"Covid 19-ით ინფიცირებულ ბავშვებში კავასაკის სინდრომის გამოვლენამ ძალიან დააბნია და გააოცა ექიმები" - კვირის პალიტრა

"Covid 19-ით ინფიცირებულ ბავშვებში კავასაკის სინდრომის გამოვლენამ ძალიან დააბნია და გააოცა ექიმები"

"პირბადის ხმარება სამ წლამდე არ შეიძლება. პატარებს სუნთქვა უჭირთ და შეიძლება ხელი ხშირად მოიკიდონ..."

ხშირად ავადდებიან თუ არა ბავშვები კორონავირუსით? როგორ დავიცვათ ისინი? რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? ჩვენი რესპონდენტი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, "ნიუ ჰოსპიტალსის" პედიატრიული ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინგა მამუჩიშვილი ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწოდებს.

- Covid 19-ით ბავშვები ჩვეულებრივად ავადდებიან, მაგრამ გართულებული შემთხვევები იშვიათია და ინტენსიური თერაპიაც თითქმის არ არის საჭირო... ხშირად ბავშვები უსიმპტომო პაციენტები არიან და ამის გამო დიაგნოსტირების გარეშე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მცდარია.

0-დან 9 წლამდე გარდაცვალების შემთხვევები თითქმის არ გვაქვს, 9-დან 15 წლამდე კი, ჩინეთის მონაცემებით, მხოლოდ 0.2%-ია. საქართველოში ბავშვთა ავადობის შემთხვევები გვქონდა, მაგრამ მსუბუქი მიმდინარეობით. იყო დედისა და ახალშობილის ავადობის რამდენიმე შემთხვევაც.

ბავშვებთან Covid 19-ის უსიმპტომოდან მსუბუქი კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობა ხშირად ხდება ოჯახის სხვა წევრებისა და საზოგადოების დაავადების მიზეზი. სწორედ ამიტომ ოჯახის ხანდაზმული წევრები და თანმხლები დაავადებების მქონე პირები ბავშვებისგან იზოლირებული უნდა იყვნენ.

მე Covid 19-ით დაავადებულ პირველ პაციენტთან სატელეფონო კავშირი მქონდა. 9 წლის ბავშვია, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობენ და დედისგან დაავადდა.

ავადმყოფობა დაეწყო ცხელებით და დიარეით, რასაც დაერთო თვალის ლორწოვანის ანთება. მკურნალობდა სახლში, მხოლოდ სიმპტომურად. მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო მერვე დღიდან და ახლა ჯანმრთელია. ჩემი ორი პაციენტი კი საქართველოში ცხოვრობს. მათ თითქმის ერთნაირი სიმპტომები ჰქონდათ. ერთ-ერთის მამა იყო სამოგზაუროდ და ბავშვს მისგან გადაედო - ჰქონდა ჰიპერთერმია ხველით და პნევმონიით, თუმცა გამოჯანმრთელდა. მეორე ბავშვს მაღალი ცხელება, ხველა და ბრონქიტი ჰქონდა, ბოლო რამდენიმე დღე კი დიარეაც დაემატა. ახლა ისიც ჯანმრთელია.

- რა იშვიათი გამოვლინება აქვს კოვიდს? - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში 12 ბავშვს Covid 19-ით ინფიცირებისას განუვითარდა კავასაკის სინდრომი, ამ სინდრომისადმი საზოგადოების ინტერესმა იმატა. კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის არტერიებს. მას ახასიათებს კანზე გამონაყარი, ტერფებისა და მტევნების შეშუპება, ტუჩების სიწითლე და გამოშრობა-დახეთქვა, მარწყვისებური ენა, გადიდებული ლიმფური კვანძები, დიარეა, ღებინება...

ამ კლინიკამ ძალიან დააბნია და გააოცა ექიმები. შემდგომ დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსი იწვევს კოაგულაციის ცვლილებებს და სისხლძარღვთა ამომფენი შრის ანთებით პროცესებს. ბავშვებსაც ასეთი სახით გამოუვლინდა, თუმცა ჩვენ მსგავსი შემთხვევები, საბედნიეროდ, არ გვქონია.

