"როგორც ჩანს, ისევ დაძაბულობის ფონზე ვიცხოვრებთ" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, ისევ დაძაბულობის ფონზე ვიცხოვრებთ"

ტარიელ ხარხელაური, პოეტი:

- ეს რომ კეთილი ნება იყოს და შენი სურვილით კეთდებოდეს, ეს იყოს შეცდომა და გამოსწორებას ცდილობდე, მაშინ გეპატიება, მაგრამ არ უნდა კეთდებოდეს სხვისი თითის დაქნევით. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. თითქოს შეურაცხყოფილიც ხარ და ნიჰილიზმის განცდა გიჩნდება.

ეს კი არ არის შემზარავი, შემზარავია მიზანი, რის გამოც ხდება. სულ ვაკვირდები და როგორც კი გაჩნდება ხალხის, საზოგადოების გაერთიანების სურვილი, როგორც კი გაჩნდება სახელმწიფოებრივი აზრი, მაშინვე იწყება შეტევა. მუდმივ ქაოსში გვამყოფებენ. არ გვაძლევენ გამოფხიზლების საშუალებას.

მწყინს - მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვიყო სხვისი ჭკუის მაძიებელი და სხვა მასწავლიდეს, ჩემს ქვეყანაში რა გავაკეთო?! თუ დანაშაული ჩავიდინე, ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი არა - სხვა ქვეყნის წინაშე.

იქნება ჩაატარონ ხალხის გამოკითხვა - ეს ადამიანები იყვნენ დამნაშავენი თუ სახელმწიფო იყო დამნაშავე? შეურაცხყოფილი ვარ, როცა შენს მეზობელს ერთი ზედადგარის მოპარვისთვის იჭერენ და სამი წლით ციხეში უშვებენ, ამათ კი...

შერჩევითი არ უნდა იყოს სამართალი, თორემ საზოგადოებაში ბზარი ჩნდება. ამან გააღიზიანა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ეს სამართლიანად არ მიაჩნია, როგორც ჩანს, ისევ დაძაბულობის ფონზე ვიცხოვრებთ, ამ ვითარებაში კი არჩევანს აკეთებ არა იმის მიხედვით, ესა თუ ის ძალა შენ ქვეყანას გამოადგება თუ არა, არამედ იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიამ არ გაიმარჯვოს, მერე კი თავში საცემი გვიხდება ხოლმე.

მალამოსავით მედებოდა გულზე, რაც დღეს ხდება საზოგადოებაში, დამშვიდებული ვიყავი ამ ერთობით.

სამი თვის განმავლობაში შევძელით საერთო ენის გამონახვა, გაერთიანება, მაგრამ ვიღაცას ეს არ სიამოვნებს. ისევ დაპირისპირება, საყვედური, წამოძახება გაგრძელდება.

ტელევიზორს გავურბივარ. მღლის. არასოდეს ბოღმიანი არ ვყოფილვარ, არც შურისმაძიებელი. არასდროს მახარებდა ვინმეს ციხეში ყოფნა, არც ის არის ტრაგედია, იქიდან თუ გამოუშვებენ, მაგრამ მიზანია შემზარავი.

- რა არის ეს მიზანი? - ჩვენი დაშლა-დაქუცმაცება, ისევ ისე, როგორც აქამდე ვიყავით.