"400 წელი ვერ ვცხოვრობდით საქართველოში და 400 წელი ვინახავდით ქართველობას... და ქართველები რით არა ვართ!"
28-05-2020
"400 წელი ვერ ვცხოვრობდით საქართველოში და 400 წელი ვინახავდით ქართველობას... და ქართველები რით არა ვართ!"
ფოტო:მუსამ (ბიულული) თეთრაძე ოჯახთან ერთად
ბაზგირეთი ისტორიული სოფელია იმერხევში - დაახლოებით 400 წლის წინ თურქეთის ტერიტორიად გამოცხადებულ საქართველოში მთებში შეყუჟული და რაღაც საოცრებით ისევ წმინდა ქართულად შენახული. სოფელი სალი კლდეებითა და წიწვოვანით არის შემოსაზღვრული. ბაზგირეთი კი, ალბათ, იმიტომ დაერქვა, რომ აქ კლდეებთან ერთად სხვადასხვა მწვანე ბუჩქი (ბაძგი) ბიბინებდა.

მუსამ (ბიულული) თეთრაძე ამბობს, როდესაც 400 წლის წინ თურქების ხელში აღმოვჩნდით, ჩვენ ქრისტიანობა კიდევ ორი საუკუნე შეგვანახვინა მთებმა, რომელიც სოფელს აკრავს, აქ ვიმალებოდითო. მერე, როცა რჯული შევიცვალეთ,
მშობლიური ქართული მაინც არ დაგვვიწყებიაო. მუსაც და ბაზგირეთელებიც საოცარ ქართულს ლაპარაკობენ - შორეული საუკუნეებიდან შემორჩენილსა და ნამდვილს. დღეს ბაზგირეთი სანახევროდ დაცლილია, ზამთრობით აქ ცოტა ხალხი რჩება, მაგრამ ზაფხულობით ჩამოდიან და მუსაც, როცა სცალია, ბაზგირეთში მიიჩქარის, იმერხეველი ქართველობის ბუდესა და ბავშვობის მოგონებებთან. იქ ზაფხულობით მწვანე მოლი,
სახლთან ქათმები და ღამით ვარსკვლავებიანი ცა ელოდება. კიდევ, წინაპრის ლეგენდა, რომ მოვა დრო, როცა ხალხი სოფელს დაუბრუნდება.

- ადრე ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობდა. ყველანი იქ ვიყავით, მთელი სოფელი... ჩემი ბებია-ბაბუა, ჩემი დედ-მამა, კიდევ ჩემი 3 ძამა და ერთადერთი და...
ბაზგირეთი
მამაჩემი სოფლის სკოლის მასწავლებელი იყო, შინ კი ქართულად გველაპარაკებოდა, მაგრამ სკოლაში გვიშლიდა, აქ ქართულს ნუ ილაპარაკებთო. მამას სკოლაში რუკა ჰქონდა, იმ რუკაზე გურჯისტანი იყო. როდესაც მამას მოსწავლეები ეკითხებოდნენ, ჩვენც ხომ გურჯებს გვეძახიან, რა გვაკავშირებს გურჯისტანთანო? მამა პასუხობდა, ჩვენ გურჯები ვართ, მაგრამ ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ჩვენ კი სხვა ქვეყანაშიო, მაგრამ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთო. ახლა შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ მაშინაც ქართველები ვიყავით, როცა ქართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ბავშვები შინ სულ ქართულ ლექსებსა და სიმღერებს ვამბობდით... ჩვენი გოგოები ზაფხულში მინდორში გაიქცეოდნენ ხოლმე, ბიჭებიც თან გავყვებოდით, გოგოები ქვას აიღებდნენ, წყალში მილეს-მოლესდნენ და ამ წყალს დაიხატავდნენ როგორც სამაჯურსა და ბეჭდებს. მერე ელოდებოდნენ, მზე როდის დახედავდა ამ სამაჯურებს, როდის გამოაშრობდა, რომ კარგად დახატოდა მაჯაზე. თუ მზე არ იყო, მაშინ იტყოდნენ: "მზე გამოდი ვაკესა, ცხვარს დაგიკლავ მაკესაო"...
ბიჭები დილამდე სოფელში არ მივდიოდით, მაგრამ არ გვიშლიდნენ. იცოდნენ, რომ არაფერს ვაშავებდით, მთელი ღამე ვცეკვავდით ქართულად.

- რას ცეკვავდით?
- ბიჭებმა "ხორუმი" ვიცოდით, გოგოებმა - ხელგაშლილა... კიდევ სხვები...

- ხომ მითხარი, რომ ვიღაცამ მთაში დაბრუნება იწინასწარმეტყველა. იქნებ მოვიდეს დრო, ხალხმა ბუნების წესებით ცხოვრება არჩიოს.
- ვნახოთ. ახლა ვირუსმა, რომელიც ყველგან არის, ბაზგირეთში ისევ აიყვანა ხალხი, მე კი სულ ავდივარ. ამ სოფელში ხარებით რომ მიწას ვხნავდით, იმასაც მოვესწარ. ახლა ტრაქტორები გვყავს, გზა გვაქვს,­ მაგრამ უწინ კარგი იყო ძალიან. ბაბუა მყავდა კარგი კაცი. მამა რომ ჩხუბობდა ჩემთან, ის მომეფარებოდა და მამა ხმას ვერ იღებდა. ჩვენ ჩვენი ხარებით ვხნავდით, კალოს გალეწვისაც მომსწრე ვარ. ჩვენსა დათესილსა ვჭამდით. მახსოვს დიდი ბებო. 106 წლისა მოკვდა. თვალზე თითს დამადებდა და მეტყოდა ხოლმე, ჩემი კაჟი ქვები მაყვალაიო. საიდანაც იყო გამოთხოვილი, იქ მთაში ვერ მიდიოდა, ენატრებოდა და მეუბნებოდა, ჩემი კაჟის ქედის მაყვალი ხარო.

- კაჟის ქედი, თუ არ ვცდები, მესხეთში ერქვა ქედს. რა საოცარი ქართველები ხართ, როგორ შეინახეთ ასეთი სუფთა ქართული ამდენი საუკუნე...
- თამარ დედოფალიც შევინახეთ. ვინც არ იცოდა თითომ, მას გავრ ქართველებს ვეძახდით, უვარგისებს, მაგრამ ასეთი ცოტა იყო. იმიტომ თქვა ილია ჭავჭავაძემ ჩვენზე, ჩვენი ძმები ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი შავი ბედისაო.

დღეს ბევრი ხალხია ისეთი, ვისაც უნდა პასპორტში საქართველოს შვილობა რომ ეწეროს, მაგრამ არ აძლევენ. ეუბნებიან, ქართველობა თუ გინდა, საქართველოში უნდა ცხოვრობდეო. 400 წელი ვერ ვცხოვრობდით საქართველოში, 400 წელი ვინახავდით ქართველობას და ქართველები რით არა ვართ!
ქართლოსი
31 მაისი 2020 22:09
საქართველოს თქვენი დიდი იმედი აქვს. ვინც თქვენ ქართველობას გიწუნებთ ის საქართველოს მტერია.
ნატო
29 მაისი 2020 15:51
ძალიან მეამაყებით!
ლალი
29 მაისი 2020 13:24
ყველაზე მაგარი ქართველები ხართ, გაგაძლიეროთ ღმერთმა!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?