გეზრულის ჩაი ვარდის არომატით - კვირის პალიტრა

გეზრულის ჩაი ვარდის არომატით

"დაკრეფილი ჩაი დღეში ორჯერ უნდა შევიტანო ფაბრიკაში, რომ არ დაისიცხოს"

ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი გეზრული ჭიათურიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ის თავისი ჩაით იყო სახელგანთქმული. ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, დაიკარგა, თუმცა არ გამქრალა 53 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაცია, რომელსაც წლების განმავლობაში უვლიდნენ გეზრულელები. დღეს ვი\თარება შეცვლილია, წლეულს 20 მაისს გეზრულის ჩაის პლანტაციაში ფოთლის კრეფა დაიწყება. რამდენი შრომა, თავდადება და ფინანსები ჩაიდო ამ საქმეში, პლანტაციების გაცოცხლების ინიციატორი, გეზრულის საჯარო სკოლის პედაგოგი კობა შეყილაძე გვიამბობს.

კობა შეყილაძე:

- 1990 წლამდე ამ პლანტაციებში ყოველწლიურად 200 ტონა ჩაი იკრიფებოდა. ჩვენი პლანტაციები ჩაის კულტურისთვის იდეალურ კლიმატურ პირობებშია გაშენებული, ამიტომაც აქ ყოველთვის საუკეთესო ჩაის იღებდნენ. მართალია, მაღალმთიანი სოფელი ვართ, სადაც ზამთარი მკაცრია, მაგრამ ჩაი 18 გრადუსამდე ყინვას უძლებს. განსაკუთრებით უადვილდება ჩაის ბუჩქს ამ ტემპერატურის ატანა, როდესაც ზამთარი მშრალი არ არის - თოვლის საფარქვეშ ის თავს კარგად გრძნობს.

1991 წლის შემდეგ სურათი ასეთი იყო: არ არსებობდა მყიდველი, ამიტომ გაპარტახდა ფაბრიკა ჩვენს სოფელში. ჩაი უპატრონოდ დარჩა. ეს 2008 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს კი, შემოვიდა მიწის პრივატიზების კანონი. გადავწყვიტე ჩვენი მიტოვებული პლანტაცია შემეძინა, მაგრამ ეს ის ხავერდოვანი ჩაის ბუჩქები აღარ იყო, რომლებიც ჩემს მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა. ზრუნვამოკლებული პლანტაცია გაუდაბურდა. მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს რისკიანი ინვესტიცია იყო, მაგრამ არა ფუჭი. ამ ფიქრებით გავხდით მე და ჩემი ბიძაშვილი ნუკრი შეყილაძე გეზრულის ჩაის პლანტაციის 10 ჰექტარის მფლობელები.

შემდეგ ხან ინვესტორს ვეძებდი, ხან სახელმწიფოს კარზე დავდიოდი, რადგან ამხელა გავერანებული ჩაის პლანტაციის მიხედვა შიშველი ხელებით, მხოლოდ ორი კაცის იმედად, შეუძლებელი იყო. პროგრამამ, რომელსაც "ქართული ჩაი" ჰქვია, სულზე მოგვისწრო. ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივი, განაცხადი გავაკეთეთ თანადაფინანსების მიღებაზე და მოვიპოვეთ დაფინანსება. პირველ ეტაპზე პლანტაციაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაგვეტარებინა, უნდა ამოგვეძირკვა უზარმაზარი ხეები, ათასი ჩირგვი და ეკლიანი ბუჩქი. ამისთვის 50.000 ლარი, ანუ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტით გათვალისწინებული საჭირო თანხის 80% მივიღეთ, დანარჩენი 20% კი ბანკების დახმარებით მოვიპოვეთ. ჩვენი ბიზნესგეგმის მიხედვით, ჩვენი პლანტაცია საკმარისი არ იქნებოდა სერიოზული შედეგების მისაღებად, ამიტომ დარჩენილი პლანტაციის იჯარით აღებაზე დავიწყეთ ფიქრი.

