლაშვილმა გამოაქვეყნა მთის სოფელთა საეკლესიო დავთრების ზოგიერთი ჩანაწერი, რომლის რედაქტორი მე გახლდით. მაგალითად, შოკში ჩამაგდო პატარა სოფელ სნოს საეკლესიო დავთარმა. 1880 წელს ამ სოფელში ყბაყურით 16 წლამდე 15 ბავშვი დაღუპულა; 1888 წელს კიდევ 15 ყვავილით, 1891 წელს კი წითელა გავრცელდა და 16 ბავშვი იმსხვერპლა, 1899 წელს - 11 ბავშვი. მარტო სოფელ სნოში ხომ არ იყო ეს ამბები, ყველა სოფელში ხდებოდა!

შემდეგში უკვე ცნობილი "ისპანკა", ესპანური ჭირი გამოჩნდა, თუმცა საქართველოში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა...

მსუბუქი პანდემია არ არსებობს. ადამიანი ყველას უნდა "გაექცეს". ჩვენი ექიმები მოუწოდებენ ხალხს, დისტანცია დაიცავით, ერთმანეთს ნუ კოცნით და ნუ ეხუტებითო. ამიტომაც კოცნის შესახებ მინდა მოგახსენოთ - კოცნა ყოველ შეხვედრა-დაშორებაზე ქართული ტრადიცია არ ყოფილა! ეს ამბები მაშინ "შემოვიდა მოდაში", როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, დაახლოებით 50 წლის წინ. მე ჯერ კიდევ სტუდენტობამდე ვიცნობდი დიდ ადამიანსა და მეცნიერს კოტე ჩოლოყაშვილს, რომელსაც აგიჟებდა განსაკუთრებით კაცების კოცნა, ვინ მოიგონა ეს უბედურებაო! ალბათ, ბატონი კოტეს დამსახურებაა ამ თემის გამოკვლევა რომ ჩავატარე საქართველოს ყველა კუთხეში. მეუბნებოდნენ, როგორ გეკადრებათ, ბატონო, რა კოცნა, რის კოცნა, თუ მაინცდამაინც ქართველები ერთმანეთს მხრებით ვეხებოდით, ან ასაკით უფროსს მკერდზე ვკოცნიდითო. 95 წლის მამიდა მყავს და დღესაც ამბობს, მამაჩემის მოფერება ის იყო, მუხლზე რომ დამისვამდა და თავზე ხელს გადამისვამდაო.

კოცნა აღმოსავლური ჩვეულებაა, კაცები კოცნიან შეხვედრისას ერთმანეთს. ქალებზე, რა თქმა უნდა, ეს წესი არ ვრცელდებოდა. ერთ მაგალითსაც გავიხსენებ - როდესაც რუსი გენერალი მეფე ერეკლეს უნდა შეხვედროდა კარავში, იქ ჯერ ერეკლეს ვაჟი დახვდა. მის დანახვაზე ტოტლებენი საკოცნელად გაქანდა, რითაც თურმე გააოგნა უფლისწული. გენერალი ანტონ კათალიკოსის გადაკოცნასაც აპირებდა, ის გვერდზე რომ არ გაწეულიყო. სწორედ ამის შემდეგ წერდა ტოტლებენის ადიუტანტი გრაფი დე ბიუა, ამ ქართველებს კოცნა არ სცოდნიათ რა არისო!

ყველა პანდემია კაცობრიობის ყოფაზე გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენდა. მაგალითად, საბერძნეთის ძირის გამოთხრა სწორედ პანდემიამ დაიწყო ნელ-ნელა. XIII-XIV საუკუნეების შემდეგ შავმა ჭირმა მთელი ევროპა გამოცვალა, ევროპელების შეტანილი ინფექციებით კი ამერიკაში 600 ეთნოსი განადგურდა.

ამ საქმის სპეციალისტი ვარ და ამჯერადაც ვხედავ მსოფლიოში მიმდინარე ეთნოგენეზურ მოვლენებს - ევროპაში ფერადკანიანთა რაოდენობა იზრდება, ევროპელები კი არ მრავლდებიან. ცხადია, ეს ევროპელების ანთროპოლოგიას შეცვლის, ამაში კი ეპიდემიაც, ალბათ, თავის როლს ითამაშებს. ასე რომ, არა გვაქვს დასაარხეინებელი დრო და ჩვენზეა ბევრად დამოკიდებული, მომავალში ვიქნებით თუ არა.