"ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ"- რას აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია - კვირის პალიტრა

"ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ"- რას აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და მასზე უარის თქმის შემთხვევაში, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან დასაქმებას აკრძალავენ, ის მას არ გაიკეთებს.

როგორც კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი პირობებით ვაქცინაცია ადამიანების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.

"თქვენ ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შარშან ღორის გრიპით. როდესაც არ იციან ამ სენის შესახებ რა სენია, რატომ უნდა იყოს აუცილებელი და სავალდებულო, ეს ვაქცინა გავიკეთოთ?! შეიძლება როგორ დადგეს საკითხი იცით?- თუ ეს ვაქცინა არა გაქვს გაკეთებული, შეიძლება შენ მოგზაურობის უფლება არ გქონდეს, სამსახურში შეიძლება არ მიგიღონ. ეს ნიშნავს უკვე, რომ ვაქცინა კი არ არის, სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მას არ გავიკეთებთ. ადამიანებს ყველას თავისი არჩევანი აქვს და ყველას შეუძლია გადაწყვიტოს მიიღებენ თუ არ მიიღებენ. მე როგორც მოძღვარი და სასულიერო პირი ვამბობ, თუ ამ ვაქცინის გარეშე არ მექნება უფლება სამსახურში ვიარო, უცხოეთში ვერ ვიმოგზაურებ, სკოლაში ჩემს შვილს ვერ მივიყვან, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა არის ერთ-ერთი ნიშანი და ეს ვაქცინა არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული. ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ", - განაცხადა შალვა კეკელიამ.

"ინტერპრესნიუსი"