"ამ დრომ გვაჩვენა, რა მაგარი მასწავლებლები გვყავს" - კვირის პალიტრა

"ამ დრომ გვაჩვენა, რა მაგარი მასწავლებლები გვყავს"

"ახლა მშობლებიც დასხდნენ კომპიუტერებთან და ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა"

"კარგი მასწავლებელი ისაა, ვინც ბავშვს დააფიქრებს და აამოქმედებს, რათა თავისი ცოდნა რეალობად აქციოს. ბავშვი ყველაზე უკეთ სწავლობს იმას, რასაც თვითონ აკეთებს. მასში უნდა აანთო ეს სურვილი და დაბადო ეს სწრაფვა. ამას თუ ვერ გააკეთებ, არ ხარ კარგი მასწავლებელი...", - გვეუბნება ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია, რომელიც დისტანციური სწავლების ავკარგიანობაზე საკუთარ შეფასებას გვთავაზობს.

- ბატონო გია, პანდემიამ ყველაფერი გადაასხვაფერა, შეცვალა ჩვენი ურთიერთობები, ცხოვრების თუ ქცევის წესები, მათ შორის სწავლებისაც. რა დილემის წინაშე დადგა სკოლა, როცა დისტანციურ მუშაობაზე გადაეწყო?

- ამ მოვლენამ კი არ შეცვალა სწავლების წესი, არამედ გაამრავალფეროვნა, დამატებითი შტრიხები და შესაძლებლობები გამოაჩინა, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, აქამდეც რეალიზებული უნდა ყოფილიყო. დისტანციური სწავლების პრინციპი კაცობრიობისთვის არ არის ახალი ამბავი. უკვე გუშინ არსებობდა ვირტუალური უნივერსიტეტები, კოლეჯები და სკოლებიც. ჩვენ თეორიულად ვიცოდით ამის შესახებ, მაგრამ ეს იდეა რეალიზებული არ ყოფილა. იყო ცალკეული გამონათებები, მაგრამ მასშტაბურად, განსაკუთრებით ქართულ სკოლებს ამაზე არ ან ნაკლებად უფიქრიათ. ამიტომაც იყო მათთვის ნამდვილი გამოწვევა, რომლისთვისაც ყველას, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, უნდა ეპასუხა დროის ძალიან მცირე კრიზისულ მონაკვეთში. რომ იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს უკვე ახალ თანამედროვე გამოცდილებას ქმნის და ვფიქრობ, ამ ტიპის გამოცდილება უკვე აღარ მოშორდება ჩვენს საგანმანათლებლო პრაქტიკას.

- ამბობთ, გამრავალფეროვნდა სწავლებაო... ვინაიდან ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამასობაში პოზიტივთან ერთად, ამ პროცესში რა ნეგატიური მხარეები აღმოაჩინეთ? - მოდი, დისტანციური სწავლება პირობითად ორ ნაწილად გავყოთ: 1. პრაქტიკა (ახლა გაკვეთილი ისეთივე სიხშირით და რეჟიმით ტარდება, როგორც ჩვეულებრივ სკოლაში), მართალია, გაკვეთილები ხშირად არ არის სრული მოცულობის და შეიძლება 30 წუთს გაგრძელდეს, მაგრამ ნახევარი საათიც ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ გაკვეთილის მიმართ წაყენებული მთავარი მოთხოვნები შესრულდეს. როდესაც ხედავ შენს მოსწავლეებს, ხედავ მათ რეაქციებს, შეგიძლია მოისმინო მათი პასუხები, შეფასებები, კითხვები, ესაა ცოცხალი ურთიერთობები; 2. ეს პრაქტიკა კარგად ეხმარება მასწავლებელს, უკეთ გაიაზროს და დაგეგმოს თავისი გაკვეთილი. უკეთ იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით შეზღუდული დროის გამო ჩვენ უფრო მარტივი და ლაკონიური ფორმულირებების მოძებნა გვიწევს. ამან თითქოს გააუმჯობესა კიდეც ახალი მასალის გადაცემის კულტურა - თუკი ჩვეულებრივ გაკვეთილზე შენ შეგიძლია "გაისეირნო" კიდეც ფრაზებში, ხანდახან მოადუნო კონცენტრაცია, ამ შემთხვევაში ეს აზრის, ფიქრის, დამოკიდებულების ფიქსაციას მოითხოვს და აუცილებლად უნდა დარწმუნდე, რომ შენმა მოსწავლემ ეს კარგად გაიგო; 3. მეტ-ნაკლებად გაიზარდა მშობელთა ჩართულობაც შვილის სასწავლო პროცესში.

