"ვეფხისტყაოსანი", რომელიც XXI საუკუნის ინტელიგენციამ გადაწერა - კვირის პალიტრა

"ვეფხისტყაოსანი", რომელიც XXI საუკუნის ინტელიგენციამ გადაწერა

გურამ ახალაია 60 წლის გახდა. წიგნის მოყვარულები კარგად იცნობენ მას - ამჟამად პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" უამრავი გამოცემის პატრონია და არა მარტო კოლექციონერი გახლავთ, ამ დიადი წიგნის მოამაგეცაა...

- ბევრია თუ ცოტა სამოცი წელი?

- ბევრიც და ცოტაც... გააჩნია, რას გულისხმობთ ამ წლების უკან...

- ვგულისხმობ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს, უპოვართა დახმარებასა და უსახლკაროთა დაბინავებაში მონაწილეობას ფონდ "იავნანასთან" ერთად. კიდევ წიგნის სიყვარულსა და უნიკალური კოლექციის შექმნასაც, კიდევ...

- იცი, რა?! ალბათ მაინც ძალიან ცოტაა სამოცი წელი... ვისაც ამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია, ძალიან ბევრი, ბევრი სამოცი წელი უნდა აკეთოს თავისი საქმე!

ყველაფერი დასავლეთ საქართველოს ერთი პატარა რაიონის სკოლაში დაიწყო... და იმ პატარა რაიონში იზრდებოდა ბიჭი, რომელსაც ერთ დღეს სკოლაში გენიალური წინაპრის შექმნილი 800-წლოვანი "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები მისცეს საზეპიროდ. რაიონში ამ ნაწარმოების იუბილეს აღნიშნავდნენ.

- მაშინ, რუსთაველის იუბილე რომ აღვნიშნეთ, - მიამბობს გურამ ახალაია, - ქართულის მასწავლებელმა ისიც გვითხრა, "ვეფხისტყაოსანი" რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, ამ ნაწარმოების გამოცემაც ბევრიაო. სტუდენტობისას დავიწყე წიგნების მაღაზიებში სიარული და "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა გამოცემა თუ გამოჩნდებოდა, აუცილებლად ვყიდულობდი. ჯერ ქართული და რუსული ვიყიდე... მერე უცხოურიც შემხვდა. მაშინ წუთითაც არ მიფიქრია, რომ კოლექციონერობა მინდოდა... ზოგი გამოცემა სულ უნებურად ჩამივარდა ხელში - საიუბილეო წელს კაკა ჟვანიამ "ვეფხისტყაოსანი" მეგრულად გარდათქვა და როტოპრინტზე 7 ცალი დაბეჭდა. ერთი ეგზემპლარი მეც მაქვს. ჩემი მეგობრის, გელა ნათენაძის მამა იყო კოლექციონერი.

1980 წელს მოსკოვში, გამოფენაზე მიჰქონდა თავისი "ვეფხისტყაოსნები". გელამ მთხოვა, - მეგრულად გარდათქმული "ვეფხისტყაოსანი" არ აქვს მამაჩემს და ხომ არ უშოვიო. რა შოვნა უნდა, მე მაქვს-მეთქი. მერე მამამისმა მკითხა, - მაინც რამდენი "ვეფხისტყაოსანი" გაქვსო. ასი ცალი-მეთქი. კოლექციონერი ყოფილხარო. ასე გაჩნდა ეს სიტყვა ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, მაშინ ცოტა მეხამუშა კიდეც... არ ველოდი.

...ვსხედვართ გურამ ახალაიასთან. აქ წიგნები ცხოვრობენ, ისინი ბინის მთავარი ბინადრები არიან. ზოგს რამდენ ხანს ეძებდა, ზოგს - რამდენს... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მის კოლექციას ამშვენებს წიგნები უნიკალური ავტოგრაფებით, მაგალითად, "ვეფხისტყაოსანი" ქართველიშვილის ავტოგრაფით...

- საბედნიეროდ, ბევრი ავტოგრაფიანი გამოცემა მაქვს. ესპანური "ვეფხისტყაოსანი" მონსერატ კაბალიეს ავტოგრაფით მაქვს, დარღოული - მთარგმნელის ავტოგრაფით. უნივერსიტეტის წინ ფრანგული "ვეფხისტყაოსანი" ვნახე. რუსუდან ფეტვიაშვილის ავტოგრაფით იყო: "ანას რუსუდანისაგან". ვიყიდე. მერე მაინც ვერ მოვითმინე და დავუტოვე ჩემი წიგნი რუსუდანს ავტოგრაფისათვის. ისეთი შედევრი ჩამიხატა, ჩარჩოში ჩავსვი.

მართალია, ჩემი კოლექცია არასრულია, მაგრამ მაქვს პირველი გამოცემა 1712 წლისა, რომელზეც ყველა კოლექციონერი ოცნებობს. მაკლია 1867 წლის გიორგი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანისეული გამოცემა თავისი მოკლე ლექსიკონით. ტირაჟი 1300 ცალი იყო, 1961 წელს პარიზში, მიხეილ წერეთლის მიერ გამოცემული ქართული "ვეფხისტყაოსანი" - ტირაჟი არ ვიცი, რამდენი ჰქონდა, ეტყობა, ძალიან ცოტა... ეს გამოცემა 1977 წელს ნინო სალიამ გაიმეორა... არ მაქვს 1903 წლის "ვეფხისტყაოსანი" - დამეკარგა გამოფენაზე.  გამოფენიდან ერთი ყუთი "ვეფხისტყაოსნები" დაიკარგა. ვიღაცამ წაიღო... იმ ყუთში ეს ერთი წიგნი იყო შედარებით ძვირფასი, დანარჩენი ჩვეულებრივი სასკოლო გამოცემები გახლდათ...