- რამდენი ჰექტარი გაქვთ ახლა დამუშავებული? - 23 ჰექტარი. აქედან ნაწილი სახელმწიფოსგან გვაქვს იჯარით აღებული, მცირე ნაწილი კი თანასოფლელებისგან ქვეიჯარით.

რაკი გამოცდილება არ გვქონდა, თბილისიდან მოვიწვიეთ სპეციალისტები. ისინი თავისი დანადგარებით ჩამოვიდნენ და თავდაპირველად ჩვენი პრივატიზებული მიწა გაგვისუფთავეს. საჭრელი დანადგარების შესაძენი თანხა არ გვქონდა, ამიტომ საკუთარი ხელით დავამზადეთ და ეკალბარდებსა და ბუჩქებს თავისუფლად ვერეოდით.

ჩაის ბუჩქს 5-6 წელიწადი სჭირდება საბოლოო ფორმირებისთვის, თუმცა მცირე მოცულობით კრეფის დაწყება უკვე ორ წელიწადშიც შეიძლება. 60-70 სანტიმეტრი უნდა გაიზარდოს, მეტზე არ უნდა გაუშვა, რადგან მოკრეფა გართულდება.

- რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული პლანტაციაში? - სეზონზე ბუჩქების გაწმენდაზე 20 ქალი მუშაობს, თუ სათიბია, კაცები შრომობენ. მუშახელის რაოდენობა შესასრულებელ სამუშაოზეა დამოკიდებული. კრეფა რომ დაიწყება, კვლავაც ქალები არიან აქტიური. უკვე მზად გვაქვს 130 კვმ ფართობის მინიფაბრიკა ჩაისთვის საჭირო საშრობი, საჭკნობი, საგრეხი პროცედურებით.

- თქვენ ბიოპროდუქტს აწარმოებთ. - ჭიათურიდან საკმაოდ მოშორებით ვართ, ამიტომ მარგანეცი ვერ გვაზარალებს. ჩვენ სტიმულატორად მხოლოდ ბიოლოგიურ სასუქს ვიყენებთ. ამ ეტაპზე არც სჭირდება გაპოხიერება მიწას, ისეთი განოყიერებულია ნეშომპალათი. ის 25 წელიწადი, როცა ადამიანი ახლოს არ ეკარებოდა, მიწის დასვენებისთვის გამოდგა. პლანტაციაში ერთი ჯიშის ჩაი გვაქვს, "კამელია სინენსისი". ეს ჯიში ფართოფოთლიანიცაა და წვრილფოთლიანიც. მისი ხარისხი კლიმატზეა დამოკიდებული, სად არის გაშენებული, რით იმტვერება, რა ჰაერი აქვს, რაკი სუნს ადვილად იღებს. ჩვენს ირგვლივ კი მუხნარი, წაბლნარი, აკაციის ტყეა...

უმაღლესი სასწავლებელი რომ დავამთავრე, ერთხანს ჩვენი ჩაის ფაბრიკის ლაბორატორიაში ვმუშაობდი. ტექნოლოგიები, რაც მაშინ გამოიყენებოდა ჩაის დასამუშავებლად, ახლა არაფერში მარგია, რადგან ჩაის ის ხარისხი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს სჭირდება, სრულიად ახალ ტექნოლოგიებს მოითხოვს. თუმცა იმ ძველმა გამოცდილებამაც მომცა რაღაც. სიახლეებს გამუდმებით ვეცნობი. ძალიან კარგი გამოცდილება იყო დუბაის ჩაისა და ყავის გამოფენაში მონაწილეობა, სადაც მოვხვდით პროექტით "მწვანე ეკონომიკა - მდგრადი ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა", რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ, "ავსტრიის განვითარების სააგენტო" კი ახორციელებს. დუბაიში ბევრი დაინტერესდა ჩვენი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით. მეც მომეცა შესაძლებლობა ჩვენი ჩაი ჩაის მწარმოებელი ცნობილი ქვეყნების ნაწარმისთვის შეგვედარებინა. გარდა ამისა, დავრწმუნდი, რა სიმდიდრესთან გვაქვს საქმე, რადგან მსოფლიო ბაზარზე ისეთი ჩაის ფასი, როგორსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ძალიან მაღალია. თუმცა ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ დავკრეფ ჩაის 20 მაისის შემდეგ. დღეში ორჯერ უნდა შევიტანო ფაბრიკაში დაკრეფილი ჩაი, რომ არ დაისიცხოს, შუადღის 12 საათამდე და მერე, 4-5 საათიდან. ჩაის სიცხე არ უხდება, მაშინვე კარგავს ხარისხს.