წლების წინ ვაშინგტონში ვიყავი და კოლეგებთან ერთად იქაური სკოლების ხელმძღვანელებთან გვქონდა შეხვედრები. ისინიც მუდმივად ლაპარაკობდნენ, თუ როგორი რთულია მშობლის გაცნობიერებულად ჩართვა შვილის სასწავლო პროცესში, რათა ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, რაც სკოლაში ხდება და საჭიროების შემთხვევაში თავადაც დაეხმაროს შვილს. ვიცი, რომ მშობლებიც დასხდნენ კომპიუტერებთან, ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, ისინი უკეთ გაერკვევიან შვილების აღზრდა-განათლების პროცესში.

ამ ვირტუალურ პროცესს მხოლოდ ის ნაკლი აქვს, რომ აღზრდის მომენტი ფერმკრთალდება. მთავარი ნაკლოვანება, ალბათ, კომუნიკაციის განსაკუთრებულობა, უკუკავშირის ნაკლებობაა (ეს განსაკუთრებით ითქმის "ტელესკოლაზე", რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია). ამ დროს მოსწავლის პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში, ცოცხალი ურთიერთობების დროს. მასწავლებელი აქცენტს აკეთებს ახსნის სეგმენტზე.

ამ დრომ გვაჩვენა, რა მაგარი მასწავლებლები გვყავს, ტელესკოლამ ხელმისაწვდომი გახადა ძალიან მაღალი რანგის მასწავლებელთა შემოქმედება. თუმცა ისიც დაგვანახა, რომ არსებობენ პრობლემური მასწავლებლებიც. მაგალითად, როდესაც გაქვს შესაძლებლობა გაეცნო ჰაიკლასის გაკვეთილს, მერე შეიძლება აღარ დაგაკმაყოფილოს იმან, რასაც ყოველდღე უსმენ საკლასო ოთახში, და ეს კარგია.

- სხვათა შორის, "ტელესკოლას" მაქებართა გარდა, მაკრიტიკებლებიც გამოუჩნდნენ... - არიან ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერი რამ აჩვენე და იმწუთასვე დაიწუნებენ, მაშინ როცა თავად კაპიკის საღირალი არაფერი შეუძენიათ არც ამ საზოგადოებისთვის და არც საკუთარი თავებისთვის. ერთ ძველ გამოთქმას გავიხსენებ - ყველა ძაღლს თუ გაუჩერდა ქარავანი, რომელსაც შეჰყეფს, ვერასდროს მივა მიზანთანო. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ, გამოთქმაა ასეთი.

ის გუნდი, ვინც ამ სკოლას აკეთებს, ენით აუწერლად ბევრს მუშაობს და, ეს უნდა დააფასონ. ყველაფერი ძალიან მცირე დროში გაკეთდა: მასწავლებლები განათლების სამინისტრომ აარჩია. ზოგიერთი მასწავლებელი შესანიშნავია კლასში, მაგრამ კამერის წინ ხმას ვერ ამოაღებინებ. შესაძლოა საზოგადოებამ დაინახა, რომ ერთი-ორმა მასწავლებელმა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას და ამას კრიტიკა მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ვიმეორებ, ეს იყო უპრეცედენტოდ მცირე დროში ჩატარებული აქტივობა, თუმცა ისიც უნდა დავაფასოთ, რომ როგორც კი გაირკვა ეს ამბავი, ის მასწავლებლები შეცვალეს ტელესკოლაში.

- "პესიმისტები ცუდად ან საერთოდ ვერ ასწავლიან. როდესაც მოსწავლეებთან შევდივარ, მჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო იმედიანი და ოპტიმისტური პროფესია, ვიდრე მასწავლებლისაა, მოსწავლეებსაც შეიძლება ასე მიმართო: "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი", - ეს ამონარიდია თქვენი ამასწინანდელი სტატუსიდან. ოპტიმიზმის გარდა, რა მართებს კარგ მასწავლებელს? - იცით, მასწავლებლობა ჩემთვის რა არის? ის ბუნებით უნდა იდოს კაცში. საქართველოში 60 ათასამდე მასწავლებელია. ვინმე ხომ არ იტყვის, რომ საქართველოში 60 ათასი ეროსი მანჯგალაძე ან რამაზ ჩხიკვაძე უნდა გვყავდეს? არსებობს საერთოსტატისტიკური მაჩვენებელი და მთავარია, ეს კულტურა რაღაც დონის დაბლა არ დაეშვას, თორემ მე ვიცნობ ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გაივლოს ის აზრი, რომ მის ამ ქვეყნად ყოფნა-საქმიანობას შეიძლება იმის მეათედი მნიშვნელობა ჰქონდეს, რაც აქვს მასწავლებლის ერთ გაკვეთილს და მის გავლენას ბავშვებზე.

