"ვიფიქრე, შვილებს მოვკიდებ ხელს და საქართველოში დავბრუნდები-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ვიფიქრე, შვილებს მოვკიდებ ხელს და საქართველოში დავბრუნდები-მეთქი"

რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი პოლონეთიდან

27 წელია, რაც ჩვენი თანამემამულე თამუნა ლოლაძე პოლონეთში ცხოვრობს. ჩვენი საუბარი პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს შეეხება.

- მე და ჩემი ოჯახი ორ ქალაქშუა ვართ. ახლა ვარშავაში ვართ. კორონავირუსმა ვროცლავში მოგვისწრო - იქ კაფე-რესტორანი გვაქვს. იტალიის ამბების მიუხედავად პანიკა აქ არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიტმით ვცხოვრობდით. მარტის დასაწყისში აეროპორტებში დაიწყეს გამოკითხვა მოგზაურობასთან დაკავშირებით, ოღონდ - თერმოსკრინინგის გარეშე.

- ამ გამოკითხვის შემდეგ მგზავრები კარანტინში გადაჰყავდათ?

- არა, მხოლოდ იზოლაციას ურჩევდნენ ზოგიერთს. პანდემია რომ გამოცხადდა, მეორე დღეს, 12 მარტს, ყველაფერი დაიკეტა. ამ დროისთვის მთელ პოლონეთში 76 ინფიცირებული იყო, მერე კი შემთხვევებმა იმატა. მანამდე არავითარი გაფრთხილება და მით უფრო - საგანგებო სიტუაცია არ ყოფილა. მისვლა-მოსვლა, ბარი, კაფე, კინო, თეატრი - ყველაფერი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემთხვევა თებერვალში დადასტურდა. 12 მარტის შემდეგ კი ვინც საზღვარზე შემოდიოდა, ყველა კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაჰყავდათ. შიდა გავრცელება უფრო გახშირდა, ვიდრე იმპორტირებული შემთხვევები. ახლა (22 მაისის მონაცემებით) პოლონეთში კორონავირუსით დაავადების 20,931 ფაქტია დადასტურებული, დაღუპულია 993 ადამიანი.

- შემთხვევების გახშირების შემდეგაც არ ყოფილა პანიკა?

- თავიდან რამდენიმე დღე იყო - ყველა მარკეტებში გაიქცა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, წყალსაც ვეღარ იყიდდი. მერე დაუჯერეს მთავრობას და დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში ყველაფრის მარაგი იყო და გაჩერდნენ.

- მკაცრი შეზღუდვები დაიწესდა?

- ინსტიტუციები ონლაინრეჟიმით მუშაობაზე გადავიდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, მაგრამ თუ მანამდე ყოველ 15 წუთში მოძრაობდა, მერე ინტერვალი საათამდე გაზარდა. პარკები დაიკეტა. თუ დაგინახავდნენ პარკში შესულს, ჯარიმა იყო, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის - 300-დან 1000 ზლოტამდე, იურიდიული პირებისთვის - 2000 ზლოტამდე. მუშაობდა პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები და ფოსტა.

- საზოგადოებამ მორალურად და ეკონომიკურად როგორ გადაიტანა სახლში ყოფნა? - ამ დროის განმავლობაში მშენებლობა არ გაჩერებულა, არც სასურსათო წარმოება და ონლაინგაყიდვები. ცოტა ორგანიზაცია თუ დაიკეტა, ძირითადად - რესტორნები, კინოთეატრები და ზოგი მაღაზია, თუმცა მთავრობა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ცდილობს. ვთქვათ, მე ვარ მეწარმე და მყავს 20 თანამშრომელი; თუ ჩემი შემოსავალი თებერვალთან შედარებით 25%-ით ან მეტით შემცირდა, სახელმწიფო მეხმარება ამ 20 კაცის ხელფასის გადახდაში - ნახევარს იხდის იმ პირობით, რომ თანამშრომელს სამუშაო ადგილი შევუნარჩუნო. ასე იქნება სამი თვე.

- ვინც არალეგალურად ცხოვრობს? ჩვენს თანამემამულეებს ვგულისხმობ... - გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველოს საელჩო ყველაფერს აკეთებს. რამდენიმე ასეული უმუშევრად დარჩენილი ჰყავთ შესახლებული სასტუმროებში, ჰოსტელებში და ზრუნავენ მათზე, ეხმარებიან საქართველოში დაბრუნებაში. დაინიშნა რეისი მინსკი-ერევანი და ვარშავიდან მინსკამდე ტრანსპორტირების საკითხიც ქართულმა მხარემ მოაგვარა, ერევანში კი აეროპორტში დახვედრიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და საქართველოში წაუყვანიათ. მერე, რა თქმა უნდა, ყველა კარანტინში გადაიყვანეს.

