"მართალია, თვალის ჩინი დავკარგე, მაგრამ ისევ ვწერ, არსად მეჩქარება" - კვირის პალიტრა

"მართალია, თვალის ჩინი დავკარგე, მაგრამ ისევ ვწერ, არსად მეჩქარება"

"ოპტიმისტი სულ ვიყავი და ვარ კიდეც, ესეც გაივლის"

ვთხოვე და თხოვნა შემისრულა - ფშავ-ხევსურულად დაგვლოცა: "მე რა დაგლოცოთ, ღვთის პირითამც დაილოცებით, წყალობა ნუ მოგაკლოთ დიდმა ლაშარის ჯვარმა, ავი და ბოროტი გაშოროთ დალოცვილმა, სიკეთე მოგიმარჯვოთ და სიმართლით გატაროთ ამ ქვეყანაზედა!" ჩვენც ეს სიტყვები წარუმძღვარეთ მწერლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და მკვლევრის გიგი ხორნაულის ინტერვიუს. მწერალი ამ დროს ისეთი ძლიერი, ომახიანი და გულწრფელი იყო, მისი დალოცვა ფარივით უნდა აეფაროს საქართველოს და ქართველებს შეუცნობელი ჭირის მძვინვარებისას.

- ბატონო გიგი, როგორ აღიქვით კორონამოვლენა შეზღუდული თავისუფლების თანხლებით?

- მადლობელი ვარ, რომ გაგახსენდით. დღეს ბევრს არ ვახსოვარ და ძველი თაობის ეს "ჩამოწერა" არასწორია. ამხელა გამოცდილება-ცოდნის ხალხის გამორიცხვა წინა პირობაა იმისა, რომ ქვეყანა ცუდ დღეში აღმოჩნდეს.

კორონავირუსია თუ რაღაც ოხრობა კიდევ უფრო გაამძაფრა და გამოამზეურა ჩვენი სატკივარი. განსაკუთრებით მეცოდება უმწეო ხალხი, რომელსაც არავითარი სახსარი, დანაზოგი და შემოსავალი არა აქვს. ქალაქის ხალხს კიდევ ეპატიება, მაგრამ სოფლის ხალხს - არა, რომელიც გამოიქცა სოფლიდან, მოშალა სახლ-კარი, მეურნეობა, არ უნდა შრომა, იოლი ფულის შოვნა უნდა.

ადრე გუდამაყარში ტოპონიმიას ვიწერდი (სამი ტომი გამომიცა საპატრიარქოს ფონდმა). როცა ბაკურხევში ავედი, ერთი გუდამაყრელი კაცი ღობეს აკეთებდა. მივესალმე, მკითხა, ვინ ხარ, რა კაცი ხარ, რაზე დადიხარ, ქალაქელი ხარო? მითხრა, ქერს და პურს ვთესავ, ომის დროს ბარი მთამ შეინახა და ამას იმიტომ ვაკეთებ, პური მოვიყვანო, შიმშილით არ დავილიოთ, ეს თუ გაქრა, ხალხი შიმშილით გაწყდებაო. დღეს მთა მოიშალა, რომელიც ხშირად ბარს ასაზრდოებდა, ამარაგებდა ხალხითაც, ზნე-ჩვეულებითაც. იქ საოცარი ზნეობის ადამიანები იყვნენ, მაგრამ მთა მიატოვეს. ზოგი გამოიქცა, მწვანილს ნავთლუღში ყიდულობს და ცოტა ძვირად დიდუბეში ყიდის. ეს ხალხი ახლა აბღავლდა.

კი, მეცოდება ეს მშიერი ხალხი, მაგრამ ერთ ნაწილს რაღაც ჭირად არ ვამართლებ. ჯერ ერთი, კაცი ხარ თუ ქალი, ზნეობა უნდა გქონდეს. სოფელში ორსართულიანი სახლი გიდგას, ნაკვეთი გაქვს, შენ კი დგახარ ბაზრის კართან და მწვანილს ყიდი. ამით ცხოვრობ, ეს არის ადამიანობა?

