"საოცარი სიყვარული ჰქონდათ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ... დედა საშინლად განიცდიდა მის გარდაცვალებას, თითქოს მისთვის ყველაფერი დამთავრდა"
20-05-2020
"საოცარი სიყვარული ჰქონდათ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ... დედა საშინლად განიცდიდა მის გარდაცვალებას, თითქოს მისთვის ყველაფერი დამთავრდა"
ფოტო:თემო ნაცვლიშვილი მეუღლესთან,დალი გუნცაძესთან ერთად
უმეტესწილად მას კნინობითი სახელით - თემოდ მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ დღესაც, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსებისა, თანამდებობებისა... შეიძლება იმიტომაც, რომ ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან ან სულაც იმიტომ, რომ მისი სიმღერები იყო უასაკო და საყოველთაოდ სამღერი, რამაც ავტორს მარადიული ახალგაზრდობა აჩუქა. მაინც ვინ და როგორი იყო თეიმურაზ-თემო ნაცვლიშვილი - ისტორიკოსი, სხვადასხვა დროს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, კომპანია "ქართული ტელეფილმის" დირექტორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რამდენიმე ფილმის სცენარისტი, მონაწილე და ლამის საქართველოს სიყვარულის ჰიმნად ქცეული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი?!

მისი სიმღერები თითოეულმა ზეპირად იცით... ალბათ, უთვალავჯერ გიმღერიათ, ვინმესთვის მიგიძღვნიათ, გიღიღინიათ... მაგრამ ნაწილს, ალბათ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ თქვენი საყვარელი მელოდიები - "ქარი გიმღერის ნანასა...", "ყაყაჩოს ღვინო სალხინო",
"ყველა სათავისოდ დაგკანკალებენ, ყველა თავისას გთხოვს", "მე ძლიერ მიჭირს შენი დათმობა", "სამი დღეა, დამიბრიყვა სევდამ" და სხვა, საოცრად მომხიბვლელმა და თბილისის კოლორიტმა კაცმა, თემო ნაცვლიშვილმა დაწერა.
თანაც ყველა სიმღერას შესანიშნავი პოეტების ლექსები შეურჩია - ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის... "მამას ანას ლექსები ძალიან უყვარდა და ანასაც ძალიან უყვარდა მამა, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ", - ამბობს ბატონი თემო ნაცვლიშვილის მრავალმხრივ შემოქმედი ქალიშვილი, პოპულარული მსახიობისა და წამყვანის დუტა სხირტლაძის მეუღლე, მხატვარი და დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი. ამ თბილი და მოსიყვარულე ადამიანის ცხოვრებაზე, სიყვარულსა და ოჯახზე საუბარიც სწორედ მას ვთხოვე. თავად მარინა 23 წლის ყოფილა, მამა რომ გარდაეცვალა...

პირველი სიმღერა - "ქარი გიმღერის ნანასა"
მარინა ნაცვლიშვილი
- მამა ძალიან კარგად მღეროდა და, თურმე, კონსერვატორიაშიც უნდოდა ჩაბარება, ვოკალის განხრით. საერთოდ, ჩვენთან, ოჯახში ყველა მღეროდა - ბაბუმ, შალვამ და მისმა დამ უამრავი რომანსი იცოდნენ, მამას კი გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა და ამიტომ მოინდომა ბებიამ, იგი ოპერის მომღერალი გამოსულიყო, მაგრამ... რატომღაც, მამა მაინც ისტორიულზე აღმოჩნდა. რაც შეეხება სიმღერებს, პირველი სტუდენტობისას, 19-20 წლის ასაკში და
წერა და ეს გახლდათ "ქარი გიმღერის ნანასა". მ
აშინ ანა კალანდაძის ლექსები დაბეჭდილიც არ იყო, მხოლოდ ხელნაწერი სახით ვრცელდებოდა და მამა პირადად არც კი იცნობდა პოეტს. იმ პერიოდში სტუდენტები ხშირად აწყობდნენ საღამოებს და მსახიობებსაც იწვევდნენ ხოლმე. ვერაზე, ჩვენს სახლში მოწყობილ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონი სერგო ზაქარიაძეც მოუპატიჟებიათ. სიმღერის მელოდია მამას უკვე შექმნილი ჰქონია და წაუღიღინებია. სერგო ზაქარიაძეს ანას ლექსები თან ჰქონია, ამოუღია და კითხვა დაუწყია. მელოდია მოუხდა სიტყვებს თუ პირიქით - სიტყვები მოიხდინა მელოდიამ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთს შეერწყა და ასე შეიქმნა ეს სიმღერა. მერე ეს ამბავი ანა კალანდაძემაც გაიგო, ერთმანეთსაც შეხვდნენ, გაეცნენ და ანამაც ძალიან მოიწონა მამას სიმღერები. შემდეგ მის ლექსზე სხვა სიმღერაც გაჩნდა - "ყაყაჩოს ღვინო სალხინო" და მამასა და ანა კალანდაძეს ბოლომდე ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

სამეგობრო - თბილისის კოლორიტები


- მთელი თბილისი მამას საახლობლო-სამეგობრო იყო. ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ, ეწყობოდა ულამაზესი წვეულებები, მღეროდნენ, ილხენდნენ. მახსოვს, ზაფხულობით ბიჭვინთაში, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში ჩავდიოდით ხოლმე და აივნიდან ვუყურებდი, ახლაც თვალწინ მიდგას, შენობიდან გასვლისთანავე, მამას ირგვლივ უცებ რომ იკრიბებოდა უამრავი ადამიანი - მამა შუაში და გარშემო მისი სანაცნობო-სამეგობრო.

