ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე... ვერიდებოდი გამოჩენას - კვირის პალიტრა

ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე... ვერიდებოდი გამოჩენას

მანამ კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია კარს გააღებს, მისი "მცველები" არ ცხრებიან. მერე უკვე დაკვირვებით მათვალიერებენ. განსაკუთრებით ბუბუ ფრთხილობს. საყვარელი დიასახლისის ფეხებთან მიცუცქული მიყურებს. საკმარისია ხელი გავიწოდო, მეცემა. მიმიც იქვეა დასკუპული... ნუნუ გაბუნია თავის ცხოვრებაზე ჰყვება... ერთგული მეგობრები - ბუბუ და მიმი მშვიდად უსმენენ...

ჩემი გარიჟრაჟი

ორი წლის ვყოფილვარ, როცა ბაბუაჩემის მშობლების სოფელში - ბანძაში ჩამიყვანეს.  წითელი კაბა მეცვა და ეზოში ინდაური გამომეკიდა... მისი ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. მახსოვს დიდი სახლი, რომლის კიბეზეც აფოფხებას ვცდილობდი. მერე რომ ვნახე ეს სახლი, თურმე პატარა ყოფილა, ძალიან პატარა...

ოპერასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით და სამი წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში დავდიოდი. ჩემი მეზობელი ბერძენი ქალი იქ დამლაგებლად მუშაობდა. მის გოგონას, რომელიც 16-17 წლისა იქნებოდა, თავდავიწყებით უყვარდა ოპერა და მარტო რომ არ წასულიყო, მეც მივყავდი. მსახიობების შესასვლელში დაგვხვდებოდა დედამისი და შეგვიყვანდა. პატარაობიდანვე ვიცოდი არიები. ერთხელ მეფისტოფელის არიაც კი ვიმღერე შინ.

სამუსიკო სკოლაში, პირველ კლასში რომ მიმიყვანეს, დედამ სთხოვა დირექტორს, იქნებ ისეთ მასწავლებელთან მიგვამაგროთ, ჩვენთან ახლოს რომ ცხოვრობდესო... ამიტომაც ბუტულოვა ამირჩიეს. მასთან შინ მივიდოდი და ვუკრავდი, თუ შემეშლებოდა, სახაზავს ხელებში მირტყამდა. იმ სახაზავის შიშით ყველაფერი მავიწყდებოდა... მერე მასწავლებელმა დედა დაიბარა, - ამისგან არაფერი გამოვა, გაიყვანეთო (გავიდა დრო. კონსერვატორიაში ორი ფაკულტეტი დავამთავრე).

კიდევ კარგი, დედაჩემმა არ დაუჯერა და სამუსიკო სკოლიდან არ გამომიყვანა... მერე, საბედნიეროდ, პედაგოგი შემიცვალეს. მასთან კი სიხარულით დავდიოდი. უსაზღვროდ მიყვარდა. ისიც ამაყობდა ჩემით.

დავიწყე სწავლაც და მუსიკის წერაც...

ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა... იყო ბედნიერი წუთებიც, მაგრამ ეს იშვიათი და ხანმოკლე გამონათებები გახლდათ... მახსოვს, ბედნიერი ვიყავი, როცა პირველად დავწერე პიონერული მარში სკოლისთვის.  დერეფანში რომ მივდიოდი ხოლმე, მესმოდა, როგორ ამბობდნენ, კომპოზიტორი მოდისო და მიხაროდა.

მძიმე ბავშვობა კი იმიტომ მქონდა, რომ მამა მყავდა ავად. ფეხი იტკინა ერთხელ და პატარა სიმაგრე გაუჩნდა. მისი მეგობარი იყო ქირურგი ღვამიჩავა. კი უთქვამს, - მოდი და სულ იოლად ამოვიღებ ამ სიმაგრესო, მაგრამ არ მივიდა. 8 წელი ატარა. სარკომის დიაგნოზი დაუსვეს  და ფეხი მოჰკვეთეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს, 41 წლისა გარდაიცვალა. საშინლად მახსენდება, დედა რომ ცალ ფეხზე ჩააცმევდა და - მეორეზეც ჩამაცვიო, ეტყოდა... მეორე ფეხი კი უკვე არ ჰქონდა!