- გაქვთ ისეთი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვს საქართველოში?

- ჰამიდოვის მიერ დარღოულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". 1994 წელს გამოიცა. თვითონ როგორც ამბობს, 15 ეგზემპლარი ჩამოიტანა რასულ ჰამზათოვის ძმამ საქართველოში. ვერც ერთს ვერ მივაკვლიეთ. იქნებ სადღაც დევს კიდეც... მთარგმნელს დავუკავშირდი. მხოლოდ ორი ცალი მაქვს და ვერ მოგცემ, მაგრამ ვიკითხავ, ვისაც ვაჩუქე, თუ დავიბრუნე, გადმოგცემთო. 5 წელი მიდიოდა სატელეფონო საუბარი. რას არ ვთავაზობდი, არ მთანხმდებოდა. ერთი მეცნიერი ქალბატონია იქ - ნაიდა, ისიც ეძებდა მახაჩყალაში, ვერ იშოვა. ერთხელაც დავურეკე ჰამიდოვს და მოულოდნელად მითხრა: გადავწყვიტე, გაჩუქოთ წიგნიო. ახლა ჩამოტანა გახდა პრობლემა. ცუდი დრო იყო, მეშინოდა, არ დაკარგულიყო... ბოლოს, როგორც იქნა, ვეღირსე.

სხვათა შორის, შარშან გამოვიდა ჩუვაშურად "ვეფხისტყაოსანი". სულ 300 ცალი. ორია საქართველოში, ერთი მე მაქვს. საინტერესოა წინასიტყვაობა... აქ ჩანს მთარგმნელების  დამოკიდებულება ჩვენი კულტურის მიმართ.

- ბატონო გურამ, გაქვთ პირველი მინიატიურული "ვეფხისტყაოსანი"?

- პირველი მინიატიურული "ვეფხისტყაოსანი" 1953 წელს ბერლინში გამოსცა გრიგოლ რობაქიძემ და თითქოს ჰიტლერს აჩვენა. მან კი წააწერა, - ქართველები ნიჭიერი ხალხიაო...

ასე იყო თუ არა, არავინ იცის, გამოცემა კი მაქვს... საერთოდ, 4000 მინიატიურული წიგნი მაქვს, მათ შორის, სპეციალური გამოცემებიც: მაგალითად, მოსკოვში გამოცემულ მინიატიურას გამომცემლობაშივე დააწერეს: "ეგზემპლარ გურამა ახალაია".

- არაორდინარულ წიგნებზეც გვიამბეთ თქვენი კოლექციიდან...

- ერთხელ წერილი მომწერა რეზო გაბრიაძემ. მერე გადაიფიქრა, დაჭრა, წიგნად აკინძა, "I ტომი" დააწერა და გამომიგზავნა. მაშინ საქმიანი მიმოწერა გვქონდა და ეს უნიკალური წიგნები ავიდა 6 ტომამდე. მაქვს სხვა უნიკალური წიგნიც: რეზო გაბრიაძე ლონდონიდან პარიზში მგზავრობდა მატარებლით, დაიწყო აღწერა. დააფიქსირა ყველაფერი, რასაც სამი საათის განმავლობაში ხედავდა. მერე წიგნად შეკრა... აწერია: "ტირაჟი ერთი ცალი. გამოცემის უფლება აქვს გურამ ახალაიასო" და გადმომცა...

- დასასრულ, იმ უნიკალურ პროექტზე რას იტყვით, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო?

- თავიდან გადავწყვიტეთ, ხელით გადაგვეწერა "ვეფხისტყაოსანი". დავუკავშირდით ქალბატონ ლია სიხარულიძეს, რომელმაც არაჩვეულებრივად გააფორმა და კალიგრაფიულად უზადოდ შეასრულა დავალება, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ... გადავწყვიტეთ, შანსი მიგვეცა ყველა ადამიანისათვის, რომელიც დღეს ცხოვრობს საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის კულტურაში. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ხელწერა აქვს, მთავარია, რომ შთამომავლობას დარჩეს მათი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"...

არის შემთხვევა, როცა შენი ამქვეყნიური ექვსი ათეული წელი ძალიან ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც გილოცავენ მეგობრები და ახლობლები, ფონდი "იავნანა", წიგნის მოყვარულები... ეს სამოცი წელი იმისი თვალნათელი დასტურია, რომ ჩვენ გვაქვს კეთილი მომავალი, ისევ გვიყვარს წიგნი და ადამიანი კვლავ უმნიშვნელოვანეს საზრუნავად რჩება. მარტო ის რად ღირს, რომ საუკუნის მერე შთამომავალობას ხელთ ექნება "ვეფხისტყაოსანი", რომელიც XXI საუკუნის ინტელიგენციამ გადაწერა, ისევე, როგორც ადრე წერდნენ ჩვენი კულტურის მოამაგეები, ჯაფით წელში მოხრილი, პირხმელი გადამწერები.

ეს წიგნი ცოცხალი იქნება, რადგან თითოეული გადამწერის მიერ შესრულებული გვერდი "ვეფხისტყაოსანთან" ერთად გვიამბობს ამ ნაწარმოებიდან ლამის 900 წლით დაშორებულ სიცოცხლეზე, გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ამ პოემას იწერდნენ და ეთაყვანებოდნენ. ეს იქნება ცოცხალი "ვეფხისტყაოსანი", ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით მტრის ჯინაზე: რუსთაველი წარსული არ არის, ის ჩვენში განაგრძობს სიცოცხლეს. ჩვენ კი ბევრნი ვართ - XXI საუკუნელი ქართველები...