"დღესაც, ფილმის გადაღებებიდან 52 წლის შემდეგ, მეკითხებიან: "იყო რამე თქვენსა და ლეონარდს შორის?" ამ კითხვის პასუხი მარტივია..."
"დღესაც, ფილმის გადაღებებიდან 52 წლის შემდეგ, მეკითხებიან: "იყო რამე თქვენსა და ლეონარდს შორის?" ამ კითხვის პასუხი მარტივია..."
"ოლივია, შენ იყავი და იქნები იმ ქალის ხატება, რომელიც ჩემში გააცოცხლე - დედაჩემის ხატება. შენ ხარ ჩემი აღტაცების უკვდავი ობიექტი!" (ფრანკო ძეფირელი, 2016 წელი)

52 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანკო ძეფირელიმ გადაიღო კლასიკად ქცეული ფილმი "რომეო და ჯულიეტა" და 15 წლის ოლივია ჰასისა და 17 წლის ლეონარდ უაითინგის ტანდემი დღემდე ყველა თაობისთვის დაუვიწყარი სანახაობაა. ოლივია ჰასის ცხოვრება წარმატებებით და ამასთან, სევდიანი მომენტებით იყო სავსე. მშობლების განქორწინებით გამოწვეული ბავშვობის დარდი,
თავბრუდამხვევი პოპულარობა, აგორაფობია, სამი ქორწინება და იმედგაცრუება - ასეთია ულამაზესი "ჯულიეტას" ცხოვრება. ოლივიას სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ამჟამად კი კალიფორნიაში თავის მესამე ქმართან, დევიდ გლენ ეშლისთან ერთად ცხოვრობს.

როგორი იყო ლეგენდარულ ფილმზე­ მუშაობის პროცესი, ოლივია ჰასი "კვირის პალიტრას" უამბობს.

"ჩემი მშობლების ისტორია ძალიან ჰგავს
მონტეგებისა და კაპულეტების ამბავს"


- მე დავიბადე 1951 წლის 17 აპრილს. ძალიან ბუნდოვნად მახსოვს დედ-მამა ერთად. ისინი სრულიად განსხვავებულები იყვნენ. დედა იყო ინგლისელი ემიგრანტების ოჯახიდან. ისინი ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ჩავიდნენ არგენტინაში საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მამას ოჯახს ინგლისელი რძალი არ უნდოდა, მაინც დაქორწინდნენ, თუმცა ამ ქორწინებამ მხოლოდ ორი წელი გასტანა. ეს ამბავი მონტეგებისა და კაპულეტების ამბავს წააგავს. მე უკვე დაბადებული­ ვიყავი, ჩემს ძმაზე კი ორსულად იყო დედა, როცა მამა სახლიდან წავიდა. მახსოვს, როგორ წვალობდა დედა - ექვსი თვის ორსული მუშაობდა. დილას ძალიან ადრე გადიოდა სახლიდან და საღამოს დაღლილი ბრუნდებოდა, მაგრამ არასდროს გამიგია მისი წუწუნი. მე უმეტეს დროს დეიდა ლინისთან­ და ბიძია ბანგისთან ვატარებდი. ბიძია არასოდეს ბრუნდებოდა სახლში ხელცარიელი. მათთან გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა.

ხუთი წლის ვიყავი, როცა დედამ მე და ჩემი ძმა სკოლა-ინტერნატში მიგვიყვანა­ - ის ვერ ახერხებდა ერთდროულად მუშაობასა და ჩვენზე ზრუნვას, დეიდას და ბიძას­ კი თავიანთი ოჯახი ჰქონდათ. სადღაც,­ სახლიდან შორს ყოფნაზე ფიქრიც კი შემზარავი­ იყო, მეგონა, ყველა იფიქრებდა, რომ დედას აღარ ვუყვარდით. მაშინ ეს გრძნობა ძალიან მძაფრად მქონდა გამჯდარი, თუმცა­ მოგვიანებით მივხვდი, რომ ვცდებოდი. პირველი თვეები ღამე არ მეძინა, ჩემს ძმაზე ვფიქრობდი, რომელიც ჩემგან განცალკევებით მოათავსეს. ღამღამობით სხვადასხვა ოთახში დავეძებდი, ვპოულობდი, მის საწოლში ვძვრებოდი, ვეხუტებოდი და ჩუმად ვტიროდი. ასე გაიარა სამმა წელმა...

"მსახიობი როცა გავხდები, აუცილებლად გადაგიხდით სწავლის საფასურს"


1957 წელს დედამ გადაწყვიტა ინგლისში, ნათესავების­ სანახავად წავეყვანეთ და მამას ბავშვების­ ქვეყნიდან გაყვანის უფლება­ სთხოვა, მის გარდა არავინ იცოდა, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდით. ახლაც არ ვიცი, როგორ იპოვა საკუთარ თავში ამხელა ძალა, რომ ქვეყნიდან ორი მცირეწლოვანით გაპარულიყო. ბედნიერი მოგონებები არც ლონდონში ცხოვრების პირველ პერიოდთან მაქვს­ - სკოლაში გოგო დასახიჩრებით მემუქრებოდა, დედა დილას ძალიან ადრე გადიოდა, რომ ოფისები დაელაგებინა და ლუკმაპურის ფული ეშოვა... მე კი მსახიობობაზე ვოცნებობდი... რვა წლის ვიყავი, როცა დედას ვუთხარი, დროა, სერიოზულად ვიფიქრო მსახიობობაზე-მეთქი.

თუ მსახიობობა გინდათ, აუცილებლად ლონდონის დრამის სკოლაში უნდა მოხვდეთ. ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ძველი­ დრამის სკოლა 1911 წელს ემილი კონტის დაარსებული იტალიური სკოლაა, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს იყო... ამ სკოლას ხელმძღვანელობდა მისი შთამომავალი რუთი კონტი. 10 წლის ვიყავი,­ როცა გასაუბრებაზე მასთან მივედი და ვუთ­ხარი: "ჩვენ არ გვაქვს­ ფული, მაგრამ თუ მომცემთ­ შანსს, ნახავთ, რომ შემიძლია. რუთმა არ მიპასუხა, მე კი გავაგრძელე: თუ თქვენ მიმიღებთ სკოლაში, მე გავხდები მსახიობი და მოგვიანებით გადაგიხდით ყველა გადასახადს, რისი საშუალებაც ახლა დედაჩემს არ აქვს-მეთქი. კეთილი იყოს შენი მობრძანება კონტის სკოლაშიო, ღიმილით მითხრა რუთმა"...

ძეფირელი ეძებს ჯულიეტას


ლონდონში ხმა გავარდა, რომ იტა­ლ­იელი რეჟისორი იყო ჩამოსული და ახალგაზრდა მსახიობებს ეძებდა რომეოსა და ჯულიეტას როლებისთვის. ჯულიეტას როლი არის ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ისე შეცვალა ამ როლმა ჩემი ცხოვრება. ლონდონში, დინის ქუჩაზე შევხვდი გენიალურ ადამიანს, რომელიც ჩემთვის განძი და ძალიან ძვირფასი მეგობარი გახდა - ფრანკო ძეფ­ირელის. სიტყვები, რომ ის არის ყველაზე­ ნიჭიერი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, ძალიან ცოტაა მის დასახასიათებლად. დღემდე ჩამესმის ყურში მისი სიტყვები: "მოდი, ოლივია, ძვირფასო, მოდი, უკეთ გააკეთე. შენ გამოგივა. შენ ეს შეგიძლია".


1966 წლის ზაფხულში ლონდონში ყველას ძეფირელის სახელი ეკერა პირზე. მისი ახალი ფილმი "ჭირვეულის მორჯულება" რიჩარდ ბარტონისა და ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით ახალი გამოსული იყო.
"ძეფირელი ეძებს ჯულიეტას" - გამოაცხადა ემილი კონტიმ ჩვენს კლასში.­ ერთი თეთრი კაბა იყო დარჩენილი, სინ­ჯ­ებ­ზე რომ მივედი. ეს სწორედ ის კაბაა, რომელიც ჯულიეტას აცვია ფილმის ბოლო სცენაში. დარბაზში ბევრი ხალხი ირეოდა. ერთ მხარეს პოტენციური რომეოები იდგნენ. ფრანკომ ლეონარდი გამოარჩია, ჯულიეტას ძებნის დროს კი ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და დამიძახა. მე და ლეონარდი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ლეონარდს ისევ ისეთი კეთილი მწვანე და ლამაზი თვალები აქვს...

სინჯებზე აივნის სცენა უნდა გვეთამაშა.­ ძალიან მერიდებოდა, რადგან სასიყვარულო ამბებში სრულიად გამოუცდელი ვიყავი. არც კოცნისა და ვნების გამეგებოდა­ რამე და თავს უხერხულად ვგრძნობდი. მოკლედ, ძალიან ვიწვალეთ კოცნის დროს. გაცხარებული რეპეტიციაა, ყველანაირად ვცდილობ, კარგად გამომივიდეს, რომ ფრანკომ როლი მომცეს, ლეონარდიც მონდომებულია და სწორედ ამ დროს შევნიშნე, რომ ფრანკო აწრიალდა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე და ჩემი ტექსტი განვაგრძე. უცებ ვიგრძენი, რომ სახეზე რაღაც მომხვდა, მერე კიდევ... დაუჯერებელი იყო, მაგრამ ძეფირელი პატარა ქაღალდის ბურთებს მესროდა. ვამბობ ტექსტს და თან სახეზე ქაღალდის ბურთები მხვდება. ვფიქრობ, ვინ არის ეს საშინელი კაცი, ამას რომ მიკეთებს-მეთქი, ლეონარდსაც აღელვება შევატყვე, მაგრამ არ გავჩერებულვარ. ასე, ბურთების სროლით, როგორღაც დავამთავრე ტექსტი, მერე ჩემი ფურცლები ძირს დავყარე, თვალებიდან ცრემლი წამსკდა და ფრანკოს ყვირილით მივუტრიალდი: "გაჩერდებით?!"... დარბაზი გაირინდა, ლეონარდმა შეშინებულმა შემომხედა, ფრანკო კი ადგა, რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, ბოლოს კი თქვა: "ძვირფასო, სწორედ ეს მინდოდა მენახა - ვნება!"

"დედა უხმოდ ტიროდა... მხოლოდ ამ წუთებისთვის ღირდა ჯულიეტას როლი"

დედა, რომელმაც ჩვენთვის ამხელა მსხვერპლი გაიღო, სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა, როდესაც ვუთხარი, ჯულიეტას როლზე დამამტკიცეს-მეთქი. ლივი, - მითხრა მან, მერე ჩემი ხელი ჩაიხუტა და დიდხანს ვიდექით ასე. ის უხმოდ ტიროდა... მხოლოდ ამ წუთებისთვის ღირდა ჯულიეტას როლი - დედას ეამაყა და ეგრძნო, რომ ჩემი წარმატებისთვის ღირდა მისი თავგანწირვა... ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე წუთია, რომლებმაც დიდი ბედნიერება მომანიჭა და ეს ერთ-ერთი მათგანია. ალბათ, არც ერთ როლზე ასე თავდადებით არ მიმუშავია, როგორც ჯულიეტას როლზე ვიმუშავე... ყველაზე რთული სასიყვარულო სცენა იყო - უნდა გავშიშვლებულიყავი ამდენი ადამიანის წინაშე, მეკოცნა ლეონარდისთვის და ამის ძალიან მრცხვენოდა, ამიტომ ფრანკომ ეს სცენა ბოლოსთვის მოიტოვა. ლეონარდი ჯერ კედელზე უნდა ამოცოცებულიყო და მერე იწყებოდა სიყვარულის სცენა. ძალიან ბევრი დუბლი ჩავწერეთ. საწყალი ლეონარდი ჯერ ცოცავდა, მერე სიყვარულის სცენას თამაშობდა - ერთი სიტყვით, ძალიან დაიტანჯა. ფრანკოს ცოტა მეტი უნდოდა ამ სცენის გადაღების დროს. მე ეს ვიცოდი, თუმცა მას არასდროს ჩავუყენებივარ უხერხულ მდგომარეობაში, მე თვითონ ვთხოვდი მეტს საკუთარ თავს, მინდოდა, ეს სცენა სრულყოფილი ყოფილიყო. ბოლოს ვთხოვე, კიდევ ერთი დუბლი ჩაგვეწერა, წინა ღამეს კი ლეონარდის "ფიატით" წავედით სასეირნოდ, ბევრი ვიარეთ, დავლიეთ, სანაპიროზე ვისეირნეთ, ვიცინეთ, გავერთეთ და უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მეორე დღეს კი ეს სცენა გადავიღეთ, რომელიც ბოლო დუბლი აღმოჩნდა.
იტალიისადმი ჩემი სიყვარული 1967 წელს დაიწყო. ახლაც კი ვგრძნობ ტოსკანის ჰაერის სურნელს. თავიდან პატარა სასტუმროში დამაბინავეს, მაგრამ იქ ისე ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ფრანკოს ვილაში ოთახი გამომიყვეს, ჩემი მოვლა კი ერთ ქალბატონს დაევალა, რომელიც ჩემთან ერთად იყო ოთახში. ის საშინლად ხვრინავ­და, მე კი ამის თქმა მერიდებოდა, არადა ღამეები არ მეძინა. ბოლოს ფრანკომ შეამ­ჩნია ჩემი გამოუძინებელი სახე, მიხვდა მიზეზს და პრობლემაც მაშინვე მოაგვარა.

რომში ჩინეჩიტას კინოსტუდიის კომპლექსი ლეგენდარული ადგილია, რომელიც მუსოლინიმ ააგო. გადაღებები სწორედ აქ, რომთან ახლოს, ჩინეჩიტაში მიმდინარეობდა. იტალიელებისთვის მუშაობის პროცესის თანამდევია ემოციურობა, ვნება და ცოტა სიგიჟეც. დანილო დონატი - გენიალური ადამიანი, კოსტიუმების მხატვარი, რომელმაც "ოსკარი" აიღო ამ ფილმისთვის - წვეულების სცენისთვის კაბას მაზომებდა, როდესაც კიბეზე ამომავალი ფრანკო შევნიშნე. უცებ მანაც დამინახა, მომვარდა და კაბა გახია - ეს რა კაბა ჩაგიცმევიაო, დაუყვირა დანილოს. ფრანკო იყო ემოციური და ვულკანური გაცოფება იცოდა. შენთან მუშაობა შეუძლებელია, არანორმალური ხარო, დაუყვირა დანილომაც და ორივე გარეთ გავარდა. მე ვიდექი ასე, შემოგლეჯილი კაბით, მერე კი მივხვდი, რომ ასეთი სცენები გადაღებისთვის ჩვეული ამბავი იყო.

ნინო როტას ოთხი ნოტი


ნინო როტა თავისი სიმშვიდით ბუდას ჰგავდა. მე, ნინო როტა და ფრანკო ძეფირელი ერთად ვიყავით, როდესაც ფრანკო უხსნიდა მას, როგორი მუსიკა სჭირდებოდა ფილმისთვის. საოცარია, როდესაც მუსიკას ხსნი სიტყვებით, მელოდიისა და ჟანრის გარეშე. ფრანკოს ემოციურ აღწერას ნინო მოთმინებით უსმენდა, ბოლოს პიანინოს მიუჯდა და ოთხი ნოტი დაუკრა. "ეს არის! - შესძახა ფრანკომ. - ეს ის არის, რასაც ვგრძნობ!" "მიხარია, თუ მოგწონს" - უპასუხა ნინომ, გამომხედა და თვალი ჩამიკრა. ეს იყო სასწაული, რომლის მომსწრეც მე ვიყავი. აი, ეს ოთხი ნოტი გახდა ფილმის სიყვარულის თემა. ფრანკოს ვილა მუდმივად იყო ელიტური საზოგადოების თავშეყრის ადგილი. იქ მოდიოდნენ ინგრიდ ბერგმანი, მონიკა ვიტი, ჯეინ ფონდა და როჟე ვადიმი. სვამდნენ, საუბრობდნენ, ერთობოდნენ. ერთ-ერთი ასეთი წვეულების დროს პოლ ჰარდვიკმა, რომელიც კაპულეტის როლს თამაშობდა, ბევრი დალია, მომიახლოვდა და მითხრა: "ოლივია, დიდი სიამოვნებით დავწვებოდი შენთან". ფრანკომ როგორც კი ეს გაიგონა, მას ხელი სტაცა და ოთახიდან გააძევა.

უყვარდათ თუ არა ერთმანეთი "რომეოს" და "ჯულიეტას"?


დღესაც, ფილმის გადაღებებიდან 52 წლის შემდეგ, მეკითხებიან: "იყო რამე თქვენსა და ლეონარდს შორის?" ამ კითხვის პასუხი მარტივია - იყო, თან არც იყო. ორივე ძალიან ახალგაზრდა ვიყავით, ორივე გამოუცდელი და ამ ფილმმა დაგვაახლოვა. მაშინ ლეონარდს ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი, ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ძალიან ცოტა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს - ეს ორივესთვის თითქოს მოვალეობა იყო, მერე კი ძალიან კარგ მეგობრებად დავრჩით და ახლაც ვმეგობრობთ. ფლირტს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მე კი ამისთვის არ მეცალა, თანაც ლეონარდი 18-დან 35 წლამდე ასაკის ყველა იტალიელი ქალის მოხიბვლას ცდილობდა.


ლალო
17 აგვისტო 2020 12:06
რამდენჯერ მიტირია) ვგიჟდებოდი... საოცარი ფილმი, საოცარი მუსიკა და ულამაზესი მსახიობები)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები