"მთავარია, შეიქმნას ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია!" - კვირის პალიტრა

"მთავარია, შეიქმნას ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია!"

ახალი კორონავირუსი კვლავ ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ამიტომ ისევ ჩნდება კითხვები, რომლებზეც ამჯერად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გვიპასუხებს.

- მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელება დაღმავალ ეტაპზე გადავიდა, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში, პიკისთვის ჯერაც არ მიუღწევია. საბედნიეროდ, ჩვენ ყველაზე რთული პერიოდი გადავლახეთ. ამჟამად რომელ ფაზაში ვართ?

- ჯერჯერობით ამ ვირუსთან ბრძოლას წარმატებით ვართმევთ თავს და მისი გავრცელების შეკავებასაც ვახერხებთ, თუმცა მსოფლიოში პანდემია გრძელდება და ცხადია, ჩვენთანაც მოიმატებს შემთხვევათა რაოდენობა. სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის ზნე-ჩვეულებების შესახებ კვლავ ბევრი რამ უცნობია და როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია.

- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ ინფექციის მეორე და მესამე ტალღაც გვქონდეს. როგორი იქნება ეს ტალღები - უფრო ძლიერი თუ უფრო სუსტი? - ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახალი კორონავირუსი უფრო გავრცელდება. ზოგიერთის აზრით, ამ ვირუსმა უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და ადამიანებს დაგვიტოვა ერთადერთი გამოსავალი - ვისწავლოთ ჩოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება. არსებობს ვარაუდი, რომ ზაფხულში ავადობის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, შემოდგომის ბოლოდან კი, სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, ინფექცია კვლავ გააქტიურდება.

- თუმცა მოსახლეობის კარანტინსა და თვითიზოლაციაში დაბრუნება ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს... როგორ უნდა დავხვდეთ კორონას მომდევნო შემოტევას ისე, რომ ჩვეულ ცხოვრებასაც დავუბრუნდეთ და ვირუსის გადადების შანსიც შევამციროთ? - უნდა დავიცვათ დისტანცირების წესი, მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებსა და თავყრილობებს, ხშირად დავიბანოთ ხელები. ჰიგიენის მკაცრი დაცვა ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა გვექცეს! ვისაც სიმპტომები გამოუვლინდება, შინ უნდა დარჩეს და დროულად მიმართოს ექიმს.

- რესპირაციული გრიპების სეზონზე H1N1 და სხვა ვირუსული ინფექციები აქტიურდება. თუ ამას კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპიც დაემთხვევა, შევძლებთ ამ დაავადებების ერთდროულად მართვას? - საბედნიეროდ, გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს და მომავალ სეზონზე მისი გამოყენება საჭირო და სასურველი იქნება, რადგან გრიპის იმუნიზაცია ხელს შეუწყობს, შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა.

- თუმცა ჩვენი მოსახლეობის ნაწილი გეგმური აცრების მიმართაც კი სკეპტიკურად არის განწყობილი. თუ ძირითად ჩამონათვალს გრიპისა და კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაც დაემატება, როგორი სურათი გამოიკვეთება?.. - ჯერ მთავარია, შეიქმნას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია! არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინით მართვადი დაავადებები არსად გამქრალა! ისინი მაშინვე წამოჰყოფს თავს, როგორც კი იმუნიზაცია შემცირდება და, შესაბამისად, სასიკვდილო საფრთხის ალბათობაც გაიზრდება.

- თქვენი ვარაუდით, როდის გვექნება ვაქცინა და თავსებადი იქნება თუ არა ის სხვა, მაგალითად, H1N1-ის ვაქცინასთან? - დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მისი მწარმოებლები კარგად აბალანსებენ ვაქცინათა ურთიერთშეთავსების საკითხს. ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია? ისე ხომ არ გამოგვივა, მოჩქარეს მოუგვიანდესო? - ამის პასუხი ყოველდღიური მონიტორინგია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპის ქვეყნები, რომლებმაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების მიხედვით წესები ისევ გაამკაცრონ. შეიძლება ჩვენთანაც ასე მოხდეს.

- მოწოდება - "დარჩი სახლში" კლავ აქტუალურია? - ალბათ, ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად, მოსახლეობის ნაწილისთვის კი კონკრეტულ სიტუაციაში კვლავ სავალდებულო იქნება მოწოდება - "დარჩი სახლში"! სეირნობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით აქტიური, ოღონდ დაიცავით დისტანცია.