"პოლიტიკაში უფრო საინტერესო ამბები ხდება, ვიდრე უგულავასა და ოქრუაშვილის გამოშვება-არგამოშვებაა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში უფრო საინტერესო ამბები ხდება, ვიდრე უგულავასა და ოქრუაშვილის გამოშვება-არგამოშვებაა"

"პრეზიდენტს ყველაფრის უფლება აქვს და ამას უნდა შევეგუოთ. სწორედ ეს არის დემოკრატია. ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტის ზუსტი მოტივი, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს საზიანოდ არ მოიქცეოდა. ეს ნაბიჯი საქართველოსთვის სიკეთის მომტანია"

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და აღნიშნა: "ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადავაყოლებ!"

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებამ ევროპარლამენტართა ნაწილის კმაყოფილება, საქართველოში კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ სიახლემ დროებით კორონავირუსის თემაც კი დაჩრდილა. ჩვენი საუბარიც სწორედ მას ეხება.

ბუბა ხოტივარი, რეჟისორი:

- ეს არის ჩვეულებრივი აქტი, როგორიც ხდება ყველა ქვეყანაში. პრეზიდენტს აქვს ასე მოქცევის უფლება, მით უმეტეს, რომ მან ახსნა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ორი ადამიანი დამნაშავეა. ორ-სამ დღეში ეს ამბავი ჩაწყნარდება. ამ ორი ადამიანიდან არც ერთი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამეს შეცვლის, თუმცა, როგორც უნდა მოიქცეს "ოცნება", სააკაშვილის გუნდი მაინც რადიკალურად იქნება განწყობილი.

- შეწყალებულებს და მათ თანამოაზრეებს სააკაშვილის გუნდად მიიჩნევთ?

- ყველა სააკაშვილის გუნდის წევრია. სხვადასხვა სახელი დაირქვეს და ხანდახან აგინებენ კიდეც, მაგრამ ტყუილია, ერთნი არიან. ისიც საკითხავია, მაგათ ვინ მართავს. ზუსტად არ ვიცი, ვისი, მაგრამ ვიცი, რომ სააკაშვილიც ანტიქართული ძალის მარიონეტია. მისი ყველა ნაბიჯი ანტიქართულია და ესენიც აყოლილი არიან. კი გრძნობენ ამას და ეს ხალხი, ვინც ახლა გამოუშვეს, სიამოვნებით გაექცეოდა სააკაშვილს, მაგრამ რაღაც აკავებთ. თავხედური ტონი ჰქონდათ პირველი კომენტარებისას, თითქოს რაღაცას წარმოადგენენ, არადა, არც ერთი არაფერს წარმოადგენს.

- მაშ, რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური მათ გამოშვებას? - იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მთავარია სკანდალი და ყურადღების მიქცევა. მათთვის კატასტროფა იყო, რომ საქართველო მძლავრად ამოქმედდა, ქართული სახელმწიფო ბრწყინვალედ მოიქცა. ბოლო სამ თვეში დამტკიცდა, რომ სერიოზული სახელმწიფო ვართ და არაფერი გვემუქრება. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ნაბიჯი, რათა არავის მისცეს სალაპარაკო. მეორე ნაბიჯი "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გადადგას, მაგრამ მაგათ ვერაფრით დაამშვიდებ, რადგან სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ, თუმცა თვითონ არ იციან თავიანთი მიზნები - რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ყველა ნაბიჯი არის ანტიქართული და ანტიდემოკრატიული ყველა ეტაპზე - "ვარდების რევოლუციით" დაწყებული, რომელიც ისტორიაში ყველაზე კრეტინული აქტი იყო.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? წინ ხომ არჩევნებია... - ეგენი წააგებენ არჩევნებს - ეს იციან და იმიტომ გაჰყვირიან. ხალხი გაღიზიანებულია მათი გათავისუფლებით, გახარებული არავინ მინახავს, მაგრამ იდიოტებთან კამათში არ უნდა ჩაერიოო, თქვა მარკ ტვენმა და მე ვეთანხმები. მათ უკან ნამდვილად დგას რაღაც საერთაშორისო ძალა, მაგრამ პოლიტიკაში არასდროს ჩანს ის, რაც სინამდვილეში ხდება. ყველა ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ ამის მიღმა რა არის, საკითხავია. რაც მოხდა, ეს დროებითი დათმობაა.

- დარწმუნებული ხართ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება? - დარწმუნებული ვარ, მას "ოცნებასთან" კონსულტაციები არ ექნებოდა. რატომ აღიქმება ეს ნაბიჯი "ოცნების" სისუსტედ, არ მესმის. ეს არის დემოკრატიის სისუსტე და ამავე დროს - სიძლიერე, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ზოგს ჰგონია, რომ მმართველი პარტია და პრეზიდენტი ერთიანად მოქმედებენ, მაგრამ ეს სხვადასხვა ინსტიტუტია და, მგონი, დავრწმუნდით ამაში. წინა პრეზიდენტი "ოცნებისა" იყო?! არა და არც ეს არის. არასწორია პრეზიდენტისა და "ოცნების" გაიგივება. ეს არ არის ორი ანტაგონისტური ძალა, მაგრამ არც ერთი ძალაა.

სალომე არ არის ის ადამიანი, ვინმეს ჰკითხოს, როგორ მოიქცეს. ამაში, დიდი ხანია, დავრწმუნდით. ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ უფრო სახელმწიფოზე ფიქრობს, ვიდრე რომელიმე პარტიაზე.

ის ყველას პრეზიდენტია, და არა - მხოლოდ "ოცნების". ამიტომ ვერ გავაკრიტიკებ მის ნაბიჯს. ეს არ არის ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი. ტოტალიტარიზმი არის "ნაციონალურ მოძრაობაში", სააკაშვილი კი - მათი დირიჟორი.

- სააკაშვილი უკვე უკრაინული პოლიტიკის სახეა. - სააკაშვილი უსათუოდ გააქტიურდება საქართველოს საზიანოდ. რასაც აქამდე აკეთებდა, იმავეს გააკეთებს.

- ოპოზიციას შეიძლება კიდევ გაუჩნდეს მოთხოვნები? - მოითხოვონ. პრეზიდენტს ყველაფრის უფლება აქვს და ამას უნდა შევეგუოთ. სწორედ ეს არის დემოკრატია. ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტის ზუსტი მოტივი, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს საზიანოდ არ მოიქცეოდა. ეს ნაბიჯი საქართველოსთვის სიკეთის მომტანია.

- და არა - დათმობა? - არა, ამიტომ იმათი დღესასწაულიც ნაადრევია და ამათი ტირილიც - უაზრობა. პოლიტიკაში უფრო საინტერესო ამბები ხდება, ვიდრე ამ ორი ადამიანის გამოშვება-არგამოშვებაა. ან იქ რას მიკეთებდნენ ან აქ რას გააკეთებენ...