"აქ ამერიკელი ბებოს, დედაჩემის მომვლელად ვმუშაობ" - რას ჰყვება ხათუნა იოსელიანის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"აქ ამერიკელი ბებოს, დედაჩემის მომვლელად ვმუშაობ" - რას ჰყვება ხათუნა იოსელიანის ქალიშვილი?

"ორი თვეა ხათუნა სახლიდან არ გასულა, რადგან ამერიკაში ისევ ძალიან რთული ვითარებაა"

მაკა შენგელია საინტერესო ბედის ოჯახში დაიბადა. ის მსახიობ ხათუნა იოსელიანის ქალიშვილია, იმ საშკა იოსელიანის დისშვილი, რომელიც აფხაზეთში გუმისთის მისადგომებთან 1993 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა, მაგრამ არასდროს წაშლილა ადამიანების მეხსიერებაში მისი პიროვნული თვისებების, დიდებული გარეგნობის, თუნდაც იმ ეპიზოდური როლის გამო, რომელიც "დათა თუთაშხიაში" შეასრულა. ქალბატონი ხათუნა ახლა ამერიკის მოქალაქეა, მანჰეტენზე ცხოვრობს და დაუღალავად შრომობს ქართულ თეატრში. ჩვენ ქალბატონ მაკა შენგელიას ამერიკაში დავუკავშირდით:

- მაკა, როგორ ხართ, როგორ არის დედა?

- შინ ვართ და ველოდებით უკეთეს დროს. დღეს დედა სარკეში იყურებოდა და მეუბნებოდა, მგონი, ვბერდებიო. გამეცინა, ქალი ყველა ასაკში ქალია.

ხათუნა თავისი ასაკისთვის ძალიან კარგად გამოიყურება, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ გადაიტანა ინსულტი, სადაც უნდა შევიდეს, ყველგან აღფრთოვანებას იწვევს. ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს თავისი განუმეორებელი ხიბლი.

ორი თვეა სახლიდან არ გასულა, რადგან აქ ისევ ძალიან რთული ვითარებაა. ზოგიერთი მეუბნება, შენ არაფერი მოგივა, ასე ძალიან ნუ ფრთხილობო, მაგრამ ვინ იცის, რა მომივა და რა არა, ეგეც არ იყოს, სახლში რისკ-ფაქტორის მქონე ადამიანი მყავს, რატომ უნდა გავრისკო? მხოლოდ მაღაზიაში ან აფთიაქში გავდივარ. მივდივარ ნიღბით, ხელთათმანებით, ფარით. სხვანაირად არც შეგიშვებენ. ჩვენი სახლი ქართველების თავშეყრის ადგილია, ახლა კი არავინ მოდის, გვიფრთხილდებიან. მხოლოდ ხათუნას ნათლიები მოდიან ხოლმე სახლთან, რომ ნათლულისთვის ძღვენი გადმომცენ.

- თავად ამერიკელები როგორ იჩენენ სიფრთხილეს? შიში საგრძნობია? - მანჰეტენზე, ძირითადად, ამერიკელები ცხოვრობენ. ცდილობენ თავიანთი ცხოვრების სტილი შეინარჩუნონ.

ჩვენ წინ დიდი პარკია, უამრავი ადამიანი დარბის ყოველდღე, ვარჯიშობენ, მაგრამ როცა მაღაზიაში შეხვდები, ცდილობენ შორიდან მოგიარონ, ზურგით დაგიდგნენ. აქ ტრანსპორტი არ აუკრძალავთ, მეტროც მუშაობს, რომელსაც ღამით კეტავენ დეზინფექციისთვის. ლიანდაგებსაც კი ხეხავენ, ავტობუსით სამი გაჩერება გავიარე, გვერდით არავინ მომჯდომია. ჭადრაკულად სხდებიან, ნიღბებით და ფარებით. მოკლედ, ამერიკელები სიფრთხილის ზომებს იცავენ.

რაც შეეხება ემიგრანტებს. ამას წინათ ბრაიტონში მომიხდა წასვლა, ბრუკლინში. ეს "ყოფილი საბჭოთა კავშირია", იქ ინგლისურად ლაპარაკს ვერ გაიგებ, რუსი, უკრაინელი, ქართველი და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრობენ. მგონი, იქ არც იციან კორონას არსებობის შესახებ, არც ნიღბები, არც რიგები მაღაზიებთან. ზედმეტად მოშვებული მომეჩვენა სიტუაცია.

- ვიცი, რომ ამერიკაში ბევრ ჩვენს თანამემამულეს შეხვდა ეს ინფექცია. - დიახ, უამრავ ჩემს ნაცნობს. სახლებში მკურნალობენ. ერთ ქალს ყოველდღე ვურეკავ, მთელი ოცდაათი დღეა კორონას ებრძვის. ყველას გაუჭირდა რეაბილიტაცია, არადა, მთელი ოჯახებით დაავადდნენ.

