"თუ დამინახავდნენ ბავშვთან ერთად ქუჩაში სამათხოვროდ გასულს, მაშინ ემოქმედათ და წაერთმიათ შვილი" - კვირის პალიტრა

"თუ დამინახავდნენ ბავშვთან ერთად ქუჩაში სამათხოვროდ გასულს, მაშინ ემოქმედათ და წაერთმიათ შვილი"

11 მაისს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო, ცოლ-ქმარი კლინიკის ხელმძღვანელობისა და მკურნალი ექიმისგან განმარტებებს ითხოვდა, სად იყო მათი ახალშობილი, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობდა. ბავშვის დედა აცხადებს, რომ სოციალურმა მუშაკმა ჩვილი მშობლების დაუკითხავად გაიყვანა კლინიკიდან და მინდობით აღზრდაში სრულიად უცხო ადამიანს გადასცა. მშობლების თქმით, ისინი უყურებდნენ, ბავშვი როგორ მიჰყავდა დაცვის თანხლებით სოცმუშაკს საავადმყოფოდან, შეეცადნენ შვილთან მიახლოვებას, მაგრამ სოცმუშაკმა მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. დღეს მშობლები კატეგორიულად ითხოვენ ახლშობილის დაბრუნებას. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან, მაგრამ მათი მტკიცებით, ჩვილის გაზრდის საშუალება აქვთ. ამ საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი, რომელიც ოჯახის უფლებებს დაიცავს.

მომხდარზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა, მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მარიამ გეთიაშვილის განცხადება, რომ იგი ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, ეს პროცესი თებერვლიდან დაიწყო და ჩვილის დედა სოცმუშაკმა არაერთხელ ჩააყენა საქმის კურსში. მას ბავშვის რეინტეგრაციის, ოჯახში დაბრუნების გეგმაც გააცნეს, თუ ბავშვისთვის კეთილსაიმედო გარემო შეიქმნება.

"ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა მხოლოდ სოციალური მდგომარეობის გამო არ მომხდარა, არამედ შეფასდა რისკები. ხდება მშობლის უფლებების შეზღუდვა და არა ჩამორთმევა", - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ. მან არ დააკონკრეტა, ბავშვისთვის თუ რა რისკებზეა საუბარი, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. მართალია მაღლაფერიძემ არ დააკონკრეტა მიზეზი, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის იყო, რომ დედა შვილებს ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გაჰყავდა. როგორც ირკვევა, ეს ახალშობილიც რომ არ გამხდარიყო ანალოგიურად მსხვერპლი, ამიტომ გადაიყვანეს ბავშვი მინდობით აღზრდაში.

"არაერთხელ გააფრთხილეს სოცმუშაკებმა, რომ ბავშვები არ გაეყვანა მოწყალების სათხოვნელად, მაგრამ ამის მიუხედავად მსგავსი კვლავაც ხდებოდა",  - გვითხრა ჩვენმა კონფიდენციალურმა წყარომ. მართალია ჩვენთან ინტერვიუში დედა ამბობს, რომ ასეთი ფაქტი 3 წლის წინ იყო, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, ბოლოს მარტშიც ნახეს მარიამ გეთიაშვილის 2 შვილი როგორ ითხოვდა მოწყალებას.

მარიამ გეთიაშვილი ამბობს, რო ახლა პოლიციის ძალით შეეცდება ახალშობილის უკან დაბრუნებას და საჩივარიც უკვე შეიტანა. ძალოვნებმა ჩვილის მშობლები დაკითხეს.

ბავშვის დედა, მარიამ გეთიაშვილი:

- 21 იანვარს გავაჩინე ჩემი გოგონა მეხუთე საავადმყოფოში, მას შემდეგ ამდენი თვე ბავშვი კლინიკაში იწვა, 6-თვიანი, დღენაკლული დაიბადა. ექიმს თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდი. მეუბნებოდა, ბავშვი ზონდით იკვებება და ჯერ ვერ გაგატანთო. ყოველდღე ველოდებოდი როდის დამრთავდნენ ჩემი შვილის წამოყვანის უფლებას. 7 მაისს ექიმს ვესაუბრე, კლინიკაში ვარ და მაინტერესებს ბავშვი კარგად არის თუ არა-მეთქი, იმ დღეს სოცაგენტმა მითხრა, ბავშვი უნდა გავიყვანო კლინიკიდანო. ამას ვნერვიულობდი, ექიმსაც ვუთხარი და ასე მითხრეს-მეთქი, - რას ლაპარაკობ, შენი თანხმობის გარეშე არ მაქვს უფლება ბავშვი სხვას გავატანოო.

მეორე დღეს სოცმუშაკი თამარ წიკლაური მირეკავს და მეუბნება, მიმყავს შენი შვილიო. სასწრაფოდ ჩავედით საავადმყოფოში, დილის 12 საათი იყო, ბავშვს არ გამაკარა, სახლი არ გაქვთ, კარი არ გაქვთ და ბავშვს არ მოგცემთო.

