"სად არის პრეზიდენტის დანაპირები?" - კვირის პალიტრა

"სად არის პრეზიდენტის დანაპირები?"

"გვაყვედრიან, დასაფლავების ხარჯები ხომ მოგეცითო..."

2010 წლის 3 მარტიდან დღემდე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, სამი აფეთქება მოხდა, რასაც საერთო ჯამში ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2010 წლის 3 მარტს მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ამდენივე დაიღუპა 27 აგვისტოს. 2011 წლის 22 იანვრის აფეთქებას კი 1 მაღაროელი ემსხვერპლა. ერთი მეშახტე დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია, სამი კი დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. მომხდარზე კომენტარი სომხეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა, - "მოვისმინე დასკვნა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი იმ მაღაროელის ბრალია, რომელიც დაიღუპა.

წინა აფეთქებაზეც ყველაფერი მსხვერპლსა და მაღაროელებს დააბრალეს. წინა აფეთქება შედეგი იყო არა მუშების დაუდევრობისა, არამედ მაღაროს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომლებმაც ვენტილაციის სისტემა გამორთეს და ფული დაზოგეს თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე. ვნანობ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე არ მივიდა, კონკრეტულ პირებს პასუხი უნდა ეგოთ".

ნატო ჯიშიაშვილი (2010 წლის 3 მარტს შახტის აფეთქებისას დაღუპული ჯემალ ჯიშიაშვილის ქალიშვილი): "მამა შახტში კონვეიერის გამშვების შესაკეთებლად გამოიძახეს. რა მოხდა სინამდვილეში, ვერ გეტყვით, ის კი ვიცი, რომ აფეთქება მამაჩემს დაჰბრალდა. ამ საქმეზე დასკვნა არ გაკეთებულა. 27 აგვისტოს მეორე აფეთქება რომ მოხდა, ორივე საქმე გააერთიანეს, მაგრამ ისიც დღემდე გამოუძიებელია."

ნანა ქურცაძე (27 აგვისტოს გარდაცვლილი მაღაროელის, იოსებ ობოლაძის მეუღლე): "ჩემი მეუღლე გამოცდილი მუშაკი იყო, 18 წელი ამ საქმეზე მუშაობდა.

სიცრუეა, მუშების დაუდევრობას რომ დააბრალეს ყველაფერი. უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ, მუშებს სპეცტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. შახტში სამუშაოდ სპორტული ტანსაცმლით ჩადიოდნენ. მუშებისა და ჩემი მეუღლისგანაც ვიცოდი, რომ სავენტილაციო სისტემა გაუმართავი იყო და მილების დაზიანებულ ადგილებს "სკოტჩით" აწებებდნენ. რომელ უსაფრთხოებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა მუშებს კარადებიც არა აქვთ ტანსაცმლის შესანახად. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, მის ტანსაცმელს ტელეფონის ზარით ძლივს მივაგენით... სრული სიმართლეა ისიც, რომ სავენტილაციო სისტემას ელექტროენერგიის  დაზოგვის მიზნით თიშავენ.

- პირველი აფეთქება მუშების დაუდევრობას მიაწერეს, თურმე მუშები შახტში სიგარეტს ეწეოდნენ.

- რომელი გიჟი მოსწევს სიგარეტს შახტში?.. ეს სიცრუეა. პრეზიდენტმა დაავალა რაიონისა და შახტის ხელმძღვანელობას დაღუპულთა დასაფლავების ხარჯების გაღება, ისიც თქვა, თუ  დაღუპულის ოჯახებში მოხუცები არიან, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, სასკოლო ასაკის ბავშვები წიგნებით მოამარაგეთ, სტუდენტებს სწავლის გადასახადები დაუფარეთ, რომ ოჯახებმა არ იგრძნონ მარჩენალის დაკარგვაო. დასაფლავების ხარჯები კი გადაიხადეს, მაგრამ დანარჩენი არ ჩანს. გვაყვედრიან, დასაფლავების ხარჯები ხომ მოგეცითო... სად არის პრეზიდენტის დანაპირები? ეს შეკითხვა მინდოდა დამესვა ტელეხიდზე პრეზიდენტისთვის. დავტოვე კიდეც შეტყობინება, ინტერნეტითაც გავუგზავნე, მაგრამ ამაოდ...

გია ობოლაძე (27 აგვისტოს აფეთქების დროს დაშავებული): "შახტში გაზის შემცველობა ძალიან მაღალია. ტექნიკური ბაზა ძველია, კომუნისტების დროინდელი. უცხოეთიდან აღარაფერი შემოაქვთ, ადგილობრივი წარმოებისა კი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს. ადგილზე აწყობენ რაღაც-რაღაცებს, ძველს არემონტებენ.

