"საზღვარგარეთ მყოფი ჩემი ახლობელი ქართველებიც ამბობენ, ნეტავ, ამ პანდემიის დროს მანდ ვიყოთო" - კვირის პალიტრა

"საზღვარგარეთ მყოფი ჩემი ახლობელი ქართველებიც ამბობენ, ნეტავ, ამ პანდემიის დროს მანდ ვიყოთო"

"საუკეთესო ექიმები გვყავს და მთავრობაც ძალიან კარგად, ჯერჯერობით უშეცდომოდ უძღვება ყველაფერს"

- ერთ ორთქლმავალს მეტი ძალა აქვს თუ - ორს?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- აბა, კარგად დაფიქრდი!" - ყველას ახსოვს ეს დიალოგი ფილმიდან "ღიმილის ბიჭები".

9 მაისთან დაკავშირებით იზოლაციაში მყოფებმა კიდევ ერთხელ გავიხსენეთ კეთილი და სევდიანი ამბავი ქართველი ბიჭებისა, რომლებსაც სკოლის დამთავრებისთანავე მოუხდათ ომის ქარცეცხლთან დაპირისპირება. თემურ ბაბლუანის კინოისტორიაც ამ ფილმით იწყება. მალხაზის როლის შემსრულებელი დღეს ცნობილი რეჟისორია - შეიძლება ითქვას, ბაბლუანების კინოკლანის მთავარი სახე და მიხარია, რომ საუბარი შევძელით.

- ალექსანდრეს ბაღთან, ქუჩაში ვლაპარაკობდით ბიჭები. ვიღაც ქალი მოვიდა და შემოგვთავაზა, ომზე ვიღებ ფილმს და თუ წამოხვალთო. იდეა მოგვეწონა, ეს ქალბატონი კი რეზო ჩხეიძის ასისტენტი აღმოჩნდა. სტუდიაში მისულებს გაგვესაუბრნენ. მერე ჩემზე უთხრეს ფოტოგრაფს, ფოტოები გადაუღეო. უცხო გარემოში მოვხვდი, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო იყო. მეგონა, როგორც კი მიმიყვანეს, მაშინვე გადამიღებდნენ, იმათ კი რამდენიმე დღეში დამიბარეს, ამჯერად - მხოლოდ მე. აღარ წავედი, მაგრამ მიპოვეს და წამიყვანეს. ფილმის სხვა გმირები სინჯებზე გავიცანი. მხოლოდ კახა ქორიძეს ვიცნობდი გადაღებამდე.

- ფილმშიც სვანი ხართ, სვანეთზე ლაპარაკობთ... - რეჟისორმა მკითხა, სვანი ხარო? სვანი ვარ-მეთქი. რეზო ჩხეიძეს სვანი მეგობრები ჰყოლია და უყვარდა ჩვენი ხალხი, ამიტომ შეიტანა ფილმში ტექსტიც: "იცით, რა ლამაზია სვანეთი?!.." მე თუ რამე ვისწავლე - როგორ უნდა იმუშაო ფილმზე, როგორ გადაიღო - ვისწავლე ბატონ რეზოსთან მუშაობისას. ამ ფილმში 16-17 წლის ვარ.

- ე.ი. სკოლა უკვე დამთავრებული გაქვთ, მაგრამ რატომღაც მსახიობობა არ მოინდომეთ... - თეატრალურში ჩაბარების სურვილი მანამდე არ მქონია, სანამ 27 წლის არ გავხდი. მახსოვს, საავადმყოფოში ვიწექი და ვაპირებდი, გამოჯანმრთელების შემდეგ ყაზახეთში წავსულიყავი, მეგობართან. ეს იცოდნენ ჩემმა დამ და დედაჩემმა. მომაკითხა ჩემმა დამ და მითხრა, იცი სარეჟისორო ფაკულტეტს ხსნიანო. გახსნან მერე, მე რა ვქნა-მეთქი. უნდა ჩააბაროო... მოკლედ, მოაგროვა საბუთები და შეიტანა, მერე კი მოვიდა და მითხრა, გადი გამოცდაზე, სცადე, იქნებ გაგიმართლოსო. კარგი, ვცდი, მაინც არაფერს ვაკეთებ-მეთქი, მაგრამ თეატრალურში რომ მივედი, პასუხისმგებლობა ვიგრძენი. გამოცდაზე ბილეთი ავიღე და აქეთ გამოვედი. უცებ აუდიტორიაში შემოდის ვიღაც წვერიანი კაცი და მეუბნება, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ორი მხატვრის სურათს. ერთი იქნება ამისი, მეორე - ამისიო. მეხმარება, რა... გამიკვირდა... თურმე, ირაკლი კვირიკაძეა. გამოცდამდე სადღაც დრამატულ სიტუაციაში ვუნახივარ - მერე გავიხედე და აქ არ შემოხვედიო?! ეტყობა, მაშინ სიმპათიით განეწყო ჩემდამი და გამოცდაზე თანადგომა მოინდომა...