საბედნიეროდ, აქ ჩვენს საკონსულოსთან კრიზისცენტრი შეიქმნა, რომელიც დიდ დახმარებას უწევს ქართველებს, ასი ათასი მადლობა გენერალურ კონსულ დიანა ჟღენტს და კონსულ ეკა ნინუას, რომლებიც დიდ ყურადღებას იჩენენ. ამ ამბავში უამრავი ქართველი მოხალისე და ექიმია ჩართული. ყველას ეხმარებიან.

ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, მაგრამ მოგვიკითხავენ ხოლმე და ეს ძალიან გვახარებს. "ფეისბუკზე" წერდა ერთი ემიგრანტი, როგორ ვლანძღავთ ერთმანეთს პოლიტიკის გამო, არადა, როგორ გვყვარებია ერთმანეთიო. ჰო, უცნაური ხალხი ვართ.

- ჩვენმა ბევრმა თანამემამულემ სამსახური დაკარგა, ამიტომ მოგვიყევი შენი სამუშაოს შესახებ. - მე სამსახური არ დამიკარგავს, რადგან აქ ამერიკელი ბებოს, დედაჩემის მომვლელად ვმუშაობ. ამისთვის ჩამოვედი ნიუ-იორკში 5 წლის წინ. ეს ოფიციალური სამსახურია. ამერიკაში ასეთი ჰუმანურზე ჰუმანური კანონი აქვთ, ადამიანს უფლებას აძლევს მოუაროს მშობლებს და ამაში სახელმწიფო ხელფასს გადაუხდის. ეს კანონი და-ძმაზე, ცოლ-ქმარზე, დედა-შვილზე ვრცელდება. ჩვენ გვაქვს ოფისი, რომლის თანამშრომელიც გახლავართ, ასე რომ, როცა მე და დედა წავკინკლავდებით ხოლმე, ხათუნა მეხუმრება, იცოდე, დავრეკავ ოფისში და გამოგცვლიანო.

- რეალური დახმარებაც მიიღეთ ამერიკის ყველაზე მაღალი პერსონისგან. - მე და ხათუნა უბედნიერესი ადამიანები ვიყავით იმ დღეს. ჩვენ თეთრი სახლიდან ტრამპის ხელმოწერილი წერილი და თითოეულმა 1.200 დოლარი მივიღეთ. მერე ზოგმა დამცინა, რა ამბავი ატეხეო, იმიტომ, რომ ჩემი "ფეისბუკის" გვერდზე დავწერე, ღმერთო, დალოცე ამერიკა თანადგომისთვის-მეთქი! ახლაც იმავეს გავიმეორებ, ეს ხომ მხოლოდ მატერიალური დახმარება არ იყო, გაცილებით მეტი გახლდათ. როცა ამერიკაში ჩამოვედი, ერთი ფსიქოლოგი ქალი გავიცანი. ის მეუბნებოდა, ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ მე, ერთი რიგითი ადამიანი, მნიშვნელოვანი პერსონა ვარ სამყაროშიო. მაშინ გამიკვირდა მისი ეს განწყობა, მერე, წლები რომ გავიდა, მეც ვიგრძენი თავი მნიშვნელოვან ადამიანად, რომლის ერთ ხმასაც აქვს მნიშვნელობა და შრომასაც. დაცულობის განცდა გამიღრმავა ამ წერილმა და საჩუქარმა, რომელიც, ალბათ, სწორედ იმისთვის იყო გამიზნული, რომ ამერიკელებს თავი უკეთ ეგრძნოთ ამ რთულ ვითარებაში.

- ვიცი, რომ ქალბატონი ხათუნა ძალიან აქტიური ადამიანია. რა გააჩერა კორონამ მის ცხოვრებაში? - ფიზიკურად იმდენი აღარ შეუძლია, მაგრამ ეს ვერ აჩერებს. მას კორონას გამოჩენამდე უკვე ჰქონდა დაწყებული ახალ სპექტაკლზე მუშაობა. ნიუ-იორკის ქართულ თეატრში "ვოდევილებს" დგამდა. სამაგიდო სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდათ. ძალიან წუხს ამაზე, მაგრამ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. გარდა ამისა, პირადად ჩემს ცხოვრებაში მოხდა საოცრება, ტყუილად არ ამბობენ, რომ ამერიკაში ოცნებები სრულდება. მოკლედ, ხათუნასთან თინა მახარაძე თავის ამერიკელ ოპერატორთან ერთად მოვიდა. თინამ აქ სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა ფილმზე იწყებს მუშაობას. ეს ამერიკული პროექტია, ქართველი მარტო თინაა. მოვიდნენ ხათუნასთან და მეც აღმომაჩინეს. ამერიკელებთან ნაცნობობა არ ჭრის, თინას კი მოვეწონე და წამიყვანეს სინჯებზე კინოსტუდიაში. გავიარე სინჯები და მთავარ როლზე დამამტკიცეს! ფილმის სცენარიც უკვე წავიკითხე. თინას სცენარია, ამ საოცარი გოგოსი, რომლის ნიჭიერებაშიც ეჭვი არასდროს შემპარვია "ჩემი ცოლის დაქალებში" შექმნილი სახის შემდეგ. ფილმი ქართულ ოჯახზეა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ფილმის მიხედვით, დედაჩემი ხათუნა იოსელიანია, მამა კი ამერიკული თეატრის დრამატული მსახიობი.

