"რა ვქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ... ბოდიში, ახმედ ეფენდი" - რას წერს ზურა შევარდნაძე "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"რა ვქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ... ბოდიში, ახმედ ეფენდი" - რას წერს ზურა შევარდნაძე "ფეისბუკში"

"გარდენია შევარდნაძის"დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ხშრად აქვეყნებს საინტერესო ისტორიებს. ამჯერად მან "ფეისბუკპოსტი" ნათესავს მიუძღვნა:

"ნათესავი მყავს ერთი ციცინო, წესიერი ოჯახის ქალია. ადრე დაქვრივდა, სამი ბიჭი დარჩა გასაზრდელი... საქმე წახდა და მეზობლის ქალებმა თურქეთში წაიყოლეს სამუშაოდ. იპოვნა იქ საზღვართან ახლოს როგორც თითონ ამბობს დიდი, მშრომელი ოჯახი და აგერ 15 წელია თავს ევლება დედიან-ბუდიანად, ბავშვები ციცინომ გაუზარდა, იმათ მოხუცებს ყველას ამან მოუარა, გასათხოვრები გაათხოვა და მოსაყვანებს მოაყვანინა. დიდი ჩაის, ციტრუსის და თხილის პლანტაციები ქონიათ..

სეზონზე ციცინოს ქართველი ბიჭები ჩადიოდნენ და მუშაობდნენ ახმედ ეფენდის ეზოში. ისტორიებს რასაც იქიდან დაბრუნებული ჩვენი ხალხი ყვება, მირჩევნია არ დავწერო, რბილად ვთქვა არაა მთლად სასიამოვნო და მითუმეტეს საინტერესო.

დღე არ გავა ციცინოს ზეინებ ხანუმმა არ დაურეკოს და ლოყების ხოკვით არ მოუყვეს რაფერ დარჩა წელს ჩაი მოუკრეფავი, რაფერ დაენგრა წლევანდელი გეგმები და დაკარგა ოჯახმა შემოსავალი, რომელსაც ასე ელოდებოდა.

ამასობაში, სანამ საზღვარი დაკეტილია ციცინომ გადააბზრიალა თავისი თითქმის მიტოვებული ოდა, ბიჭებმა დაბარეს, დათესეს და დარგეს ბახჩა. მათი ეზო ვერ ვიცანი ისე იყო დავარცხნილი და მოვლილი, სათხილე გამოუთხელებიათ და დაუფოცხავთ. მამამთილის დატოვებული წისქვილიც ავამუშავეთო მომიყვა. ამაყად მიჩვენებდა გამარგლულ კვლებს და აყვავებულ ვარდებს, წინა ეზოში.. ქვეყნის კეჟერა და ცერცვი გამოურგავს მწკრივებად.

ცოტა წაიწუწუნა, ზეინებ ხანუმი და მისი მოუკრეფავი პლანტაციებიც ვიშვიშით გაიხსენა, მარა მერე უცებ გააგრძელა იმედიანად, ხვალ ნადი მყავს, ჩემი ჩაის გადაჭრას და გაახლებას ვაპირებო..

ეს ერთი ციცინოს ამბავია, მგონია მსგავსი ამბები დაგროვდა ნელ ნელა...

რაღაცნაირად მიხარია..

რა ვქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ..

ბოდიში, ახმედ ეფენდი.." - წერს სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარხნებში, ჩინეთიდან რომ უნდა გადმოიტანონ... 30 ლარს ვთავაზობთ დღეში და ვერ ვშოულობთ ადამიანს"