მამა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანი იყო და ყველას უყვარდა. ჩვენს ოჯახში შეკრებები მართლაც ძალიან ხშირი იყო - ჯერ ვერაზე ვცხოვრობდით და იქ გვსტუმრობდნენ, შემდეგ - ბახტრიონზე და ბოლოს ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც დღემდე ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი.
თემო ნაცვლიშვილი, მეგობრებთან ერთად
ბებია და ბაბუა "პლეხანოვზე" ცხოვრობდნენ და იქაც ხშირად ვიყავით, რა თქმა უნდა, არც იმ სახლს აკლდა თავყრილობები - სულ სუფრა იყო გაშლილი და მუდამ ილხენდნენ. რაც მთავარია, ეს უბრალო ქეიფი და ღრეობა არ იყო, ეს იყო შთამბეჭდავი საღამოები, საოცრად ლამაზი და კულტურული, სიყვარულით, სიმღერითა და ურთიერთობით სავსე. ჩვენც - ოჯახიც ხშირად მივდიოდით ხოლმე სტუმრად მამას მეგობრებთან. კარგად მახსოვს, რომ ამ საღამოებზე არავინ თვრებოდა. თამადა ყოველთვის თემიკო ჩირგაძე იყო და ისეთ ამბებს ჰყვებოდა, სიცილისგან ყველას მუცელი ხელით ეჭირა. რაც მთავარია, ამბავს და ხუმრობას არასდროს იმეორებდა. ეს კაცი მართლა ფენომენი იყო, ცხოვრებაში მსგავსი არავინ შემხვედრია.
ნიაზ დიასამიძე მოდიოდა ხოლმე, მაგრამ მე კარგად არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ის კი კარგად მახსოვს, ჩემი ასაკის გამო, ჩვენთან შეკრება-მოლხენისას გვიანობამდე არ მაჩერებდნენ. დედა დამაწვენდა ხოლმე, მაგრამ მალევე ჩუმად გავდიოდი ხოლმე სასტუმრო ოთახში, ვძვრებოდი გაშლილი მაგიდის ქვეშ და ყველაფრს ვისმენდი. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი. არ მავიწყდება რამდენჯერმე ჩვენთან მსახიობ ლიანა ასათიანის სტუმრობა. ისეთი ლამაზი იყო, პირველად რომ ვნახე, მახსოვს, გაშტერებული, მონუსხულივით ვუყურებდი. საერთოდაც, იმ თაობის ქალები აშკარად გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სილამაზით. თბილად მახსენდება გოგი დოლიძე, რომელიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ასევე, "ქართული ხმების" ის თაობა.
თემო ნაცვლიშვილი
მამასთან ერთადაც მღეროდნენ ხოლმე. ერთხელ ჩემი 6 წლის დეიდაშვილი იყო ჩვენთან და გოგიც მაშინ გვეწვია. მიირბენდა ეს ჩემი დეიდაშვილი გოგისთან და სთხოვდა, გოგი, ერთი რამე, კაი სიმღერა იმღერეო. გოგიც იმღერებდა სულით და გულით, და დაასრულებდა თუ არა, ეს ბავშვი კვლავ მიირბენდა, გოგი, ერთი რამე, კაი სიმღერა იმღერეო... მოკლედ, ისე გააგიჟა გოგი, მე და ჩემს მეგობრებს შემოგვაკითხა ოთახში და გვითხრა, გამაგებინეთ, რა უნდა ამ ბავშვს, რა არ ვიმღერე, მაგრამ ვერაფრით მოვაწონე თავიო. გოგის ხშირად უთქვამს, მამაშენისნაირად ამ ქვეყანაზე არავინ მღერისო.