თუმცა აქ პირიქითაა და მასწავლებლები პოპულარულები არ არიან. ვინ არის ჩემთვის კარგი მასწავლებელი? რასაკვირველია, ის მცოდნე უნდა იყოს. სხვას ვერ ასწავლი იმას, რაც შენ არ იცი; ბობ დილანმა თქვა ერთხელ, თუ ყოველდღე არ იბადები, ე.ი. მთელი ცხოვრება კვდებიო. მასწავლებელი ყოველდღე უნდა იბადებოდეს, ყოველდღე უნდა სწავლობდეს. მასწავლებელი შეიძლება ძალიანაც მცოდნე იყოს და თვითგანვითარებაზე ზრუნავდეს, მაგრამ მას თუ ბავშვი არ უყვარს, თუ მასში არ ხედავს არა მარტო ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის მომავალსაც, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. თუ ბავშვებმა შენში სიყალბე დაინახეს, ტყუილისკენ მიდრეკილება ან სიტუაციიდან იოლად გამოსვლის მცდელობა, ამას იმწუთასვე ხვდებიან და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ შეუძლიათ ხანდახან ძალიან სასტიკებიც იყვნენ; არ არის საკმარისი რაღაც იცოდე, თუ არ იცი, როგორ ასწავლო, ანუ მეთოდიკა. 2+2 რომ ოთხია, ქვეყანამ იცის ეს ამბავი, მაგრამ როგორ ასწავლო, ეს უკვე მეცნიერებაა. ბოლო დრომ მოიტანა, რომ კარგად უნდა ფლობდე თანამედროვე ტექნოლოგიებს. როცა პირველად სკოლაში მივედი, ბავშვებმა რაღაცა წერილები დაწერეს, რა კარგი მასწავლებელიაო და მეც, სიმართლე გითხრათ, მომწონდა თავი. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, დიდი არაფერი მასწავლებელი არ ვიყავი, რადგან რატომღაც მეგონა, რომ თუკი ბავშვებს რაღაცას კარგად ავუხსნიდი, უკვე მიღწეული იყო მიზანი.

ბავშვი ყველაზე უკეთ სწავლობს იმას, რასაც თვითონ აკეთებს. მასში უნდა აანთო ეს სურვილი. სკოლაში მთავარი ამოცანა ის კი არ არის, ფიზიკოსი, ისტორიკოსი ან ლიტერატორი გაზარდო (ეს უმაღლესი სასწავლებლის ამოცანაა), სკოლამ კარგი ადამიანი უნდა გაზარდოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ მოსწავლისთვის იყოს ადამიანობის, სიკეთის, სიყვარულისა და კეთილგანწყობის ნიმუში. ხანდახან ავიწყდებათ ეს სიტყვები და ზოგჯერ აგდებით მოიხსენიებენ ხოლმე, ამბობენ, სენტიმენტებია, როდინდელი სიტყვებია, თანამედროვე ადამიანი უფრო რაციონალურიაო და ა.შ. ყველა დოკუმენტი, რომლებიც ბოლო წლებში შეიქმნა განათლების განვითარებაზე, ამ იდეას გამოხატავს. ყველა დოკუმენტი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტის განვითარებამ ადამიანს ბედნიერება ვერ მოუტანა. თუ ემოციაც არ ვითარდება, სიკეთეც არ იბადება ადამიანში, ისე არც ის სკოლა ვარგა, არც ქვეყანა და არც ადამიანი.

დღეს მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღზრდის პროცესი სკოლაში იყოს და რასაკვირველია, ოჯახშიც. რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 25 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანების გამოკითხვა ჩატარდა - რას ისურვებდით, სკოლაში უკეთ რომ ესწავლებინათ, რა დაგაკლდათ სკოლაში, მერე ცხოვრებამ რომ მოგთხოვათ, მაგრამ სკოლამ არ მოგცათო. 60%-ზე მეტმა უპასუხა, ვისურვებდით, რომ სკოლაში ჩვენთვის უკეთ განევითარებინათ კომუნიკაციის უნარი და საჯარო გამოსვლებისა და არგუმენტირების კულტურა აემაღლებინათო. რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება არის კომუნიკაცია. ადამიანის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის სხვა ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვებას გარდა საკუთარი განვითარებისა.

- ვირტუალური ურთიერთობის პროცესში ეს არ გართულდება? - ამიტომაც ამ ვირტუალური ურთიერთობის დროსაც ვცდილობთ სალექციო მეტყველებაც კი შინაგანად დიალოგური იყოს. როცა მოსწავლეს ვერ ვხედავ, მე შემიძლია წარმოვიდგინო მისი სახე, განწყობა... შემიძლია მისი კითხვა წარმოვიდგინო, მე თვითონ დავსვა ის და პასუხი გავცე ამ კითხვას. ამას შინაგანი დიალოგურობა უნდა ახლდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევაა.