"მოწოდება: "არ აიცრათ!", უგუნურებაა!" - კვირის პალიტრა

"მოწოდება: "არ აიცრათ!", უგუნურებაა!"

"ვისაც ხელი მიუწვდება, გრიპისა და მათ შორის - H1N1-ის ვაქცინაცია წელს ყველამ უნდა ჩაიტაროს, რათა შევამციროთ ზოგადად რესპირაციული ინფექციების სიხშირე. გრიპისა და კორონავირუსის დიფერენცირება კლინიკურად ძალიან ძნელია და თუ გვექნება ბევრი შემთხვევა, ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნება..."

საქართველო ერთვება ჯანმოს კვლევაში, რომლის შესაბამისად კორონავირუსზე ოთხ მედიკამენტს გამოცდიან. კვლევის დეტალებსა და ქვეყანაში არსებულ სიახლეებზე ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება.

- რომელი თანამდევი დაავადება ითვლება ყველაზე სახიფათოდ? - არტერიული ჰიპერტენზია, ანუ წნევის მატება, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ჭარბი წონა და ა.შ.

-  ჯანმოს კვლევაზე გვიამბეთ, რომელსაც "სოლიდარობის კვლევაც" უწოდეს. როგორც ცნობილია, ამ კვლევაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. - ეს იქნება მსოფლიოში Covid 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტიანობის დასადგენად ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც ყველა ქვეყანაში არ ტარდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სხვადასხვა ქვეყანა აირჩია და კარგია, რომ მათგან ერთ-ერთი საქართველოა.

კვლევის საგანია ოთხი პრეპარატი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენთვის კარგად ცნობილი "რემდესივირია". ის ამ ეტაპზე კოვიდინფექციის სამკურნალოდ ყველაზე საიმედოდ ითვლება. მეორე პრეპარატი უფრო კარგად ცნობილი "პლაქვენილია", რომელიც წარმატებით გამოიყენება საქართველოში. მესამეა "ლოპინავირ/რიტონავირი", რომელიც შიდსის სამკურნალო პრეპარატია, თუმცა ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებში ისიც გამოიყენეს კორონავირუსის სამკურნალოდ და კარგი შედეგიც ჰქონდა. მეოთხე არის "ლოპინავირ/რიტონავირი" და მასთან ერთად "ბეტაინტერფერონი". ალბათ, რომელიმეს, რომელიც კვლევის შედეგად უკეთეს შედეგს აჩვენებს, ჯანმო კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატად აირჩევს.

- როგორ შეარჩევენ პაციენტებს, რომლებიც ამ კვლევაში ჩაერთვებიან? - პაციენტები კვლევაში ჩაერთვებიან ნებაყოფლობით. კრიტერიუმები გამოქვეყნდება კვლევის დაწყებისას.

- ჯანმო როგორ ირჩევს ქვეყნებს? - შერჩევა ისევ გრძელდება. მე ყველა ქვეყანაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჯანმომ შეარჩია ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსული ინფექციის მართვა მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობს და რომლებსაც სხვადასხვა ინფექციური დაავადების კვლევის გამოცდილება აქვთ. მოგეხსენებათ, საქართველოში ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება, რაც ერთ-ერთი განმაპირობებელია იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ენდობა საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს რესურსი ასეთი სერიოზული კვლევის ჩასატარებლად.

- როგორ შეხვდით აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ ენტონი ფაუჩის წერილს, რომელიც მან ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გამოუგზავნა და Covid 19-ის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლა წარმატებულად შეაფასა? - რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ბატონ თენგიზსა და ფაუჩის აკავშირებთ ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა. სხვადასხვა დროს საქართველოს წინაშე ფაუჩის დამსახურება ძალიან დიდია. თავისთავად ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც, რომ დაწყებული საქმე წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე.

- ვაქცინასთან დაკავშირებით თუ გვაქვს ახალი ინფორმაცია?

- ვაქცინაზე მუშაობა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. რთული სათქმელია, ზუსტად როდის იქნება. უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება იანვარ-თებერვალში მოხდეს.

