"თავის დროზე ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ხმა რომ არ მივეცი კონკორდატს... ეს აქამდე არასდროს მითქვამს" - კვირის პალიტრა

"თავის დროზე ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ხმა რომ არ მივეცი კონკორდატს... ეს აქამდე არასდროს მითქვამს"

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პოეტმა დათო მაღრაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა:

- მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ საკითხზეც - დღეს ხელისუფლებასა და მის მომხრეებში აშკარად შეიმჩნევა მლიქვნელობის საშიში ტენდენცია. მეტიც, პირდაპირ იფეთქა მლიქვნელობის პანდემიამ. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ვწერდი, ჩვენში სამშობლოს აღვირახსნილი, ანუ ფარისევლური, არაგულწრფელი სიყვარული შეინიშნება-მეთქი და ამან არ მოიტანა კარგი შედეგი. არც აღვირახსნილი მლიქვნელობა გამოიღებს ნაყოფს. რაც მთავარია, ვის სჭირდება ეს? უპირველესად იმ ადამიანს არ სჭირდება მლიქვნელობა, ვისკენაც არის მიმართული. ვფიქრობ, ის ამ იაფფასიანი მეხოტბეობის მიღმა დგას. საზოგადოებას არათუ არ სჭირდება, მლიქვნელობა რყვნის მას. ერთადერთი, ვისაც სჭირდება სარგებლის მიღება, ეს მლიქვნელია, ამიტომაც ეს ტენდენცია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თუ დაუსჯელი დარჩა, გამოდის, წახალისებულია. როცა მლიქვნელების რკალი იკვრება ხელისუფლების გარშემო, იქ წესიერი და მოფიქრალი ადამიანის ადგილი აღარ რჩება, ამიტომაც არის მავნებლობა მლიქვნელობა, გარდა ამაზრზენი სანახაობისა.

კარგია, რაც მეტი სახელი და გვარი, მეტი პიროვნება გამოჩნდება ხელისუფლებაში და ნუ ეცდებიან მაამებლები ისე გადღაბნონ ეს გვარ-სახელები, რომ არ იკითხებოდეს. იმიტომ, რომ პიროვნებები ქმნიან გუნდს, მათ შორის პოლიტიკურ გუნდსაც. თუ პიროვნებები არ არიან ხელისუფლებაში, თუ არავის შერჩა თავისი ცხვირ-პირი, არც ანფასი და არც პროფილი, მაშინ ეს პოლიტიკური გუნდი კი არა, ფარა ყოფილა. მე დღეს ვხედავ პიროვნებებს და ეს მახარებს, რაც მეტი პიროვნება გამოიკვეთება, მით უკეთესი ქვეყნისთვის.

უკვე იმის საფრთხეც დავინახე, რომ ამ მაამებლებმა შეიძლება ქრისტიანული ღირებულებითი სისტემაც თავდაყირა დააყენონ. ნუ გავიწყდებათ, რომ ქრისტე ერთი პერანგით ავიდა ჯვარზე და ამის გახსენება არც სასულიერო სამყაროს აწყენდა, რომელსაც აშკარად სჭირდება რეფორმა, ოღონდ არა რეფორმა რეფორმისთვის, არამედ რეფორმა ქრისტიანობის ქრისტესთან დასაახლოებლად. თავის დროზე ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ხმა რომ არ მივეცი კონკორდატს...

- რატომ?

- მე მომხრე ვიყავი შეთანხმებას სვეტიცხოვლის ხელშეკრულება რქმეოდა, მაგრამ ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც სურდათ საკონსტიტუციო ხელშეკრულებად გაფორმებულიყო. ამას ვეწინააღმდეგებოდი იმიტომ, რომ როდესაც ესა თუ ის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოა, პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ თუ ამას საკონსტიტუციო შეთანხმება ჰქვია, მას იგივე ძალა აქვს, რაც კონსტიტუციას; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მოვა შეუსაბამობაში, პრიორიტეტი საკონსტიტუციო შეთანხმებას ენიჭება - მე ეს არასწორად მიმაჩნდა. გარდა ამისა, მახსოვს, ქონებრივი საკითხები იწევდა წინ, მომეჩვენა, რომ მაშინაც დაივიწყეს, რომ ქრისტე ღმერთი, ამქვეყნიური გაგებით, უქონელი იყო... ამიტომ არ დავუჭირე მხარი კონკორდატს და ეს აქამდე არასდროს მითქვამს.

ვისაც გამდიდრება უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, რაც მეტი შეძლებული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანაც, მაგრამ, ვფიქრობ, არ ივარგებს, თუ შოვნა ერის მთავარ ღირებულებად იქცა.

მივესალმები ყველა წარმოებას, ყველა გამდიდრებულ ადამიანს და ყველა ქველმოქმედს და მადლიერებას გამოვუხატავ, მაგრამ ქონებაზე ზრუნვა არ უნდა ხდებოდეს, ამქვეყნიური საზომით ყველაზე ღატაკი კაცის - ქრისტეს სახელით... წაიკითხეთ სტატია სრულად