გზები და სულელები - კვირის პალიტრა

გზები და სულელები

"არ დაელაპარაკო ადამიანს, ვისთანაც ღირს ლაპარაკი - ნიშნავს დაკარგო ის. დაელაპარაკო იმას, ვისთანაც ლაპარაკი არ ღირს - ნიშნავს დაკარგო სიტყვა. ჭკვიანი არ დაკარგავს არც სიტყვასა და არც ადამიანს", - კონფუცის ეს შეგონება ძალიან მომწონს და ხშირად ვცდილობ კიდეც მივდიო მას.

ამჯერადაც ვიფიქრე, არ იქნება გონივრული, თბილისში ჩამოსულ ვლადიმირ ტოლცს არ დაველაპარაკო-მეთქი. მეტიც, რატომღაც თქვენთვისაც მომინდა შეხვედრის შემდეგ აზრის გაზიარება, რადგან არც თქვენთან ლაპარაკი უნდა იყოს "სიტყვის დაკარგვა".

ეს ტოლცი რა კაციაო, მკითხავს, ვინც არაფერი იცის მის შესახებ. ტოლცი ის კაცია, ვინც საბჭოთა ეპოქაში კომბლებს თლიდა, ოღონდ კომბლესგან განსხვავებით, ჭერში არ აწყობდა და საკმაოდ ოსტატურად იყენებდა თავისუფალი სიტყვისა და აზრის დასაცავად.

კიდევ ის კაცია, ვინც შუაგულ ევროპაში, კომფორტულ ავტომანქანაში მოკალათებული, 30 კილომეტრით გასცდა გაბდღვრიალებულ სტრასბურგს და იცით, რატომ? დისკს უსმენდა, "Мне Тифлис горбатый снится", დიდი რუსი პოეტების საქართველოსადმი მიძღვნილ ლექსებს, წაკითხულს მისი ძველი მეგობრის, გოგი ხარაბაძის მიერ და ვერ მოსწყდა... მათი ფასი იცის და იმიტომ.

ყველა დისიდენტისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის მსგავსად, მისი ცხოვრებაც უსიამოვნო და დამამცირებელი იყო საბჭოთა რუსეთში.

ბროდსკის აქვს ნათქვამი: "სუკ-ის თანამშრომლებიც იგონებდნენ საქმეს, იმიტომ, რომ ნამდვილი საქმე არ გააჩნდათო".

დაახლოებით ასეთი საქმე "შეუკერა" განათლებით - ისტორიკოსს, სამუშაო გამოცდილებით - ჟურნალისტს, მორალურად "არამდგრად" ტოლცს სუკ-მა. ასეთ "საქმეებს" კი ყოველთვის უძღები შვილის საბჭოთა მკერდიდან მოგლეჯა მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.

1982 წელს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდასა და კომუნისტური იდეალების ღალატში მხილებული ვლადიმირ ტოლცი სამშობლოდან გაასახლეს. ერთ წელიწადში მან მიუნხენში, რადიო "თავისუფლებაში" დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად, "სამიზდატსა" და დისიდენტებზე ამზადებდა მასალებს, შემდეგ ანალიტიკას მიჰყო ხელი. დღემდე ცხოვრობს და მუშაობს პრაღაში, - რადიო "თავისუფლების" გადაცემათა რედაქტორი და წამყვანია.

პირველად იყო სიტყვა...

და ამ სიტყვის ეშინოდათ და ეშინოდათ ყველაზე მეტად ხელისუფლებათა სათავეში მყოფთ.

მის თავისუფლებას ემუქრებოდნენ და ემუქრებიან ყველაზე დაუნდობლად - ხმლით, მახვილით, დევნით, შევიწროებით...

ეს რომ მხოლოდ წარსულის გამოცდილება იყოს, ტოლცსა და მით უფრო თქვენ, თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ დღეს უარესი ხდება, სიტყვის დათრგუნვის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდებია საქმეში ჩართული.

ჩემს დასავლელ კოლეგას საბჭოთა და დღევანდელი რუსეთის შედარება ვთხოვე ამ კუთხით. რა თქმა უნდა, საუბრისას არ დაგვვიწყებია ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში დაღლილი ბებერი ევროპა, უფრო სწორად, რადიო "თავისუფლება", რომელსაც სხვა "ხმებსა" და "ტალღებთან" ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის საბჭოთა მოქალაქეების გამოფხიზლებასა და ძლევამოსილი საბჭოეთის დანგრევაში.

სტალინის პირამიდა

- საბჭოთა კავშირში ცხოვრებისას, - ამბობს ტოლცი, - არ შეიძლებოდა წარმოდგენა მქონოდა, რას ნიშნავდა სიტყვის თავისუფლება. იმ ორ გაზეთს - "პრავდასა" და "წყლის ტრანსპორტს" - რომლებსაც დილაობით, რძის რიგში მდგარი რეგულარულად ვკითხულობდი, არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასთან, მით უფრო, თავისუფალ სიტყვასთან.

დასავლეთში ცხოვრების შემდეგ მივხვდი ყველაფერს. თუმცა დასავლეთში თავისუფლება ყველაფრის დაშვებას, განუკითხაობას არ გულისხმობს. არ დაგავიწყდეთ, იქ ადამიანის უფლებების გვერდით კანონის უზენაესობა დგას.

ყბედობა ყველაფერზე შეიძლება, თან გაუთავებლად. მთავარი ნათქვამზე პასუხისმგებლობის აღებაა. უპირველესად საკუთარი თავის წინაშე, შემდეგ მეორე ადამიანისა. რადგან სიტყვამ შეიძლება შეურაცხყოს, ღირსება შეულახოს და სერიოზული, არასასიამოვნო ცვლილებების საფუძველი გახდეს მის ცხოვრებაში. გაგიგიათ, ალბათ, კანტის "მორალური იმპერატივი" - პიროვნებას საკუთარი მორალი კარნახობს, რა არის დასაშვები. მორალი აყალიბებს ზნეობრივ პრინციპებსაც. შემდეგ მუშავდება ეთიკური ნორმები, იქვე კანონიც წამოგეშველებათ და მიიღებთ სიტყვის თავისუფლების დასავლურ მოდელს, ყველაფერ ამას პლუს, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი.

საბჭოთა და ევროპულ მედიასივრცეს შორის ძირითადი სხვაობა ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობაში იყო. დასავლეთში როგორც გამოხატვის, ასევე ინფორმაციის მიღების უფლება გარანტირებულია.

გაინტერესებთ, როგორ მუშავდებოდა პოლიტიკური ინფორმაცია საბჭოთა კავშირში სტალინის დროს? მე ისტორიკოსი ვარ და წლების მანძილზე ვსწავლობდი საიდუმლო მასალებს.

მაშინ ინფორმაციის მთავარი ქარხანა იყო "საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო", ე.წ. NFCC-ი, რომელსაც მრავალსაფეხურიანი იერარქიული კიბე ჰქონდა. მწვერვალზე იყო მე-4, საიდუმლო განყოფილება, რომელიც, მაგალითად, 1953 წლის იანვრიდან მარტამდე, მხოლოდ ორ კაცს - სტალინსა და მალენკოვს აწვდიდა ინფორმაციას, ანუ 0351-ს - "განსაკუთრებით დახურულ" რუხ კონვერტებს.

სტალინს აინტერესებდა ყველაფერი, ისიც კი, რას წერდა რიგითი იაპონური გაზეთი ანტისემიტიზმზე მაშინ, როცა იაპონელებს სულ არ ჰყავთ ებრაელები.

5 მარტიდან, ბუნებრივია, სტალინი ვეღარ წაიკითხავდა ავადსახსენებელ "რუხ კონვერტებს" და წინდახედულმა მალენკოვმა, რომელიც სტალინის სიკვდილის შემდეგ პასუხისმგებლობამ დააფრთხო, პირამიდის კენწერო გააფართოვა, - მოლოტოვი, ხრუშჩოვი და ბერია გაიყვანა საქმეში. ახლა უკვე ოთხნი იყვნენ. 1956 წელს მათ ბერია გამოაკლდა. პირამიდის კენწერო ისევ გაფართოვდა. ოთხი - 22-ით შეიცვალა. როგორია, 22 კაცი 260 მილიონიდან? მხოლოდ 22 კაცს ჰქონდა ინფორმაცია და წყვეტდა, ვის და რა დოზით უნდა სცოდნოდა ან არ სცოდნოდა ის.

პუტინის პირამიდა

რუსეთში დღეს "რუხი კონვერტების" მოდელი აღარ მუშაობს, იმიტომ კი არა, რომ სურვილი არ არსებობს ინფორმაციის დაბლოკვისა. უბრალოდ, დრო შეიცვალა, ინტერნეტის ეპოქაა და პროგრესმა გზა გახსნა ინფორმაციისკენ, თუმცა მათაც აქვთ კონტროლის თანამედროვე ნოუ-ჰაუ.

თუ გაინტერესებთ, რამდენი კაცი მართავს დღეს რუსეთს და შესაბამისად, საინფორმაციო სივრცეს, ჩახედეთ АСТ#1-ის, ანუ კრემლის "ვერხუშკის" აბონენტთა სიას.

ალბათ, ისევ რამდენიმე კაცი... და, მათ მიერ კონტროლირებადი მედია.

