"არ ვიცი, როგორ აპირებენ ტურიზმის აღდგენას ტურისტების გარეშე" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, როგორ აპირებენ ტურიზმის აღდგენას ტურისტების გარეშე"

"კაცობრიობა, რომელმაც უკვე მიიღო სოციალური სტრესი, კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია. ამ რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის სრულფასოვნად აღდგენა საშუალო და მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია"

მთავრობა უახლოეს დღეებში 4 სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, პირველი ტურიზმია, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და განათლება. რამდენად მართებულია ეკონომიკის გახსნა და ამოქმედება ტურიზმის სექტორით, მაშინ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი "covid 19"-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ქვეყნის წინაშე არსებულ სხვა საფრთხეებზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ტურიზმი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი და საწინააღმდეგო არაფერი უნდა გვქონდეს, თუ ხელისუფლება დაეხმარება. თუმცა ეკონომიკური სტრატეგიის აგება და რესტარტი ტურიზმით აბსოლუტურად არასწორია. კაცობრიობა, რომელმაც უკვე მიიღო სოციალური სტრესი, კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია. ამ რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის სრულფასოვნად აღდგენა საშუალო და მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია. მე არ ვიცი, როგორ აპირებენ ტურიზმის აღდგენას ტურისტების გარეშე. ამასთან, ბუნდოვანია საჰაერო მიმოსვლის საკითხიც. თუ სხვა ქვეყნები არ გახსნიან საჰაერო გზას, ჩვენ რა უნდა ვქნათ? არის კიდევ მეორე ფაქტორიც - საქართველოში უფრო საშუალო ფენა ჩამოდის, ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე დანაზოგს აკეთებენ დასასვენებლად სადმე წასასვლელად. დღეს არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, მათ დანაზოგი უკვე დახარჯული უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებულ შიშებსაც რომ თავი დავანებოთ, ხალხს მატერიალური შესაძლებლობაც აღარ აქვს. თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ჩვენ შეიძლება ლტოლვილთა ტურიზმი მივიღოთ. საზღვრის გახსნის შემთხვევაში საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ ისინი, ვისაც თავიანთ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ეშინიათ. რუსეთი დღეს პირველ ადგილზეა კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების გამოვლენით. იქ უკვე უკონტროლო სიტუაციაა. საერთოდაც, ტურიზმზე აგებული ეკონომიკა უპერსპექტივოა. რატომ? იმიტომ ტურიზმი მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ყველაზე არასტაბილური სფეროა. ტურიზმზე აგებული ეკონომიკა შესაძლოა ერთ დღეში ჩამოიშალოს არა მარტო პანდემიის, არამედ პოლიტიკური თუ ტერორისტული რისკების გამოც. აქედან გამომდინარე, აქცენტის გაკეთება ტურიზმზე დღევანდელი რეალობისთვის არაადეკვატურია.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ეს მნიშვნელოვანი დარგია, რომლისადმი ხელისუფლებას ზერელე დამოკიდებულება აქვს. სწორედ ზერელე და დილეტანტური დამოკიდებულების შედეგია, რომ ამ დარგში ჩადებული ფული უმიზნოდ გაიფლანგა.

- რას გულისხმობთ? - სოფლის მეურნეობა სამკომპონენტიანი სისტემაა. პირველია აგრარული მეურნეობების განვითარება თავისი ფერმებითა და მეფრინველეობის ფაბრიკებით, მეორე კომპონენტია ლოჟისტიკა, ტრანსპორტირება, შეფუთვა, შენახვა, მესამე კი კვების პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოები. ალბათ, გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მარნეულსა და ლაგოდეხში კიტრი რომ დაულპა ხალხს, ცოტა ხანში კახეთში ყურძნის პრობლემა დადგება, მერე ციტრუსის. პირადად ვიცი, შარშან ლაგოდეხელები მთელი ზაფხული ღორებს აჭმევდნენ კიტრს. თუ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა სტრატეგიულად სწორი ეკონომიკა, უპირველესად ეკონომიკური უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, რაც გულისხმობს კვების მრეწველობის განვითარებას, თავისი ლოჟისტიკით და გადამმუშავებელი საწარმოებით, პირველადი მოხმარების საგნების ადგილზე წარმოებას. საჭმელი, საპონი და ტუალეტის ქაღალდი ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ადამიანს. შესაბამისად, ამ დარგების განვითარება მხოლოდ ეკონომიკას კი არ განავითარებს, უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

- პრემიერმა პრიორიტეტად დაასახელა მშენებლობისა და დეველოპმენტის მხარდაჭერაც. - დღეს სამშენებლო ბიზნესის პერსპექტივაც ბუნდოვანია. რა აზრი აქვს მიწოდების სტიმულირებას, თუ მყიდველი არ არის? ეს ხელისუფლება არაფერზე არ ფიქრობს, მექანიკურად მოქმედებს, ანუ ტურიზმზე "ვისხედით" და ისევ ტურიზმის აღდგენაზე ფიქრობს. დღეს რეალობა რომ შეცვლილია და ტურიზმის აღდგენა არაფერს მოგვიტანს, რატომღაც ამის აღიარება არ უნდათ. ცხადია, მათი ერთადერთი საფიქრალი არჩევნებამდე მიგორებაა. ვფიქრობ, ტურიზმისა და დეველოპერული ბიზნესის თემის წამოწევა ლობიზმს უკავშირდება. "ქართული ოცნების" ორბიტაზე მოტრიალე ინტერესჯგუფები, რომლებსაც დიდი ფანტაზია არა აქვთ, ცდილობენ ამ სექტორების ლობირება ბიუჯეტის ხარჯზე მოახდინონ.

სხვა მხრივ გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ 20-მილიონიანი ბრუნვის მქონე სასტუმროებს კრედიტის პროცენტი. რატომ? ეს კრედიტები არის, სასტუმროს როგორც აქტივის, ისე მშენებლობისა და მისი მოწყობის ღირებულება. ე.ი. სასტუმრო მხოლოდ ბიზნესი კი არა, უძრავი ქონებაა, კონკრეტული აქტივია. რაზეა ლაპარაკი? კონკრეტულ პირებს უნდა დავეხმაროთ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ეს აქტივი. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ათიათასობით მოქალაქე გვყავს, რომლებსაც აქტივები კი არა, პურის ფული არა აქვთ. თუ სასტუმროს მეპატრონეს პრობლემა შეექმნება და ბიზნესს ვერ აამუშავებს, გაყიდოს და სხვებივით მშიერი მაინც არ დარჩება.

არანაირი აზრი არა აქვს ბიუჯეტიდან ფულის "ჩასხმას" სასტუმროში, იმიტომ, რომ ტურისტის არარსებობის გამო მაინც ვერ იმუშავებს. მხოლოდ მეპატრონე ისარგებლებს.

ხათუნა ბახტურიძე