ჩვენი ხალხი შეეჩვია პაკეტის ჩაის და მხოლოდ გურმანებმა იციან, რომ როცა ნატურალური ჩაი ჭურჭელში იყრება, ფოთლები ყვავილივით უნდა გაიშალოს და მთელი უნდა დარჩეს. ცხელ წყალში მოხვედრისთანავე არ უნდა შეიფეროს, თუ ქიმიური დანამატებით არ არის გაჯერებული.

- კოოპერატივი ცოტა საბჭოურად ხომ არ ჟღერს? - ჟღერადობას რა უჭირს, დამოკიდებულებაა მთავარი. კოოპერატივის შექმნა აუცილებელი მოთხოვნა იყო დასაფინანსებლად. კოოპერატივის ზოგიერთ წევრს კითხვა უჩნდება, ჩაიში რომ ვიმუშაო, ფულს ვინ გადამიხდისო? ვერ გავაგებინე, რომ მფლობელს ფულს საკუთარი შრომა უხდის და პირიქით, ვალდებულია დაქირავებულებს თავად მისცეს ანაზღაურება შრომისთვის. ახლა კოოპერატივების სააგენტო მეუბნება, წევრების რაოდენობა 9-მდე გაზარდეო. ეს რისთვის სჭირდებათ, ხალხის დასამაგრებლად? მაგრამ ძალად წევრობით როგორ დავამაგრებ? თან არავის უნდა იმ გადასახადების გადახდა, რომელსაც კოოპერატივის წევრობა გულისხმობს. გამოდის, მხოლოდ მშრომელმა წევრებმა უნდა გადავიხადოთ ყველას გადასახადი და შრომითაც თავად ვიშრომოთ? ბიუროკრატია ცოტა ართულებს ჩვენს საქმეს.

მაგალითად, როცა მე და ნუკრიმ ჩვენს გუნდში ახალი წევრი, შალვა კიპაროიძე მივიღეთ, რომელმაც ტრაქტორი უყიდა კოოპერატივს და ფაბრიკის მშენებლობაშიც მონაწილეობდა, ვიფიქრე, სამნი ვართ, მონდომებულებიც და ჩაის პარალელურად კენკროვან კულტურებსაც მივხედავთ-მეთქი, მაგრამ ისევ კოოპერატივის შექმნა მომთხოვეს, რომელშიც 5 კაცი უნდა გამეერთიანებინა, თითოეული ჩვენგანი კი მხოლოდ 0,5 ჰექტარი მიწის ფართობის გაშენების უფლებას მიიღებდა. ამიტომ ჩავიქნიე ამ გეგმაზე ხელი. ასეთი მიდგომა შეცდომად მიმაჩნია. თუ კაცს 10 და 20 ჰექტარის დამუშავება შეუძლია, რატომ უწესებ ზღვარს?

ამ ეტაპზე დაახლოებით 2,5 ტონა ჩაი უნდა დავამუშაოთ, მომავალში, ალბათ, 5 ტონამდე ავალთ. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება შეკვეთა, მწვანე ჩაისაც დავამზადებთ, ვაპირებთ თეთრი ჩაის წარმოებასაც. ჩვენს ჩაის ვარდის არომატი აქვს, მას კონკურენტი არა ჰყავს. უკვე მყავს შემკვეთებიც. მოკლედ, კარგ მომავალს ველით და მაქვს გეგმებიც სოფლის განვითარებისთვის.

დეა ცუცქირიძე