- როგორ ფიქრობთ, წამალი უფრო ადრე იქნება თუ ვაქცინა? და რა პერსპექტივა გვაქვს ამა თუ იმ შემთხვევაში? - ვფიქრობ, წამალი უფრო ადრე იქნება. ეფექტური წამლის წყალობით იმ პაციენტებს, რომლებსაც დროულად დაეწყებათ კორონავირუსის მკურნალობა, შეუმცირდებათ გართულებები, ვირუსმატარებლობის ვადა და დაავადების ხანგრძლივობა, ანუ უფრო იოლად გადაიტანენ დაავადებას, შემცირდება გადადებაც, თუმცა იმისთვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ, აუცილებელია ვაქცინა. ვისაც ხელი მიუწვდება, გრიპისა და მათ შორის - H1N1-ის ვაქცინაცია წელს ყველამ უნდა ჩაიტაროს, რათა შევამციროთ ზოგადად რესპირაციული ინფექციების სიხშირე. გრიპისა და კორონავირუსის დიფერენცირება კლინიკურად ძალიან ძნელია და თუ გვექნება ბევრი შემთხვევა, ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნება.

- ზოგიერთი მოუწოდებს ადამიანებს, რომ არ აიცრან!

- მათ ვერ დავეთანხმები, რადგან ვაქცინაცია ინფექციური დაავადების პროფილაქტიკისთვის და მასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რაც საუკუნეებმაც დაამტკიცა. მომაკვდინებელი რომ აღარ არის წითელა, ჩუტყვავილა, დიფტერია და სხვა მრავალი დაავადება, სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა. მოწოდება: "არ აიცრათ!" ჩემი აზრით, უგუნურებაა.

- შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ხალხს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შეექმნა და გასაგებია, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ხომ არ არის საშიშროება, ისევ იფეთქოს დაავადებამ? - ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკით ახალმა შემთხვევებმა იკლო, თან ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტარებს ტესტირებას. ამის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პიკი, ალბათ, უკვე გადავლახეთ და საფრთხეც შემცირდა, თუმცა მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ ყველაფერმა ჩაიარა და კორონავირუსი გაქრა. თითოეულმა ჩვენგანმა ისევ უნდა გააგრძელოს დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადით სიარული. სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით სახელმწიფო რეგულაციების შემსუბუქება აუცილებელია, მაგრამ დანარჩენი ჩვენს ხელშია. ვფიქრობ, მაისის ბოლოს კომენდანტის საათიც უნდა მოიხსნას.

- ტურისტული სეზონის გააქტიურება სახიფათოა? ჩვენი სტუმრები, ძირითადად, არიან სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და უკრაინელი ტურისტები, მათთან კი ახლა არცთუ სახარბიელო სიტუაციაა... - მე როგორც ვიცი, ჯერ შიდა ტურიზმი აღდგება, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი სფეროა და, ჩემი აზრით, შეზღუდვები იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც უნდა მოიხსნას, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკი დიდია.

თუ ტურისტების დიდ ნაკადს მივიღებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც ჯერჯერობით სიტუაცია უმართავია, რა თქმა უნდა, საფრთხე მოიმატებს.

- ზღვა არა მარტო უცხოელების, არამედ აქაურებისთვისაც განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. ხომ არ არის რისკი ბანაობის შედეგად დაინფიცირების? - ზღვა საშიში არ არის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაადასტურა, რომ ზღვიდან კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე არსებობს. ზღვა - არა, მაგრამ სახიფათო შეიძლება იყოს პლაჟი, სადაც აუცილებელი იქნება დისტანცირება.

- არც მდინარეზე ბანაობაა საშიში? - არა. არც გამდინარე წყალია საშიში და არც - სასმელი, რადგან სასმელ წყალს ქლორით სტერილიზაცია უკეთდება, ქლორი კი ადვილად კლავს კორონავირუსს.

- ზაფხულში მომრავლებული კოღო თუ შეიძლება გახდეს კორონავირუსის გადამტანი? - არა, ჯერჯერობით კორონავირუსული ინფექციის ტრანსმისიული გზით, ანუ კბენით გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- კორონავირუსის ეს სეზონი როდის დასრულდება? - პანდემიის პირველი ტალღა, ალბათ, ივნისი-ივლისისთვის დასრულდება, თუმცა კორონავირუსი არსად წავა. ის იქნება ჩვენთან ერთად, ოღონდ არა - ასეთი აგრესიული სახით. რაც შეეხება მეორე ტალღას, რომელიც შეიძლება შემოდგომაზე ან ზამთარში აგორდეს, იქნება უფრო მსუბუქი და ამასობაში, იმედია, ვაქცინაც წამოგვეწევა.