ვინც მთაში ცხოვრობს და გულიანი, მშრომელი ვაჟკაცია, ყველა მშვენივრად ცხოვრობს. ჩემს ერთ მეზობელს, რომელსაც ბევრი საქონელი, ღორი და ფუტკარიც ჰყავს, ისე ცხოვრობს, ნახევარი სოფლის შენახვა შეუძლია. ბარისახოს სკოლა-ინტერნატში მშიერ-ტიტვლები ვიყავით, სოფელში სიღატაკე იყო, ბალახბულახით ვიზრდებოდით ბავშვები. მთაში იცოდნენ თქმა, ჭინჭარი რომ ამოვა, მერე აღარ არის საშიში, მშივრები არ დავიხოცებითო. ახლაც გაზაფხულია, ფხალეულიც წამოვა...

90-იან წლებში უნივერსიტეტის პროფესორი და ოცამდე წიგნის ავტორი ვიყავი. ავდექი და ჩემს სოფელში - კაწალხევში ფეხით ავედი. მაშინ ავტობუსები ჟინვალამდე ადიოდა, მერე იქიდან ფეხით გავუყვებოდით ხოლმე გზას, თან ჩემი 12 წლის შვილიშვილი წავიყვანე. სოფელში ბიძაშვილმა ხარ-გუთანი მათხოვა, მოვხანი მამაპაპური ადგილები, დავთესე კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და იმდენი მოსავალი მოვიყვანე, ჩემს ცოლეურებსაც - კოტეტიშვილების 3-4 ოჯახსაც გავწვდი. ბრაზი მომდის, რომ ახალგაზრდები საზღვარგარეთ გარბიან, მიხარია და ცრემლი მომდის, როცა ვიგებ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ მამა-პაპის კერას მიაშურა, ზოგი ფერმერი გახდა, ზოგი მიწას ამუშავებს. მე რომ მთავრობაში ვიყო, ასეთებს დავეხმარებოდი. ასეთებს უნდა შეუწყო ხელი და არა მშიერ-ტიტველს, რომელიც იმ ფულს 2 დღეში შეჭამს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად როგორც კი შამანაური დადგა, ყველა ხევსურს დაგვიძახა და გვითხრა, მაქვს იმისი ძალაუფლება, რომ მთაში რაღაც გავაკეთო და რა და როგორ გავაკეთოთო. მასაც ბევრი კარგი აზრი ჰქონდა, ჩვენც მოგვისმინა. დღევანდელმა მთავრობამ ვინმეს ჰკითხა რამე, რა გავაკეთო მთაშიო?

ახლა თბილისში, ასფალტზე გაზრდილები იბღინძებიან მთავრობაში, იმის მეტი რომ არ იციან, 8-დან 9-მდე უნდა მივიდნენ სამსახურში და 6-დან 8-მდე დაამთავრონ. ამ რეკლამას რომ უკეთებ გლეხს, ის გამთენიიდან დაღამებამდე ვენახში ან ყანაშია, იმას რა საათებს უწესებ?

- სასტიკი პანდემია თითქოს ინდობს საქართველოს. - მართლა ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ექიმებს. ძველი და ახალი მთავრობის ნაკლი ის არის, რომ ადამიანი მეხუთე-მეექვსე პლანზეა გადასროლილი. ევროპა იმითია გამართლებული, რომ მათთვის ადამიანია პირველ რიგში და შენ რომ ადამიანს არც არაფერს ეკითხები, არც გახსოვს, ქვეყანა ხომ უფრო გაუბედურდება? ფულია ბედნიერება, კაცო? არიქა, ფული მაქვს და ესე იგი, კაცი ვარ? არ არის ასე, არა.

ჩვენი ექიმები ისე არიან, ტანკს რომ ებრძოლო ცარიელი ხელებით, უარაფროდ შედიან ავადმყოფებთან და თვითონ ავადდებიან. ექიმებს მაინც მისცენ საჭირო ეკიპირება, რისკის ქვეშ რომ არ იყვნენ.

