პაატა იმნაძე: "მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება"
18-05-2020
პაატა იმნაძე: "მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება"
ფოტო:პაატა იმნაძე
"შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება"

ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა­ და პოსტპანდემიურ პერიოდზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" დაავადებათა­ კონტ­რო­ლის ეროვნული ცენტრის დირექტ­ორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს­ ესა­უბრა.

- ეპიდსიტუაცია ბოლო კვირების განმავ­ლობაში საიმედო იყო, მხოლოდ ერთეული­ შემთხვევები აღინიშნებოდა, ახლა კი ისევ გაჩნდა ახალი კერა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხატისოფელსა და მუშევანში კარანტინია.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა
თავი ახალმა­ შემთხვევებმა - ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს.
ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები - 150-ზე­ მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა­ ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ,­
ლამის იტალიაა.

- ბოლნისში როგორ მოხვდა ვირუსი?
- მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერა­ფერს გახდები - ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე­ და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი­ იქნება.

- იქნებ გამკაცრებული კარანტინის ფონზე­ შეიცვალოს სიტუაცია...
- კარანტინი კი არის გამკაცრებული,­ მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა­ ეზოში­ გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკო­ნტროლებ?­

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- ისევ და ისევ მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო.
ეს ის სოფელია, სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს­ არ ატანდნენ, ხომ გახსოვ­თ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია... სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია.

- ამ სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია?
- დიახ, თუმცა არც ბოლნისის ქართ­ველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი­ არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.
ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე­ ჩაცხრეს.

- ესე იგი ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებით...
- რა თქმა უნდა.

- დაახლოებით რამდენი შეიძლება იყოს ინფიცირებული?
- ასეულობით - არა, მაგრამ რამდენიმე ათეული იქნება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა საკარანტინო ზონებიდან არის და ეს კარგია, რადგან ამ ხალხის აღმოჩენით თავიდან ავიცილეთ დაავადების უფრო გავრცელება.

- ქვეყნის ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემთხვევათა მატებას უნდა ველოდოთ თუ კლებას?
- აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის.

- დიდი ხნით?
- ერთი წელი მაინც... შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამ­თარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება.

- როგორ უნდა დავხვდეთ ამ მეორე ტალღას?
- ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრი­ლობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი­ ნაკლებად აქტიური იქნება.

- ზამთარში ხომ სხვა ვირუსებიც აქტიურდება და ეს როგორ ვითარებას შექმნის?
- რა თქმა უნდა, ეს უფრო დაამძი­მებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა­ და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ­ ყველას პატრონობა­ შეძლოს.

- აცრების წინააღმდეგია ბევრი...
- სისულელეებზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

- სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა?
- სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება.

- გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდა.­ ამას როგორ უყურებთ?
- ამას ჰქვია ჰიბრიდული პოლიტიკა, ანუ ერთი ხელით ვირუსს ებრძვი, მეორე ხელით კი შეზღუდვებს ამსუბუქებ. ამ ფონზე შეიძლება შემთხვევებმა იმატოს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მატება,­ რომლის მართვაც შეუძლებელია.

- მეგონა, მეტყოდით, სექტემბრის ბოლო იქნება განსაკუთრებით რთულიო - ამ დროს ხომ ბაღები და სკოლები ამუშავდება...
- სექტემბრის ბოლოს არაფერი იქნება.­ პრობლემა გაჩნდება ნოემბრის ბოლოს.

- ველოდით, როდის იქნებოდა პიკი ან პლატო... ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ეტაპის დასასრულისკენ მივდივართ?
- ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო. ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა - ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

- ზაფხული ახლოვდება და ხალხი დასასვენებლად წასვლაზე ფიქრობს. ითქვა,­ რომ ზღვა საშიში არ არის, მთავარია, სანაპიროზე როგორ მოიქცევიან დამსვენებლები...
- დიახ, ეს მნიშვნელოვანია. ოჯახები­ კი იქნებიან ერთად, მაგრამ სანაპიროზე ერთი ოჯახი მეორისგან ორი მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

- და ზღვისკენ პირბადით უნდა გავემართოთ?
- ან სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, ან ღია სივრცეში პირბადე გვეკეთოს...