მამა - მეგობარი

- მე და მამა ყოველთვის ვმეგობრობდით. ჩემთან ძალიან ლოიალური იყო, უარს არასდროს არაფერზე მეუბნებოდა. დედა თუ უფრო მკაცრი იყო და რაიმეზე უარს მეუბნებოდა, მაშინვე მამასთან გავრბოდი და ისიც წუთში მიგვარებდა ამბავს. მისგან არც ცუდი სიტყვა მახსოვს და არც ხმააწეული ლაპარაკი. ცოტათი ფეთქებადი ბუნება კი ჰქონდა და გაბრაზებული რომ იტყოდა, წავედი ახლა მეო, ოთახის კარამდე მისვლასაც ვერ ასწრებდა, უცებ უნელდებოდა სიბრაზე და უკან ბრუნდებოდა.
პატარა მარინა
გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მამა დაბრმავდა. მე და ჩემს მეგობრებსაც ძალიან გვიყვარდა კარგი მოლხენა, ყველანი ვუკრავდით, ვმღეროდით, მამა კი ამ დროს თავის ოთახში იყო ხოლმე. ერთხელაც თავად მოისურვა ჩვენთან გამოსვლა და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მოილხინა. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან ერთად იჯდა და მღეროდა. ჩემი მეგობრები მამას კი იცნობდნენ, მაგრამ ასე, ერთად, არასდროს დამსხდარან სუფრასთან, ამიტომ გაგიჟდნენ, ჩვენ რას ვმღერით, ეს ვინ ყოფილა, აღარასდროს ავიღებთ ხელში გიტარას და აღარ ვიმღერებთო...

მამა, დედა და მე


- მამა ძალიან ლამაზი მამაკაცი იყო და ბევრ ქალს უყვარდა. დედაც - დალი გუნცაძე ტელევიზიაში მუშაობდა, რეჟისორი იყო და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს, შეუყვარდათ და დაოჯახდნენ კიდეც. მამას მანამდეც ჰყავდა ოჯახი, მაგრამ დედა რომ გაიცნო, ოჯახიდან უკვე წამოსული იყო. მამა დედაზე 9 წლით უფროსი იყო, მე კი დედისერთა ვიყავი. ძალიან დიდი, საოცარი სიყვარული ჰქონდათ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. ტელევიზიაში მუშაობისას მამას ერთი ამბავი შეემთხვა: მაშინ ფუნიკულიორიდან მაუწყებლობდნენ და საბაგიროთი ერთ-ერთი ასვლისას, საშინელი ქარი ამოვარდა, მგზავრებით გადაჭედილი ვაგონი რელსიდან ამოაგდო და შუა გზაში, ცალ ბაგირზე დაეკიდა. ვაგონის გამცილებელს ცალი ფეხი ხის ჰქონია და ქარისგან მოქანავე ვაგონის გარეთა კიბეზე ვერაფრით ავიდა, ამოვარდნილი გორგოლაჭი კვლავ რელსში რომ ჩაესვა. მამა ძალიან ღონიერი იყო, რკინის ოც და ხუთკაპიკიანებს ორი თითით ღუნავდა. მგზავრები პანიკაში რომ ჩავარდნილან, ვაგონის კიბეზე მამა აძვრა, ისეთი ქარი იყო, მამას, თურმე, პერანგი სულ შემოახია. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მამამ ხალხით სავსე კაბინა რაღაცნაირად ასწია და გორგოლაჭი რელსში მოათავსა. ასე გადაარჩინა ამდენი ადამიანი. მერე სტატიაც კი დაუწერიათ ამ ამბავზე და მამასთვის გმირი უწოდებიათ. მახსოვს, შინ ჰყვებოდა, იმ წუთას არც შემშინებია, მაგრამ ვაგონიდან რომ ჩამოვედი და გავიაზრე, რა გავაკეთე, სულ ამაკანკალაო. სწორედ ამ ნერვიულობაზე დაემართა დიაბეტი, რამაც შემდეგ სიბრმავე გამოიწვია... ბოლო ორ წელიწადს მამამ ძალიან იწვალა, თუმცა ძალიან ოპტიმისტი კი იყო. არც მახსენდება, თავისი ავადმყოფობის გამო ვინმე შეეწუხებინა ან ეწუწუნა. საოცარი ადამიანი იყო, ბოლო წუთამდე მღეროდა ან ღიღინებდა.
თემო ნაცვლიშვილი
მე რაღაცნაირად მარიდებდნენ მამას ავადმყოფობას, არ უნდოდათ, მისი ამ მდგომარეობისთვის მეყურებინდა და ამიტომ დეიდასთან ვცხოვრობდი. დედამ ყველაფერი გაუკეთა მამას, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინა - იგი 1993 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა... მამას გარეშე კი მეც და დედასაც ძალიან გაგვიძნელდა ცხოვრება. დედა საშინლად განიცდიდა მის გარდაცვალებას, და თითქოს მისთვის ყველაფერი დამთავრდა, მხოლოდ ჩემ გამო იყო ამ ქვეყნად. ამიტომაც მის გარეშე დიდხანს ვერც გაძლო - 6 წელიწადში, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა... ბევრი მეუბნება, მამას ჰგავხარო და ძალიან მიხარია. სხვათა შორის, ჩემი ვაჟი ჰგავს ძალიან და საოცრად ბედნიერი ვარ.

მოისმინეთ სიმღერა "ყაყაჩოს ღვინო სალხინო"  - ავტორის თემო ნაცვლიშვილის, გია ჭირაქაძისა და გოგი დოლიძის შესრულებით
მანანა
21 მაისი 2020 09:53
ნადლობა, თბილი მოგონებებისთვის.

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?