ჩემი დილა

დედა, ლუბა დიასამიძე, ოფშკვითელი გახლდათ, ამბობენ, ერეკლე II-ის დედის ჩამომავლები იყვნენო. მამამისი ივანე ავეჯის ქარხნის მფლობელი იყო გერმანელ ზელცერთან ერთად. ვერაზე საკუთარი სახლი გვქონდა. მისი ქარხნის ნაწარმი ავეჯი პრიზებს იღებდა. სამწუხაროდ, ჩვენ არაფერი შემოგვრჩა. ჩემი ძმა სულ ამბობდა, ძველი ავეჯი არ გვინდაო, და ბევრი რამ გაატანინა დედას სახლიდან.

სტუდენტობიდანვე რადიოში ვმუშაობდი. საბავშვო მუსიკალური გადაცემის რედაქტორი ვიყავი. ვწერდი გადაცემებს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი ოქროს ფონდში.

სვერდლოვსკში დაიდგა ჩემი ოპერა "იმპრესარიო კანარის კუნძულებიდან". ამით გახსნეს კამერული თეატრი. მიმიწვიეს, მაგრამ საშუალება არ მქონდა და ვერ წავედი. ატლანტის საპატიო მოქალაქე ვარ. დაწერილი მაქვს ორი ოპერა. არ ვიცი, სად დაიდგმება, ან როდის.

კინოსტუდიაში გავაფორმე მულტფილმები და ერთი მხატვრული ფილმი. დიდი თეატრის სცენაზე ვიმღერე "მთვარის მოტაცებაში". რომ დავითვალე, 14 დისკის მასალა მაქვს.

მიხარია, რომ "მზიურის" შექმნას ირიბად მაინც ვუკავშირდები. მომივიდა აზრად ბავშვთა ანსამბლის შექმნა. მოვიწვიე  მეგობრის - ლილი შავერზაშვილის მეუღლე კონსტანტინე იუჟკოვი... მათ შექმნეს რადიოსთან ბავშვთა ანსამბლი. მერე დაფინანსება შეუწყვიტეს. ვურჩიე, ამ იდეით სხვაგან წასულიყვნენ. ასე დაიბადა "მზიური"...

ძლიერი თუ ვარ? ალბათ ვარ, რადგან ცხოვრებაში ბევრი რამ გადავიტანე.

16 წლისა გოჩა აბაშიძეს გავყევი ცოლად... აპრილში მოვაწერეთ ხელი. 17 წლისა ივლისში გავხდი. სკოლა იმ წელს დავამთავრე.

გოჩა ჩემი მეგობრის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. იქ ახალგაზრდა მსახიობები: გურამ გოგავა, ნოდარ ფირანიშვილი, ნუკრი ალხაზიშვილი და გოჩა აბაშიძე ჰყავდათ დაპატიჟებული... ჩემმა მეგობარმა, ლია თოხაძემ ძალით წამიყვანა. მაშინ პირველად ვიცეკვე ბიჭთან - ნუკრი ალხაზიშვილთან. რას ვიფიქრებდი, რომ მერე ის ჩემი შვილის ნათლია გახდებოდა. საღამოს შინ გოჩამ მოგვაცილა. მეორე დღეს ვიღაც მოვიდა. კარი გავაღე და - გოჩა! ასე უბრალოდ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დაგვიახლოვდა. მოდიოდა ყოველდღე, იჯდა, გვიამბობდა ათას ამბავს.

გოჩასთან ისე დავმეგობრდი, რომ საიდუმლოსაც კი ვანდობდი. მხოლოდ მან და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა იცოდნენ, რომ მომწონდა "ცისკარაში" მთავარი როლის შემსრულებელი თამაზ ტოგონიძე. მისი სურათიც კი მქონდა ამოჭრილი საგანგებოდ...

გოჩა ჩემზე სამწლინახევრით უფროსი იყო... მასაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა გადატანილი. მამა დაპატიმრებული ჰყავდა, დედა გაუთხოვდა... მამა  რომ დაბრუნდა, შერიგებას სთხოვდა მეუღლეს... მესმოდა გოჩას ტკივილისა...

ერთ დღეს სიყვარული ამიხსნა და მითხრა, - თავს მოვიკლავ, შენ რომ სხვას გაჰყვეო. ვუთხარი, აღარ მოხვიდე, ვიდრე არ გადაგივლის ეს გრძნობა-მეთქი.  წავიდა და რამდენიმე დღე არ მოსულა. ერთ დღეს კი ის და მისი მეგობარი სოსო ხელაშვილი მოვიდნენ. ტიროდა, თავს არ ვიცოცხლებო.  სოსომ მითხრა, ხიდიდან მტკვარში ხტებოდა, თავს იკლავდა, შენ რომ ხელი ჰკარიო... კარგი, ხვალ მოდი-მეთქი... ვიფიქრე, თავს რამეს მაინც აღარ აუტეხავს-მეთქი. იმასაც განვიცდიდი თამაზ ტოგონიძეზე რომ აღარ უნდა მეფიქრა... არაფერი მინდა, ხელი მოვაწეროთ და დავმშვიდდები, სხვას ვეღარ გაჰყვებიო. როცა შენ მეტყვი, მერე წამომყევიო.

დავთანხმდი. წავედით ჩუმად ლესელიძეზე მმაჩის ბიუროში. დანგრეული და ჭუჭყიანი შენობა იყო, ხელსაც აწერდნენ და მიცვალებულის ცნობებსაც იქ იღებდნენ. ვიღაც კაცი მოიყვანა - უნივერსიტეტის ლექტორიაო. იმას ჩააწყობინა, რომ ხელი მოგვეწერა - მე ხომ არასრულწლოვანი ვიყავი... ხელი მოვაწერეთ და ფუნიკულორზე ვისადილეთ. შინ რომ მიმაცილებდა, პირობა ჩამოვართვი, არავის ეტყოდა ამ ამბავს. დამთანხმდა. მივედით. შევედით თუ არა, დედაჩემს მოწმობა აჩვენა - აიო! გაგიჟდა დედა. ჩემს დედამთილსაც არ მოეწონა ეს ამბავი, რად უნდოდა ასეთი პატარაო... ორი თვე მაინც არ გავყოლივარ... მხოლოდ ზაფხულში გავყევი. თავის ბებიასთან წამიყვანა სოფელში. ბიძამისთან წავედით სტუმრად ყვირილას იქით. ისეთი ხიდი იყო, შემეშინდა გასვლა... მდინარე ჩანდა ფიცრებს შორის. ამაზე ვერ გავივლი-მეთქი. ზურგზე წამომიკიდა და გამიყვანა... მერე მანანაც შეგვეძინა.

ჩემი შუადღე

ლეილა აბაშიძე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ჩემო რძალოო, - ასე მეძახდა.  გოჩას დედაც და მამაც აბაშიძე ჰყავდა. მერე ქვეყანას მოედო გოჩასა და ლეილას ამბავი...

თელავში იყვნენ გადაღებაზე. იქიდან ერთმა მსახიობმა ამბავი ჩამოიტანა - გოჩას დამბაჩა გაუვარდაო.  დედამ მითხრა, - ყველაფერი დატოვე და წადი, მუსიკალურ სასწავლებელშიც მე ვეტყვი, რა ხდებაო... 11 ოქტომბერი იყო. პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, "კუკურუზნიკით"  აეროპორტში არავინ დამხვდა. დავრეკე. ვიღაცამ მომაკითხა და წამიყვანა სასტუმროში. თურმე გოჩას მაღალი სიცხე ჰქონდა და ლეილამ გადაიყვანა თავისთან - მოვუვლიო... მე რომ ჩავედი,  უკეთ იყო, მაგრამ მაინც ლეილას ნომერში იწვა.