- ვირუსის მესამე ტალღასაც უნდა ველოდოთ?
- არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი.
გვეშინოდა პირველი ტალღის, რომ როგორმე­ დაგვეცვა ადამიანების სიცოცხლე და დავლოდებოდით მსოფლიო გამოცდილებას. ჩვენ მოვიგეთ დაახლოებით ერთი თვე, დაველოდეთ მსოფლიოს გამოცდილებას და ვისწავლეთ სიტუაციის მართვა - მოვამზადეთ ჯანდაცვის სისტემა ავადმყოფების მისაღებად; ტესტებით დაწყებული, პირადი დაცვის საშუალებებით დამთავრებული, ყველაფერი ვიშოვეთ; შევაჩერეთ ავადობის კატასტროფული მატება; ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების წარმოებაც კი დაიწყო; შემოვიდა ვალიდური ტესტები... ეს ყველაფერი კი შევძელით დროული აკრძალვებით.

- საქართველოს მისამართით ბევრი საქებარი სიტყვა გაისმა, მაგრამ მაინც რომ გადახედოთ განვლილ სამ თვეს, რა შეცდომები დავუშვით?
- თითქმის არც ერთი შეცდომა არ დაგვიშვია და შედეგიც აშკარაა,­ თუმცა, იყო მძიმე პროგნოზი, მაგა­ლითად, ერთ-ერთმა ავტორიტეტუ­ლმა ქართულმა საერთაშორისო ფო­ნდმა ("კურაციომ") გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად 1500-დან 1700-მდე ადამიანი უნდა გარდაცვლილიყო.
ჩვენ განვიხილავდით ქვეყანაში ინფექციის განვითარების სამ მოდელს.
მოქალაქეების ფსიქიკა დავზოგეთ, ამიტომ არ გამოვაცხადეთ, თორემ ჩვენც გვქონდა გათვლები და ჩვენი­ პროგნოზი ზემოთ მოყვანილ მაჩვენებელს ემთხვეოდა.

- მომავალი სეზონის პროგნოზიც გაქვთ?
- არ მიყვარს წინასწარ რამის თქმა. ჩვენგან ინფორმაცია მოდის მაშინ, როცა საჭიროა. მედია ადამიანების დათრგუნვას­ არ უნდა ემსახურებოდეს. ეს მხოლოდ ერთხელ­ გავაკეთე, ისიც - კრიტიკულ სიტუაციაში.

- და ამის გამო გაგაკრიტიკეს კიდეც - აბა, სად არის ეკლესიის კლასტერიო...
- იმიტომაც არ იყო! ეს იყო კრიტიკული სიტუაცია არა მარტო იმიტომ, რომ ამას შეეძლო ავადმყოფების რაოდენობის მატება გამოეწვია, არამედ იმიტომაც, რომ უპირველესად ეკლესიისთვის­ იქნებოდა საზიანო.

- ხალხსა და ქვეყანაზე მზრუნველ ადამიანებს გმირებს უწოდებენ. ჩვენი ხალხისთვის­ თქვენც გმირები ხართ. ამ განსაცდელში თქვენი­ სახელები მთელმა ერმა გაიგო. ამის გათვალისწინებით არ გამორიცხავენ, რომ პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვანი თანამდებობები ან თუნდაც არჩევნებში მონაწილეობა­ შემოგთავაზონ...
- როცა გმირობაზე დაიწყო ლაპარაკი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. ეს ძალიან გულწრფელი აღფრთოვანება ასევე მალე გაივლის ხოლმე - ვიღაცას აამაღლებენ და მერე უცებ დაანარცხებენ, ამიტომ არც ამაზე უნდა გქონდეს განსაკუთრებული რეაქცია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა გულწრფელად გაქებენ, თუმცა გულწრფელობის გარდა იყო მეორე, აშკარად მართული ტალღაც.