- პირველი ფილმი როდის გადაიღეთ? - მეორე კურსზე. "მოტაცება" ერქვა. "ბეღურების გადაფრენა" სადიპლომო ნამუშევარი იყო. სცენარი სულ ორ ფურცელზე დავწერე, მუშაობის დროს კი გაიშალა. ერთი პატარა დეკორაცია ავაშენეთ - ვაგონის კუპე. ახლობლები მეხმარებოდნენ და გადავიღეთ. ჩემი ყველა ფილმის მუსიკაც ჩემი შექმნილია.

- თქვენი და მუსიკის ურთიერთობაზეც მიამბეთ. - რა გითხრათ, აბა... სმენა არ მაქვს... მართალს გეუბნებით...

- არ მჯერა. მაშ, როგორ წერთ? - იცით, რა... ყველა ამბავი თვითონ ითხოვს რაღაც მელოდიას. სანამ ამ მელოდიას არ გავიგონებ, გადაღებას ვერ ვიწყებ. "უძინართა მზის"" სცენარს რომ ვწერდი, მაშინ დაიბადა ფილმის მელოდიაც. მამაჩემმა იცოდა ასე წაღიღინება: "რამდარიროოო..." ამიტომ გუჯა ბურდულს ვუთხარი, ტექსტი არ გინდა, ისე იმღერე-მეთქი.

- უტექსტობა მართლაც უხდება ამ მელოდიას, მაგრამ მაინც მიჭირს, დავიჯერო, რომ სმენა არ გაქვთ. თქვენი და გუჯა ბურდულის ურთიერთობა როგორ დაიწყო? - მე და გუჯა ქუჩიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ის ჩემზე ხუთი წლით უფროსია. ოქროსუბნელი ბიჭი იყო, თემურ ბიჭაშვილი, მსახიობი - აი, ვინც მთავარი როლი ითამაშა ფილმში "ბეღურების გადაფრენა". მის პარტნიორს რომ ვეძებდით, მითხრა, ბიჭო, ამ როლზე გუჯა არ იქნებოდა ცუდიო. მივაკითხეთ ორივემ გუჯას. თემური Aარ იცნობდა მას, მაგრამ ხელი რომ ჩამოართვეს ერთმანეთს, მივხვდი, რომ ფილმის პერსონაჟები უკვე მყავდა. ასე დაიწყო ჩემი და გუჯა ბურდულის შემოქმედებითი ურთიერთობა.

- შეიძლება ბევრი მსახიობი მოგწონდეს, მაგრამ, ალბათ, ძნელია, ფილმში, რომელიც მამას ეძღვნება, რომელიმეს მისი როლი ანდო...

- "უძინართა მზე" რომ დავიწყე, გუჯამდე სხვა მსახიობს ვიღებდი. თითქმის თვე-ნახევარი ვიმუშავეთ, მაგრამ ჯანმრთელობამ უმტყუნა. ამის შემდეგ სხვა ავიყვანეთ, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ვერ ამართლებდა, ამიტომ დავურეკე გუჯას, როდის ჩამოდიხარ-მეთქი - მაშინ გერმანელებთან მუშაობდა. როცა ჩამოვიდა, კოსტიუმი მოვარგეთ, სასინჯი გადაღებაც დავნიშნეთ და დავმშვიდდი კიდეც.

- მამაზე მიამბეთ...

- მე-9 კლასში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. კარგად ესმოდა ჩემი... კეთილი იყო და ძალიან უყვარდა ყველას... გაბრაზებული არ მინახავს. ექიმი იყო, სვანეთში მუშაობდა. ადრე წამლების დეფიციტი იყო და რაც ჰქონდა, იმით მკურნალობდა ხალხს. კარგად იცოდა ხალხური მედიცინა. ერთი თანამშრომელი ჰყავდა, მნე, რომელიც სულ უჩიოდა. ერთხელ მოვდივართ და გზად დაინახა ამორღვეული ღობე. მეუბნება, ეს იმ კაცის ღობეა, მოდი, შევუკეთოთო... შევაკეთეთ და მითხრა, ეს კაცი მთელ სოფელს სძულს, შეკეთებულ ღობეს რომ ნახავს, სულ იმის ფიქრში იქნება, ვინ შეაკეთაო. ვუთხარი, ჭკვიან კაცად არ ჩათვლის ამ ღობის შემკეთებელს-მეთქი. იფიქრებს, ვიღაცამ შეცდომით შეაკეთაო... ეწყინა, თუმცა არაფერი უთქვამს...

- ფილმის ფინალი ჰგავს მამათქვენის გარდაცვალებას?

