"მესამე თვეა, თმა არც შემიჭრია, არც შემიღებავს და ცოტა აფეთქებულს ვგავარ..." - კვირის პალიტრა

"მესამე თვეა, თმა არც შემიჭრია, არც შემიღებავს და ცოტა აფეთქებულს ვგავარ..."

"ბავშვებთან ერთად ყოველთვის მსიამოვნებს ყოფნა. რაც უნდა დიდი დრო დავყო მათთან, მაინც არ მყოფნის. ერთად კარგად ვერთობით და ეს ორი თვე მშვენივრად გავატარეთ"

ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ლელა მებურიშვილმა იზოლაციის დღეები მეუღლესთან და შვილებთან - ალექსანდრესა და ლილიკოსთან ერთად გაატარა. ჩვენს ინტერვიუში ცნობილი მსახიობი პანდემიით გამოწვეულ დისკომფორტსა და შეგრძნებებზე საუბრობს.

- კარგად ვერც ვხვდები, რა ხდება ჩვენ გარშემო. მივყვები დინებას და ვცდილობ დავიცვა ჩემი ახლობლები და ოჯახი... მეც, როგორც უმრავლესობამ, ეს ორი თვე ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე. საერთოდ არ გავსულვართ სახლიდან არც მე და არც ჩემი შვილები. ჩემს მეუღლეს უწევდა მხოლოდ საყიდლებზე გასვლა. იმდენი საინტერესო წიგნი წავიკითხე, ფილმები ვნახე... სახლის უამრავი საქმე კი მოწყენის დროს არასდროს გიტოვებს... ბავშვებთან ერთად ყოველთვის მსიამოვნებს ყოფნა. რაც უნდა დიდი დრო დავყო მათთან, მაინც არ მყოფნის. სულ მინდა ახალ-ახალი თამაშები მოვიგონო და გავახალისო. ერთად კარგად ვერთობით და ეს ორი თვე მშვენივრად გავატარეთ. პატარები არიან და ვფიქრობ, ძალიან მოსწონდათ, მშობლებს სულ თავიანთ გვერდით რომ ხედავდნენ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ჰბეზრდებოდათ სახლში ყოფნა და გასეირნებას ითხოვდნენ...

- ალბათ, ბევრჯერ გვინატრია, ოღონდ სახლში მამყოფაო, თუმცა იზოლაციამ დისკომფორტი წარმოშვა... - ამ დროში, როცა ყველას სადღაც გვეჩქარება და გონება მილიონი საფიქრალით გვაქვს სავსე, ყველას გვინატრია ასე ყოფნა - როცა შეგიძლია მშვიდად დატკბე ოჯახური იდილიით. ჰოდა, აი ისიც, თუმცა, ის, რომ სახლში ყოფნა ჩვენი არჩევანი არ არის, უკვე ცვლის ვითარებას და გიჭირს ამასთან შეგუება. მაგრამ ამის მიუხედავად, მგონი, გამომივიდა...

- იმიჯი შეგიცვლიათ. ვარცხნილობას იცვლით თუ დაკეტილი სალონების გამო მოგიხდათ თმის გაზრდა?

- თმას ორ-სამ კვირაში ერთხელ ვიჭრიდი და ვიღებავდი, ახლა კი უკვე მესამე თვეა, არც შემიჭრია და არც შემიღებავს. თავიდან შემეშინდა, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ მგონი, მშვენივრად იზრდება. ცოტა აფეთქებულს ვგავარ, მაგრამ მხოლოდ ცოტა... მანიკიურსაც მშვენივრად ვუმკლავდები და ბავშვებსაც კი არაჩვეულებრივად ვჭრი თმას. მგონი, სალონი აღარც დამჭირდება... ვხუმრობ, რა თქმა უნდა - ერთი სული მაქვს, როდის ჩავეშვები კომფორტულ სავარძელში და მომივლიან და გამალამაზებენ.

- ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?

- ყველაზე რთული ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მონატრებაა. ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ყველას. ასევე ძალიან მიჭირს ჩემი საქმის გარეშე. არ მეგონა, ასე მალე ასე ძალიან თუ მომენატრებოდა სცენა. შემთხვევით სპექტაკლის ფოტოებს ან ვიდეოს თუ წავაწყდი, გული მიჩქარდება. იმედი მაქვს, სექტემბრიდან ყველაფერი ძველებურად იქნება. არ მომწონს კიდევ ერთი შეგრძნება, რომელიც ამ პერიოდში გამიჩნდა და არ ვიცი, რა დავარქვა... უუნარობა? - არ ვიცი... მინდა, მწერალი ვიყო და ვწერდე, ან მხატვარი, ან მუსიკოსი... მინდა რაღაცას სახლშიც ვქმნიდე. ეს ორი თვეა, ამ შეგრძნებამ დამღალა.

- ადამიანებმა ბევრი რამ გადააფასეს. თქვენც შეგეცვალათ ფასეულობები? - იმედი მაქვს, ყველა კარგად დავფიქრდებით და ბევრ რამეს გადავაფასებთ. ერთ დღეში მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეიცვალა და არავინ იცის, ხვალ რა გველოდება... საბედნიეროდ, ჩვენი საოცარი ექიმების დამსახურებით, თითქმის უმტკივნეულოდ გადავლახეთ ყველაზე რთული ეტაპი, თუმცა ეს ხალხის დამსახურებაცაა. დარწმუნებული ვარ, მალე ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. ამ უცნაურმა სიტუაციამ ყველა დაგვაფიქრა მთავარზე, მთავარი კი ადამიანია. მიხარია, რომ ხალხს ნაკლები აგრესია აქვს - უფრო ლმობიერები მეჩვენებიან. იმედია, არ ვცდები... ალბათ, მართლაც რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა და როცა ყველაფერი ისევ ძველებურად აგუგუნდება, ადამიანები უფრო დავაფასებთ ერთმანეთს, უსამართლოდ გულს აღარ ვატკენთ, უფრო მზრუნველები ვიქნებით. ნეტავ, მართლაც ასე მოხდეს.