"წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი" - კოტე მახარაძის ფრაზა, რომელიც უეფას საუკუნის ჰიტებში მოხვდა - კვირის პალიტრა

"წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი" - კოტე მახარაძის ფრაზა, რომელიც უეფას საუკუნის ჰიტებში მოხვდა

ზუსტად 39 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში, აღმოსავლეთ გერმანულ "კარლ ცაისთან" შეხვედრა ქართული სპორტის და მთელი ქვეყნის დიდ დღესასწაულად იქცა. თამაშის სცენარი კარგად გახსოვთ: მეორე ტაიმის შუაწელში გერმანელები გერჰარდ ჰოპერს გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ქართველთა ჯერი დადგა: ჯერ ვლადიმერ გუცაევმა, მერე კი ვიტალი დარასელიამ "დინამოს" თასების მფლობელთა თასი მოაგებინეს.

მოგეხსენებათ, ეს ისტორიული მატჩი მიჰყავდა კოტე მახარაძეს.

ამ ცოტა ხნის წინ, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) ევროპული ფეხბურთის კომენტატორთა ყველა დროის ცნობილი ფრაზები შეკრიბა და საზოგადოებას წარუდგინა. საუკუნის ჰიტებს შორის მოხვდა ცნობილი ქართველის, კოტე მახარაძის დაუვიწყარი სიტყვები, რომელიც მაშინ თქვა, როცა 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში გაიმარჯვა.

"Представляю что сейчас творится в столице Грузии - Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна" - "წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი! ზეიმობს მთელი ქვეყანა!" - თქვა იმ დროს ქართველმა კომენტატორმა, რის გამოც ახსნა-განმარტებების მიცემა საბჭოთა უშიშროებისთვის მოუწია.

უეფას საიტზე ვკითხულობთ: "ეს ფრაზა თქვა საბჭოთა კომენტატორმა კოტე მახარაძემ, წარმოშობით ქართველმა, მისმა კომენტარმა გამოიწვია კე - გე- ბეს დაინეტრესება, თუ რომელ "ქვეყანას" გულისხმობდა მახარაძე. რადგან ეს ფრაზა ბევრს შეიძლება აღექვა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა". (წყარო)

მოგეხსნებათ, კოტე მახარაძეს მატჩის რეპორტაჟი რუსულ ენაზე მიჰყავდა და ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ამ მატჩის რადიორეპორტაჟი ქართულ ენაზეც გადაიცემოდა, რასაც წლების წინ  "კვირის პალიტრასთან" რევაზ ჟვანია მოყვა, ვისაც შორეულ ნაოსნობაში ორ ათეულ წელზე მეტი ჰქონდა გატარებული.

ამონარიდი მისი ინტერვიუდან:

"თუ ზღვაში არ ვიყავით, ბათუმიდან ჩამოსვლას რა უნდოდა და თბილისში გამართულ "დინამოს" არც ერთ საერთაშორისო მატჩს არ ვაცდენდი. ისე დაემთხვა, რომ იმ წელს თასების მფლობელთა თასზე ჩვენი გუნდის ყველა საშინაო მატჩს დავესწარი, "ფეინოორდთან" ნახევარფინალური მატჩის განმეორებით ტელერეპორტაჟს კი - ნოვოროსიისკში, გემ "Художник Герасимов" -ზე ვუყურე. ხომალდის კაპიტანი ქართველი გახლდათ - ბატონი ბიჭიკო ვარშანიძე, შესანიშნავი და ეკიპაჟზე გადაყოლილი კაცი.

კუბაზე მივემგზავრებოდით, გემი უკვე დატვირთული იყო და დილით უნდა აეღო სტარტი, მაგრამ, რადგან "ფეინოორდთან" მატჩის რეპორტაჟი საღამოს იწყებოდა, ნაპირიდან მოშორებით კი მხოლოდ რადიორეპორტაჟს თუ მოვუსმენდით, ბატონმა ბიჭიკომ იქამდე გადადო გემის პორტიდან გასვლა, სანამ ეკიპაჟმა ნახევარფინალის ყურება არ დაასრულა. მაშინ დატვირთული გემის პორტში გაჩერება წარმოუდგენელი ამბავი იყო, მაგრამ ბიჭიკო ვარშანიძეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და...

- თუმცა ფინალის დღეს არც მისი ავტორიტეტი გიშველიდათ - შუაგულ ოკეანეში გემზე ხომ ტელესიგნალს ვერ მიიღებდით...

- ეს მაშინ იყო შეუძლებელი, თორემ დღეს... მოკლედ, 13 მაისს დილიდან მივუსხედით რადიომიმღებებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გემზე რამდენიმე ზემძლავრი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური გვქონდა, ვერც ერთი "საჩვენო" არხის დაჭერა ვერ შევძელით. რა უნდა გვექნა, ვისხედით სასოწარკვეთილები.

არადა, მატჩი უკვე დაწყებულია. იმედი რომ გადაგვეწურა, მოულოდნელად ერთ-ერთი კაიუტიდან ქართველმა მექანიკოსმა დაგვირეკა - თავისი ძველი იაპონური ტრანზისტორით ქართული რეპორტაჟი დაუჭერია. მისი კაიუტა რამდენიმე წამში გაივსო ხალხით. ათიოდე კვმ ფართობის ოთახში იმდენი ადამიანი როგორ დავეტიეთ, დღემდე ვერ გამიგია...

- რეპორტაჟს ვინ გადმოსცემდა?

- არც იმ ადამიანის ვინაობა ვიცით, არც ის, რომელ სიხშირეზე ვუსმენდით. თემურმა თქვა, მგონი, ვატიკანიდან უნდა იყოს გადმოცემაო. როგორც ჩანს, კომენტატორი ქართველი ემიგრანტის შთამომავალი იყო და საქართველოში საერთოდ არ იყო ნამყოფი, ისეთი დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა. არც საფეხბურთო ტერმინები იცოდა კარგად - ეტყობოდა, სიტყვათშეხამება "სახიფათო მომენტი" არც ჰქონდა გაგონილი და როცა ასეთი ვითარება შეიქმნებოდა ჩვენს კართან ამბობდა, საშიშია, საშიშიო.

ერთ ეპიზოდში იმდენჯერ გაიმეორა ეს სიტყვა, რომ მართლა დავიზაფრეთ შიშით (იცინის)...

აშკარად ეტყობოდა, რომ არაპროფესიონალი კომენტატორი იყო. ყველა ფეხბურთელის გვარიც არ იცოდა. ხშირად ახსენებდა ღმერთს - ჩვენს კართან ვითარება რომ განიმუხტებოდა, ღმერთმა გადაგვარჩინაო, იტყოდა. ერთ ეპიზოდში ასეთი რამეც თქვა: "ბურთი არ მოხვდა ყიფიანის ფეხს!" ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, კომენტატორმა მადლობა შესწირა უფალს და - ქართველები ისე არ წახდებიან, გერმანელებს დაუთმონ გამარჯვებაო, თქვა. საერთოდაც, ძველ ქართულ სიტყვებს ხშირად იყენებდა. გაგრძელება