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ფშაურ ლექსიკონზე. ჩემამდე ის არავის შეუდგენია (არის ვაჟას მცირე ლექსიკონი). ვაჟას თავის ნაწარმოებებში 2000-მდე ფშაური სიტყვა ჰქონდა, მე 12 ათასი სიტყვა მაქვს შედგენილი. ფშაურ ლექსიკონზე მუშაობა 70-იან წლებში დავიწყე არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. მართალია, თვალის ჩინი დავკარგე, მაგრამ ჩემი მოწყობილობა და კონსტრუქცია მაქვს, დროც მაქვს და არსად მეჩქარება. ჩემი შვილიშვილი მეხმარება. ახლა სამი ტომი, უამრავი მასალა მაქვს მომზადებული ტოპონიმიაზე. ტოპონიმიაში ყველაფერია - ლექსიკა გინდა, ისტორია, გეოგრაფია, გეოლოგია... მოგონებების გაგრძელებასაც ვწერ, მეორე ტომს...

- ამ მოგონებებიდან გვიამბეთ რამე...

- ჩემს შესანიშნავ მეგობარს, რეზო ინანიშვილს გავიხსენებ. მე და რეზო ერთდროულად ვმუშაობდით გამომცემლობა "ნაკადულში" - მე რიგითი რედაქტორი ვიყავი, რეზო კი საბავშვო განყოფილების გამგე. რეზომ ერთხელ მითხრა: ბიჭო, შე ღმერთგამწყრალო, ეტყობა რაღაცებსა წერო. რა ვიცი, ჩემთვის ვცოდვილობ-მეთქი, მივუგე. ახლა არ მითხრა, შენც ლექსებს სწერ, თორემ გაგაგდებ აქედან, ეს მთიელები სულ ლექსაობაზე ხართ გადასული, პროზას არა სწერთო. ვუთხარი, ზუსტად პროზას ვწერ-მეთქი და, მომიტანეო. მივუტანე ჩემი მოთხრობები, მათ შორის "შვლის ცრემლი". წაიკითხა, ძალიან მოეწონა და დამიბეჭდა. მას მერე სულ მიკიჟინებდა, წერე, წერე, ტვინის ჭყლეტა არა გჭირდება, ჩემი ბიჭები ისე არ იძინებენ (პატარები იყვნენ), ძილის წინ შენი მოთხრობა არ წამაკითხონ და ეს იცი, რას ნიშნავსო? მეც ვწერ და ვწერ... ერთს კიდევ გავიხსენებ რეზოზე: ფშავში იყო გოგი თურმანაული - მაღაროსკარის სკოლის დირექტორი. იუბილე გადაიხადა, სადაც ჭაბუა ამირეჯიბი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ნოდარ დუმბაძე და სხვები დაპატიჟა. მაშინ "ზაპოროჟეცი" მყავდა, ჩავისვი რეზო და წავედით. ღამით, ქეიფის შემდეგ, რეზო ჩემს ნათესავებთან წავიყვანე მოსასვენებლად. გვიანი შემოდგომა იყო და კაი მატყლის ლოგინებში დაგვაძინეს. მეორე დღეს კი, სანამ ავდგებოდით, ხინკალი გაემზადებინათ. მასპინძელს ვუსაყვედურე რეზოზე, ამ ღვთისტოლა კაცს რომ მასპინძლობთ და საყინულეში აძინებთ, ერთი წაწალი არ უნდა მოგეყვანათ-მეთქი? რა ვიცოდით, რეზო თუ იკადრებდა, თორემ რატომაც არაო. ერთი თამარა იყო მოწაწლავე ქალი. ერთხელაც მანქანით მივდივარ კაწალხევში და ამ თამარამ დამიქნია ხელი, გავაჩერე და მეუბნება, არა გრცხვენია, ინანიშვილს თუ წაწალი უნდოდა, რატომ არ მითხარი, მაგისთვის სულს არ დავიშურებდი, ამოიყვანე, ხინკალი ჩემზედ იყოსო.

- მთაში განთქმული მონადირეც ყოფილხართ... - "გეკოთი" ვნადირობდი, ფრინველებს დავდევდი. მერე შემთხვევით მელა მოვკალი და გამივარდა სახელი. სანადიროდ რომ მივდიოდი, არ მეძინა ხოლმე. მერე დათვებზეც გავიწაფე. ხევსურეთში, ფშავში ჯიხვებზე ვნადირობდი, ქისტეთში - ტახებზე... გამოცემული მაქვს წიგნი "მონადირული სიზმრები". ტრაბახი გამომდის, მაგრამ მეც კარგ მონადირედ ვითვლებოდი.

- ვაჟა-ფშაველას ცხოვრების მკვლევარი ხართ. ცნობილია, რომ გენიოსი პაპათქვენს ხშირად სტუმრობდა. - პაპაჩემი განთქმული კაცი იყო არა მარტო ფშავ-ხევსურეთში. მეფის რუსეთის დროს მას "აბეშიკს" ეძახდნენ, ანუ ტყის მცველს. 3000 სული ცხვარი ჰყავდა და ფშავ-ხევსურეთისთვის მატყლს ამზადებდა. თუ რაიმე წიგნი, ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა თბილისში, გამოწერილი ჰქონდა. ვაჟა კაწალხევში ამ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნებისთვის დაიარებოდა პაპასთან თითქმის ყოველკვირა. ვაჟა რომ მოვიდოდა, იმ წუთში ცხვარი იკვლებოდა, კეთდებოდა ხინკალი... მამას ბევრი რამ ახსოვდა, მიყვებოდა, როგორ უკითხავდა ვაჟა წიგნებს. მასზე უფროსებს უფრო კარგად ახსოვდათ ვაჟა. თუ ვაჟაზე სადმე რამეს მოიგონებდნენ, ყოველთვის ვიწერდი და ვაგროვებდი. ფაქტობრივად, ახალი ვაჟა აღმოვაჩინე. ვაჟას კაბინეტის გამგე იყო გრიგოლ კიკნაძე, მერე ჯუმბერ ჭუმბურიძე, რომელსაც უნივერსიტეტის სინდისს ეძახდნენ. მან წაიკითხა ჩემი მონოგრაფია ვაჟა-ფშაველაზე და მითხრა, ღმერთმა გაგიმარჯოს, მე ვაჟას კაბინეტს ვხელმძღვანელობდი და თურმე ვაჟა არ მცოდნია და შენი წიგნიდან გავიგეო.

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხეთ და ერთ წელიწადში უარი თქვით ამ პროფესიაზე... - მაშინ გეტყოდნენ, ახლა წადი ყიტაანში და მეძროხეზე დაწერე წერილიო. შენც უნდა გექო და აგეყვანა ცაში ის მეძროხე. პირველ კურსზე დავალებული მქონდა ხევსურულ ლექსიკაზე დამეწერა. როცა არნოლდ ჩიქობავამ და ნოდარ ანდღულაძემ მოისმინეს, მითხრეს, მოდი, კავკასიურ ენებზე გადმოიტანე საბუთებიო და გადავედი. გული არც დამწყვეტია იმიტომ, რომ სულ არ მეხალისებოდა მეღორეებზე საქებარი წერილების წერა.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება პოსტკორონული ეპოქა? - ისეთი მძიმე და გაჭირვებული ბავშვობა მაქვს გამოვლილი და ისეთი რაღაცეები ნანახი... იმის მერე გამოსწორდა ცხოვრება. ოპტიმისტი სულ ვიყავი და ვარ კიდეც. ესეც გაივლის.

ეს აჟიოტაჟი კი ზედმეტი მგონია. არც იმის მჯერა, რომ დიდად შეიცვლება რამე. ფულის ხარჯვაც იქნება, მაგრამ ასე უსირცხვილოდ არა, როგორც აქამდე იყო, ალბათ, სხვა ფორმით. ცოტა ნაკლები გასაქანი ექნება თაღლითობას. ტყუილიც ბევრი იქნება, ტყუილი ყველაზე დიდი სენია ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ტყუის... ამ დაჩაგრულ ხალხსაც როგორ მოსწონს ტყუილი, ოღონდ მოატყუე...

ხალხი რა, ვერ ხვდება, რომ ატყუებენ? "ზვიადი, ზვიადის" რომ ყვიროდნენ, იმიტომ კი არა, რომ მისი გარეგნობა მოსწონდათ მარტო? არა, ის ხალხთან გულწრფელი იყო. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ 5 წელიწადში საქართველო ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იქნებოდა. ამიტომ მოკლეს და დაამხეს გამსახურდია, რომ არ ტყუოდა და ხალხს სჯეროდა მისი.