- ანუ ამომავალ ვარსკვლავს ველაპარაკები? - კაცმა არ იცის... დავიწყეთ რეპეტიციები და ყველაფერი გაჩერდა. რეპეტიციაზე ერთი კამერა მუდმივად ჩართულია და გადაღების პროცესს იღებს. გამოდის, ხათუნას ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი გაჩერდა, კინოშიც და თეატრშიც. იმედია, ყველაფერი ეს დროებითია.

- "ღრმა ბავშვობიდან ხათუნას ბევრი როლი მახსოვს თეატრშიც და კინოშიც. ყველაზე მეტად ჰამლეტში მომწონდა, სადაც გერტრუდას თამაშობდა. ფართო მასები, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე, თეატრიდან კი არა, ფილმებიდან და სერიალებიდან იცნობდნენ... აქ ხათუნა სპექტაკლ "შთამომავლობას" დგამდა, რომელიც თავის დროზე რუსთაველის "სარდაფში" აქვს ნათამაშები. დღეს წამყვანი ქართველი მსახიობების აბსოლუტური უმრავლესობა თავის დროზე იქ თამაშობდა. პატარა დარბაზი და პატარა სცენა საოცარ პრივატულობის განცდას ბადებდა, სასაცილო ხელფასზე მოთამაშე მსახიობებიც ნამდვილ შედევრებს ქმნიდნენ...", - ეს საშკა კალმახელიძის, შენი ვაჟის "მანჰეტენის დღიურის" ამონარიდია. მინდოდა მკითხველს ენახა, რას წერს შვილიშვილი ბებიაზე. სად არის ახლა საშკა? - საშკა ახლა თბილისში ცხოვრობს. სამწუხაროდ აქ არ გაჩერდა, ამიტომ ყოველ დილით ვართ კავშირზე თბილისთან.

- არ შემიძლია არ გკითხო შენს გატაცებაზე, ქსოვაზე, რომელსაც ვიცი, რომ ქალბატონი ხათუნაც უჭერს მხარს. - ნიუ-იორკში ჩემი ნამუშევრების ორი გამოფენა-გაყიდვა მქონდა კორონამდე. "ქართული ბრენდის დღის" დამფუძნებლის მანანა გეგიძის ინიციატივით ჩვენებაც გავმართე. ქართული ბრენდის დღის დახურვა დამევალა. ხათუნა, რა თქმა უნდა, მთავარი პერსონაჟი იყო ჩემს გამოფენაზე. მიუხედავად იმისა, მეუბნებიან, საოცრად ფერადი ხარ შენს შემოქმედებაშიო, დედაჩემი მაინც ყოველთვის უფრო ფერადად გამოიყურება, რაც მაბედნიერებს.

- თვითიზოლაციის დროს თუ მოიცალე ქსოვისთვის? - არა, ამისი განწყობა არა მაქვს. ახლა მე და ხათუნა ბევრს ვსაუბრობთ, ვკითხულობთ, ახალ ფილმებს ვუყურებთ. ტელევიზია, ისევე როგორც ქართული, აქაც გძაბავს, ამიტომ უფრო გასართობ გადაცემებს ვუყურებთ, რაღაცა ახალიც "გამეხსნა" კულინარიული კუთხითაც, ტორტების ცხობაზე გადავედი. გურმანი ვარ და კარგად ჭამაც მიყვარს. ხათუნა მეუბნება, ღმერთმა შეგარგოს, შვილო, მაგრამ სად გეტევაო. ექვსი საათის მერე არასდროს ვჭამ, ამიტომ არ ვსუქდები.

მოკლედ, ახლა ხატვა, წერა, კითხვა, ცხობა მომინდა, ჰოდა, ასე ვიმახსოვრებ კორონას.

იხილეთ ასევე: "საქართველოში ვერ შევძელით, ღირსეულად გვეცხოვრა"

დეა ცუცქირიძე