ვინ არის ავტორი სიმღერისა "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი"? - კვირის პალიტრა

ვინ არის ავტორი სიმღერისა "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი"?

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი ჩანაწერს სიმღერისა "გამარჯობა, აფახაზეთო, შენი", რომელსაც მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი ასრულებდა. მელოდიური ქარგა და თემაც ზაზა კორინთელის, იმავე ზუმბას ცნობილი სიმღერის თითქმის ანალოგი იყო. მალე გავარკვიე, რომ ნუგზარ ყურაშვილის შესრულებული სიმღერა კომპოზიტორ გოგი ჩლაიძეს ეკუთვნის, რომელიც ზუმბას ნამღერამდე კარგა ხნის წინ დაიწერა.

ეს ინფორმაცია ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან დღემდე ამ სიმღერის ავტორად მეც, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ზუმბას მივიჩნევდი. რასაკვირველია, ზუმბას შესრულებასა და ჩლაიძის მუსიკას შორის არის განსხვავებაც, თუმცა პირველივე ნოტებიდან იცნობთ, რომ ეს ერთი და იმავე მელოდიის სხვადასხვა ინტერპრეტაციაა. შეგახსენებთ, ამ სიმღერით ზუმბამ 2007 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურს "პატრინოტში". სიმღერის მიხედვით გადაიღეს კლიპი, რომლის თითოეული მონაწილე ზუმბასთან ერთად ღირსების ორდენით დააჯილდოეს.

ვცადეთ დავკავშირებოდით გოგი ჩლაიძეს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამჯერად გთავაზობთ ბატონების ნუგზარ ყურაშვილისა და ჯიმშერ იაშვილის კომენტარებს. როგორც აღმოჩნდა, ბატონი ჯიმშერ იაშვილი ამ სიმღერის პირველი ჩანაწერის ხმის რეჟისორია.

- ჩვენ რომ ეგ სიმღერა ჩავწერეთ, ზუმბა დაბადებული ან იქნებოდა, ან - არა. რომელი წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა გეტყვით, რომ ეს მუსიკა დაიწერა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლისთვის და ჩაიწერა საქართველოს რადიოს ეროსი მანჯგალაძის ლიტერატურულ-დრამატულ სტუდიაში. სიმღერა ნუგზარ ყურაშვილმა შეასრულა. ის სპექტაკლშიც თამაშობდა, რომლისთვისაც შექმნა ეს მუსიკა გოგიმ. შემდეგ ეს სიმღერა სოხუმის კაპელამაც იმღერა. როდესაც ზუმბას შესრულებით ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, ავტორზე მეტი პროტესტი გამიჩნდა, გავბრაზდი, მაგრამ თვითონ გოგიმ გადაწყვიტა, არ გაეპროტესტებინა.

როგორც გავარკვიეთ, გოგი ჩლაიძის თავშეკავების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ზუმბა მისი შვილის მეგობარია.

ნუგზარ ყურაშვილი: - გოგი სხვანაირი კაცია, მისგან შორს არის ინტრიგა და ჩივილი, ამიტომაც არაფერი თქვა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს სიმღერა გაცილებით ადრე დაიწერა. ალბათ, ზუმბა იტყვის, მე სულ სხვა სიმღერა დავწერეო, მაგრამ აგერ თქვენ, სულ რომ არ იცოდით ჩლაიძის სიმღერის ამბავი, ხომ უცებ მიხვდით, რომ სწორედ იმის მიხედვით იმღერა ზუმბამ?..

P.S. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს პლაგიატია. გთავაზობთ ინტერნეტ მისამართს, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ სიმღერას ნუგზარ ყურაშვილის შესრულებით: files.ge/file/480759/01—Nugzar-Kurashvili

უახლოეს მომავალში კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს კომპოზიტორ გოგი ჩლაიძესთან, ასევე, ვეცდებით, დავუკავშირდეთ ზუმბასაც.

ანა გიორგაძე

გაზეთი ”ყველა სიახლე” #3