- პოლონეთში როგორ ზრუნავენ ინფიცირებულებზე? - თუ სიმპტომი გაქვს, თავდაპირველად მხოლოდ ტელეფონით გირჩევენ, როგორ უნდა მოიქცე. თუ სუნთქვა არ გიჭირს და მდგომარეობა არ გაგირთულდა, სტაციონარში არ მიჰყავხარ. ექიმები და მედპერსონალი დაუღალავად იბრძვიან, ბევრი თვითონაც დაავადდა. გაზეთშიც ეწერა, მოხუცთა თავშესაფარი ექიმებმა მიატოვეს, რადგან დაინფიცირდნენო. მე კარგი კერძო სადაზღვევო პაკეტი მაქვს და მეილით შემატყობინეს, თუ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნებათ, ვერც ერთი პლატფორმა ვერ მიგიღებთ და გთხოვთ, კონსულტაცია ტელეფონით გაიაროთო.

- ახლა როგორია სიტუაცია? - შეზღუდვები 27 აპრილს მოიხსნა. პარკები გახსნეს, ქუჩებში ხალხმრავლობაა, თუმცა სახლიდან გასვლისას აუცილებელია ხელთათმანი, ნიღაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში 300 ზლოტია ჯარიმა. პირველი სამი კვირის განმავლობაში აფთიაქებიდან ყველაფერი გაქრა. გვეუბნებოდნენ, რაც გვაქვს, საავადმყოფოებში მიაქვთო. ახლა ყველფერი იშოვება, მაგრამ ჩვეულებრივი პირბადე 1.70 ზლოტი რომ ღირდა, 9 ზლოტი ღირს. მთავრობა გვიხსნის, რომ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, შევეგუოთ. თავიდან ქმნიდნენ განწყობას, თითქოს ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და 10 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ახლა გამოაცხადეს, რომ კორონავირუსის გამო გადაიდო.

- ქართველებთან ურთიერთობა გქონდათ? - ვცდილობდი ვროცლავში მყოფ ქართველებს ვარშავაში ჩამოსვლაში, სხვადასხვა ინსტანციასთან ენის ბარიერის დაძლევასა და ჩვენს საელჩოსთან დაკავშირებაში დავხმარებოდი. პანდემიის გამო ბევრმა დაკარგა საცხოვრებელი, რადგან მეპატრონემ დაინახა, რომ სამუშაო აღარ ჰქონდათ და ქირას ვერ გადაუხდიდნენ. ბევრი დარჩა ქუჩაში და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად ყველას დავხმარებოდი - ზოგს მთელი თვის განმავლობაშიც ვუმასპინძლეთ. სამწუხაროდ, ფინანსურად ვერავის ვეხმარები. მე განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, ახლა ყველა ასე ვიქცევით - ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვეხმარებით ჩვენიანებს. ჩვენი სტუდენტებიც მუშაობდნენ თანამემამულეების დასახმარებლად.

თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. 27 წელია, აქ ვცხოვრობ, შეიძლება ითქვას, დავფუძნდი, მაგრამ პანდემიის წინააღმდეგ ჩემი ქვეყნის ბრძოლას რომ ვხედავდი, ისიც კი ვიფიქრე, ახლა შვილებს მოვკიდებ ხელს და საქართველოში დავბრუნდები-მეთქი და ასე ბევრი აქაური ქართველი ფიქრობდა. პოლონელებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რაოდენ სამაგალითოდ ებრძვის ჩვენი ქვეყანა პანდემიას. ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შიშით შეზღუდვები მოხსნეს. აქაც გვეუბნებიან, უნდა გამოხვიდეთ სამსახურში ნიღბებით და ხელთათმანებით, ვინც გადაიტანს, გადაიტანს, ვინც არა, რა ვქნათ, ეკონომიკას ვერ ჩამოვშლითო. არადა ზოგი ხანდაზმულია, ზოგს ესა თუ ის დაავადება აქვს... აი, სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა - ყოჩაღ, საქართველო! ამ პანდემიამ ემიგრანტებს დაანახვა, როგორი პატრონი ჰყოლიათ საქართველოს სახით. ერთ პოლონელ ქალბატონს ვიცნობ - ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა კუთხე მოვლილი აქვს, თუმცა ამბობდა ხოლმე, მოუვლელია საქართველოო. ახლა მითხრა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურად ღარიბი ქვეყანა ასეთ გმირობას ჩაიდენდაო.

ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი რადეკ პოლაკი ერთი თვე ცხოვრობდა საქართველოში, მერე კი აქ ჩვენი ქვეყნისადმი მიძღვნილი გამოფენა გამართა. ისიც ამბობს, ამ პანდემიის დროს საქართველომ სასწაულის მოხდენა შეძლოო. აქამდე უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, ძირითადად, ხედავდნენ ლამაზ საქართველოს ცეკვებით, სიმღერებით, მწვადით, ხინკლით, თბილი, გულითადი მასპინძლობით და ამით იყვნენ მოხიბლული, ახლა კი დაინახეს, რომ პრობლემებთან ბრძოლით და ხალხზე ზრუნვითაც შეგვიძლია გავაოცოთ მსოფლიო. ესენი აღფრთოვანებული არიან, მე კი - ამაყი.