"ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი" - კვირის პალიტრა

"ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი"

ოლივია ჰასის ცხოვრება ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ სრულიად განსხვავებულად წარიმართა. რომიდან სახლში დაბრუნებულს უჭირს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში ჩაბმა და როგორც ახალბედა მსახიობების უმრავლესობა, ლოს-ანჯელესისკენ იღებს გეზს.

ოლივია ჰასი "კვირის პალიტრის" მკითხველთან თხრობას განაგრძობს. რა ელოდა ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზ "ჯულიეტას" და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ჰოლივუდში, ამის შესახებ გვიამბობს.

"მე მაქვს ღმერთთან ჩემი პასუხი..."

ამერიკაში 1969 წლის სექტემბერში ჩავედი. მაშინ 18 წლის ვიყავი და ლოს-ანჯელესში მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობდი - დინო მარტინსა და რუდი ალტობელის. რას ვიფიქრებდი, რომ ამ ქალაქში მომავალ 45 წელს გავატარებდი?! რუდიმ დამითმო თავისი სახლი, რომლის კედლებიც ტრაგიკულ ამბავს ინახავდა. იქ ამერიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა - 1969 წლის 9 აგვისტოს მსახიობი შერონ ტეიტი ოთხ ადამიანთან ერთად მოკლა "მენსონების ოჯახმა" (ჩარლზ მენსონმა 1960-იან წლებში ჩამოაყალიბა სექტა. ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან სულს ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს. მისი შთაგონებით მენსონის სექტის წევრებმა მოკლეს ამერიკელი მსახიობი შერონ ტეიტი). ტეიტი ამ დროს ფეხმძიმედ იყო და რეჟისორ რომან პოლანსკისგან პირველ ვაჟიშვილს ელოდებოდა...

მკვლელობიდან ხუთი კვირის შემდეგ სწორედ აქ დავბინავდი და ოთხი წლის განმავლობაში ეს ჩემი სახლი იყო...

აღფრთოვანებული ვიყავი ჰოლივუდური ატმოსფეროთი. დინო მარტინის ყველა იცნობდა. დავდიოდით ცნობილ კაფე-ბარებში, სადაც იკრიბებოდა მაშინდელი ჰოლივუდის ელიტა - ფრენკ სინატრა, პოლ ნიუმენი, ტონი ბენეტი და ა.შ. მე და დინო მაშინ მხოლოდ ვმეგობრობდით.

დავიწყე მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილებზე სიარული და არხეინად ვცხოვრობდი, სანამ ერთ დღეს არ გამომეცხადა ქრისტოფერ ჯონსი - ჩემი ძველი მეგობარი, რომელსაც ცოტა ხანი ვხვდებოდი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში. ქრისტოფერს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მე ეს ვიცოდი, თუმცა იმ დღეს ვერ მოვერიე... მცემა და გამაუპატიურა. აAრც კი მეგონა, თუ გადავრჩებოდი. მეორე დღეს დინომ და რუდიმ საავადმყოფოში წამიყვანეს. დინოსგან ყოველთვის ვგრძნობდი მეგობრობაზე მეტს და არ მინდოდა, ჩემ გამო პრობლემები შექმნოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. საავადმყოფოში ვიწექი, როცა ქრისტოფერი მოვიდა და მთხოვა, აბორტი არ გამეკეთებინა. ვუთხარი, რომ ვაპატიე და ვთხოვე, აღარასდროს ეცადა ჩემი ნახვა. მერე აბორტი გავიკეთე. რატომ? მე მაქვს ღმერთთან ჩემი პასუხი...

"ჩემი გულის ერთ ნაწილს ყოველთვის ეყვარება დინო"

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე კვირა დეპრესიაში ვიყავი... ერთ დღეს გაზეთში დინოსა და ახალგაზრდა ქალის რომანის შესახებ სტატიას მოვკარი თვალი. ვერ წარმოიდგენთ, რა ვიგრძენი! მაშინ გავაცნობიერე, რომ დინოს დაკარგვა არ მინდოდა. დავურეკე და ვუთხარი: "დინო, მიყვარხარ და ვერ წარმომიდგენია შენ გარეშე ყოფნა". ათ წუთში შენთან ვიქნებიო, მიპასუხა. თითქოს დიდი ხანი ელოდა ამ ფრაზას, მოსვლიდან ათ წუთში კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ჩემი ცხოვრების პირველი დიდი სიყვარული. ჩემი გულის ერთ ნაწილს ყოველთვის ეყვარება დინო მარტინი. მახსოვს, როგორ გამაცნო დედამისი - ულამაზესი ქერათმიანი ჯინი, იმ დროს ძალიან პოპულარული მომღერლის - დინ მარტინის მეორე ცოლი, რომელთანაც 24 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ეს იყო საოცარი ოჯახი. "ძვირფასო ოლივია, შენ არაფერზე იდარდო, ქორწილისთვის ყველაფერს მე მოვაგვარებ. მიყვარხარ, ჩემო ტკბილო გოგონავ", - მითხრა მან და მართლაც ყველაფერი მოაგვარა. ჯინი ცნობილი იყო ბოჰემური წვეულებების სიყვარულით და მას ჰოლივუდის ელიტა ხშირად სტუმრობდა.

