"გაჭირვების მიუხედავად, ვახერხებ, საინტერესოდ გამოვიყურებოდე" - კვირის პალიტრა

"გაჭირვების მიუხედავად, ვახერხებ, საინტერესოდ გამოვიყურებოდე"

"ფაქტობრივად, ბეწვზე გადავრჩი, რომ ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი არ გავხდი"

"ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორის მაღალანაზღაურებად პოსტზე ვმუშაობდი. ხშირად მიწევდა ჩასვლა ისეთ რეგიონში, სადაც ომის ზონა იყო და შეიძლებოდა ისლამურ სახელმწიფოს გავეტაცებინე, თუმცა ლიბიაში ჩემი ანაზღაურება სტანდარტულზე სამჯერ მეტი იყო. ასე რომ, ეს თანხა სიცოცხლის რისკის ფასად გამოვიმუშავე და დავაბანდე ირლანდიაში..." - როგორ შეძლო დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბინების ყიდვა საქართველოსა და უცხოეთში, ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ.

მინიდოსიე:

სალომე სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1976 წლის 2 აპრილს. დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი. თავდაპირველად, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის თარჯიმნად და პროგრამის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ - მონტერეის ჰერბერტ სკოვილის სახელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მკვლევარი იყო. 2005-2013 წლებში კი გახლდათ საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. ეს არასრული ჩამონათვალია მისი საქმიანობისა. როგორც თავად ამბობს, მის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო პერიოდი მაინც 2015 წელს უკავშირდება, როდესაც ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორად მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დამდგარა რეალური საფრთხის წინაშე.

- ინტელიგენტების ოჯახში გავიზარდე - მამა პროფესორია, დედას ორი პროფესია აქვს - ტექნიკურ უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს და მუსიკის პედაგოგადაც მუშაობდა. ჩვენს ოჯახში პრიორიტეტი იყო განათლება, მატერიალური სიკეთეები კი - მეორეხარისხოვანი. თუ რამე პრეტენზია მაქვს ჩემს მშობლებთან, სწორედ ის არის, რომ ასეთებად გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას, არამატერიალისტებად. ალბათ ამიტომაც ვარ იდეალისტი.

- ჩანს, განებივრებული ბავშვი არ იყავით... - ვიდრე ბებია-ბაბუა ცოცხლები მყავდა, მათი იმედი მქონდა. ვიცოდი, თუ მშობლები რამის ყიდვაზე უარს მეტყოდნენ, მათ დავიყოლიებდი. ერთი სიტყვით, მშობლები არც გვანებივრებდნენ, არც ზედმეტი სიმკაცრით გამოირჩეოდნენ.

ცონობისთვის:

დეპუტატის უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს 2 ბინა თბილისში, ორივე გაბაშვილის ქუჩაზე - 26 კვმ ბინა 2004 წელს 21.000 დოლარად, 73 კვმ კი 2017 წელს 65.000 დოლარად შეუძენია. 2015 წელს კი ირლანდიაში 70 კვმ ფართობის სახლში 80.000 ევრო გადაუხდია. ასევე 2013 წლიდან მის საკუთრებაშია მერსედესი (C-180), რომელშიც 7.000 ევრო გადაუხდია.

- თქვენი პირველი დამოუკიდებელი შენაძენი რა იყო, თუ გახსოვთ?

- ეს იყო 2004 წელს ნაყიდი ბინა, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ. ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი, მშობლებიც დამეხმარნენ, თუმცა, ძირითადად, მაინც ჩემი ფულით ვიყიდე. დანაზოგი მქონდა - 2000-2001 წლებში ერთ-ერთი საერთაშორისო კორპორაციის კონსულტანტი ვიყავი, შემდეგ ვაშინგტონის საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ცენტრის პროგრამის სპეციალისტი გახლდით და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მქონდა. მაშინ უძრავი ქონება ბევრად იაფი იყო, ვიდრე დღეს. რაც შეეხება მეორე ბინას, ჩემმა ოჯახმა აგარაკი, ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლი გაყიდა და თანხის ნაწილი მომცა (წილი საოჯახო აგარაკისა და მიწის ფართობიდან თანხის სახით მამის, არჩილ სამადაშვილისგან მიუღია - ეს თანხა შეადგენს 10.000 ლარსა და 23.000 დოლარს. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია სხვა შემოსავალიც - ცხვარიჭამიაში მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან მიღებული 22.050 ლარი. - ავტ.). შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობის ნაწილი 2017 წელს ნაყიდ ბინაში დავაბანდე. გარდა ამისა, ბანკიდანაც ავიღე 10-წლიანი სესხი - 58.500 დოლარი, რომლის ნაწილიც უკვე გადავიხადე.

- ირლანდიის სახლზეც მითხარით, როგორ მოახერხეთ საზღვარგარეთ სახლის ყიდვა, ან ვინ ცხოვრობს იქ ამჟამად? - ამჟამად იქ ჩემი ძმა ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად... ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორის მაღალანაზღაურებად პოსტზე ვმუშაობდი. ხშირად მიწევდა ჩასვლა ისეთ რეგიონში, სადაც ომის ზონა იყო და შეიძლებოდა ისლამურ სახელმწიფოს გავეტაცებინე, თუმცა ლიბიაში ჩემი ანაზღაურება სტანდარტულზე სამჯერ მეტი იყო. ასე რომ, ეს თანხა სიცოცხლის რისკის ფასად გამოვიმუშავე და დავაბანდე ირლანდიაში. ფაქტობრივად, ბეწვზე გადავრჩი, რომ ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი არ გავხდი. მაშინ მივხვდი, ფიზიკური საფრთხე რას ნიშნავს. ვამაყობ, რომ ჩემს ბიოგრაფიაში იყო ასეთი საინტერესო და ფასეული პერიოდი.

- რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება საზღვარგარეთიდან, სადაც აწყობილი კარიერა და მაღალი ანაზღაურება გქონდათ? - საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება კარგია განვითარებისთვის, მომავლისთვის, მაგრამ გული მაინც შენს ქვეყანაშია... გულის გარეშე ცხოვრება კი ძალიან რთულია. ამიტომ არასდროს არ მქონია მუდმივად ემიგრაციაში ყოფნის სურვილი, ძირფესვიანად ვერ მოვწყდებოდი აქაურობას.

დეკლარანტის საკუთრებაში არ არის არც ფასიანი ქაღალდები, არც ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 10.000 ლარს აღემატება, არც სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობს, სხვადასხვა ანგარიშზე თანხის საერთო რაოდენობა კი 2.360 ლარს, 15 ევროსა და 15 დოლარს შეადგენს. საქართველოს უნივერსიტეტში, როგორც მიწვეულ ლექტორს, ერთი წლის განმავლობაში 9.500 ლარი აუღია, ხოლო როგორც პარლამენტის წევრსა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - 62.946 ლარი, ანუ თვეში 5.245 ლარი.

- თქვენი პირველი ანაზღაურება რამდენი იყო, გახსოვთ? - კარგად მახსოვს, ეს იყო 150 დოლარი. 90-იან წლებში ასეთი ანაზღაურება ურიგო არ იყო. ინგლისური კარგად ვიცოდი და ერთ-ერთ ორგანიზაციაში თარჯიმნად ამიყვანეს - 17 წლის ვიყავი, სტუდენტი და ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი. მაშინ ყველას უჭირდა. მახსოვს, სტუმრად რომ მივდიოდი, იმ ოჯახებიდან ნივთები ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდა, თავის გადასარჩენად შინიდან გაჰქონდათ... ჩვენს ოჯახსაც ისევე შეეხო ის გაჭირვება, როგორც ყველას, თუმცა ის მძიმე დრო ხალხმა ერთმანეთის გვერდით დგომით გადაიტანა.

- ანგარიშზე ბევრი თანხა არ გაქვთ, როგორც ჩანს, ფულის დაზოგვა გიჭირთ?

- დანაზოგი მთლიანად უძრავ ქონებაში დავაბანდე, ბანკში თანხის შენახვას ასე მირჩევნია. შეიძლება ეს 90-იანი წლების გამოძახილიცაა +- ბანკში შეტანილი ფული რომ დაკარგა ყველამ. ამიტომ ზედმეტად ფრთხილი ვარ. თანაც, ჩვენი რეალობა არ იძლევა ფულის დაგროვების საშუალებას.

- ამის მიუხედავად, მაინც მოგიხერხებიათ და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ 10.000 ლარი შეგიწირავთ. - დიახ, მქონდა დანაზოგი და შევწირე. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არა მხოლოდ პარტიის წევრები, მხარდამჭერებიც კი წირავენ თანხას პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.

- რაში ხარჯავთ ფულს დაუნანებლად? - ადრე ბევრ წიგნს ვყიდულობდი, ახლა შესანახი ადგილიც აღარ მაქვს და თავს ვიკავებ. ფული არ მენანება ჯანმრთელობისთვის, განათლებისთვის, მოგზაურობისთვის. მიყვარს ჩაცმაც, ჩემი ჰობია დიზაინი, ტანსაცმლის უმეტესობა სწორედ ჩემი დიზაინით მაქვს შეკერილი. არ ვფიქრობ, რომ კარგად ჩაცმა ნიშნავს ძვირად ღირებული სამოსის ტარებას. კარგია, თუ გაქვს ამის შესაძლებლობა, თუმცა ეს გემოვნებაზე არ მიანიშნებს. ბევრს თუ დახარჯავ, ყველას შეუძლია, კარგად ჩაიცვას. გაჭირვების წლებში ბევრ ჩემს ნაცნობს უთქვამს, ქართველი გოგონები მაინც ახერხებენ გემოვნებით ჩაცმასო. გაჭირვების მიუხედავად, მეც ყოველთვის ვახერხებ, საინტერესოდ გამოვიყურებოდე.

- საჩუქრები არ გყვარებიათ - გრაფა მიღებული საჩუქრის შესახებ, რომლის ღირებულებაც 500 ლარს აღემატება, ცარიელია. - მაგ გრაფაში მინდოდა ჩამეწერა ჩემი ლეკვი, რომელიც მაჩუქეს. ბიშონის ჯიშისაა და საკმაოდ ძვირი ღირს. რომან გოცირიძე მარწმუნებდა, დეკლარაციაში უნდა აღნიშნოო, მაგრამ ლეკვის ჩაწერა მეუხერხულა. ოჯახის სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ჩემთვის საკმაოდ ძვირად ღირებულია, არც კი ვიცი, როგორ შევაფასო.

იხილეთ ასევე: "ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს"

ნინო ჯავახიშვილი