გაიქეცი... სახლში!
გაიქეცი... სახლში!
"სირბილის მოყვარულები ვერც კარანტინმა შეაჩერა, ოღონდ ქუჩისა და სპორტული დარბაზების ნაცვლად, სხვადასხვა სახის "გარბენისთვის" მათ მხოლოდ შეზღუდული სივრცე დარჩათ"

უფრო სწორად, დარჩი სახლში და შინ ირბინე! ასეთია ბოლო თვეების რეკომენდაციაც და ერთგვარი "მოდაც". იმის მიუხედავად, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ნაწილი უკვე მოიხსნა და ქუჩაში ყოფნა აკრძალული აღარ არის, ზოგიერთმა სპორტსმენმა მაგიდის გარშემო ან აივანზე სირბილშიც კი მოასწრო რეკორდების დამყარება! სხვა სფეროების მსგავსად, თანდათანობით მსოფლიო სპორტიც ცდილობს კორონამდელ პერიოდთან მიახლოებას,
თუმცა, სანამ ტურნირები განახლდება, სპორტის ცნობილი წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ როგორც კოვიდ-19-ით დაზარალებულებს, ისე თავიანთ ნერვულ და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, გაამხიარულონ და გამოიწვიონ სოციალური ქსელის მომხმარებლები
და ა.შ.

გამოწვევა #StayAt HomeChallenge

ფიტნესი შინაურ ცხოველებთან ერთად, თავის გადაპარსვა, სასაცილო ვიდეოკლიპის ჩაწერა და სხვ. - კარანტინში დროის მოსაკლავად და მეგობარ/გამომწერების გასამხიარულებლად უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება. თუმცა საყოველთაო კარანტინის დროს სპორტსმენებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა და ვირუსულად გავრცელდა გამოწვევა #StayAtHomeChallenge. აქციის მონაწილეები მოგვიწოდებენ დავრჩეთ სახლში, ვაკეთოთ საყვარელი საქმე და რეგულარულად ვიზრუნოთ ხელების სისუფთავეზე. თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა: ვიდეოკლიპში უნდა ჩანდეს, როგორ იბანთ ხელებს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში და პარალელურად კენწლით ბურთს ან რაიმე სხვა საგანს!
"ჩელენჯში" პირველებმა მიიღეს მონაწილეობა "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა მატეის დე ლიხტმა და დეიან კულუსევსკიმ, ასევე "არსენალის" მცველმა შკოდრან მუსტაფიმ, თანაც კოლეგებისგან განსხვავებით, დე ლიხტმა ბურთის ნაცვლად... ტუალეტის ქაღალდის რულონი აკენწლა და სოციალურ ქსელში ახალ "მიმდინარეობასაც" დაუდო სათავე. ჰოლანდიელის ნოვაციას სხვა ინტერპრეტაციებიც მოჰყვა: "ევერტონის" შემტევმა თეო უოლკოტმა ჰიგიენური საშუალება პლუშის სათამაშოთი შეცვალა, "არსენალელმა" გრანიტ ჯაკამ ხელების დეზინფექციას ბურთის თავით კენწვლა შეუთავსა, ქუჩის ფეხბურთის ვარსკვლავმა ნასერ ელ ჯეკსონმა კი სულაც... ერბოკვერცხიანი ტაფა "აკენწლა"!


შეცვალეთ იმიჯი ან... სამოსი!
"მანჩესტერ იუნაიტ­ედის" მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა კარგად იცის, რომ თვითიზო­ლაცია ცვლილებებისთვისაც საუკეთესო დროა. 25 წლის შვედმა ფეხბურთელმა მხიარული სიურპრიზი მოუწყო მეუღლესა და გულშემატკივრებს: ვიქტორი მოკლე, ბრჭყვიალა ოქროსფერ კაბაში გამოეწყო და ცოლს კიდევ ერთ­ხელ გამოუტყდა სიყვარულში: "მადლობა შენი გულწრფელი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. მუდამ მეხმარებოდი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე და მარწმუნებდი, რომ აუცილებლად შევძლებ! ძალიან მიყვარხარ!" - დაწერა ლინდელოფმა "ინსტაგრამზე".

მარათონი სამზარეულოში

სირბილის მოყვარულები ვერც კარანტინმა შეაჩერა, ოღონდ ქუჩისა და სპორტული დარბაზების ნაცვლად, სხვადასხვა სახის "გარბენისთვის" მათ მხოლოდ შეზღუდული სივრცე დარჩათ. ერთ-ერთმა პირველმა ეს სივრცე ჩინეთის ქალაქ ხანჯოუს მცხოვრებმა მარათონელმა აითვისა - ბატონმა შანცუმ ორ მაგიდას შორის, არც მეტი, არც ნაკლები, 50 კილომეტრი გაირბინა, რისთვისაც 4 საათი და 48 წუთი დასჭირდა! მოგვიანებით, როცა ახალი კორონავირუსის გამო კარანტინი ევროპაშიც დაწესდა, ტულუზის ბინადარმა ელიშა ნოჩომოვიჩმა მარათონული დისტანცია (42 კმ და 195 მ) გაირბინა თავის აივანზე, რომლის სიგრძეც მხოლოდ 7 მეტრია! მორბენლის თქმით, ამით სურდა განწყობის გაუმჯობესება და იმის ჩვენება, რომ "ცხოვრება კარანტინშიც გრძელდება!" აივნის მარათონისთვის ელიშას 6 საათი და 48 წუთი დასჭირდა.

ნამეტნავად ჰყვარებიათ სირბილი ავსტრიაშიც: ერთ-ერთმა ავსტრიელმა კარანტინის დროს 70 კილომეტრი (11024 წრე) გაირბინა სამზარეულოს მაგიდის გარშემო! მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად მას თითქმის 13 საათი დასჭირდა. ვენელმა დიანა ჯავიცამ კი თავის ბინაში სირბილით ერთგვარი საქველმოქმედო აქციის გამართვაც მოახერხა: 37 კილომეტრი გაირბინა და 172 ევრო გამოიმუშავა ბავშვთა ფონდში გადასარიცხად

ბევრი ვავრინკა და ყალბი სერენა

ფორმის შენარჩუნების პარალელურად, სტენ ვავრინკა სოციალურ ქსელში მისი გვერდების გამომწერების განწყობაზეც ფიქრობს. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გულშემატკივრები გაამხიარულა ფოტო და ვიდეოკოლაჟით, სადაც რამდენიმე ვავრინკა "ერთდროულად" არის ასახული და გვიჩვენებს, რით არის დაკავებული კარანტინის დროს. იუმორნარევი რჩევა არ დაიზარა სერენა უილიამსმაც. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი არ მალავს, რომ დაიღალა "გაუთავებელი ონლაინშეხვედრებით" და გულშემატკივრებს ვიდეოკონფერენციის დანარჩენი მონაწილეების გაცურების ხერხიც გაუზიარა - ამერიკელი ჩოგბურთელის თქმით, ამისთვის საჭიროა კამერის წინ განათავსოთ თქვენი ფოტო და შექმნათ ილუზია, თითქოს შეხვედრას ყურადღებით უსმენთ: "დატოვეთ ფოტო და მშვიდად ითამაშეთ ბავშვებთან ან სხვა საქმით დაკავდით. იმ შემთხვევაში კი, თუ ონლაინშეხვედრის დანარჩენი მონაწილეები ეშმაკობას მიგიხვდნენ, სასწრაფოდ დაბრუნდით კამერასთან", - იხუმრა სერენამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა