ცეცხლმოკიდებული კორონაბაზარი - კვირის პალიტრა

ცეცხლმოკიდებული კორონაბაზარი

"ბაზარში ჩემი დანახარჯი თითქმის 50 ლარი აღმოჩნდა, არადა მხოლოდ კარტოფილი, პომიდორი და ვაშლი ვიყიდე..."

ქვეყანა ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება - გაიხსნა მშენებლობები, ავტოსამრეცხაოები და აგრარული ბაზრები, თუმცა გაძვირდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი.

თბილისში, მოსკოვის პროსპექტის მიმდებარედ, ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტი პროდუქციას ფასს უცვლის. რძის პროდუქტები 10 თეთრით გაძვირდა და შესაცვლელიაო, ამბობს და მაცივრის თაროზე შემორჩენილ ძველ ფასებს მაჩვენებს. ეტიკეტებს ახლა თითქმის ყველგან და ყველა პროდუქტზე ცვლიან.

- ზოგ პროდუქტს 20 თეთრი დაემატა, ზოგს - 50. კილოგრამი შაქარი აქამდე ლარ-ნახევარი ღირდა, ახლა - 1.90 ღირს. მაკარონი 50 თეთრით გაძვირდა, ბრინჯი 2.25 ლარი გახდა, წიწიბურა კი - 3.55 ლარი. კილოგრამი რძის ფხვნილი 17 ლარი ღირს, ლობიოს ფასი კი 6.50 ლარამდე გაიზარდა, - მეუბნება კონსულტანტი.

ფასები გაიზარდა გაყინულ პროდუქტზეც. მაგალითად, გაყინული ქათმის მინიმალური ფასი ახლა 7 ლარია, გაყინული ხორცპროდუქტების ფასმა კი 1-2 ლარით მოიმატა.

მეტრო "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულის საბითუმო ბაზარი დღეს საბითუმო აღარ არის. შესასვლელთან თანამშრომელი მოვაჭრეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ვისაც პირბადე და ხელთათმანი არ აქვს, ტერიტორიაზე შესვლის ნებას არ აძლევს. სასურსათო მანქანებს დეზინფექცია უტარდებათ, აქვეა პატრულიც, თუმცა, სამწუხაროდ, აქ მყიდველზე მეტი გამყიდველია და მოვაჭრეები დროის გასაყვანად დომინოს თამაშით იქცევენ თავს.

გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ერთი კვირისთვის საკმარისი პროდუქტი მეყიდა. ვიფიქრე, რეალურ ფასებს ასე უფრო გავიგებდი და გამყიდველებთან გასაუბრებასაც შევძლებდი.

თვალში პირველად ახალი კარტოფილი მომხვდა.

- რა ღირს კარტოფილი? - შევძახე შუახნის კაცს, რომელიც "მარშრუტკის" საბარგულში კარტოფილის ტომრებზე იწვა და რაღაცას ღიღინებდა.

- სამი ლარი, ოქრო, მარნეულის კარტოფილია! - გამომძახა ომახიანად და ღიღინი განაგრძო. სამი კილოგრამი ამიწონეთ-მეთქი და ფულის ამოღება ვცადე, რაც ხელთათმანით მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის.

- დავამრგვალოთ, ოქრო, 10 ლარისა გავხადოთ, - "გამიმარტივა" საქმე მეკარტოფილე ძიამ. გამეღიმა და ათლარიანი მივაწოდე. გამომართვა და თან წუწუნი დაიწყო, რომ პირველი კლიენტი ვარ და დღეს სიფთა არ უვაჭრია... რადგან ძველი კარტოფილიც მინდოდა, გადავწყვიტე, ისევ მასთან მეყიდა. სამი კილოგრამი ავაწონინე (კილოგრამი 1.80 ღირდა), შევაჭრების შემდეგ ხუთლარიანი მივეცი და დავემშვიდობე.

ქალბატონი თამარი დიასახლისია. გადაწყვიტა, პროდუქტი ბაზარში ეყიდა, რადგან იფიქრა, რომ შედარებით იაფი დაუჯდებოდა, მაგრამ სულ სხვა სურათის მოწმე აღმოჩნდა.

- ფასების ასეთ მატებას არ ველოდი. ყველაფერი დღითიდღე ძვირდება. შევდივარ მაღაზიებში, ვუვლი წრეებს და ხელცარიელი გამოვდივარ. შინ შვილიშვილი მყავს და ვიფიქრე, ახალ კარტოფილს მაინც შევუწვავ-მეთქი. ოთხი კილოგრამი კარტოფილი და კამა 12 ლარამდე დამიჯდა. რა მეშველება, არ ვიცი, - შემომჩივლა შეწუხებულმა.

იქვე პომიდორს მოვკარი თვალი. ფასი არ ეწერა.

გამყიდველი ქალი ენაწყლიანი აღმოჩნდა. ჯერ თავისი პროდუქტის ქება-დიდებას მოჰყვა - ასეთ პომიდორს მთელ თბილისში ვერ იშოვიო, მერე ფასი შემომაპარა - 6.95 ლარი ღირსო. რომ შევიჭმუხნე, განაგრძო:

- შვილო, მე და ჩემი მეუღლე მარნეულში ვიღებთ პომიდორს და აქეთ ვყიდით. ფასები მომატებულია, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს პურის ფული? მარნეულში შესვლა-გამოსვლის დროს დეზინფექცია გვიტარდება. ვრისკავთ იქ შესვლისას, მაგრამ შიმშილით ხომ არ დავიხოცებით?

რა მექნა? ორი კილო ავაწონინე, 13 ლარი მივეცი და დავემშვიდობე.

გამახსენდა, რომ ხახვი, კომბოსტო და მწვანილიც მჭირდებოდა. ერთი კილოგრამი ხახვი, ორი თავი კომბოსტო და სხვადასხვა მწვანილი 12 ლარი დამიჯდა.

მერე ვაშლიც მომინდა. ორ კილოში 6 ლარი ჩავუთვალე ვაშლის გამყიდველს და წამოვედი.

ჩემი დანახარჯი თითქმის 50 ლარი აღმოჩნდა, არადა მხოლოდ კარტოფილი, პომიდორი და ვაშლი ვიყიდე.

P.S. საინტერესოა, როგორ უნდა ირჩინოს თავი იმ ხალხმა, ვისი შემოსავალიც ახლა მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებული 200 ლარია?!

ზურა სოლომნიშვილი