სააკაშვილის პირამიდა

სულ მეშინოდა, ტოლცს ჩემთვის არ შემოებრუნებინა კითხვა, - ერთი, თქვენთან, "დემოკრატიის შუქურად" წოდებულ ქვეყანაში რა ხდება, ის მითხარიო.

მეშინოდა იმიტომ, რომ ვიცოდი, გამიჭირდებოდა ქართულ პირამიდაზე საუბარი. იმის აღიარება, რომ რაც პუტინის რუსეთში ხდებოდა, ჩვენც იგივე გვჭირდა, რომ "შუქურა" - თუკი ის არსებობდა კიდეც, უკვე კარგა ხნის ჩამქრალი იყო.

არც იმის თქმა მომინდებოდა, რომ რამდენიმე გაზეთი, ერთ-ნახევარი ტელევიზია და ამდენივე რადიო ცდილობს ურმის ლაფიდან ამოთრევას, დანარჩენს კი "რუხი კონვერტები" ურიგდებათ და მათ მიხედვით მარჯვედ წარმართავენ თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკას.

არც იმაზე საუბარი მესიამოვნებოდა, როგორ ოსტატურად ვფლობთ "საშინაო" და "საგარეო" ინფორმაციის შეთითხნისა და გრანდიოზული  Pღ-ების ტექნოლოგიებს, როგორი ორგანული აღმოჩნდა ქართველებისთვის "ორმაგი სტანდარტი"...

გ ა ვ ა გ რ ძ ე ლ ო?

ღმერთი გაახარებს ტოლცს, - არაფერი უკითხავს.

ეჭვი მაქვს, ყველაფერი ჩვენზე უკეთ იცის...

პერმი 36, ანუ ბანაკი - თავისუფლების ოაზისი

ბოლო დროს თუ ყოფილხართ რუსეთში-მეთქი, ვკითხე ტოლცს. "თვე-ნახევრის წინ ჩავედი მოსკოვში, ამჯერად პრობლემები არ შემქმნია. ადრე სახაროვის ფონდის მოწვევით კონგრესზე უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ არ შეგვიშვეს მე და ერთი ყოფილი დისიდენტი. კონგრესს გორბაჩოვი და მთელი ელიტა უნდა დასწრებოდა. იცით, რა ქნა ქალბატონმა ბონერმა, სახაროვის მეუღლემ? ვისაც საჭირო იყო, უთხრა: "მე კონგრესს გავხსნი, ვიტყვი, რამდენიმე კაცს ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევენ, არავითარი "პერესტროიკა" არ არსებობს და ამ სიტყვებით დავხურავო". მეორე დღესვე მიუნხენის საკონსულოში მოვიდა დაშიფრული კონვერტი - "ვიზა ტოლცისათვის". ეს 1991 წელი იყო.

ამჯერად კი პერმთან გაიმართა საკმაოდ უცნაური ღონისძიება. წარმოგიდგენიათ, გიგანტურ რუსეთში, სადაც თითქმის ყოველ ქალაქში იყო პოლიტპატიმართა ბანაკები, ერთადერთ ადგილას - პერმთან გახსნეს მუზეუმი-ნაკრძალი - პერმი 36.

უცნაურ, გულწრფელ საუბრებს მოისმენ იქ. მაგალითად, მსჯელობას პუტინის ადამიანურ "ღირსებებზე". მსგავსი რამ შეუძლებელია მოსკოვში მოისმინო. შევჩუკი ასრულებს სიმღერას, რომლის პირველი სტროფი ასეთია: "როცა ნავთი დამთავრდება, ჩვენი პრეზიდენტიც მოკვდება"...

ამ სანახაობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოიდგინეთ, მოდის საზიზღარი რუსული წვიმა, ხალხი კი ფეხს არ იცვლის, სველდება. ესტრადაზე ისევ შევჩუკი მღერის, ოღონდ ამჯერად იმაზე, როგორ დალია კა-გე-ბეს გენერალთან ერთად. ირგვლივ ათასობით კაცი ირევა. ცენტრიდან ჩამოსული როკ- და პოპვარსკვლავები, მსახიობები, ჟურნალისტები, ანდერგრაუნდის მხატვრები; ყოფილი პოლიტპატიმრები ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყნიდან; ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული ბანაკის ყოფილი მცველები, მათი შვილები, მათი ძაღლები; პერმის მხარის გუბერნატორი, რომლის შვილიც, ალბათ, აუცილებლად შვეიცარიაში სწავლობს...

რა შეიძლება ამ ხალხს ჰქონდეს საერთო? - არაფერი. მაგრამ, არა! ისინი ერთიანდებიან: აკრძალული სიმღერის, აკრძალული სიტყვის გარშემო, რაც შეუძლებელია მოსკოვში.

ფრთხილად! ეს დიდხანს გაგრძელდება!