დინ მარტინი, დინოს მამა, ცოტა მოგვიანებით, ქორწილამდე ორი კვირით ადრე გავიცანი. ჰოლივუდში არის ცნობილი რესტორანი Chasen-ი - უოლტ დისნეისა და კერი გრანტის საყვარელი ადგილი. სწორედ იქ წამიყვანა დინომ მამამისის გასაცნობად და არ ინერვიულოო, მითხრა. მე ვუპასუხე: "მიჩვეული ვარ ცნობილი ადამიანების გაცნობას, ასე რომ, თავს გავართმევ". შევედით და კუთხეში, სწორედ იმ მაგიდასთან, სადაც რონალდ რეიგანმა ნენსის ცოლობა სთხოვა, დინ მარტინი დავინახე. ეს იყო მომხიბვლელი და ქარიზმატული ადამიანი. მისი შემხედვარე იფიქრებდით, რომ ცოცხალ ფილმს უყურებდით, რომელიც აუცილებლად თქვენთვის საყვარელი ფილმი გახდებოდა - იუმორის გრძნობა, საუბრის მანერა... მოკლედ, ეს იყო ადამიანი-ჰოლივუდი ჰოლივუდში. შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

მე ძალიან შემიყვარდნენ მარტინები. ქორწილის წინ ჯინი მოვიდა და რამდენიმე ბეჭედი მაჩვენა. მკითხა, რომელი მოგწონს, აირჩიე და ეს ჩემი საჩუქარი იქნებაო. ყვავილის ფორმის ბრილიანტის პატარა ბეჭედი ავირჩიე. როცა დავქორწინდით, მე და დინო ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებულები.

დინოსთან ქორწინების შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. დინოს ჰქონდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა და ხშირად სურპრიზებს მიწყობდა...

1971 წელია, ჯგუფ "ბი ჯი ზის" კონცერტი... ეს ჩემი და დინოს საყვარელი ჯგუფი იყო. სამზარეულოში ვისხედით მე და დინო, როდესაც შესძახა, ოლივია, სადილი მოამზადე, 5-ისთვის "ბი ჯი ზი" მომყავს სახლშიო. გამეცინა, ნუ სულელობ-მეთქი... იმ საღამოს ბარი, რობინ და მორის გიბები ჩემს ჭიშკართან დავინახე! ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ სტუმრებს პიჟამით შევხვდი. მთელი ღამე გავერთეთ მე, დინო და "ბი ჯი ზის" წევრები... ჩემი და დინოს ქორწინება მაშინ დაინგრა, როცა შვიდი თვის ფეხმძიმეს მიღალატა, თუმცა ყოველთვის ხუმრობდა: "ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ოლივია. აი, ნახავ! ასე, 35-36 წლის რომ გავხდებით..." 35 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ ის მუდამ იქნება ჩემს გულში.

"ბრიჟიტ ბარდოს დანახვაზე კაცებს მუხლები ეკვეთებოდათ"

ფილმ შუმმერტიმე Kილლერ-ის გადაღებებზე რომ მიმიწვიეს, გულიც კი დამწყდა, რადგან ოჯახურ ცხოვრებას მოვწყდი. ეს ფილმი ყველაზე მეტად ბრიჟიტ ბარდოსთან სადილის გამო დამამახსოვრდა. ფილმს ესპანეთში ვიღებდით. ბარსელონაში მე და ბრიჟიტ ბარდო ერთ სასტუმროში აღმოვჩნდით - ისიც გადაღებებზე იყო ჩამოსული. ჩემმა აგენტმა ბრიჟიტთან სადილი დამიგეგმა, რომ ერთმანეთი გაგვეცნო.

ბრიჟიტი იყო ვარსკვლავი! იჯდა მაგიდის თავში, უგუნებოდ და ძლივს ამჩნევდა ხალხს, რომელიც მას თავს დასტრიალებდა. ის ისეთი საოცარი იყო, მეგონა ფილმს ვუყურებდი. ძალიან ცოტას ჭამდა და უფრო ცოტას ლაპარაკობდა. ირგვლივ მყოფი მამაკაცები რას არ აკეთებდნენ, რომ ბრიჯიტს რომელიმე მათგანისთვის შეეხედა. ბართან მჯდომი კაცი, ალბათ, ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ იმ დღეს რესტორანში შევიდა - ბარდომ სწორედ მას ჩაუკრა თვალი და მეგონა, სიხარულისგან სკამიდან გადმოვარდებოდა... ძალიან ვღელავდი და არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა. მერე მივხვდი, რომ ერთადერთი თემა, რომლითაც ბარდოს გულის მოგება შეიძლებოდა, ცხოველები იყო - მას ხომ ჩემსავით ძალიან უყვარდა ცხოველები.