- მეტ-ნაკლებად, თუმცა ეს ფილმი, რომელიც მამას მივუძღვენი, ჩვენზე კი არ არის, არამედ მამის მონატრების ისტორიაა. დათოს როლზე ბევრი ბავშვი გავსინჯეთ. ერთხელაც ბაჩი სამხარაძემ სურათი მოიტანა - სადღაც კლუბში ეკიდაო. დავხედე და ვნახოთ-მეთქი, ვუთხარი. მოიყვანეს. საინტერესო ბავშვი იყო, შინაგანად სუფთა, თან ისეთი თვალები ჰქონდა - სხვანაირი, ღრმა, განცდიანი... ასე რომ, დათოს როლი დათო კაზიშვილს ერგო. დიდი ხანია, არ მინახავს. თუ ვნახავდი, გამიხარდებოდა.

- ვატყობ, მიძღვნა გიყვართ - წიგნი "მზე, მთვარე და პურის ყანა" მეუღლეს მიუძღვენით.

- ვინც გიყვარს, იმაზე ფიქრობ. ამ მიძღვნაშია სიყვარული, მადლიერება და კიდევ ბევრი განცდა... სიცოცხლის ხიბლიც - ვიწვალე, ვიშრომე და რაც გამომივიდა, გიძღვნი შენ...

- ქალბატონ ლიასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ წიგნის შექმნაში. თურმე მხოლოდ ის არჩევს თქვენს ნაწერს...

- ლიას არამხოლოდ ამ წიგნის შექმნაში მიუძღვის წვლილი... ჩემი ნათესავი სვანები ჩემზე ამბობენ, ადამიანად ლიამ აქციაო. ყოველთვის მეხმარებოდა, როგორც შეეძლო.

- სულ მაინტერესებს, ასეთ სიტყვებს ასაკი ათქმევინებთ ხოლმე თუ თანაცხოვრების გამოცდილება...

- დრო თავისას აკეთებს, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, ირგვლივ ყველაფერი სხვანაირი ჩანს. როცა გიყვარს, შენ ხარ ძლიერი... სხვანაირი ხდები... შეიძლება ზუსტად ვერ გამოხატო, რაც შენს გულში ხდება, მაგრამ ეს შენი ძალაა.

- ხშირად ერთი მშობელი შედარებით ლოიალურია, მეორე - მკაცრი. თქვენ და ქალბატონი ლია როგორები იყავით?

- ლია ყველასთან მკაცრია - ქმართანაც და შვილებთანაც, ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ბავშვებისთვის იშვიათად მეცალა, ძირითადად, ლია წყვეტდა ყველაფერს. აი, შვილიშვილებთან კი სხვაგვარადაა... მახსოვს, ერთხელ შვილიშვილი ავიყვანე და ბაბუ, იქით გაიწიეო, მითხრა. რატომ ბაბუ-მეთქი? მაწუხებო. რატომ გაწუხებ-მეთქი? - ჩავეძიე. ლამაზი არა ხარ და ვწუხდებიო. ჩავიხედე სარკეში და ვხედავ, რომ მართალია ეს ბავშვი... მეც კი მაქვს სურვილი, მაგრამ ლიას უფრო გამოსდის შვილიშვილებთან ურთიერთობა. ახლა ამ ბავშვებით ცხოვრობს.

თუ აზრს არ მკითხავენ, შვილებისა და შვილიშვილების საქმეში არ ვერევი. თუ მკითხავენ რამეს - კი, ბატონო, თუმცა ვეუბნები, რომ დარწმუნებული არ ვარ. გელა რომ "13"-ს იღებდა საფრანგეთში, მოიტანა სცენარი და წამაკითხა. ვუთხარი, რამე განსხვავებული გადაიღე-მეთქი. არაფერი მითხრა. წავიდა და გადაიღო. ერთი-ორი დღე გამიყოლა გადაღებაზე. ვუყურებ და ვხედავ, ყველაფერს სულ სხვანაირად აკეთებს, არადა, მე სხვანაირად გავაკეთებდი... რაღაც არ მომწონდა, სახეზეც მეტყობოდა, მაგრამ გადაღებული ფილმი რომ ვნახე, მივხვდი - არ ვიყავი მართალი. ამიტომ ძნელია, ვინმეს რამე ურჩიო, მით უმეტეს - ახალგაზრდებს. მათი ხედვა სხვაგვარია.

- როგორია თქვენი იზოლაცია? - ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ეს პანდემია. ჩაკეტვა არ არის კარგი, მაგრამ როცა აუცილებელია, უნდა გააკეთო ის, რასაც ექიმები გთხოვენ. ნახევარი ოჯახი აქ ვართ, ნახევარი - საფრანგეთში. კინოსკოლას ვაშენებთ ლისის ტბაზე და განვიცდიდი, მშენებლობები რომ იყო შეჩერებული. კარგია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნა.

- თქვენი შეფასებით, როგორ უმკლავდება პანდემიას საქართველო? - საზღვარგარეთ მყოფი ჩემი ახლობელი ქართველებიც ამბობენ, ნეტავ, ამ პანდემიის დროს მანდ ვიყოთო. საუკეთესო ექიმები გვყავს და მთავრობაც ძალიან კარგად, ჯერჯერობით უშეცდომოდ უძღვება ყველაფერს.