შევჩუკის ვარდისფერი ოცნება, ნავთობი როცა დამთავრდება, პუტინიც დამთავრდებაო, ვფიქრობ, დიდხანს დარჩება ოცნებად. ნავთობი კარგა ხანს არ გამოილევა და ეს "ტრუბაც" კიდევ დიდხანს იქნება სერიოზული პროცესების სამართავი ბერკეტი.

პუტინი ჯერ ახალგაზრდაა, თავისუფლად შესაძლებელია პუტინ-მედვედევის წაკიდებაც. ძალაუფლება ძალიან ტკბილია!

რუსეთი აგრძელებს ველიკოდერჟავულ პოლიტიკას, საკუთარი ქვეყნის სუპერსახელმწიფოდ აღქმას. რეალურად კი, ნავთობით მანიპულირების მიუხედავად, ნელ-ნელა კარგავს ამ სტატუსს.

ასეთი თვითაღქმა, ისე როგორც ცალკეული მოქალაქისათვის, ხელისუფლებისთვისაც ტრაგიკულად დამთავრდება, - გადაიზრდება ნევროტიზმში, ავადმყოფურ მდგომარეობაში, რაც მძიმე პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს.

შედეგი მძიმე მხოლოდ რუსეთისთვის არ იქნება. ყველაზე მეტად ის მეზობელ ქვეყნებთან ცივილიზებული ურთიერთობის პერსპექტივას დაემუქრება.

ევროპას რაც შეუძლია, აკეთებს, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ამ ეტაპზე მისი მოქმედება უშედეგოა.

ძალზე მაშფოთებს ტერორისტული ომი, რომლის ესკალაციაც მიდის. რუსეთი ვერ უმკლავდება კავკასიას.

ყოველდღე მესმის რუსული მედიიდან მათი მიღწევების შესახებ ტერორისტებთან ბრძოლაში, ამის პარალელურად მუდმივად მიდის ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე, ხან სად და ხან სად, მოწყობილ ტერორისტულ აქტებზე, რომელთაც უდანაშაულო ხალხი ეწირება.

ვფიქრობ, კავკასიაში ძალიან გაუჭირდება რუსეთს, ეს კი უფრო გააღიზიანებს, გააბრაზებს და უფრო აგრესიულს გახდის მას.

"ცხოვრება - მშვენიერია"

ისევ დავფრთხი, ჩემთვის არ უკითხავს რადიო "თავისუფლების" მოქმედ ჟურნალისტს, რუსეთთან ასწლეულების ურთიერთობამ არაფერი გასწავლათო?

როგორ არ მინდოდა, მეპასუხა, რომ ვერაფერი ვისწავლეთ; რომ არ გვეყო ჭკუა მეზობლის მზაკვრულ, მოუქნელ, აგრესიულ მანევრებს შესაბამისად დავხვედროდით და მიწა არ დაგვეთმო მისთვის;

რომ ჩემი თანამემამულეების ერთი ნაწილი შარშანდელ აგვისტოს ომს მოგებულად თვლის და ამაყობს, რომ მსოფლიოს თვალში ნიღაბი ჩამოხსნა აგრესორ რუსეთს; რომ ჩვენში ძალა უსამართლოა, სამართალი კი - უძლური;

რომ ჩვენ პოლიტიკური უმეცრების, უფრო ხშირად კი უმეცართა პოლიტიკის მსხვერპლნი ვართ;

რომ უამრავი შიდა პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, რასაც ხელს უშლის რუსეთთან "ცივი ომი" და არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ვითარება ჭრელ, დაქსაქსულ კავკასიაში...

ამჯერადაც დამინდო ტოლცმა, ისევ არაფერი მკითხა.

კიდევ, ბევრი ვილაპარაკეთ ჰიტლერზე, სტალინზე, პუტინზე, ქსენოფობიაზე, ნეობოლშევიზმზე, ნეოიმპერიალიზმზე.

როგორ გვიჭირს ორივეს - ჩვენ და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს - წარსულის ქიმერებთან ჭიდილი.

როგორ ვგავართ ერთმანეთს - მმართველობის ფორმითა და მეთოდებით, ძალაუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ლიბერალური ფასეულობების არარსებობით, მოქალაქეთა უფლებათა იგნორირებით, ათასგვარი "იზმებითა" და "ფობიებით"...

კიდევ გვაქვს ერთი საერთო: არ მახსოვს, ვისი ნათქვამია, კარგი კია, - რუსეთს სულელებისა და გზების გარდა, კიდევ სჭირს ერთი უბედურება: სულელები, რომლებიც მიგითითებენ, რა გზით უნდა იაროო(!).

სამწუხაროდ, არც ჩვენშია ამის ნაკლებობა.

თამარ ცაგარეიშვილი