"ჩემს შვილთან მინდა წავიდე. მთავარია, ჩემი შვილიშვილი ფეხზე დადგეს..." - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილთან მინდა წავიდე. მთავარია, ჩემი შვილიშვილი ფეხზე დადგეს..."

2017 წლის 28 მარტი - ეს არის ყველაზე მძიმე დღე ცნობილი ექიმის, მარინა ენდელაძის ცხოვრებაში. ამ დღეს მისი ერთადერთი შვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი დაიღუპა. მანამდე მარინა ენდელაძეს საყვარელი დისშვილი ასევე მოულოდნელად, გულის პრობლემით გარდაეცვალა და როგორც თავად ამბობს, ამ დროიდან მოყოლებული მისი ვაჟი ხშირად ფიქრობდა სიკვდილზე… „პირველი პაციენტის მოსმენისას მივხვდი, რომ გონება მასზე გადაერთო და პირველად ამ სამი თვის განმავლობაში სხვა რამეზე ვფიქრობდი. ჩემმა საყვარელმა საქმემ გადამარჩინა“ , - აღნიშნავს fortuna.ge-სთან ინტერვიუში ცნობილი ექიმი, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

მარინა ენდელაძე: - ბევრი რთული დღე მქონია, მაგრამ ყველაზე მძიმე 2017 წლის 28 მარტი იყო, - უსაშველო დღე… ამ რთული მდგომარეობიდან თუ გამოვიდოდი, ვერავინ იფიქრებდა. ეს არის ჩემი შვილის გარდაცვალების დღე… ჩემი მეუღლე შვიდი წლით ადრე გარდაიცვალა და ეს იყო უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შვილის გარდაცვალება ისეთი რამეა… მარინა ენდელაძე დრო მკურნალი არ არის, უბრალოდ, ეჩვევი ასეთ სიმძიმეში ცხოვრებას. დროს მოაქვს ის, რომ სიმწარესთან ერთად იცხოვრო, შეასრულო შენი საქმე. შვილი ისეთია, მის გარდაცვალებას ვერ შეეგუები, მას ვერ დაივიწყებ, ამ შეგრძნებასთან ერთად სწავლობ ცხოვრებას, სხვა განზომილებაში გადადიხარ. ჩემი პროფესია რომ არა, ალბათ, ამას ვერ გადავიტანდი. ჩემი თანამშრომლები დამიდგნენ გვერდში და არ მომცეს საშუალება, შინ დიდხანს ვყოფილიყავი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ვერ წარმოიდგენთ, შვილის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ სამსახურში რომ გავედი და პირველი პაციენტი გავსინჯე, მის ანამნეზს რომ ვისმენდი, მივხვდი, რომ ჩემი გონება პირველად გადაერთო სხვა რამეზე. ვიყავი პაციენტთან… იმ წუთებში ბედნიერი ვიყავი, რადგან სხვა რამეზე ვფიქრობდი. რაღაც მომენტში გაითიშა ტვინი… ... ახლაც რომ გესაუბრებით, მეჩვენება, რომ მისმენს… ჩაცმის სტილიც კი შევიცვალე, მას როგორც უყვარდა, ისე ვიცვამ, დაბალქუსლიან ფეხსაცმელს, კედებს… მას როგორც მოეწონება, მინდა, ისე მოვიქცე. ერთადერთი, შავთან დაკავშირებით ვერ გადავწყვიტე… მიჭირს ძალიან შავების გახდა, თუმცა ჩემი შვილიშვილი სულ მეუბნება, რომ ირაკლის ეს არ მოეწონებოდა…

- ერთი შვილიშვილი გყავთ? როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ცოტნე ჩემთან ცხოვრობს, 16 წლისაა. 14 წლის ასაკში ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე ჩოგბურთელი იყო, მამის გარეშე ვეღარ შეძლო, ირაკლი იყო მისი მენეჯერიც, ტრენერიც, ყველაფერი. სულ ირაკლის დაჰყავდა ტურნირებზე, საზღვარგარეთ მუდამ ერთად დადიოდნენ. ახლა ცოტნე ხატავს, სწავლობს… ის რომ არ მყავდეს, არ ვიცი… თანაც, მამამისის ასლია, კოპირებითაა გადაღებულიო, ასე ამბობენ (იღიმის). ხშირად მეშლება ხოლმე, ირაკლის ვეძახი. ერთხელაც მითხრა, შენ გინდა ცოტნე დამიძახე და გინდა ირაკლიო. ჩემთვის ცოტნე ყველაფერია ამქვეყნად, შვილიც და შვილიშვილიც. მას ბევრ რამეს ვუზიარებ. რჩევებს სულ შვილს ვეკითხებოდი, მის გარეშე არაფერს ვაკეთებდი. ახლა ცოტნეს ვეკითხები.

- თუ გიფიქრიათ, რას ეტყოდით ირაკლის, ცოცხალი რომ იყოს?

- ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი… პირველ რიგში, ვთხოვდი, რომ თავს გაფრთხილებოდა, თუმცა მისი ბრალი არ იყო… ძალიან მოულოდნელი იყო… ბევრი რამ მექნებოდა მისთვის მოსაყოლი. რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ჩემს შვილს ძალიან გაეხარდებოდა და ვიცი, რომ ბედნიერი იქნებოდა. ამას სიზმარშიც მაგრძნობინებს. ხშირად მესიზმრება.

- როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?

- არ წარმომიდგენია საერთოდ. ჩემს შვილთან მინდა წავიდე. მთავარია, ჩემი შვილიშვილი ფეხზე დადგეს. იმ დროისთვის დიდი იქნება… იხილეთ სრულად