საღ-სალამათი რომ დავინახე, მოულოდნელობისაგან ცუდად გავხდი. მერე მახსოვს, ლეილა ჩემს საწოლთან იყო ჩამუხლული, ხელებს მითბობდა, მეფერებოდა... გოჩამ - აქედან არ გაგიშვებ, რომ წახვიდე, დავიღუპებიო. წამოვედი. არ ვიცი, ეს სიძლიერე იყო თუ სისუსტე... მერე სულ მოდიოდა გოჩა, შერიგებას მთხოვდა.

მერე ქალაქში ხმა გავარდა, გოჩამ ლეილას გამო თავი მოიკლაო, მაგრამ ასე არ ყოფილა...

"თეთრ ქარავანში" მთავარ როლზე დაამტკიცეს. იმ პერიოდში გოჩამ მანქანა  ვიღაც სომეხ კაცს მიჰყიდა. ნაწილი ფულისა აიღო, მეორე ნაწილი მანქანის გაფორმების მერე უნდა მიეღო.  იმ კაცს ვერ გაუფორმებია და ფული უკან მოუთხოვია. გოჩამ კი ფული ვისაც მიაბარა, იმას დაუხარჯავს. მევალე სადარბაზოში უდარაჯებდა ხოლმე და ფანჯრიდან უხდებოდა სახლში შესვლა. კინოსტუდიაში მისულა, ავანსი მოუთხოვია... იქ კი უდიერად მიუხლიათ, - მოხსნილი ხარ როლიდანო.

თავს მოვიკლავო... შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და არავინ გადაჰყოლიაო. ამ დროს სტუდიაში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე მისულან სულ სხვა საქმეზე. გოჩა გიჟივით რომ გამოვარდნილა, დევის ლეილასთვის უთხოვია, - გაჰყევი, რამე არ მოიწიოსო. გოჩა შინ მისულა და შაბიამანი დაულევია. სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფოს მანქანაში ლეილაც ჩაჯდა. ამიტომ ყველა ალაპარაკდა, ვითომ მის გამო მოხდა ყველაფერი... არადა, მთავარი მიზეზი როლიდან მოხსნა იყო.

გოჩამ  8 დღე იცოცხლა.  სიკვდილის წინაღამეს უმღერია კიდეც ბიჭებთან... ეგონა, გადავრჩიო. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. შინ რომ მიასვენეს, მივედი... ვფიქრობდი, მერე არ ვინანო-მეთქი... პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე კი ვეღარ წავედი. მაღალი სიცხე მქონდა...

ჩემი საღამო

ჩემთვის ყველაფერია  ჩემი ქალიშვილი მანანა. დღემდე ვცდილობ, ყველაფერი გავუკეთო მას, მის შვილებს.

ბევრი გულისტკივილი შემხვდა. თავდაუზოგავად ვმუშაობდი. ვწერდი მძიმე დღეებშიც. მიყვარს ცხოველები... მყავდა კატა, რომელიც 15 წელი ცხოვრობდა ჩვენთან. მერე წავიდა, დაიკარგა. დღემდე ვდარდობ.

მყავდა პეკინეზი პიკოლინო. სმენა ჰქონდა. ვეტყოდი, - მოდი, ვიმღეროთ-მეთქი და სუფთად იღებდა ნოტს.

მე მაინც ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე... ბევრგან არ ვჩანდი, ვერიდებოდი გამოჩენას.

წუწუნებენ ხოლმე, - ვაი, ნაოჭი გამიჩნდაო, გავჭაღარავდიო... ჭაღარაც უნდა მომემატოს და დიდი ბებიაც მინდა გავხდე. კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.