"ინფლაციის მხოლოდ ჩვენისთანა დაქცეულ ქვეყნებს ეშინიათ" - კვირის პალიტრა

"ინფლაციის მხოლოდ ჩვენისთანა დაქცეულ ქვეყნებს ეშინიათ"

"თუ წამლის ბიზნესიდან გამოვა ხელისუფლება, 5-ჯერ გაიაფდება მედიკამენტები"

"ჰუმანიტარული დახმარებები გაიგზავნა: ტაჯიკეთში, ჰაიტიში, პაკისტანსა და ტუვალუში"

გასულ კვირას პრეზიდენტის ტელეხიდი ქართველმა საზოგადოებამ ზებრად გადაცმული ცხენის ზღაპრად აღიქვა, მასზე სჯა-ბაასმა შაქრის დეფიციტით გამოწვეული აჟიოტაჟი თუ ეგვიპტეში დაწყებული ქაოსიც კი გადაფარა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ხალხის კითხვებზე" პრეზიდენტის პასუხებს ოპოზიციონერთა მწვავე შეფასებები მოჰყვა. "კვირის პალიტრას" ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრა და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანის გზა შესთავაზა:

- ამგვარ ტელეხიდებს მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნების ლიდერები მართავენ, მათ შორის - ვლადიმირ პუტინი, მიხეილ სააკაშვილი და უგო ჩავესი. ეს ერთი უბედურებაა, მეორე კი ის არის, რომ სააკაშვილმა ისე ილაპარაკა, ზუსტ სტენოგრაფიულ ჩანაწერს თუ გავაკეთებთ, წინადადებებში აზრს ვერ ამოვიკითხავთ. მოკლედ, სააკაშვილმა, როცა კითხვებს პასუხი ვერ გასცა, აზრს მოკლებული წინადადებები დააბრახუნა... ერთი-ორი კიდეც ჩავიწერე. მაგალითად, თქვა:

"90-იან წლებში გვქონდა სხვა სახის ინფლაცია, იყო კუპონები, რომელმაც გააუფასურა რუბლი!"

- გაოცებისგან ლამის ენა გადავყლაპე! ჯერ ერთი, ვერ მივხვდი, კუპონმა რუსული რუბლი როგორ გააუფასურა და მეორე - საქართველოს პრეზიდენტი რუბლის გაუფასურებას ნეტავ რატომ დარდობს?

"მერე მოხდა ლარების შემოტანა, ეროვნული ბანკი ბეჭდავდა ამ ვალუტას და ყველა ადამიანს ერთ დღეში ამოაცალეს ყველაფერი",

- განაგრძო "ზღაპრები" სააკაშვილმა. ეს არის  აბსურდი, თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი არც ერთ ფულს არ ბეჭდავს (ემისიას აკეთებს) და თანაც, შეუძლებელია ლარის შემოღებას ფულის ამოცლა გამოეწვია. პირიქით, წარმატებული ფულადი რეფორმა სწორედ ლარის შემოღებით გატარდა, რითაც სტაბილურობა დამყარდა ქართულ ფულად ბაზარზე. სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც კი ლარის მოთხოვნა იყო, ე.ი. შეგვეძლო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ლარად პროდუქცია გვეყიდა.

საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ინფლაცია არ არის საშინელი მოვლენა. ადამიანის მოთხოვნები ყოველთვის წინ უსწრებს მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ღმერთმა დაგვიფაროს, ასე არ იყოს! ასეთ შემთხვევაში ადამიანი გამოქვაბულის პოვნით დაკმაყოფილდებოდა და არასოდეს აიშენებდა სახლს, ტანსაცმელს მხოლოდ სიშიშვლის დასაფარავად ან გასათბობად გამოიყენებდა... აქედან გამომდინარე, როცა მოთხოვნა მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას წინ უსწრებს, ყოველთვის იზრდება ფასები და იწყება ინფლაცია. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და შეუქცევადი პროცესი, მაგრამ, როგორც წესი, ინფლაციის მხოლოდ ჩვენისთანა დაქცეულ ქვეყნებს ეშინიათ. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინფლაცია უბედურებაა ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არაფერს აწარმოებს და მეწარმეების რაოდენობაც საზოგადოების საერთო რაოდენობაში ძალიან ცოტაა.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, საზოგადოების 50% საქართველოში მწარმოებლური შრომით რომ იყოს დაკავებული. ისინი შემოსავლების კომპენსაციას მოახდენდნენ პროდუქციაზე ფასების მატებით, რითაც საერთო თანხების ბრუნვა გაიზრდებოდა, შესაბამისად, პროდუქციის გაყიდვიდან მეტი თანხა შევიდოდა ბიუჯეტში. სახელმწიფოსაც მიეცემოდა მეტი საშუალება იმისთვის, რომ კომპენსაცია მიეცა პენსიონერებისთვის. სააკაშვილი იმას ხომ არ იტყოდა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ქვეყანაში წარმოება ჩამკვდარიყო, სოფლის მეურნეობა გამიზნულად დავანგრიე და გლეხს მუშაობის სურვილი ჩავუკალი, იმპორტირებული საქონლის ბიზნესებიდან წილებს უკანონოდ ვიღებ და ხალხს ყოფას ვუმძიმებო?! საქართველოში ნაყოფიერი მიწების უმეტესობა დაუმუშავებელია, ვგულისხმობ შირაქის ველის დიდ ნაწილს, ტარიბანას, ვაიოს - ახალციხე-ასპინძის მიდამოებში. პრეზიდენტი ამაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ ხალხის გაჭირვებას იმით ხსნის, რომ თურმე "ჩინელებს დაუწყიათ ჭამა". ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ: თუ ჩინელებს გაეზარდათ მუცლები და გაუმრავლდათ პირები, შენ რა გაწუხებს?! მწარმოებელი ქვეყანა რომ იყო, შენს პროდუქციასაც ხომ უფრო მეტად დაედებოდა ფასი?

საკვების 75% სხვა ქვეყნებიდან რომ შემოდის (ისიც გენმოდიფიცირებული და პესტიციდებით გაჟღენთილი), შენ კი წარამარა გაიძახი, რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა მოვიზიდოთო, განა საქართველოში ის ტურისტი იმპორტირებულ პროდუქციას არ იყიდის?!  ე.ი. სხვა ქვეყნების მრეწველობას ეხმარები ამით და არა - საკუთარს, სადაც ტურისტების დახარჯული ფულისგან ქართველებს მხოლოდ მცირე ოდენობის თანხა შერჩებათ ხელში.

პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას ჯერ კიდევ  7 წლის წინ რომ დამპირდი და ახლა ამ 100 დოლარად იმის ნახევარსაც ვერ ვყიდულობ, რასაც ადრე ვიყიდდი, ამაზე რატომ არაფერს მეუბნები?! შენი წინასაარჩევნო დაპირებები მხოლოდ სურვილზე ყოფილა დაფუძნებული... მაგრამ რიგით ქართველს ხომ არა აქვს 800 მილიონად აშენებულ რეზიდენციაში ყოფნის პატივი?! გახდით მაშინ ჩემსავით რიგითი მოქალაქე და ხალხს თქვენთან პრეტენზია აღარ ექნება.

მტერს არ მიუყენებია ომის ვეტერანებისთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც პრეზიდენტმა მიაყენა. განა შეიძლება ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ბიჭები თანამებრძოლების ხსოვნის წაბილწვაში დაადანაშაულო?!

KvirisPalitra.Ge- თქვენ ხელი მიგიწვდებათ იმ ინფორმაციაზე, რომლითაც გაიგეთ, თუ რისთვის იხარჯებოდა თანხები პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ყველა ინფორმაცია საჯარო არ უნდა იყოს.

- დიახ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ინფორმაცია საჯარო ვერ იქნება, რაც ნამდვილად არ გამკვირვებია.

სამი წლის განმავლობაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს საიდუმლო განკარგულებებით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაახლოებით 65 მილიონი ლარი დაიხარჯა. არადა, თავად ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონია.  ფაქტობრივად, ეს არის საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც არ ევალება არც ტანკების შემოტანა და არც თვითმფრინავების შესყიდვა. ის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების შეხვედრების მომწყობი ორგანოა, რასაც ფული, მით უმეტეს, ათეული მილიონი ნამდვილად არ სჭირდება. გამიჩნდა "გონივრული ეჭვი", რომ გასაიდუმლოებულია ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედებებისთვის დახარჯული თანხები.

ამიტომაც ვაპირებ, წერილობით მივმართო ნდობის ჯგუფს, რომ გაარკვიოს, რაში დაიხარჯა 65 მილიონი. თუ დააზუსტეს, რომ ფული გადახდილია ისეთ ღონისძიებებში, რასაც საიდუმლო ქმედებებთან საერთო არაფერი აქვს, ვალდებული იქნებიან, გაახმაურონ ეს ინფორმაცია.

ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, დაახლოებით 70 მილიონი სააკაშვილის გართობასა და პიარკამპანიებში დაიხარჯა. ე.ი. ზემოთ ხსენებული სარეზერვო ფონდებიდან თანხებს ვარსკვლავის ჩამოსაყვანად და კონცერტების მოსაწყობად იღებდნენ.