- კომპენსაცია თუ მიიღეთ?

- ველოდებით, სადაზღვევო კომპანია მანამდე ვერ გასცემს, სანამ საქმეს არ გამოიძიებენ.

გელა მაჩაიძე, პროფესორი, სამთო ინჟინერი, მოპოვების ტექნოლოგიის სპეციალისტი: "22 იანვრის აფეთქების დაკითხვის ოქმებიდან და საქმის მასალებიდან ჩანს, რომ არაგაბარიტი (ქვანახშირის ან ქვის დიდი ნატეხი) გაიჭედა პირველი ბლოკის პირველი კამერის (ქვანახშირს კამერებში მოიპოვებენ) ყელში. არაგაბარიტი მუშებმა ვერ დაშალეს პნევმატური ჩაქუჩებით და მისი აფეთქება მოითხოვეს. არაგაბარიტი რომ დაიშალოს, ახალი განაწესი უნდა შედგეს, უნდა შემოწმდეს განიავების სისტემა, გაზის დაგროვების რაოდენობა და მხოლოდ შემდეგ შეიძLლება აფეთქება. ამ შემთხვევაში კი მუშამ დაურეკა უბნის უფროსის მოადგილეს, მან კი არაგაბარიტის აფეთქების ნება მისცა. საიდან ჰქონდა მუშას ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წესით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე თავიდან უნდა გამოიწეროს, ამფეთქებელმა საწყობიდან ასევე სპეციალური განაწესით და ტრანსპორტირების პირობების დაცვით უნდა ამოიტანოს. უნდა ჩამოიწეროს, რა საშუალებით უნდა აფეთქდეს, რამდენ ადგილას გაიბურღოს, რა ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება მოთავსდეს არაგაბარიტის შიგნით და ა.შ. რა თქმა უნდა, განაწესი არ გაკეთებულა.

- მუშებისგან ვიცი, რომ მწყობრიდან გამოსულ სავენტილაციო მილებს ადგილ-ადგილ "სკოტჩით" ამაგრებდნენ.

- ერთ-ერთი დაზარალებულიც წერს ჩვენებაში, ადგილობრივი განიავების სისტემა ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან, კერძოდ, მილები, ყველა მოძველებული და უხარისხოაო.

შახტში მეთანის შემცველობა მაქსიმუმ ყოველ ერთ საათში უნდა იზომებოდეს. სპეციალურ დაფაზე უნდა იწერებოდეს, ვინ და როდის გაზომა მეთანის გაზის რაოდენობა. ასე ზერელედ აფეთქების უფლების მიცემა ვის ჰქონდა? უნდა ჩასულიყვნენ ადგილზე და ენახათ, რა იყო და როგორ. 20-30 წელია ლექციებს ვკითხულობ, დისერტაციებიც შახტზე მაქვს დაცული, მაგრამ ასეთი სიხშირის აფეთქებები ნამდვილად არ მახსენდება".

ირაკლი პეტრიაშვილი (გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე): "ჩვენი ინფორმაციით, მაღაროელების 5-კაციანი ბრიგადა, რომელიც აფეთქებით დაზარალდა, შახტში 22 იანვარს ხელმძღვანელობის ზეწოლით ჩავიდა. მაღაროელებმა იცოდნენ, რომ შახტის მესამე უბანზე მეთანის ოდენობა 6%-ს აღწევდა. იქ ჩასვლა დაუშვებელი იყო. ასეთი კონცენტრაციის მეთანის განიავება კონდიცირებითაც შეუძლებელია."

რამდენიმე დღით ადრე ხელმძღვანელობამ კიდევ ორ ბრიგადას მოსთხოვა იმავე მაღაროში მუშაობა და წინააღმდეგობის გაწევას ორივეჯერ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მესამე ბრიგადამ, რომელსაც სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ, წინააღმდეგობა აღარ გასწია და...

მინდელის სახელობის შახტა

მინდელის სახელობის შახტა 1973 წელს დააარსა მეშახტემ, რომლის დამსახურების გამო უბანს მისი სახელი ეწოდა. ალექსანდრე მინდელი დღესაც ცოცხალია. 2008 წლამდე ტყიბულის მაღარო სრული დატვირთვით მუშაობდა. რამდენიმე წელია უბნის მფლობელი "ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია "საქნახშირი" გახდა. ტყიბულის შახტები მსოფლიოს სხვა ანალოგიური შახტებისგან იმით გამოირჩევა, რომ იქ ყველა საშიშროებაა თავმოყრილი: მეთანის გაზი ჭარბი რაოდენობით ნახშირის მტვრის გარკვეული კონცენტრაციით თუ დაგროვდა, თავისით ფეთქდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ნორმები.