ჩემ თვალწინ გაიყვანა ბავშვი, გზის იქით გადავიდა. დაცვამ გააცილა. ახლოს მოსვლა არ გაბედოთ, თორემ ხელბორკილებს დაგადებთ, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯებით, დაგაპატიმრებთო. 11 მაისს მოვედი ისევ საავადმყოფოში, ექიმთან შეხვედრას ვითხოვდი, შესახვედრადაც კი არ გამოვიდა, მითხრეს კონფერენციაზეა და ვერ გაგესაუბრებაო. ვიღაცამ შეგვიყვანა ოთახში და მითხრა, იმ სოცმუშაკმა ისეთი საბუთი მომიტანა, რომ არ შეგვეძლო ბავშვი არ მიგვეცა, შენ ქუჩაში მათხოვრობ ბავშვით და ამიტომ წაიყვანეს შენი ბავშვი მინდობით ზრუნვაშიო.

ტყუილია რომ მე ბავშვთან ერთად ვიმათხოვრებდი, თუ დამინახავდნენ ბავშვთან ერთად ქუჩაში სამათხოვროდ გასულს, მაშინ ემოქმედათ, მაშინ წაერთმიათ ჩემი შვილი. წინასწარ რატომ წამართვეს ჩემი გოგონა, საავადმყოფოდან რატომ წაიყვანეს დაუკითხავად.

- როგორც შევიტყვეთ, შემჩნეული ხართ შვილებთან ერთად ქუჩაში მათხოვრობაში. ეს გახდა თქვენთვის შვილის ჩამორთმევის მიზეზი. უფროს ბავშვთან ერთად მათხოვრობის ფაქტებს უარყოფთ?

- ეს იყო წლების წინ, მაშინ ჩემი ბიჭი 4 წლის იყო, ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად გახდა, კომაში მყოფი საავადმყოფოში იწვა, მე და ჩემი შვილი ყველანაირი სარჩოს გარეშე დავრჩით. იძულებული გავხდი სამათხოვროდ ქუჩაში გავსულიყავი, რადგან არ მქონდა იმის საშუალება, ბავშვისთვის საჭმელი მეჭმია, არავის ვუსურვებ ამის გამოცდას, ძნელია როცა შვილი გეუბნება მშიაო და შენ საჭმელი არ გაქვს. მას მერე 3 წელი გავიდა, ბავშვი უკვე სკოლაში დადის, ახლა 7 წლის არის. მერე მეუღლე გამოჯანმრთელდა, მას მერე კიდევ გამიჩნდა გოგონა, ის ახლა 3 წლის არის და დადის ბაღში. ჩემი შვილები საერთოდ არ დამიტოვებია უყურადღებოდ, დამყავდა სკოლაში, ბაღში, სულ ჩემთან იყვნენ. ბიჭიც 6-თვიანი დაიბადა, ახლა 7 წლის არის და წამალი არ დამჭირვებია. სოციალური მუშაკები მოდიოდნენ მამოწმებდნენ, ყველაფერი წესრიგში იყო. ასევე ძმასავით დღენაკლული დაიბადა იანვარში ჩემი გოგონა, ბარბარე გეთიაშვილი. დაბადების მოწმობა სახლში გვაქვს, ავიღეთ, უნდა ჩამეტანა სოციალურ სამსახურში, რომ ოჯახის სულადობას დამატებოდა და მისი სოციალური დახმარებაც მიგვეღო, მაგრამ გვითხრეს, ჯერ არ ჩამოხვიდეთ, რადგან კორონავირუსია და ბავშვს რომ გამოიყვანთ საავადმყოფოდან მერე გავაფორმოთო. ახლა კი შვილი წამართვეს.

- რა პირობებში ცხოვრობთ?

- მე და ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად ვცხოვრობთ აეროდრომის დასახლებაში, საკუთარი სახლი გვაქვს. სოციალურად დაუცველები ნამდვილად ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულს შვილი უნდა წამართვან. ჩემი მეუღლე ძალიან შრომობს, იტანჯება, წვიმაში დახეული ფეხსაცმელებით დადის და ისე მუშაობას, რომ შვილებს საჭმელი არ მოაკლდეთ. სოციალური დახმარება ოჯახს წლებია გვაქვს, თვეში 280 ლარს ვიღებთ, ამას გარდა გვემატება ბავშვების საკვების ბარათი. წვალებით გაგვაქვს თავი და ასე გავზრდით მესამე შვილსაც. წარმოიდგინეთ, იანვარში ვიმშობირე. ამდენი თვე გავიდა და ერთხელაც არ მინახავს ჩემი ახალშობილი. საავადმყოფოში არ მიშვებდნენ, არ შეიძლებაო, ხელში არ ამიყვანია ჩემი შვილი, ისე გადასცეს სრულიად უცხო ადამიანს. სხვასთან იქნება ბედნიერი თუ ბიოლოგიურ ოჯახში, ეს მითხარით. სოცაგენტი მეუბნება, ჩემთან ითანამშრომლე და გაგატან ბავშვსო. ვერც გავიგე რას მელაპარაკება. ნუთუ არ შეიძლება დედას ჰკითხონ, თანახმა ვარ თუ არა ჩემი შვილი სხვას მივცე გასაზრდელად.