- კარგა ხანს გამოვკეტეთ ბავშვები შინ. ახლა, როცა შეზღუდვები იხსნება, შეიძლება თუ არა მათი გასეირნება და რამდენი ხნით? - იზოლაცია და კარანტინი არის ჩვენი ნერვული სისტემის გამოცდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. ახლა ბავშვების გარეთ გაყვანა შეიძლება, განსაკუთრებით - თბილ და მზიან ამინდში; სასურველია რეკრეაციულ ზონებში, მშობლების განსაკუთრებული მეთვალყურეობით, გარშემო მყოფებთან მანძილისა და ჰიგიენის ნორმების დაცვით. ნუ მივცემთ ზედაპირებთან შეხების უფლებას, არ მივცეთ საშუალება, ხელები პირისკენ წაიღონ. მესმის, რომ ძალიან რთულია, მაგრამ თუ ბავშვი გარეთ გაგვყავს, უნდა ვიფრთხილოთ კიდეც. მინდა ყველას ვთხოვო, გამოვიჩინოთ ნებისყოფა, შეზღუდვების მოხსნამ არ გაგვათამამოს, არ დავიწყოთ სტუმრად ან ხალხმრავალ ადგილებში სიარული და რაც აქამდე გაკეთებულა, წყალში არ ჩავყაროთ.

- რა ასაკიდან უნდა ვახმაროთ ბავშვს პირბადე? - სამედიცინო ნიღბის ხმარება სამ წლამდე არ შეიძლება. მათ ნიღბით სუნთქვა უჭირთ და შეიძლება ხელი ხშირად მოიკიდონ, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

- არსებობს საშუალება, რომლითაც ჩვენს შვილებს Covid 19-ისგან დავიცავთ? - დაცვის უალტერნატივო საშუალება ვაქცინაა, რომელიც ჯერ არ გვაქვს, ამიტომ უნდა ვცადოთ, კონტაქტის შემცირებით და სწორი, ვიტამინური კვებით ბავშვებს იმუნიტეტი გავუძლიეროთ.

- ხანგრძლივი იზოლაციის დროს ხომ არ გაუჩნდებოდათ პატარებს ვიტამინის დეფიციტი და ხელოვნურად ხომ არ უნდა მივაშველოთ? - D ვიტამინი აუცილებელია, რადგან ის ორგანიზმში არ წარმოიქმნება და ვერც საკვებთან ერთად იღებს საკმარისი რაოდენობით. მზის სხივის პირდაპირი მოქმედებით კანში წარმოიქმნება D ვიტამინი, თუმცა ხანგრძლივად მზეზე ყოფნამ შეიძლება კანის დაავადება გამოიწვიოს, ამიტომ ექიმთან შეთანხმებით უნდა შეარჩიოთ ვიტამინის დოზა, რადგან ვიტამინების არასწორად მიცემა შეიძლება მავნე იყოს ბავშვისთვის. მესმის, რომ მშობლები განიცდიან სტრესს, რის გამოც ხშირად ბავშვებთან აფექტური ხდებიან, ავსებენ შენიშვნებით... ზოგიერთმა მშობელმა იზოლაციის დროს უკეთ გაიცნო შვილი და ამასაც უკავშირდება მეტი სიმკაცრე, მაგრამ მინდა გთხოვოთ - არ მოაბეზროთ მათ თავი, მოთოკეთ ნერვები, არ შეუზღუდოთ უფლებები, მიეცით კომპიუტერით სარგებლობის უფლებაც - ცხადია, განსაზღვრული დროით, ეთამაშეთ, უკითხეთ, გაერთეთ მათთან ერთად, ნუ დაარღვევინებთ ძილისა და კვების რეჟიმს. ექვსი წლის ასაკიდან შეგვიძლია ავუხსნათ ბავშვს, რა არის ვირუსი, როგორ ვრცელდება, რომ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა; ხალისით ვასწავლოთ ხელების ხშირად და სწორად დაბანა. სასურველია, პატარ-პატარა ლექსებით ან მათი საყვარელი ზღაპრისა თუ მულტფილმების მაგალითით ავუხსნათ, როგორი საჭირო და მნიშვნელოვანია ხელების ბანა, პირბადის მოხმარება ან დისტანციის დაცვა. ნუ აკოცებთ მათ ცხვირ-ტუჩის არეში, ხშირად მოეფერეთ, შეაქეთ, წაახალისეთ, თუმცა იფრთხილეთ, იყავით იზოლირებული და იყავით სახლში, სანამ შეზღუდვები მთლიანად არ მოიხსნება. სიფრთხილე მხოლოდ სასიკეთო შედეგს გამოიღებს.