ყველა მოქალაქეს, რომელმაც სამსახური დაკარგა ან შემოსავლები შეუმცირდა, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება - კვირის პალიტრა

ყველა მოქალაქეს, რომელმაც სამსახური დაკარგა ან შემოსავლები შეუმცირდა, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება

მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების საბანკო სესხებს, გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით გადაუვადა, ეს სამი თვე უკვე გავიდა. გუშინ შეხვედრაზე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება - პირველი - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება შედგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, მოუწოდებს, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სასმახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე.

"გეგმის მიხედვით, ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს შორის. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია სამწუხაროდ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და ჩვენ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება. ასევე მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, შეგროვებული იყოს რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემ, რომელსაც ეს დახმარებს სჭირდება, მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს ვაძლევთ დროულად, მაშინ როდესაც მათ ეს დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო