ევროპა "კორონავირუსული ჯადოსგან" გათავისუფლებას ცდილობს - რა ხდება იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში? - კვირის პალიტრა

ევროპა "კორონავირუსული ჯადოსგან" გათავისუფლებას ცდილობს - რა ხდება იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში?

ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ნელ-ნელა საქართველოც და ევროპაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ამისთვის რიგ ქვეყნებში უკვე საკარანტინე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემცირდა, გაიხსნა საფრანგეთის არაერთი ქალაქი, თავისუფალი მიმოსვლა აღდგა იტალიის ქუჩებში და ახლო მომავალში კიდევ უკეთეს შედეგს ელოდებიან.

ვირუსის დასრულების ზუსტ დროზე ჯერ საუბარი ზედმეტია, თუმცა ევროპის ახალ ნაბიჯებზე უკვე ლაპარაკობენ უცხოური მედიასაშუალებები.

20 წლის, მარიამ თინიკაშვილი იტალიაში, ლაციოს რეგიონში ცხოვრობს და ტუშას უნივერსიეტში საერთაშორისო საჯარო სამართალზე სწავლობს. მარიამს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში იტალიაში მცხოვრებ სხვა ქართველებთან ერთად, საქართველოში დაბრუნება შეეძლო, თუმცა სწავლის გამო, იქ დარჩენა ამჯობინა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ისიც ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მარიამ თინიკაშვილი: "ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის შემდეგ, სპეციალური საშვის გარეშე გარეთ გასვლა, ფაქტობრივად, შეზღუდილი იყო. იმისათვის, რომ ყოველდღიური საჭიროებისთვის საკვების საყიდლად გავსულიყავით შესაბამისი ფორმა უნდა შეგვევსო, სადაც დაწვრილებით უნდა აღგვეწერა ჩვენი გასვლის აუცილებლობა. იმ პერიოდში პოლიცია საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა მოქალაქეებს ჰქონდათ თუ არა შესაბამისი ფორმა შევსებული. ასევე სავალდებულო იყო პირბადისა და ხელთათმანის ტარება, ადამიანთა შორის დისტანციის დაცვა და აკრძალული იყო 2 ადამიანზე მეტის ერთად გადაადგილება.

ბოლო პერიოდში გაუქმდა შეზღუდვა გადაადგილებაზე. მათ შორის, საჭირო აღარაა არც ავტოსერთიფიკატი და არც გადაადგილების ნებართვის ფორმა. გაიხსნა კაფეები, მაღაზიები და უკვე რეგიონის მასშტაბით შეგვიძლია გადაადგილება. ჩემი ქალაქი ლაციოს რეგიონში მდებარეობს და უფლება მაქვს ლაციოს ფარგლებში ნებისმიერ სხვა ქალაქში წავიდე, რა თქმა უნდა, პირბადის და ხელთათმანის ტარების შემთხვევაში. ქალაქში უკვე ხალხმრავლობა შეინიშნება, თუმცა საზოგადოება მკაცრად იცავს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს".

11 მაისიდან  საკარანტინე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საფრანგეთშიც, საზოგადოება უკვე ეიფელის კოშკის წინ პარკში და მდინარე სენას ნაპირზე გასართობად იკრიბება. 22 წლის მამუკა მინდელი პარიზში ცხოვრობს, პანთეონ ასასის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს და პარალელურად ბანკში მუშაობს. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მასაც შეეხო, ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის და ივნისში კიდევ უკეთეს შედეგს ელოდებიან. შეზღუდვების მოხსნაზე მამუკა მოგვიყვა:

- საფრანგეთი იტალიის მსგავს გეგმას მიყვება და ქვეყანაში ანალოგიური შეზღუდვები აამოქმედეს. როდესაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა მთავრობამ დიდი ღონისძიებები აკრძალა, ასევე აიკრძალა 5000 კაცის ერთად თავშეყრა და მალე ეს რიცხვი 100 კაცზე ჩამოვიდა, ორ დღეში დაიკეტა კაფე-ბარები და 13-14 მარტიდან უკვე სახლის დატოვება აიკძალა, გარდა საჭირო ნივთების შეძენის, ვარჯიშისა და ძაღლის გასეირნების შემთხვევაში. პოლიცია აქტიურად ამოწმებდა და აჯარიმებდა ხალხს, ჯარიმა საშუალოდ 100-150 ევრომდე იყო.