ღვთისმშობლის როლი

"

"ძვირფასო, რას იტყვი, კვლავ ქალწული რომ ითამაშო? ქრისტეს ცხოვრებაზე სერიებს ვიღებ და მინდა, ღვთისმშობელი განასახიერო..." - გაისმა ტელეფონში ფრანკო ძეფირელის ხმა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ფილმის გადაღება რვა თვის განმავლობაში მაროკოში მიმდინარეობდა და ვიყავი უბედნიერესი, რადგან ისევ ფრანკოსთან მიწევდა მუშაობა...

რობერტ პაუელი თამაშობდა იესოს როლს. ერთხელ რობერტმა მკითხა: "ოლივია, როდის ახერხებ ფრანკოსთან შენს როლზე საუბარს?" ვატყობდი, რომ უჭირდა ფრანკოს მუშაობის რიტმისთვის ფეხის აწყობა. "რობერტ, შენ რომ ამ როლისთვის იდეალური არ იყო, აქ არ იქნებოდი. ფრანკომ იცის, რომ პროფესიონალი ხარ. ის გააკეთე, რასაც შინაგანად გრძნობ და შემდეგ ჰკითხე, როგორი იყო"."რობერტმა მართლაც საოცრად განასახიერა თავისი როლი. რეჟისორის დამსახურებაა, როცა როლზე სწორად არჩევს მსახიობს, ფრანკო კი ამის ოსტატი იყო. ვისურვებდი, მის მეტ ფილმში მეთამაშა.

ერთხელ ჰკითხეს, თუ ჰყვარებია ოდესმე ქალი. ფრანკომ უპასუხა: "ერთხელ შემიყვარდა, ეს იყო ოლივია "რომეოსა და ჯულიეტას" გადაღებებზე". ეს რომ გავიგე, ავტირდი. ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი. სიამაყით ვივსები, როდესაც მეუბნებიან, რომ ღვთისმშობელმა ემოციურად შეძრა მაყურებელი. ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის. გადაღებები საღამოს დავიწყეთ და შუაღამეს საჭმელად შევისვენეთ. ფრანკო ასეთი სცენების გაცოცხლებაში გენიალური იყო. ძალიან ვნერვიულობდი და მარიამ მაგდალინელის როლის შემსრულებელს, ენ ბენკროფტს შევჩივლე. მან მირჩია, ორიოდე ჭიქა ღვინო დამელია. მართლაც, სამი ჭიქა ღვინო დავლიე და ისე განვიცადე ყველაფერი, ცრემლების ზღვა მომდიოდა, როცა იესოს დავტიროდი. მახსოვს, როგორ ავიტაცე რობერტის სხეული... მეორე დღეს ფრანკო მოვიდა. "ოლივია, ბრავო! ძალიან კარგად გაართვი თავი ამ როლს, მაგრამ გირჩევ, გადასაღებ მოედანზე აღარ დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციურად ურთულეს სცენას თამაშობ"...

"ჩემი ბოლო სიყვარული"

ჩემს ცხოვრებაში იყო სამი დიდი სიყვარული - დინო მარტინი, აკირა ფუზი (იაპონელი მომღერალი, ოლივიას მეორე ქმარი - ავტ.) და დევიდ გლენ ეშლი. დევიდი ჩემი ბოლო სიყვარულია. ერთმანეთი დანახვისთანავე შეგვიყვარდა. 1991 წელს ვიქორწინეთ და მას შემდეგ ერთად ვართ. ისევე, როგორც დინო და აკირა, დევიდიც უსაზღვროდ კეთილი ადამიანია. ძალიან გამიმართლა სიყვარულში. ჩემი სამივე ქმარი იყო ძლიერი და კეთილშობილი.

2008 წლის მაისში მკერდის კიბოს IV სტადია აღმომაჩნდა. მანამდე მაწუხებდა ტკივილი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი და ყველას დავუმალე, რაც დიდი შეცდომაა. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე.

კიბო არა მხოლოდ შენს ორგანიზმში იზრდება, არამედ ემოციურად მოქმედებს მთელ ოჯახზე. ბავშები კარგავდნენ დედას, დევიდი - მეუღლეს. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები წასული არ იყო, რაც ოპერაციის დროს გაირკვა. ყველაფერში დევიდი დამეხმარა...

ახლა მე, დევიდი და ჩვენი შვილი ერთად ვცხოვრობთ. ბიჭები (ოლივიას პირველი და მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს - ავტ.) უკვე დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. ხშირად მაგონდება ფრანკოს ვილა, "რომეოსა და ჯულიეტას" გადაღებები. წარმოვიდგენ, თითქოს ჯულიეტა აივანზე დგას, ზემოდან დამცქერის, ხელს მიწვდის და მეკითხება: "იცი, რომ ეს ყველაფერი ამ როლით მოგეცა? იმედია, ღირდა..."

"რა თქმა უნდა, ღირდა და გმადლობ ამისთვის", - ვპასუხობ მე.