"მხოლოდ ბოსტანი კი არ გავაკეთე, ჩემს ეზოში ქათმები და გოჭებიც გავზარდე" - ყოფილი მოდელი მარნეულში დიდი მეურნეობის გაკეთებას გეგმავს - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ბოსტანი კი არ გავაკეთე, ჩემს ეზოში ქათმები და გოჭებიც გავზარდე" - ყოფილი მოდელი მარნეულში დიდი მეურნეობის გაკეთებას გეგმავს

წარმატებული მოდელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გვაზავას მეუღლე, ნინო ორდენიძე დღეს თბილისის საკრებულოს თანამშრომელია. ამასთან ერთად, ორ მშვენიერ გოგონას ზრდის. როგორც თავად ამბობს, მისთვის სასიამოვნო და სიმშვიდის მომტანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. ბაღ-ბოსტანისა და  შინაური ცხოველების მოვლა კარგა ხანია მისი გატაცებაა.  რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებამ შეიტყო ამის თაობაზე,  როდესაც ნინო, წყნეთში, საკუთარ ბოსტანში ბარით ხელში გამოჩნდა და ნაირ-ნაირი ბოსტნეულიც მოიყვანა. დღეს, როდესაც ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო ადამიანები შინ გამოიკეტნენ, ბევრმა მოკიდა ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

ნინო ორდენიძეს ამჯერადაც სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ, როცა ინტერვიუს თემა ვუთხარით, გაიხარა, - რამდენი ხანია ჩემი მეურნეობის ამბებზე აღარ მილაპარაკიაო.

- მიწაზე მოფუსფუსე ნინო ორდენიძე მეც ძალიან მომწონს. სწორედ ამ დროს ვგრძნობ თავს კარგად. მიწაზე შრომას საოცარი აზარტი ახლავს. უცნაურად დადებითი ენერგიაც მოდის საიდანღაც. ასეთია მიწა, რომელიც, ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ მაინც მგონია, ასეთი შრომის სიყვარულს ბავშვობა აძლევს დასაწყისს. მიწა უფრო მაშინ გიზიდავს, თუ ბავშვობაში სოფელში გიწევდა ყოფნა და მიწას ხშირად ეხებოდი. თან შრომის მაგალითსაც იღებდი. მე ბებია მყავდა საოცრად მშრომელი ქალი, დაფუსფუსებდა და ყველაფერს ასწრებდა და აკეთებდა. ასევე სულ ხშირად დავდიოდი დედაჩემის სოფელ მათხოჯში, რომელიც ახლაც სასწაულია ჩემთვის. კიდევ ცხვარიჭამიაშიც მიწევდა ბავშვობაში აგარაკზე. მე ის ადამიანები მიზიდავდნენ, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, სოფლის, მიწის სითბოსა და სიყვარულს მიწილადებდნენ. ცხვარიჭამიაში ჩვენ გვერდით ერთი საოცარი ბებო ცხოვრობდა, მეწყინა ერქვა სახელად. როცა წამოვიზარდე და მისი სახელი გამიკვირდა, ვკითხე, - მეწყინა რატომ გქვია-მეთქი. და მითხრა, ჩემს დედ-მამას 10 გოგო ჰყავდა, მეთერთმეტეც რომ გოგო დავიბადე, მეწყინა დამარქვეს, მაგრამ ეს სახელი სულაც არ მწყინდა, რადგან დედ-მამას ძალიანაც ვუყვარდიო... ჰოდა, ასეთი ბებოც ხომ კიდევ უფრო შემაყვარებდა ფუსფუსსა და მიწაზე ფეხის დადგმას! მეც შევიყვარე. დღეს კი მთელი ჩემი ოჯახით წყნეთში ვცხოვრობ და თბილისის კორპუსში ცხოვრება ალბათ ძალიან გამიჭირდება. ჩემს მეუღლესაც ძალიან მოსწონს მიწასთან ახლოს ყოფნა. შინ ძაღლებიც გვყავს... და მათი მოვლაც მოსწონს.

- და მაინც, შეიძლება მიწასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოსტანი არ გააკეთო, სოფელშიც ბევრია ასე სამწუხაროდ. მეზობელთან დადის მწვანილის სათხოვნელად.

- მწვანილის სათხოვნელად მეც დავდიოდი მეზობელთან... თბილი მეზობლები მყავს, ხან რომელ ბოსტნეულს ვთხოვდი, ხან რომელს. ისინიც მეუბნებოდნენ, წაიღე, რამდენიც გინდაო. მაგრამ მერე მივათვალიერ-მოვათვალიერე ჩემი ეზო და ჩემს თავს ვუთხარი, - თუკი სხვა აკეთებს, ვითომ მე რატომ არ შემიძლია ჩემი ბოსტანი გავაკეთო-მეთქი. საკმაოდ დიდი ეზო მქონდა საბოსტნედ... ერთი სიტყვით, ავიღე ბარი და ბარვას შევუდექი. რასაკვირველია, მარტომ ვერ დავბარე, მაგრამ რაც მთავარია მშვენიერი საბოსტნე მიწა გამომადგა და ბოსტანიც ასე გაჩნდა: ქინძით, ოხრახუშით, კამით და სხვა გემრიელობებით. პიტნამ კი ბოლომდე გაილაღა. ამისთანა ყოფილა ეს პიტნა, ველური მცენარესავით იზრდება, ვერაფერი აჩერებს. ძალიან მიყვარს პიტნის ჩაი და ახალი ბოსტნეულით გაკეთებული კერძი. ამაზე გემრიელი არაფერია, კერძს საკუთარი ბოსტნიდან მოკრეფილი მწვანილით რომ მოამზადებ. ამბობდნენ, წყნეთში სამეურნეო მიწა არ არის, მაგრამ სინამდვილეში ძალიანაც სამეურნეო გამოდგა. მშვენივრად მოვიდა ბოსტნეული...

- ეს საკუთარი შრომით ტკბობაა. თუმცა, ისევ ვიტყვი, რომ რატომღაც ყველას არ გამოსდის.

- დაძალებით მართლა არ გამოვა არაფერი. თუ რაიმეს აკეთებ, გულით უნდა აკეთებდე, შინაგანად უნდა გინდოდეს რომ ეს საქმე გამოვიდეს. თუ ეს არ არის, არაფერიც არ გამოგივა. იმიტომაც არის, რომ ზოგს ყველაფერი ეადვილება, ზოგსაც არაფერი. გულს უნდოდეს, თორემ ჩემს ახლობელს პომიდორი ტერასაზე მოჰყავს. თავად არც კი მესმის, როცა გაქვთ ადგილი და გაქვს ენერგია, საქმე რატომ ვერ უნდა გააკეთო?! მხოლოდ ბოსტანი კი არ გავაკეთე, ჩემს ეზოში, ქათმები და გოჭებიც დავზარდე.

50 ქათამი შევიძინე რათა ოჯახსა და სტუმრებს გავმასპინძლებოდი და უცებ კვერცხისდება დაიწყეს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა ჩემს ეზოში, ლამის ყველგან კვერცხს ვპოულობდით...  ამის დანახვაზე ჩემი შვილები კიოდნენ სიხარულისაგან. მაგრამ იმ წელიწადს ისევ თბილისში მოგვიხდა დაბრუნება, სადაც ქათმებს, ცხადია, ვერ წავიყვანდით, ამიტომ ახლობლებს ვაჩუქეთ. მანამდე კი, ვისაც შეგვეძლო, ასევე კვერცხებსაც ვჩქუნიდით. ერთადერთი გოჭების ამბავმა დამასევდიანმა. ისინი სახლიდან მოშორებით მყავდა, მაგრამ მახარებდნენ და როდესაც დაკვლა გადავწყვიტეთ, მართლა ვინერვიულე.

ალბათ ყველასთვის ძნელია როდესაც მის გაზრდილ პირუტყვს კლავენ. სამაგიეროდ, საოცრად სასიამოვნოა ბოსტნეულის დაკრეფა და ბაღჩეულის მოწევა. გადაწყვეტილი მაქვს, სერიოზული ბოსტანიცა და მეურნეობაც სხვაგან, მარნეულში უნდა მოვაწყო. იქ გვაქვს მიწა, რასაც ჩემს ბაბუას ვუმადლი. ბაბუაჩემი წლების განმავლობაში მუშაობდა მარნეულში და მიწა ამ დროს იყიდა. მარნეულის მიწა კი ნაყოფიერი, უხვმოსავლიანია. წელს გვინდოდა მე და ჩემს მეუღლეს ამ მიწის დამუშავება, მაგრამ არ გამოვიდა, პანდემიამ შეგვიშალა ხელი. მომავლიდან კი ყველაფერს გავაკეთებ. იქ საუკეთესო კარტოფილსა და პომიდორს მოვიყვან. გქონდეს საკუთარი მოსავალი ამაზე საიმედო არაფერია. იცით, რა დამემართა აღდგომას? ჩაქაფულის გაკეთება რომ დავიწყე, მწვანე ხახვი რომ არ მქონდა, გვიან გამახსენდა. ამ მწვანე ხახვისთვის ლამის მთელი წყნეთი მოვიარა და ვერასად ვიშოვე... აი, მაშინ კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ მიწასა და საკუთარი ხელით შრომაზე საიმედო არაფერია.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)