- ახლა რა შეიცვალა და რა შეზღუდვები მოიხსნა საფრანგეთში?

- ერთი კვირის წინ ცვლილებები დაიწყო. ახლა გარეთ გასვლა ნებისმიერი მიზეზით შეგვიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლიდან 100 კილომეტრის მოშორებით წასვლა აკრძალული გვაქვს. საფრანგეთის რიგ ქალაქებში გაიხსნა ყველა ტიპის მაღაზიები, რესტორნები, საიდანაც საჭმლის წამოღება შეიძლება და პარიზის გარდა ყველა სხვა ქალაქში სავაჭრო ცენტრებიც გახსნეს. პარიზში ჯერ კიდევ რთული სიტუაციაა, ვირუსი ისევ მძვინვარებს და შესაბამისად კაფე-ბარები და სავაჭრო ცენტრები დაკეტილია.

აქ მთავრობა რეანიმაციაში ცარიელი ადგილების რაოდენობას აკვირდება და თუ პროცენტულად რეანიმაციაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა დაბალია, იმ რეგიონს "მწვანე რეგიონად" აცხადებენ და დაწესებულ შეზღუდვებს ხსნიან, თუმცა პარიზი ჯერ კიდევ წითელ რეგიონად ითვლება, აქ მეტროც ვირუსის სერიოზული გადამტანია. მთავრობის წარმომადგენლები დამსაქმებლებს მოუწოდებენ 20 ივნისამდე შეძლებისდაგვარად სახლიდან იმუშავონ.

როგორც ვიცი, ივნისის დასაწყისში პარიზში კაფე-ბარებს გახსნიან, 15 ივნისიდან საფრანგეთი ევროპასთან აპირებს საზღვრების გახსნას და ქვეყანა სერიოზულად ემზადება ტურისტული სეზონისთვის, რადგან ამ წლის ტურიზმში უკვე დიდი თანხები ჩადეს.

27 წლის გიორგი ღვალაძე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ცხოვრობს და კომპანია „PwC"-ში ფინანსურ აუდიტორად მუშაობს. გიორგიმ სამსახურის გამო ქალაქი ვერ დატოვა. შვედეთში მოგეხსენებათ, ვირუსთან ბრძოლისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები არ შემოუღიათ.

გიორგი ღვალაძე: - შვედეთს თვითშეგნებაზე და თავისუფლებაზე ორიენტირებული მთავრობა ჰყავს და ამიტომ მთავრობის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეზღუდვების ნაცვლად რეკომენდაციებით შემოიფარგლონ. ბოლო თვეებში სიტუაცია ძალიან გამწვავდა და დღეში დაახლოებით 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა რეისების უმრავლესობა გაუქმდა, ასევე აიკრძალა 500-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, დაიხურა უნივერსიტეტები. მთავრობამ დამსაქმებლებს მიმართა, რომ სახლიდან ემუშავათ. შემდეგ 500 ადამიანის თავშეყრის აკრძალვა 50-მდე შეამცირეს და შესაბამისად ოფისების უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მაღაზიები დაავალდებულეს, რომ სალაროსთან გამჭვირვალე პლასტმასის "ფარი" გაეკეთებინათ. ბარებში, სავარჯიშო დარბაზებში, რესტორნებში, ავტობუსებში მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრ ხალხს შეხვდები, თუმცა კვლავ 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ახლა ბარებში, ბართან დგომის ნაცვლად, მაგიდას უნდა მივუსხდეთ და უცხო ხალხთან კონტაქტს მოვერიდოთ.

ჯერ რთულია იმის თქმა, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის, რადგან დაინფიცირებულები მაინც საკმაო რაოდენობით არიან. შვედეთში ტესტირების მეთოდი შეცვალეს და მხოლოდ იმ ხალხს უტარებენ ტესტს, ვინც რისკ ჯგუფში ხვდება. როგორც მოგეხსენებათ, ზოგ ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები შემოიღეს და ვირუსმა მაინც მოახერხა გავრცელება.

შეიძლება ითქვას, რომ შვედური მეთოდი ბევრად უმტკივნეულოა და ის მომავალზეა ორიენტირებული. პანდემიის დასრულების შემდეგ, შვედეთს უფრო გაუმარტივდება ეკონომიკის გამართვა, ვიდრე სხვა ქვეყნებს.

(სპეციალურად საიტისთვის)