ნიკა თავაძე: "დედა სულ ჩემთან არის, სულ გვაქვს ურთიერთობა, სულ თან დამყვება..." - კვირის პალიტრა

ნიკა თავაძე: "დედა სულ ჩემთან არის, სულ გვაქვს ურთიერთობა, სულ თან დამყვება..."

როგორია ნიკა თავაძის ყოველდღიურობა პანდემიის დროს, ვისთან ერთად არის იზოლაციაში, რაზე დააფიქრა და რა აღმოაჩენინა ამ დღეებმა ცნობილ მსახიობს? - ამ საკითხებზე მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- მარტო თქვენ და მეუღლე ხართ იზოლაციაში?

- არა, ოთხნი ვართ: ჩემი შვილი, მეუღლე ნატო მურვანიძე, ქალბატონი მაკა მახარაძე - ნატოს დედა და მე. თუ რამე აკრძალვა არსებობს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, ამიტომ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა მითითება, მიუხედავად იმისა, რომ რთულია, ყოველდღე მუშაობას და სხვა რეჟიმს მიჩვეულმა აბსოლუტურად შეცვალო ცხოვრების წესი. თუმცა ბევრი სიახლეც ჩნდება ამ პირობებში. თავიდან ყოველთვის რთულია ახალ წესებთან შეგუება, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები ჩნდება, ფიქრობ, სასარგებლოც კია ეს ყველაფერი. რაც მანამდე არ გაგიკეთებია, იმას აკეთებ.

...

- ადამიანები ბედნიერების ან მძიმე განსაცდელისას ბევრს ფიქრობენ დედაზე...

- რა თქმა უნდა და მეც მათ შორის ვარ... განსაკუთრებით აღდგომის დღეებში ვართ ხოლმე ფიქრებით ახლოს იმ ადამიანებთან, ვინც დავკარგეთ... დედა სულ ჩემთან არის, სულ გვაქვს ურთიერთობა, სულ თან დამყვება... ყოველთვის ვფიქრობ, ამა თუ იმ მომენტში როგორ მოიქცეოდა, რას იფიქრებდა, რას მეტყოდა...

- ახლა რას გეტყოდათ?

- იზა იყო იუმორით დაჯილდოებული, თან - ძალიან ძლიერი. არ მახსოვს, ეწუწუნა რამეზე ან პრეტენზია გამოეთქვა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება სირთულეებთან ბრძოლაში გაატარა და ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა სიტუაციებიდან. ახლაც ადამიანების ტკივილი მისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა. სხვის ტკივილს ძალიან განიცდიდა, გულთან მიჰქონდა ყველას გაჭირვება. მახსოვს, ხშირად მოჰყავდა სახლში ადამიანები, რომელთაც არ ვიცნობდი და ისინი თვეობით ცხოვრობდნენ ხოლმე ჩვენთან. 18 წლის ვიყავი. ერთხელ შემოვდივარ სახლში და დაახლოებით 25 წლის გოგონა მხვდება. გვიანობამდე ისაუბრეს, მერე ლოგინი გაუშალა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა... ბოლოს ვკითხე, დედა, ეს გოგო ვინ არის-მეთქი. სახლი არ აქვს, უჭირს და იყოს, რა, ჩვენთანო... მოკლედ, ამ გოგოს გათხოვებასაც მოვესწარით და ძალიანაც დავახლოვდით.  ბევრს ვფიქრობ დედაზე, განსაკუთრებით - რთულ სიტუაციებში, როგორი ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდა სირთულეების მიმართ. გვინდა დოკუმენტური ფილმი გადავიღოთ დედაზე...

- თქვენ რას ეტყოდით ახლა მას, ამ პანდემიის დროს?

- ვეტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩემთან ერთად არის, მაინც ძალიან მენატრება. იხილეთ სრულად