გასული წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გადარიცხულია თანხები გაჭირვებული ქვეყნების დასახმარებლად, რისი მიზეზიც თურმე სტიქიური უბედურებები და ბუნებრივი კატაკლიზმები გახდა. არადა, შარშან ქართული სოფლები გვალვამ დააქცია და მათ დასახმარებლად ერთი თეთრი არავის გადაურიცხავს. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება თურმე მოლდავეთში, ერთ-ერთ სტიქიურად დაზარალებულ სოფელს აშენებს და საამისოდ ნახევარი მილიონია გამოყოფილი. იმედია, ამ ფულით ისეთ საქათმეებს არ შესთავაზებენ მოლდაველებს, როგორიც ქართველ ლტოლვილებს აუშენეს.

მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარებები ტაჯიკეთში, ჰაიტიზე, პაკისტანსა და ტუვალუში. ამ დროს სააკაშვილმა შეიძლება არც კი იცის, სად არის ტუვალუ... ალბათ, ძაღლის თავი პიარის კეთების სურვილშია, თორემ რა უნდოდა დაქცეული საქართველოს პრეზიდენტს იმ დასაკარგავ ტუვალუში?

არსებობენ მსოფლიოში დონორი და რეციპიენტი ქვეყნები. ერთდროულად დონორიც და რეციპიენტიც ვერ იქნები, რადგან ან ძლიერი ქვეყანა ხარ, რომელიც დახმარებას არ საჭიროებს, ან გაჭირვებული, რომელსაც სხვები ეხმარებიან. ჩვენ კი, როგორც ირკვევა, ერთიც ვართ და მეორეც!

ზემოაღნიშნული ფონდებიდან 11 მილიონზე მეტია დახარჯული იურიდიული მომსახურებისთვის. მაგალითად, "იტერა ინტერნეიშენელთან" სამართლებრივი დავის მოსაგვარებლად 5 მილიონია გადახდილი. საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, რა დავა აქვს ასეთი სახელმწიფოს "იტერა ინტერნეიშენელთან", რის გამოც 5 მილიონს იხდის?

- გასულ კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრი გვარწმუნებდა, რომ საქართველოში შაქრის დეფიციტი არ არის, თუმცა არაერთ მაღაზიაში შაქრის ყიდვა შეუძლებელი იყო. იქნებ აგვიხსნათ, რატომ გაძვირდა შაქარი?

- აბა, რა გითხრათ! კვეზერელის სოფლის მეურნეობის მინისტრობა არის პრეზიდენტის სოფლის მეურნეობასთან დამოკიდებულების  ყველაზე კარგი ინდიკატორი.

კაცი რომ იმას გეტყვის, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის ბალანსი, რომელიც სამ მილიარდ დოლარზე მეტია, ბაყაყის ხორცის ექსპორტით უნდა შევავსოთო, ისიც უნდა მოხსნა და მისი მინისტრად დამნიშნავიც.

შაქარზე ატეხილი აჟიოტაჟი, ვფიქრობ, გადაჭარბებულია, უფრო მეტიც, ხელოვნურადაც კი არის გამოწვეული.

ერთი მხრივ, კვეზერელს ათქმევინეს, რომ დეფიციტი არ არის, მაგრამ შაქრის მოსალოდნელ გაძვირებაზეც თავად დაყარეს ხმა. რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი თავისთავად ქმნის დეფიციტს, რადგან ასეთ დროს ადამიანები ერთი კილოგრამის ნაცვლად 10-ს ყიდულობენ, საბოლოოდ კი ხელისუფლება ხეირობს, რომელიც შაქრის ბიზნესსაც "აზის".

ერთ რჩევას მივცემ სააკაშვილს, თუ მართლა შეწუხებულია ხალხის გაჭირვებით, არსებობს გამოსავალიც. ხელისუფლება გამოვიდეს ყველა ბიზნესიდან, წილები უკანონოდ აღარ მოითხოვოს და გაძლევთ პირობას, დეფლაცია დაიწყება. თუ თითოეული იმპორტული პროდუქციის მიერ დატოვებული მოგებიდან ხელისუფლება არ წაიღებს იმ თანხას, რაც ახლა მიაქვს, კორუფციული სეგმენტი მოიხსნება, ბიზნესი ამოისუნთქავს, ბაზარი და ჯანსაღი კონკურენცია კი თავად დაარეგულირებს ფასებს, პროდუქტების გაიაფებაც აქედან დაიწყება. მაგალითად, თუ წამლის ბიზნესიდან გამოვა ხელისუფლება, მინიმუმ 5-ჯერ გაიაფდება მედიკამენტები. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა სიკეთეა!

კვირის ფრაზა

"თუ ვინმე ჭეშმარიტ დემოკრატიას ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვას ეძახის, ასეთი დემოკრატია საქართველოში, სანამ პრეზიდენტი ვარ, არ იქნება!"

"იმიტომ კეთდება საავადმყოფოები, რომ ხალხით გაივსოს".

"ყველაფერი იმიტომ ძვირდება, რომ ჩინელებმა ჭამა დაიწყეს".

მიხეილ სააკაშვილის ტელეხიდი 26.01.11