- მართული?
- მეტს არაფერს ვიტყვი, გამგები გაიგებს. ჩემი საქმე არის ის, რასაც ვაკეთებ. ასე ვართ მთელი გუნდი და სხვა არაფერი გვაინტერესებს, თუმცა ერთი რამ მწყინს­ - ვერ გავიგე, ამ ქვეყანაში ვინ ანიჭებს ექსპერტის წოდებას. მე და ამირანს მედიაში მოგვიხსენიებენ, როგორც ჩინოვნიკებს, ჩვენ შემდეგ კი ექსპერტები ლაპარაკობენ ხოლმე... ჩემი და ამირანის მეცნიერული საქმიანობითაც რომ დაინტერესდნენ ჟურნალისტები, კარგი იქნება.­ გაარკვიონ, ვინ ვართ, რა გაგვიკეთებია, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციების­ წევრები, პრეზიდენტები ­თუ ვიცე-პრეზიდენტები ვართ... ჰოდა, მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება.

ზურა
19 მაისი 2020 10:32
და ისევ ყველაფერს გააჩერებთ ? ჩამოიშლება სახელმწიფო.
nanka2002
18 მაისი 2020 13:56
"როცა გმირობაზე დაიწყო ლაპარაკი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. ეს ძალიან გულწრფელი აღფრთოვანება ასევე მალე გაივლის ხოლმე - ვიღაცას აამაღლებენ და მერე უცებ დაანარცხებენ..." კი, ბრბო მასეა... მაგრამ ძალიან ბევრისთვის ამ ადამიანების თავდადება და კვალიფიციურობა დიდხანს დასამახსოვრებელია.
beso
18 მაისი 2020 12:52
„პაატა იმნაძე: "მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება" სად იღბენ??? აქ ბატონო პააატა. „ბორის ჯონსონი - გულახდილად უნდა ვთქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას“. თქვენ სამნი ერთს საუბრობდით ვაქციანაზე (მათ შორის დეკანოზი კეკელიაც. ეს ვინაა ამ საქმეში გაუგებარია), ხოლო ადამიანები მსოფლიოს წამყვანი (არა ისინი, ვინც პიარ კამპანიას სჭირდება და ისინიც ფინანსდება ამ დროს) მიკრობიოლოგებისა და ვირუსოლოგების მოსაზრებებს ეცნობოდნენ(ნაწილი შემდგომ, ცოტა მოვიტოვოთ). დღეისათვის ყველა წარმატებულ საშუალო სკოლადამთავრებულ პიროვნებას შეუძლია ინფორმაციული ბიბლიოთეკის მეშვეობითა და ცოტა წამუშავებით, ძალიან მცირე დროში, არათუ გაგისწორდეთ ცოდნაში, არამედ დეპოში ჩაგტოვოთ ბ-ნ პაატა. ეს არ უნდა იყოს ძნელი გასაგები, რადგან ცოტა წამუშავების შემდგომ, ყველას შეუძლია ამოარჩიოს სპეციალისტი, რომელიც წამყვანი ლაბორატორიების მკვლევარია(არა ის, თუნდაც ენტონი ფაუჩი პოლიტიკის ნაწილია) ან უძღვება მას და ადევნოს მას თვალი. ასევე, შეამოწმოს მათი მოსაზრებები აკადემიური სახის ლიტერატურითა თუ დოკუმენტური ფილმებით. მოისმინოს მოსაზრებანი მკურნალობის პრაქტიკასა და ხარვეზებზე სხვადასხვა ფორმატში. ბ-ნ პაატა ძალიან ბევრი ბიოლიოგი, მიკრობიოლოგი და ფიზიოლოგი ყავს მსოფლიოს, ვირუსოლოგიც, რომელიც აძლევს ადამიანს ძალიან საინტერესო და შემოწმებად ინფორმაციას. ამიტომ, ძალიან მაღალი ადამიანური გაგებით არ გირჩევთ გაჯიუტებას, რადგან რაც შეგიძლიათ გააკეთეთ და თუ იმას იტყვით, რომ ესაააა საუკეთესო ან მომავალში მისაღები პრაქტიკა, მაქვს მზაობა პაწია ფორმატშიც გამოგყვეთ შავი და თეთრის გარჩევის ასპექტში. მე თქვენს ადგილას საერთოდ ახალგაზრდას დავუთმობდი გზას. აქაც ამოსარჩევად უნდა გვქონდეს საქმე, რადგან დიდი ხანია გხედავთ ამ საქმეში.

რედაქტორის რჩევით