- მარიამ როგორც შევიტყვე, თქვენ ამ სამი შვილის გარდა კიდევ გყავთ 2 შვილი, რომლებიც თურმე პატარაობიდან მინდობით აღზრდაში არიან და სხვაგან იზრდებინ. ისიც მითხრეს, იმ ბავშვებთან არც მიდიხართ, ანუ თქვენთვის უცხო არ არის შვილის მინდობით აღზრდაში ყოფნა...

- ის ამბავი ახლა ამასთან რა კავშირშია. კარგით გეტყვით. პირველი მეუღლე ძალიან მამწარებდა, ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მასთან ცხოვრება შეუძლებელი იყო, ლოთი იყო სულ მცემდა. მასთან ორი გოგონა მყავს. დიახ, სოცაგენტებმა წაიყვანეს ბავშვები, ისინი სოფელში დედაჩემის მეზობლად მინდობით აღზრდაში ცხოვრობენ. როცა ჩავდივარ დედასთან, ვნახულობ ჩემს შვილებს. ეს ამ საქმესთან რა კავშირშია? კიდევ ვამბობ, ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მეზობლებთნ ვიმალებოდი მაშინ 6 თვის მყავდა პატარა. 3 წლის პატარა ბავშვი რომ გავშორდი მაშინ გადაეცა ჩემი შვილები მზრუნველობის სამსახურს. დღეს დიდები არინ, უფროსი გოგო 13 წლის ხდება. 3 წლის და უფროსი 6 წლის იყო ბავშვები რომ წაიყვანეს. მოხდა ისე, რომ ბავშვები სხვაგან გაიზარდნენ. ტყუილია რომ მე შვილებს ვამათხოვრებ. ჩემი შვილი დამიბრუნონ.

- იმ ორი გოგონას წამოყვანა არასოდეს გიცდიათ? - არა, მე რომ პირობები მქონდეს სახლში, იმათაც აქეთ წამოვიყვანდი. ჩემი ქმარი არ იქნებოდა წინააღმდეგი და ჩემს 5 შვილს ერთად გავზრდიდი, მაგრამ ამის პირობები არ მაქვს. მე გადაყრილი არ მყავს ჩემი შვილები. მათთან მაქვს ურთიერთობა, კახეთში არიან. არც ერთი შვილი არ მყავს ქუჩაში გადაგდებული. მინდობით ზრუნვაში რომ გადადის ბავშვი, ბავშვის გამზრდელს სახელმწიფო თითო ბავშვზე 460 ლარს აძლევს. მე, გაჭირვებულ ბიოლოგიურ დედას რომ მომცეს სახელმწიფომ ის 460 ლარი არ ჯობია? თუ რამე დახმარება შეუძლიათ, მე მომცენ ყველაფერი და ჩემს შვილს მე მივხედავ.

- სამივე პატარა თქვენს გვარზეა, არ გაქვთ ხელი მოწერილი მეორე მეუღლესთან?

- გეთიაშვილი ჩემი პირველი მეუღლის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარი ოდიშელიძეა, რომ გავთხოვდი გადავედი მეუღლის გვარზე, მასთან დღემდე განქორწინებული არ ვარ, არ მაძლევს თანხმობას, მეორე ქორწინებიდან უკვე 7 წლის შვილი მყავს და იმას კიდევ ჰგონია, რადგან ქორწინებაში ვარ მასთან, იმ მოძალადესთან დავბრუნდები. ეს გამორიცხულია. განქორწინებული არ ვარ, ამიტომ მეორე მეუღლესთნ გაჩენილი ჩემი სამი ბავშვიც ყოფილი მეუღლის გვარზეა. ახლა პატარა რომ გაჩნდა, იუსტიციის სახლში ჩემმა ქმარმა სცადა თავის გვარზე ჩაეწერა ბავშვი, მაგრამ უარი უთხრეს, იმასთან განქორწინებული არ არის ოფიციალურად და ამიტომ ვერ ჩაწერთ ბავშვს თქვენს გვარზეო, თორემ რომელ კაცს უნდა თავისი შვილები სხვის გვარზე იყვნენ. სასამართლოში მინდოდა მეჩივლა და ისე გამეკეთებინა განქორწინება, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ადვოკატი ავიყვანო. რასაც ვშოულობთ ყველაფერს ვახმართ ჩვენს შვილებს. შვილი წამართვეს და ახლა იმას ვყვირი, დამიბრუნეთ ჩემი შვილი.

(სპეციალურად საიტისთვის)